Home რუბრიკები პოლიტიკა პარალელური სამყარო

პარალელური სამყარო

გზასაცდენილი კაცობრიობა და ისტორიის აისბერგი

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეთერთმეტე გამოშვება

რომ მოსპო კრიზისები, უნდა მოსპო კაპიტალიზმი!”

. სტალინი

კაცობრიობა მუდამ სამართლიანობას ელტვოდა. სამართლიანობის დასამკვიდრებლად მან გამოიგონა მორალი, კანონები, რელიგიები, რომლებმაც ათასწლეულებს გაუძლეს. მიუხედავად ამისა, კაცობრიობის ისტორია უსამართლობის ისტორიაა. კაცობრიობამ ათასწლეულების განმავლობაში ვერ ჩამოაყალიბა ცხოვრების წესი, სისტემა, რომელშიც ადამიანები სამართლიანად იცხოვრებდნენ. მხოლოდ XX საუკუნეში განხორციელდა რევოლუციური ნახტომი მომავლისკენ, რომელსაც დედამიწის ერთ მეექვსედზე ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის მშენებლობა მოჰყვა, რომელიც სამართლიანობის პრინციპებზე იყო აგებული. მას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერქვა.

კაპიტალისტური გარემოცვის პირობებში ამ სახელმწიფომ და სისტემამ საუკუნეც ვერ გაძლო. იგი ულმობელმა ძალებმა დაანგრიეს და მის ადგილზე წარმოშობილი 15 სახელმწიფო კვლავ უსამართლობის უფსკრულში გადაჩეხეს. ხალხებს, რომლებსაც ჰქონდათ კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მონაპოვარი _ სამართლიანი სახელმწიფო სისტემა, კაპიტალისტური სამყარო დღე და ღამ ყურში ჩასჩიჩინებდა, რომ არ ჰქონდათ ეროვნული დამოუკიდებლობა. ერთიან სოციალისტურ კავშირში გაერთიანებულ რესპუბლიკებს ეროვნული დამოუკიდებლობის გარკვეული ნაწილი მართლაც ჰქონდათ დელეგირებულ ცენტრში, მაგრამ სოციალისტური სისტემის შენარჩუნება მხოლოდ კავშირის მასშტაბებში იყო შესაძლებელი. ცალკე აღებული ვერც ერთი რესპუბლიკა სოციალისტურ სისტემას ვერ შეინარჩუნებდა თუნდაც საამისო რესურსების უკმარისობის გამო ან, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, იმავე კაპიტალისტური გარემოცვის გამო, რომელიც მაშინვე გადაყლაპავდა ნებისმიერს, რადგან, ბუნებრივია, მათ ცალ-ცალკე ვერ ექნებოდათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ისეთი მძლავრი სისტემები და მექანიზმები, როგორიც საბჭოთა კავშირს გააჩნდა.

