Home რუბრიკები საზოგადოება კიდევ ერთხელ კოოპერატივების არსის განმარტებისთვის

კიდევ ერთხელ კოოპერატივების არსის განმარტებისთვის

სასოფლოსამეურნეო კოოპერაციის განხორციელება გამიზნულია უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების და, საბოლოო ანგარიშით, მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ. არსებული რეალობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და განვითარებული ქვეყნების მსგავსად იკისროს კოოპერაციის პროცესის წარმმართველის ძირითადი (მაკოორდინირებელი და ხელშემწყობი) ფუნქცია.

 

კოოპერატივების მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნების ადეკვატური. სახელმწიფოსთვის იგი წარმოადგენს ძლიერ და სანდო პარტნიორს სოფლად რთული ეკონომიკური და ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებისას. ამ მიზნის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი კოოპერაციული გაერთიანებების შექმნისა და მათი გადამმუშავებელ საწარმოებთან ინტეგრირების გზით (სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლი).

სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის მიღება უდავოდ უნდა ჩაითვალოს წინ გადადგმულ ნაბიჯად, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების ახლებურ, რაციონალურ ორგანიზაციულ მოწყობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ კანონის ის ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად ნეგატიურად აისახება ამ პროცესზე. კერძოდ, კანონით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ არ ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემოსავლების განაწილებისა და საპაიო ფონდის ფორმირების ძირითადი წესების განსაზღვრა. მოგებისა და ზარალის საკითხი რეგულირდება «მეწარმეთა შესახებ» კანონის 68-ე მუხლით. კერძოდ:

მუხლი 68.

მოგებისა და ზარალის განაწილება (14.03.2008 N5913)

წლიური ანგარიშის დამტკიცებისას კოოპერატივის წევრებისთვის გათვალისწინებული სამეურნეო წლის მოგება ან ზარალი უნაწილდებათ კოოპერატივის წევრებს.

პირველი სამეურნეო წლისთვის განაწილება ხდება მათ მიერ შეტანილი შენატანების პროპორციულად, ყოველი მომდევნო წლისთვის კი _ მოგების მიმატებით და ზარალის ჩამოწერის გზით წინა სამეურნეო წლის ბოლოსთვის არსებული პაის საერთო თანხის პროპორციულად. მოგების მიმატება გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული პაის ოდენობა.

წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს.

სანამ არ მიიღწევა ზარალის გამო შემცირებული პაის ოდენობა, მოგება არ განაწილდება.

წესდება ან საერთო კრების დადგენილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დაერიცხოს რეზერვს.

ეს ნორმა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია, კოოპერატივმა შეინარჩუნოს მისი ძირითადი არსი, რომელიც მას დიამეტრალურად განასხვავებს მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებიდან (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვ.). კოოპერატივის არსებობის მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს არა საპაიო ფონდში შეტანილი ფულადი და სხვა სახის ქონებრივი სახსრები, რომლებიც მეპაიეს აძლევს დივიდენდების მიღების საშუალებას, არამედ მისი წევრების შრომითი რესურსების კაპიტალიზაცია, სადაც დომინანტია შრომა, ხოლო მატერიალური რესურსების ერთადერთ დანიშნულებას არა საპაიო შენატანების პროპორციულად დივიდენდების მიღება, არამედ კოოპერატივის წევრთა შრომის უკუგების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ევროპული ტიპის კოოპერატივების გამოცდილებიდან ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ ამ მიმართულებით განვითარებული ყველა წარმატებული ქვეყანა ქმნის შესაბამის ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზას, რითაც ახდენენ კოოპერატივების შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგულირებას საკანონმდებლო დონეზე იმ მთავარი მიზნით, რომ ამ ურთიერთობებში განმსაზღვრელი იყოს შრომითი რესურსის ფაქტორი და მასზე მატერიალურმა კაპიტალმა, საპაიო შენატანების სახით, არ მოახდინოს დომინანტური ზეგავლენა.

მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის 68-ე მუხლი შეიცავს ჩანაწერს: «წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს», კანონი იძლევა საპაიო შენატანების მიხედვით მოგებისა და ზარალის განაწილების საშუალებას, რაც დამახასიათებელია მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის და კატეგორიულად ეწინააღმდეგება კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობის პრინციპებს.

მრავალი წარმატებული ქვეყნის გამოცდილებით კოოპერატივის მოგება ნაწილდება არა საპაიო შენატანების, არამედ კოოპერატივის საერთო სამეურნეო ბრუნვაში მისი წევრების მონაწილეობის პროპორციულად.

რაც შეეხება საპაიო შენატანების შეუსაბამობას კოოპერატივის წევრების მონაწილეობასთან კოოპერატივის საერთო სამეურნეო ბრუნვაში, ამან, რა თქმა უნდა, ჰპოვოს ასახვა კოოპერატივის მოგების განაწილებაში. სწორედ ამისთვის არის განსაზღვრული ისეთი კატეგორიები, როგორიცაა აუცილებელი და დამატებითი საპაიო შენატანები და მათი რეგულირების წესები, როგორიცაა:

1. კოოპერატივის წევრის პაი ყალიბდება აუცილებელი და დამატებითი საპაიო შენატანებიდან;

2. აუცილებელი საპაიო შენატანი კოოპერატივის წევრს უფლებას აძლევს, მიიღოს მოგება კოოპერატივის შემოსავლებიდან;

3. კოოპერატივის წევრების აუცილებელი საპაიო შენატანი განისაზღვრება თანაბრად ან კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში მათი მონაწილეობის პროპორციულად;

4. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, აუცილებელი საპაიო შენატანის გარდა შეიტანოს დამატებითი საპაიო შენატანი, რომელიც მისი სურვილის შემთხვევაში გადაეცემა კოოპერატივის რომელიმე მიზნობრივ ფონდს;

5. კოოპერატივის წევრს შეუძლია განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიერ სრულად იქნება დაფარული აუცილებელი საპაიო შენატანი;

6. დამატებითი საპაიო შენატანი კოოპერატივის წევრს უფლებას აძლევს, მიიღოს დივიდენდი.

