Home რუბრიკები სამართალი გურამ კვირიკაშვილი: ხელისუფლება რომ გაიძახის, ფული არ არის ბიუჯეტშიო, აიღონ და გაყიდონ...

გურამ კვირიკაშვილი: ხელისუფლება რომ გაიძახის, ფული არ არის ბიუჯეტშიო, აიღონ და გაყიდონ სააკაშვილის რეზიდენციები

955

სამშენებლო კომპანია «არ დი აის» დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გურამ კვირიკაშვილი ბიზნესმენთაგან ერთერთია, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებამ საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ  სააკაშვილის მიერ გაკოტრებული ბიზნესმენი სამართალს ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც ვერ პოულობს.

 

_ რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვში ვცხოვრობდი. 2005 წელს საქართველოში დავბრუნდი, დავაარსე სამშენებლო კომპანია «არ დი აი» და დავიწყე მუშაობა. 2006 წლიდან გადავედით სახელმწიფო შეკვეთებზე. ვაშენებდით თავდაცვის სამინისტროს რთულ და სპეციფიკურ ობიექტებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ჩვენ კომპანიას შორის გაჩნდა პრობლემები. არადა, ყველა საქმეს ხარისხიანად და დროულად ვასრულებდით. «ნაციონალური მოძრაობა» განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ გაგიჟდა _ აფთრებივით ესხმოდნენ თავს ყველა სამშენებლო კომპანიას. ჩვენზე მათი პირველი თავდასხმა კონტროლის პალატის ფასადის მშენებლობის დროს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პალატაზე ვმუშაობდით, იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გვაკონტროლებდა. მისი მოადგილეები თუ ქვეშევრდომები, მათ შორის ლევან ბეჟაშვილიც, ყველაფერს გვიმოწმებდნენ. მოკლედ, კონტროლის პალატის ფასადზე ჩატარებული სამუშაოებისთვის, სახელმწიფოს 200 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, მაგრამ უარი გვითხრეს. მეტიც, ამ თანხის სახელმწიფოსთვის ჩუქების ხელშეკრულება გაგვაფორმებინეს.

_ რა მიზეზით?

_ დაენანათ.  შვილობილ კომპანია «ევ ჯე ტე»-ს მამაჩემი ხელმძღვანელობდა და დაგვაშანტაჟეს. არადა, კონტროლის პალატის ფასადის აშენების უფლება ტენდერით მოვიგეთ და, როდესაც პროექტი წარვადგინეთ, ძალიან მოეწონათ, თუმცა ფულის გადახდა აღარ მოისურვეს და დაგვემუქრნენ, _ თუ ჭკუით არ იქნებით, განვაცხადებთ, რომ ეს ტენდერი ფულით იყიდეთ, ასე რომ, ან დათმობთ ამ ფულს, ან თქვენ წინააღმდეგ საქმეს აღვძრავთო. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ 2008 წლის 10 აგვისტოს, როდესაც ომი მძვინვარებდა, ბეჟაშვილის ერთერთი მოწილე წივილკივილით მოგვივარდა და ომი არ გვაინტერესებს, ვადას არ გადააცილოთ ობიექტის ჩაბარებაო. წარმოგიდგენიათ? ფულს არ გვიხდიდნენ, ობიექტის ჩაბარებას კი ვადაში მოითხოვდნენ. სააკაშვილის მთავრობას მეორედ 2010 წელს დავეჯახეთ. იმხანად სააკაშვილის მთავრობამ დღგ-ს დაბრუნების საკითხი გააპიარა. ამ შემთხვევაში გამოცდილება არ მეყო… თანაც კომპანიაში ინვესტიცია გავაფართოეთ, სამშენებლო საქმიანობის გარდა საგზაო-სამშენებლო სისტემაშიც გადავიჭერით და გადავწყვიტეთ, დღგ-ს თანხა უკან დაგვებრუნებინა. როგორც კი ეს თანხა მოვითხოვეთ, პროკურატურა შემოვიდა ჩვენს კომპანიაში, საბუთები 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ წაღებული და რას იქექებოდნენ, არ ვიცი. გვიან მივხვდი, რომ დღგ თანხის დაბრუნების საკითხით ჩვენნაირი კომპანიები ანკესზე წამოაგეს, მაგრამ, აბა, ამას როგორ წარმოვიდგენდი? მოკლედ, მალევე ჩემი კომპანიის თანამშრომელი პროკურატურაში დაიბარეს. ცოტა ხანში მეც გამომიძახეს და იქ მისულს სამივე თანამშრომელი დაპატიმრებული დამხვდა. დავინახე, როგორ გაატარეს დერეფანში ბორკილდადებულები.

_ რატომ დააპატიმრეს?

