Home რუბრიკები საზოგადოება ნიგერია გაბრწყინდება! აქ უმუშევრობის ბუმია, ნიგერიაში კი წლიურად 4 მილიონ დოლარს აგზავნიან

ნიგერია გაბრწყინდება! აქ უმუშევრობის ბუმია, ნიგერიაში კი წლიურად 4 მილიონ დოლარს აგზავნიან

ნემსის ყუნწში ძაფი, ალბათ, ყველას გაგიყრიათ. პრინციპი მარტივია _ მთავარია, ძაფი ნემსის ყუნწში ოდნავ შეაძვრინო და მერე იცოცხლე _ მიდის და მიდის. ნემსისა და ძაფის ამბავი ძალიან ჰგავს ნიგერიელთა თავგადასავალს საქართველოში. ჯერ იყო და შავი კონტინენტის წარმომადგენლები კანტიკუნტად ჩანდნენ და თბილისს ეგზოტიკას მატებდნენ, მერე ერთერთი შავკანიანი ვარაზისხევში გამოჩნდა და მათხოვრობა დაიწყო, შემდეგ  სამრეცხაოებშიც იმატა მათმა რიცხვმა, ახლა კი ისე ჩაეწერნენ ქალაქის ყოველდღიურობაში, რომ, ქუჩაში რამდენიმე თუ არ შეგხვდა, შეიძლება ძებნა დაუწყო. ისე არ გამიგოთ, თითქოს უცხოელთა საწინააღმდეგო მქონდეს რამე, პირიქით, უხდება კიდეც რამდენიმე ფერადკანიანი აქაურობას, მაგრამ

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წელს საქართველოდან ნიგერიაში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა სულ რაღაც 76.3 ათასი დოლარი შეადგინა. 2011 წელს ეს ციფრი 212.6 ათას დოლარამდე გაიზარდა, 2012-ში საქართველოდან ნიგერიაში 1.2 მილიონი დოლარი გადაირიცხა, შარშან კი ეს ციფრი 4 მილიონამდე ავიდა. რა გამოდის? საქართველოში უმუშევრობის ბუმია, ამ დროს კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებულნი და, სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, ნიგერიაში წლიურად 4 მილიონ დოლარს აგზავნიან.

როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა _ «ეტა რაზ!».

გასულ კვირაში პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთი ნიგერიელი სცემეს _ საფულე და ოქროულობა წაართვეს და თავგატეხილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მიიყვანეს. ამ ამბავს თბილისში მყოფი ნიგერიის მეფე გამოეხმაურა. პრინციპში, რაღა მყოფი, რიჩარდ არიზე საქართველოში, 20 წელზე მეტია, ცხოვრობს და, როგორც თავისი ქვეყნის ერთ-ერთი დიდგვაროვანი, აქაურებმა მეფედ აკურთხეს. რიჩარდს ცოლად ქართველი ხათუნა ხონელიძე ჰყავს და ეს ქალბატონი ახლა ნიგერიელთა ლოლო, ანუ დედოფალია. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ლოლო კაცი იქნებოდა, მაგრამ რას გაუგებ ნიგერიულ ენას. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ მეფე რიჩარდმა (ლომგულში არ აგერიოთ) განაცხადა, _ სასწრაფოდ დაიცავით ჩვენი უფლებები, თორემ ნიგერიელებზე თავდასხმა გახშირდა და ამას არ მოვითმენთო.

რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, აქ მყოფი ყველა მოქალაქის უფლება დაიცვას, მაგრამ მეფე რიჩარდს ვეტყვი, რომ მან არ იცის, რა არის ნამდვილი ცემა და, თუ უნდა გაიგოს, ვალერი გელაშვილს ჰკითხოს, ის მოუყვება. სხვათა შორის, მეფის რა გითხრათ, მაგრამ, საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გელაშვილის სასიკვდილოდ გამეტების ფაქტი დღემდე გამოუძიებელია და, ნიგერიელის ცემასთან ერთად ამაზეც თუ იზრუნებს ჩვენი ხელისუფლება, კარგი იქნება.

 ბოლოს და ბოლოს, მეფე ჩვენც გვყავს და მაინცდამაინც ის ხომ არ უნდა შევაწუხოთ, ხელისუფლებას რომ მიმართოს, ქართველებზე იზრუნეთო. ჩვენს მეფეს ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს _ აქეთ რაინდების სიგელებია დასარიგებელი, იქით სამეფო კარის ვებგვერდი სპონსორს ეძებს და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი. ისე, ნიგერიელთა მეფეს შორენა არ ჰყავს და ჩვენს მეფეს კი ჰყავს… ნუ, ხომ ჰყავდა… ჰოდა, ო-»ლოლო» ნიგერიელებს!

ისევ პრეზიდენტს დავესესხები და _ «ეტა დვა!».

აფრიკის ზოგიერთ ტომს საინტერესო ჩვეულება აქვს _ ვიდრე ისინი რაიმე ნივთს სხვას მოუღერებენ, ბოდიშს უხდიან, აქაოდა, ტკივილი უნდა მოგაყენოთო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბოდიშს ნივთს უხდიან და არა იმ ადამიანს, რომელსაც ეს საგანი უნდა ჩაარტყან და აფრიკულად ეს ყველაფერი ასე ჟღერს: მუგუნინი ბა!

 წეღან ნემსისა და ძაფის ამბავი ტყუილად არ მიხსენებია და ისე ჩანს, «მუგუნინი ბა» უკვე ნათქვამია და ვის როდის მოხვდება, კაცმა არ იცის.

ესეც «ტრი», ჩემო გიორგი!

და ხანდახან რომ გაიხსენო, პრეზიდენტი რომ გქვია, არ იქნება ცუდი. აგერ, ნიგერიელებს მეფე ჰყავთ, მეფე!

დავით მინდიაშვილი

P. S. სხვათა შორის, აფრიკის კონტინენტის ერთერთმა წარმომადგენელმა დაიჩივლა, თქვენ ვარდისფერები იბადებით, მერე თეთრდებით, გარდაცვლილები შავდებით, ჩვენ კი ცხოვრების მთელ ეტაპზე შავები ვართ და ფერადკანიანებს რატომ გვეძახითო?! მე ამის პასუხი არ მაქვს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here