ძალიან ხშირად, სკოლიდან შინ მომავალი, ქუჩაში გალაკტიონს ვხვდებოდი. სტუდქალაქსა და სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტს შორის წრეს უვლიდა მეხუთე ნომერი ტრამვაი, მერე თავის მარშრუტს უკან, ვერისა და “ზემელის” გავლით, ყოფილი კაფე “მეტროს” გვერდის ავლით კოლმეურნეობის მოედნისკენ ხრიალით ჩაიქროლებდა.
ვაკეში, ტრამვაის ბოლო გაჩერებასთან იდგა ცნობილი “ნესტორას ბუდკა”. ცოტა მოშორებით, ფალიაშვილის ქუჩაზე, უცხო ენათა ინსტიტუტის გვერდით კი ასევე “პოპულარული” ხის “ბუდკა” ედგა იპოლიტეს. ორივენი ჩამოსასხმელი ლუდითა და არყით ვაჭრობდნენ. ჯიხურებში იატაკზე ხის მომცრო კასრებით მსხვილმარცვლოვანი შავი ხიზილალა ჩაედგათ. მუშტარს, უმთავრესად, სამსახურიდან მომავალ კაცებს, შავი პურითა და ხიზილალით უმასპინძლდებოდნენ. ხიზილალას კასრებიდან ხის თეთრი ქათქათა კოვზებით იღებდნენ, ბარაქიანად უსვამდნენ პურზე, ხორბლის თავთავებით დამშვენებული ქართულეტიკეტებიანი ბოთლებიდან კი არაყს ჩამოუსხამდნენ და, ღმერთმა შეგარგოთო, ალალად მიაყოლებდნენ. კლიენტებიც ერთ-ორ სირჩას გადაჰკრავდნენ, ერთ კათხა ჩამოსასხმელ ლუდსაც დააყოლებდნენ და შინისკენ სასიამოვნო განწყობით გასწევდნენ.
კიდევ რით მახსოვს ეს პატარა ლუდის ჯიხურები, იცით? რაც ახლა უნდა გიამბოთ, შეიძლება ზოგს გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია და მას ვერსად გაექცევი. ორივეს _ ნესტორასაც და იპოლიტესაც _ ხშირად სტუმრობდნენ “ზორბა” კატები. ყველას აკვირვებდა მათი სიდიდე და ფუმფულა, ლამაზი ბეწვი. “საიდუმლო” იმაში მდგომარეობდა, რომ მეჯიხურეები მუშტრებს დოშითაც უმასპინძლდებოდნენ, დოში კი “ბუდკის” კუთხეში, მავთულის კავზე ჰქონდათ ჩამოკიდებული. ისეთი თევზი იყო, სულ ქონი გასდიოდა. ხელმომჭირნე და ყაირათიან დახლიდარებს, ქონი უქმად რომ არ დაეღვარათ, ქვეშ თუნუქის კონსერვის ქილები ჰქონდათ შედგმული. კატები კონსერვის ქილებიდან არხეინად სვლეპდნენ დოშის ქონს. “ასე რომ მანებივრებდნენ, კნავილსაც დავიწყებდი და თაგვებსაც მუსრს გავავლებდიო”, _ იხუმრებდა ხოლმე რომელიმე ენაკვიმატი მეინახე… ბავშვები ვიყავით და ბავშვური სანახაობები გვიტაცებდა. გარშემო ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რასაც ჩვენს თვალში მერე და მერე უფრო დიდი ფასი დაედო. პოეტთა მეფე გალაკტიონი ხან ნესტორას, ხან კი იპოლიტეს “ბუდკას” სტუმრობდა. ხშირად მოდიოდა თავისი ძველი, გვარიანად გაცვეთილი ყავისფერი პორტფელით. იმ პორტფელს ჯიხურის თაროზე დადებდა, გახსნიდა და დიდი გულმოდგინებით ამოიღებდა ვერის ბაზარში ნაყიდ ქორფა ბოლოკის კონას. ჯერ ხელზე დაიფერთხავდა, მერე მიმართავდა _ აბა, ჩემო ნესტორ (ან იპოლიტე), ერთი შენებურად გამირეცხეო.