_ თითიდან გამოწოვილი მიზეზით. ეს ყველაფერი ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ ზაზა ქაჩიბაიამ განმიცხადა. ქაჩიბაიას წნეხში ბევრ მშენებელს გაუვლია. მან ჩემი თანამშრომლების გათავისუფლებაში 3 მილიონი ლარის გადახდა მომთხოვა. იმხანად, კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობა მქონდა და ამ თანხას ვერ გადავიხდიდი. ამიტომ ვუთხარი, ბიჭები გაუშვით და მათ ნაცვლად მე დამაპატიმრეთ-მეთქი. წამოვედი. 2 საათის შემდეგ ზაზა ქაჩიბაიამ კვლავ დამიბარა და მითხრა, ადეიშვილს ველაპარაკე, თქვენს კომპანიაზე კარგი წარმოდგენა აქვს, მოსწონს თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოები და ამიტომ, სამი მილიონი ლარის გადახდის ნაცვლად, მილიონიანი სამუშაოს შესრულებას გთავაზობთ და თანამშრომლებსაც გავათავისუფლებთო, ანუ ჩემი ხარჯებით მილიონიანი პროექტი უნდა ამეშენებინა. რა მექნა, დავთანხმდი და ვთხოვე, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც უკვე გლდანის ციხეში გადაჰყავდათ, არ ეწამებინათ. სხვათა შორის, ეს თხოვნა შემისრულეს და ბიჭები მალე გაათავისუფლეს. პროკურატურიდან კი დამავალეს ყვარლის სპორტის სასახლის რესტავრაცია-კეთილმოწყობა და ჩამაბარეს გაპარტახებული შენობა. თანაც მითხრეს, 2010 წლის არჩევნებამდე, ილიაობის დღესასწაულისთვის უნდა მოასწროო. სწორედ ამ პერიოდში მოვიგეთ ე. წ. საგზაო ტენდერი და მესტიაში დავიწყეთ გზის გაკეთება. ეს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი იყო.  დამიბარა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რამაზ ნიკოლეიშვილის, მოადგილემ ჯამბულ ნინიძემ და მომთხოვა ამ პროექტის დათმობა. უარი ვუთხარი და ამიტომ უაზრო მიზეზით გაგვინახევრეს ობიექტი. ეს ყველაფერი კი მუნიციპალური განვითარების ფონდის უფროსის, დათო სირაძის, დამსახურებით მოხდა. სხვათა შორის, დღეს დათო სირაძე ადეიშვილთან ერთად გაქცეულია. ის ადეიშვილის ბულტერიერი იყო და ბევრი მშენებელი ჰყავდა გამწარებული

 2011 წელს სვანეთში პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა დავიწყე. ეს პროექტი თითქმის ჩავარდნილი იყო… მოკლედ, შველა დასჭირდათ და დამიძახეს… გაზაფხული იყო და გვითხრეს, მიშას შემოდგომამდე ეჩქარება სვანეთის რეზიდენციის დასრულება და ძალიან სწრაფად ააშენეთო. თანხაზეც შევთანხმდით და დავიწყეთ მუშაობა. ავსტრიელი სპეციალისტი სებასტიან კულეტო ჩამოვიყვანე  და შევუდექით მუშაობას. ჩავარდნილი პროექტი მალე ამოვქაჩეთ, მაგრამ ეს ავსტრიელი კაცი გააგიჟეს. ვერ ხვდებოდა, პროექტს რატომ აკონტროლებდა პროკურატურა, პოლიცია, ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრი ვერა ქობალია

_ ვერა ქობალიაც მოდიოდა სვანეთის რეზიდენციის მშენებლობაზე?