ასეც მოხდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკლებლივ ყველა რესპუბლიკა (მათ შორის, რუსეთიც) ასცდა სოციალისტური განვითარების გზას და კაპიტალისტურ ლიანდაგებზე გადავიდა (ამ წესიდან გამონაკლისად შეიძლება განვიხილოთ ბელარუსი, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის). ესაა ბაზა და მოცემულობა, რომლიდანაც ყველა ის შემაშფოთებელი პროცესი იღებს სათავეს, რომლის წინაშეც არა მხოლოდ ყოფილი საბჭოეთი, არამედ მთელი მსოფლიო აღმოჩნდა. მოხდა ის, რომ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, რომლებმაც ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წმიდათაწმიდა (როგორც მათ ეჩვენებოდათ) საქმეს შესწირეს სოციალისტური მონაპოვარი, უსამართლობისა და განუკითხაობის ჭაობში ჩაიძირნენ. რაც კიდევ უფრო გულსატკენია, გაღებული მსხვერპლის მიუხედავად, დამოუკიდებლობაც ვერ მოიპოვეს. დღეს ამ რესპუბლიკებს დამოუკიდებლობის ის ხარისხიც არ აქვთ, რომელიც საბჭოთა კავშირში ჰქონდათ. ამ ვითარებას ზუსტად ასახავს უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუილ კანტის, ერთი შეგონება: სამართლიანობა როდესაც იკარგება, არ რჩება არაფერი, რაც ადამიანების ცხოვრებას შინაარსს შესძენს”. საბჭოთა ხალხებმა ისეთი რამ დაკარგეს, რომ მას შემდეგ ოცდაათი წლის განმავლობაში ისინი ვერ პოულობენ ვერაფერს, რაც მათ ცხოვრებას რეალური შინაარსით დატვირთავს. მათ წაართვეს უკვე აშენებული და ჩამოყალიბებული სამართლიანი ცხოვრების წესი და სანაცვლოდ ხელში მიაჩეჩეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის ყალბი პერსპექტივა. გამოვიდა ისე, რომ ამ ხალხებმა დაკარგეს ჭეშმარიტი ღირებულება, ნამდვილი განძი, მის ნაცვლად კი მიიღეს ბუნდოვანი დაპირება მომავალში რომელიღაც ორგანიზაციების წევრობისა, რომელიც, რეალობად ქცევის შემთხვევაშიც, რამე განსაკუთრებული ხიბლის შემცველი არ არის. ეს რომ ასეა, ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენენ ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებმაც უკვე შეასწრეს ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ არაფრით არ აქვთ იმ რესპუბლიკებზე უკეთესი მდგომარეობა, რომლებიც ამ ორგანიზაციების წევრობას იობის მოთმინებით ელიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლის მონაცემები ასე გამოიყურება: “ეკონომიკური ვარდნა: ლატვია _ 8,6 %; ლიეტუვა _ 8,1%; ესტონეთი _ 7,5 %. მსოფლიო ბანკის პროგნოზით ამ რესპუბლიკებში უმუშევრობის დონემ 9,6-დან შეიძლება 16-17 პროცენტამდე მოიმატოს”. საგანგაშოა ამ რესპუბლიკებიდან მოსახლეობის ემიგრაციის დონე, რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირის წევრებად მოგვევლინენ.ასე რომ, ნატოსა და ევროკავშირის წევრობა საყოველთაო ბედნიერების პანაცეა არ აღმოჩნდა, პირიქით, ამ მიმართულებით სწრაფვა საქართველოს ორი გადატანილი ომის, უზარმაზარი სისხლისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაუჯდა, ეს წარსულში, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ წარსულისგან არ შედგება, იგი მომავალსაც შეიცავს, რომელიც აუცილებლად დადგება, ოღონდ არა ისე, თავისთავად და განყენებულად, არამედ, როგორც შედეგი წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებისა, გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული ქმედებებისა. მომავალში აუცილებლად იმას მოვიმკით, რაც დაგვითესია. ეს კანონია _ ბუნების, ცხოვრების და ისტორიის კანონი. ჩვენ უკვე დაგვიდგა ის სამკალი, რაც, როგორც წარსულისა და აწმყოს, ასევე მომავლის შეფასებისას დავუშვით. ჩვენ ხომ გვახსოვს ეროვნული მოძრაობის სამსხვერპლოზე მისატანად ერთიმეორის მიყოლებით დახურული გიგანტური ქარხნები, როდესაც სოციალისტური სისტემის მიერ ხელისგულზე ნატარები და ნალოლიავები მუშათა კლასის წარმომადგენლები საამქროებს, ჩარხებს, დაზგებს ტოვებდნენ და გარბოდნენ იმ მიტინგებზე, რომლებზეც ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირინა სარიშვილი, თამარ ჩხეიძე, ლუიზა შაკიაშვილი და სხვები იდგნენ და სოციალისტური სისტემის დაშლისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ლოზუნგებით გამოდიოდნენ.