ისიც მოწიწებით ჩამოართმევდა და მაშინვე მიუშვერდა ონკანს, რომელიც იქვე, “ბუდკის” გვერდით ჰქონდა. წყლის ჭავლში იმ ბოლოკს კარგად გაახანხალებდა და ისე მიართმევდა გალაკტიონს, როგორც გამორჩეულ ნუგბარს. გალაკტიონიც შეუდგებოდა ტრაპეზს _ გადაჰკრავდა არაყს და კონიდან თავისი ხელით მოწყვეტილ წითელ ბოლოკს მიატანდა. ზოგჯერ მწვანე, ქორფა ფოთოლსაც დააყოლებდა ხოლმე. როგორი სანახავი იყო, ჰა? დიდებული პოეტი, ძველებური ლუდის ჯიხური და… “ხარაზების სუფრა”! ახლაც სიზმარივით მახსენდება ჩემს ცნობიერებაში აღბეჭდილი ეს რეალური სცენები: იდგა თაროს დაყრდნობილი გალაკტიონი, თავის არაამქვეყნიურ ფიქრებში წასული (დასაჯდომი სკამი სად იყო), და ვინ იცის, იქნებ “ლურჯა ცხენების” რომანტიკასაც ელაციცებოდა! მის ირგვლივ კი დუღდა, ბრუნავდა, ტრიალებდა ტრამვაის ვაგონების ღრჭიალის ფონზე თითქოს ერთფეროვანი, ჩვეულებრივი და მაინც მღელვარე ცხოვრება, რომლის სივრცეშიც ჩვენი, 11-12 წლის პატარა ბიჭების, გაოცებული თვალებიც ირეკლებოდა. ვიცოდით, რომ ეს წვერმოშვებული კაცი, პიჯაკზე ლენინის ორდენით (პარადოქსია, რომ სათაყვანებელი მეუღლის, ოლია ოკუჯავას დაპატიმრების მესამე დღეს გალაკტიონი ლენინის ორდენით დააჯილდოვეს), ლექსებს წერდა და გენიალური პოეტი იყო, თუმცა მის პოეზიას ჯერ კიდევ არ ვიყავით ნაზიარები. ვიდექით და ვუყურებდით, როგორც რაღაც სასწაულს _ ჩვენთვის ამოუცნობს, უცნაურსა და მიუწვდომელს. შემოგვხედავდა. ჩაეღიმებოდა, ალბათ, სიამოვნებდა ჩვენი მისდამი ასეთი გამორჩეული ყურადღება: ასე იყო თუ ისე, რაღაც პატარა აუდიტორიას ხომ მაინც წარმოვადგენდით? თუმცა ამ პატარა ბიჭებს წიგნებით გაბერილი ჩანთებით გაკვეთილები უნდა მოგვემზადებინა და ამიტომაც შემოგვძახებდა:
_ სკოლიდან მოდიხართ, ბიჭუნებო? რა კარგები ხართ! აბა, წადით ახლა სახლებში, გაკვეთილები მოამზადეთ და რომელიმე ჩვენგანს თავზე მოფერებით ხელს მოგვითათუნებდა… წავიდოდით, აბა, სხვა რა გზა გვქონდა… ტრამვაიშიც მინახავს იგი უკანა სკამზე ჩამოძინებული. მაშინ ვაგონებში კონდუქტორები ყიდდნენ ბილეთებს. ისინი, როგორც წესი, ნაფრონტალი, უხეში, გამხდარი, ნაადრევად დაბერებული რუსი დედაკაცები იყვნენ, გულზე ბილეთების გორგალითა და კისერზე ჩამოკიდებული შავი ჩანთით, პირში “ბელამორკანალის” პაპიროსგაჩრილები განუწყვეტლივ აბოლებდნენ… მთელი მათი არსებობის ფილოსოფია და ცხოვრების მიზანი ბილეთების გაყიდვითა და უბილეთო მგზავრებთან “უკომპრომისო” ბრძოლით შემოიფარგლებოდა. რისი გალაკტიონი და რომელი პოეზია (ლექსები არა, ტარხუნა!)… სკამზე ჩაძინებული ნებისმიერი ადამიანი მათთვის ჩვეულებრივი “ბომჟი” იყო, ტრამვაის ბოლო გაჩერებაზე აუცილებლად რომ უნდა ჩამოეგდოთ.