_ დღეგამოშვებით… ეს პროექტი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და ობიექტზე თვითონ ვერა დადიოდა. მარტო ვერა ქობალია კი არა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ჩვენ გვამოწმებდა. ამ ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფის დეპარტამენტი აკონტროლებდა, რომლის ფორმალური დირექტორიც ზაზა ფოდიაშვილი იყო. სხვათა შორის, ეს ადამიანიც ადეიშვილთან ერთად გაიქცა. როგორც კი დავასრულეთ პროექტი, ფოდიაშვილმა განგვიცხადა, 400 ათასი ლარის დათმობაზე უნდა წამოხვიდეთო. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ავსტრიელ სპეციალისტს ჩემი ჯიბიდან გადავუხადე 55 ათასი ევრო. არ მართმევდა თანხას, _ შენ რა შუაში ხარო და დაიწყო წერილების წერა სხვადასხვა უწყებაში, მაგრამ გავაჩერე, უარესს დამმართებმეთქი. ამის შემდეგ, როდესაც ტელევიზიით ვნახე, როგორ ზარ-ზეიმით გახსნა ჯერ ყვარლის სპორტის სასახლე, შემდეგ _ სვანეთის რეზიდენცია, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. კინაღამ გავგიჟდი, _ როგორ უტიფრად მოჰქონდა თავი აღმაშენებლად და როგორ ამაყობდა ჩემი ფინანსებით აშენებული ყვარლის სპორტის სასახლით, სხვა დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გაიხსენეთ «ნანუკას შოუში» ველოსიპედზე ამხედრებული სააკაშვილი, როგორ ამაყად იშვერს ხელს სპორტის სასახლისკენ, _ ეს საოცრება ჩვენ ვაჩუქეთ ყვარლელებსო. ეს კადრი რომ ვნახე, უსირცხვილო სააკაშვილის სიტყვებმა ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, კინაღამ ტელევიზორი გადავაგდე ფანჯრიდან. ვეღარ ავიტანე ეს ყველაფერი და 2011 წელს საქართველოდან წავედი. მოგვიანებით «ნაციონალებმა» ნაცად ხერხს მიმართეს და 2012 წლის არჩევნებამდე მამაჩემი პროკურატურაში დაიბარეს. 5-საათიანი ლაპარაკის შემდეგ ძალდატანებით ისეთ საბუთზე მოაწერინეს ხელი, რომ 70 წლის კაცი მძევლად აიყვანეს. რა უნდა მექნა? ჩამოვედი…

_ რატომ უნდოდათ თქვენი  დაბრუნება?

_ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა და «ნაცმოძრაობის» ლიდერებს სურდათ, ყველაფერი «კანონის ფარგლებში» გაეკეთებინათ. ამიტომაც მომაწერინეს ხელი სახელმწიფოსთვის 500 ათასი ლარის ჩუქებაზე, რომელიც თავდაცვის ობიექტის აშენებისთვის მეკუთვნოდა. რეალურად, ეს საკითხი პროკურატურაში გადაწყდა. ისე გაგვაცამტვერეს, რომ დოკუმენტურად არც ერთი შენობა არსად ჩანს. ყველაფერი სათავისოდ აქვთ გაკეთებული და ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ მოვედავები, აქეთ დამედება ბრალი.  2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პროკურატურაში შევიტანე განცხადება, მაგრამ ჩემს საქმეზე ჯერ ძვრა არ არის. პროკურატურაში ისევ ის პროკურორები დამხვდნენ და ირონიულად მკითხეს, _ შენ კიდევ აქ ხარო?! შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, დაზარალებულებმა მუნიციპალურ სამსახურებთან სცადეთ მოლაპარაკებაო, ვცადე და ამ სამსახურშიც იგივე ადამიანები დამხვდნენ და ისე გადაატრიალეს ჩემი საბუთები, რომ აქეთ დამაჯარიმეს 120 ათასი ლარით. დღეს 3 მილიონი ლარი ვალი მაქვს როგორც ბიუჯეტის, ასევე მასალების მომწოდებლის. ამას გარდა, რაც გამაჩნდა, სახლიც კი, ყველაფერი დავკარგე. თითქმის ყველა სამშენებლო კომპანია საშინელ დღეში ჩააგდეს  და ამ დროს უსირცხვილო სააკაშვილი აღმშენებლობას იბრალებს.

_ რა თანხა დაჯდა სვანეთის რეზიდენციის აშენება?

_ აშენებიან-აღჭურვიან-სპეცტექნიკიანად 5 მილიონ ლარზე მეტი. ან რად უნდოდა ყოველ ნაბიჯზე რეზიდენცია ამ თავხედს? სააკაშვილს ლიკანში, რომანოვენის სასახლეში, წეროვანში, ზუგდიდში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში ჰქონდა რეზიდენციები. სვანეთის რეზიდენცია ჰაიკლასის არის და მისი შენახვა წელიწადში 200 ათასი ლარი ჯდება. ეს შენობა ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ლიკანის რეზიდენცია რომანოვების სასახლეა და მუზეუმად თუ ივარგებს. დანარჩენ რეზიდენციებს კი თუ გაყიდიან და ამ თანხას ბიუჯეტში გადარიცხავენ, კარგი იქნება. ახლანდელი ხელისუფლება რომ გაიძახის, ფული არ არის ბიუჯეტშიო, აიღონ და გაყიდონროგორი იმედი მქონდა ახალი ხელისუფლების, მეგონა, ყველაფერს სამართლიანად მოაგვარებდნენ, მაგრამ ბიზნესის კეთება საქართველოში დამუხრუჭებულია, მხოლოდ ისევ «ნაცმოძრაობის» წევრთა ბიზნესი დგას ფეხზე. ყველაფერი ძველებურად გრძელდება, სამართალი არ აღმდგარა!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here