_ ჩვენ გავიფიცეთ! _ ამაყი სახეებით აცხადებდნენ სახელოვანი მუშათა კლასის წარმომადგენლები და აზრადაც არ მოსდიოდათ ის ამბავი, რომ გაფიცულები დარჩებოდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში; რომ მათ ქარხნებსა და ფაბრიკებს დაანგრევდნენ სოციალიზმის მესაფლავენი და საბაზრო ეკონომიკის ცრუ წინასწარმეტყველნი; რომ ის ქარხნები და კოლმეურნეობები, რომლებშიც მშრომელი ხალხისთვის უფასო ჯანდაცვისა და კორორტებზე დასვენებისთვის, უფასო განათლებისა და გამაჯანსაღებელი სისტემებისთვის _ საერთოდ, ყოველგვარი მატერიალური სიკეთისთვის აუცილებელი დოვლათი იქმნებოდა, ქვესკნელიდან ამომძვრალი ავაზაკების სათარეშოდ გადაიქცეოდა, რომლებიც ყველაფერს დაანგრევდნენ და საზღვარგარეთ ჯართად გაყიდდნენ, რათა საკუთარი ჯიბე გაესქელებინათ, ხოლო ერთ დროს პატივდებული მუშებისა და გლეხების არმიას საშიმშილოდ გაიმეტებდნენ. ასეც მოხდა, ოღონდ ეს არ იყო სტიქიური პროცესი, ეს იყო ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში დაწერილი სცენარი, რომლის მიხედვითაც ჩვენივე ხელით უნდა გაგვენადგურებინა სახალხო მეურნეობის ყველა დარგი; უნდა მოგვესპო კულტურის კერები; უნდა დაგვენგრია მეცნიერებათა აკადემია და მის სისტემაში შემავალი კვლევითი ინსტიტუტები; უნდა გადაგვეგვარებინა მწერლობა და ხელოვნების სხვა დარგები.

რა მიიღო ხალხმა ყოველივე ამის სანაცვლოდ? _ ცრუ დაპირება დამოუკიდებლობისა; ცრუ დაპირება და ნატოსა და ევროკავშირის წევრობისა; ცრუ დაპირება ცხოვრების მაღალი დონის მიღწევისა. აი, ამ სამ სიყალბეს, ამ სამ სიცრუეს გადავაყოლეთ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობაც, მოსახლეობის კეთილდღეობაც, ხალხის ბედიც და მისი მომავალიც.

საბოლოო ჯამში, ამ ცრუ ლოზუნგებს თავიც გადავაყოლეთ. ქვეყანა დაიშალა, მოსახლეობა განახევრდა, რადგან არსებობის საშუალებას მოკლებული ადამიანები ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთ გარბიან. ხალხმა ცხოვრების პერსპექტივა დაკარგა. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? როგორც დიდი ილია იტყოდა, ვდგავართ და უღონოდა ვბზუით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო”. ეს სიტყვები საუკუნე-ნახევრის წინათ ითქვა, მაგრამ მას შემდეგ ჩვენს აზროვებაში, წესში, ზნესა და ხასიათში არაფერი შეცვლილა, რა უბედურებაც იმხანად გვჭირდა, ყველა ის უბედურება დღესაც გვჭირს. საიდან ამდენი თვითკმაყოფილი რეგვენი, საქვეყნო საქმეში ცხვირჩაყოფილი ამდენი ბრიყვი, რომლებისთვისაც განგებას აზროვნების უნარი რაკი არ მიუცია, დგას და თუთიყუშივით იმეორებს, რასაც ჩასძახიან: ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენი, ქართველების, წინ. ამ თხრილის პირას ვდგავართ. საკმარისია, ხელი გვკრან _ და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად”. მის თანამედროვეებს კი არა, თითქოს დღევანდელ თაობას მიმართავს ის სულკურთხეული, რადგან იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო გეოპოლიტიკური რეალობა ჩვენ თვალწინ დიამეტრალულად იცვლება,ვდგავართ და უღონოდა ვბზუით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო”.

