Home რუბრიკები საზოგადოება უნდა ვისწრაფვოდეთ ნატოსკენ?

უნდა ვისწრაფვოდეთ ნატოსკენ?

ცნობილია, რომ ყველა მოვლენას აქვს როგორც დადებითი, ისე  უარყოფითი მხარე. რას მოგვიტანს ნატოში შესვლა (დადებითი) და რას  მოითხოვს იგი ჩვენგან (უარყოფითი)? დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის  აბსოლუტურ უმრავლესობას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, რადგან არ არის გარკვეული საქმის არსში. მე ვარ ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რაც იმას მაინც ნიშნავს, რომ ორი წიგნი მაინც მაქვს წაკითხული, ვფლობ  გარკვეულ ინფორმაციას და ასე თუ ისე პოლიტიკაში ვერკვევი. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, ღირს თუ არა ნატოში შესვლა. ამიტომ იმის თქმა, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან ეჩქარება ნატოში  შესვლა, უბრალოდ, მცდარია. ეს შეეძლო ეთქვათ სააკაშვილსა და მის ჯგუფს, რადგან მათ ეს ძლიერ  აძლევდათ ხელს.

 

ქვეყნის ხელმძღვანელობა რომ მოსახლეობის მოსაწონ კურსს დაადგეს, საჭიროა მათი აზრის გაგება, მაგრამ მანამდე ფართო ახსნა-განმარტებაა აუცილებელი ნატოში მიღებასთან დაკავშირებით ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ.

ნატოში რომ არასოდეს მიგვიღებენ, პეტრე მამრაძის თქმით, უკვე მიუღიათ  გადაწყვეტილება ნატოს მესვეურებს და უცნობებიათ კიდეც რუსეთისთვის. ეს ამბავი, ალბათ, ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იცის, მაგრამ არ შეუძლია ხალხისთვის ამის  თქმა. ჩემი აზრით, ბიძინას რომ თავიდან არ განეცხადებინა დასავლური კურსის აუცილებლობაზე, ის ვერ გაიმარჯვებდა «ნაცებთან» ბრძოლაში. 

ჩვენი ქვეყნის ნატოში მიღებას უნდა შევხედოთ რუსეთის პოზიციიდანაც. განა გასაგები არ არის მათი გაღიზიანება, რომ მეზობლად არა თუნდაც ნეიტრალური, არამედ მტრული ნატოს წევრი საქართველოს გაჩენა არ უნდათ?

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ფურცლებზე კარგად იყო ნაჩვენები, რომ არ უნდა ვიყოთ უმადურნი რუსეთის მიმართ. თურმე ერეკლე II-სა და სხვა მეფეების მისწრაფება რუსეთისკენ მცდარი ნაბიჯი ყოფილა. ბევრმა არ იცის, რომ რუსეთთან შეერთებამდე საქართველოში არ ყოფილა არც ერთი საჯარო სკოლა, ხოლო თავად-აზნაურთა უმრავლესობას ხელის მოწერის მაგივრად მხოლოდ ჯვრის დასმა ეხერხებოდა. 

ჩემი აზრით, რუსებთან 2008-ში ომის დაწყება და წაგება, აგრეთვე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად,  უდიდესი დანაშაულია ქართული სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ გავარკვიეთ კი, _ რა ტერიტორიები დავკარგეთ და ჩვენ რა დაგრჩა? _ სამწუხაროდ, არა! ბევრი ლაპარაკი, განსაკუთრებით, «ნაცების» მხრიდან, ე. წ. მცოცავ აგრესიაზე შეიძლება ყოველთვის არ იყოს გამართლებული. თურმე ოსები მავთულხლართებით შემოსაზღვრავენ «თავიანთ» ტერიტორიას 1930 წელს მოქმედი რუკით ხელში. რაკი ისინი მაინც საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდნენ, არაა გამორიცხული, რომ ქართველებს ოსების ტერიტორიაზე აეშენებინათ სახლი. ამიტომაცაა, რომ მათ ეს იცოდნენ და საკუთარი ხელით ანგრევდნენ მას.

ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდია წერდა, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, რომლებიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში განვითარებულ მოვლენებში. ჩვენ კი თურმე ვაპირებთ ამ ძალებში მონაწილეობას. ავღანეთი საკმარისი არაა, საოცარია!

ჩვენ ნატოსკენ ვისწრაფვით, რათა დაცული ვიყოთ მტრისგან და ამავე დროს ვაშენებთ მაღალ კაშხალს ხუდონზე. საინტერესოა, რომელი «ექსპერტი» იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დიდი მიწისძვრა ან გაბრაზებული მტრის ერთი გასროლა არ დაამსხვრევს ერთი ქილა ერბოს პატრონის ფუჭ ოცნებებს განვითარებაზე.

ოთარ ველიაშვილი,

ეკონომისტი, პენსიონერი,

82 წლის

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here