_ Конечная остановка! Освободите вагон!
გალაკტიონს კი, უთავბოლო, აწეწილი ცხოვრებისგან “შებარბაცებულსა” და დაღლილ-დაქანცულს, ღრმად ჩასძინებოდა და ეს მბრძანებლური შეყვირება არ ესმოდა, გულზე მიხუტებული ჩანთით ადგილიდან არ იძვროდა. კონდუქტორი უხეშად შეანჯღრევდა ხოლმე და გამყინავი ხმით დასჩხავლებდა:
_ Эй, ты, проснись и вываливай отсюда!
ერთი სიტყვით, ჩაეთრიეო. ახალგაღვიძებული, თვალებაწითლებული გალაკტიონი, სხვა გზა არ იყო, ტრამვაიდან მძიმედ ჩავიდოდა. ვიდექი პატარა ბიჭი და საკუთარი უმწეობისა მრცხვენოდა _ გული მწყდებოდა, თვალები მეცრემლებოდა, რომ ამ ქალის უხეში და უტიფარი ძალადობისაგან დიდი პოეტის დაცვა არ შემეძლო. მოგვიანებით, ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის ბრწყინვალე პედაგოგის, მარიამ დოჭვირის, დიდი ძალისხმევით, გალაკტიონი ჩვენს სკოლაშიც მობრძანდა. პირველი მას ჩვენი მასწავლებელი მიესალმა მოწიწებითა და გულთბილად. სახე ალეწვოდა, ღელავდა. მაინც არ უღალატია თავისი პროფესიული ოსტატობისათვის _ გამართულად, ლაღად მეტყველებდა. უნებურად გაგვახსენდა მისი ნათქვამი, _ გალაკტიონს ქუთაისიდან, ახალგაზრდობის წლებიდან ვიცნობო. მეც მომიწია იმ შეხვედრაზე გამოსვლა და წავიკითხე მისი “მთაწმინდის მთვარე”. როცა აღელვებულ და სახეაფორაჯებულ პედაგოგს ვუსმენდით, კიდევ უფრო სარწმუნოდ გვეჩვენა ეჭვი, რომელიც მაშინ მოსწავლეებში გავრცელებულიყო, თითქოს დიდმა პოეტმა გენიალური ლექსი “მერი” სწორედ მარიამ დოჭვირს მიუძღვნა.
მერი შერვაშიძემ და გიორგი ერისთავმა ჯვარი ქუთაისში დაიწერეს:
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი _ ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
რა თქმა უნდა, მოგვიანებით ყველამ შევიტყვეთ, სინამდვილეში ვინც იყო ამ ლექსის ულამაზესი ადრესატი _ მერი შერვაშიძე.
უმშვენიერესი მერი პეტერბურგში, იმპერატორის კარზე ფრეილინა გახლდათ. საგულისხმოა, რომ სრულიად რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ მეორეს, მერი შერვაშიძისთვის თვალი რომ შეუვლია, გაოცებულა და აღფრთოვანებულს აღმოხდენია: “Княжня грешно бытъ такой красивой!” შემდეგ მერი შერვაშიძე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა პარიზში, იყო კოკო შანელის მუზა და გამორჩეული მოდელი, აღესრულა 98 წლისა. საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, როდესაც იმპერატორს სიხარულით მოახსენეს, რომ ბათუმთან, ჩაქვში, შესაძლებელია ჩაის გაშენება, მცირე ფიქრის შემდეგ მან მოხსენებით ბარათს წააწერა: “როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩაი კოლონიურ შრომას მოითხოვს, მე კი არ მსურს, რომ ისეთი მშვენიერი ერი, როგორიც ქართველები არიან, გადაგვარდეს”. როდესაც დიდმა გალაკტიონმა თავისი წამებული სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა, ჩვენი მე-6 ვაჟთა სკოლის (ახლა 55-ე სკოლა) კლასის მოსწავლეები თაიგულით მივედით მწერალთა კავშირში პოეტთან გამოსათხოვებლად.
დაღონებულებს, ბევრს ცრემლი მოგვერია.
ომარ მარგველაშვილი