მოგებისა და ზარალის განაწილება ხდება შემდეგნაირად:

1. შემოსავლების ნაწილი, სახელმწიფო გადასახადების, სახელფასო დავალიანების, სხვა აუცილებელი ხარჯებისა და ფინანსური ვალდებულებების დაფარვის შემდეგ ნაწილდება კოოპერატივის წევრებზე დამატებითი საპაიო შენატანების პროპორციულად;

2. დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები ნაწილდება კოოპერატივის წევრებზე, კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში მათი მონაწილეობის პროპორციულად, ან გამოიყენება სხვა მიზნებისთვის კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით. ამ შემოსავლებიდან ავტომატურად ხდება აუცილებელი საპაიო შენატანის გადაუხდელი ნაწილის დაფარვა;

3. კოოპერატივის წევრის მოთხოვნით, კოოპერატივის შემოსავლებიდან მისთვის განკუთვნილი მოგების და/ან დივიდენდების ნაწილი შეიძლება მიმართული იქნეს მისი დამატებითი პაის მოცულობის გაზრდისთვის.

ასეთი ადმინისტრაციული რეგულაციების გარეშე კოოპერატივები ვერ უზრუნველყოფენ ყველაზე მთავარს – იყვნენ ორიენტირებული შრომითი რესურსის კაპიტალიზაციაზე, მის მაქსიმალურ უკუგებაზე და არა ფულადი და მატერიალური რესურსების დაბანდებით დივიდენდების მიღებაზე (შპს-ებისა და სხვა მომგებიანი საწარმოების მსგავსად). ასეთ შემთხვევაში ზოგიერთს მიეცემა კარგი საშუალება – საკუთარი მიზნებისთვის წარმატებით გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კანონით მინიჭებული საგადასახადო და სხვა სახის შეღავათები და საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებაროს სხვა წევრების შრომითი რესურსები და ინტერესები, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება კოოპერატივების ფუნდამენტურ პრინციპებს (კანონი «სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ» მალევე გადაიქცევა კანონად «სასოფლო-სამეურნეო შპს შესახებ», რადგან «კოოპერატივისგან», როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისგან, დარჩება მხოლოდ სახელი). ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებაში ისედაც შორს წასულ სოციალურ პოლარიზაციას და ვერანაირად უზრუნველყოფს იმ მთავარი მიზნის განხორციელებას, რისთვისაც შეიქმნა კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ.

სამწუხაროდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ეს საკითხები არ მიიჩნია მნიშვნელოვნად, რათა მოეხდინა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგულირება საკანონმდებლო დონეზე. ამიტომ რჩება ერთადერთი სწორი გამოსავალი: შევიდეს ცვლილებები კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ და ზემოთ აღნიშნულმა ნორმებმა ასახვა ჰპოვოს მასში. ამასთან, საქართველოს მთავრობამ გამოსცა ნორმატიული აქტები: «სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ტიპური წესდების დამტკიცების შესახებ» და «სოფლის მეურნის (ფერმერის სტატუსი) შესახებ», რომელიც სავალდებულო იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მიღების მსურველი ყველა იურიდიული სუბიექტისთვის.

პაატა კოღუაშვილი,

პროფესორი

 

1 COMMENT

  1. ამ კანონმა კითხვები მეტი გააჩინა, ვიდრე პასუხები სერიოზულ საკითხებზე. ს ს არტელის სანიმუშო წესდება 1930-1935- 1956 წლების ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, შიგა საწარმოო ურთიერთობის კუთხით.კანონი სამწუხაროდ იმ დონეზეც კი ვერ მივიღეთ. დებულება არ არსებობს. ეს მისცემს სააგენტოს თვითნებობის საშუალებას,ჩაერიოს კოოპერატივის საქმეებში.ასეთი სერიოზული საქმის წამოწყება სუსტი კადრებითა და მატერიალ-ტექნიკური ბაზით-შეზღუდული დაფინანსების პირობებში…?/ კოპერატივები ,რომელსაც საბრუნავი სახსრები სახელმწიფოს მიერ არ იქნება შევსებული და საქმიანობა დაზღვეული- განწირულია პირველსავე წელს დასაშლელად .არსებული საბანკო სისტემა ყველაზე კარგ წამოწყებას დაასამარებს. ქვეყანას სჭირდება სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია, რის საფუძველზეც უნდა განვითარდეს აგროსექტორი. სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზით,გამართული წარმოებით,მძლავრი და მრავალმხრივი უნარჩენო ტექნოლოგიაზე აგებული გადამამუშავებელი მრეწველობთ,სარეალიზაციო ქსელით და საკუთარი საბანკო სისტემით.სადაც მიღებული მოგება წარმოებაზე გადანაწილდება.საკითხები ბევრია; იმედია ახალი მთავრობა ფიქრობს ამ საკითხების გადაწყვეტაზე. სტატია მნიშვნელოვანია -მადლობა ბატონ პაატას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here