სად არის ჩვენი ამ უბედურების სათავე? ამ შეკითხვის პასუხად შეიძლება მრავალი კონკრეტული რამ დავასახელოთ, მაგრამ საკითხს განზოგადებულად თუ შევხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გზასაცდენილი ხალხი ვართ. სხვაგან ვიყავით და სხვაგან მოგვისროლეს. ისტორიასა და განვითარების მაგისტრალურ გზას აგვაცდინეს. გზასაცდენილობაა უკრაინის პრობლემების დასაბამიც. გაქნილმა დასავლელმა ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა, მათთან ერთად ათასი ჯურის სოვეტოლოგმა შულერებმა ხალხის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ერთმანეთთან დააპირისპირეს სოციალური სამართლიანობისა და ეროვნული თავისუფლების მაღალი იდეალები და მოხერხებულად გვიბიძგეს ეროვნული თავისუფლების სასარგებლო არჩევანის გაკეთებისკენ. ამ შემთხვევაში ხალხს, მათ შორის იმ გაფიცულ მუშებსაც, შეიძლება გავუგოთ კიდეც, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის. სწორი გზიდან გადახვევას გამართლება კი არა, შეცდომის გაცნობიერება და აღიარება თუ უშველის. სამწუხაროდ, ჯერ აქამდე ვერ მივედით, რის გამოც დღემდე ვრჩებით საბჭოთა წარსულის გულმხურვალე კრიტიკოსებად და დასავლური ცხოვრების მონურ მიმბაძველებად. ეს ძალიან საშიში სახადია, რომელიც ვერ იქნა და ვერ მოვიხადეთ. ეს სახადი დასავლეთის წრეგადასულ გაფეტიშებასა და რუსეთის მიმართ შიზოფრენიულ სიძულვილში ვლინდება. ამ მოვლენის საფუძვლიანი ახსნა შესაძლებელია მრავალი დარგის მეცნიერთა ერთობლივ და ხანგრძლივ კვლევა-ძიებას საჭიროებდეს, მაგრამ ის კი დღესავით ნათელია, რომ ამ სახადით ადამიანების ორი კატეგორიაა შეპყრობილი: დასავლეთის მიერ დაფინანსებული არამზადები და ფეხის ხმას, ანუ მოდას აყოლილი იდიოტები. სამწუხაროდ, ორივე ეს კატეგორია საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

როგორც უკვე ვთქვი, მათ ხელშია პოლიტიკური წრეები, საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინტერნეტი და სოციალური ქსელები. ამ პოზიციებითა და პლატფორმებით ოპერირება იოლია, რის გამოც ისინი ადვილად ახერხებენ ვირტუალური პარალელური სამყაროს შექმნას. ხდება ისე, რომ ადამიანები რეალურ ცხოვრებას გაცილებით ნაკლებად ხედავენ და სწვდებიან, ვიდრე ამ მატყუარების მიერ შექმნილ პარალელურ სამყაროს, ვინაიდან პოლიტიკური, საარჩევნო თუ სამხედრო ბატალიები რეალურ ცხოვრებაში თუ დიდ მანძილზეა მიმოფანტული, ვირტუალურ სამყაროში იგი ერთადაა თავმოყრილი და ერთ წერტილშია ფოკუსირებული _ საინფორმაციო საშუალებებში. მთავარი კი ის არის, რომ ვირტუალური სამყარო, რომელიც რეალური სამყაროს ასახვა უნდა იყოს, მთლიანად მოწყდა იმას, რასაც უნდა ასახავდეს. მაგალითად, უკრაინის მოვლენებს დასავლეთის მედიასამყარო საერთოდ არ მიიჩნევს იმ რეალობად, რომელიც უნდა ასახოს. უკრაინის რეალობა მათთვის იქ მთავრდება, სადაც უკრაინაზე საუბარი იწყება. ამის შემდეგ ყველაფერი სიცრუე და გამონაგონია, პარალელური სამყაროა, რომელშიც რუსეთის გენერლებს, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს უკრაინის სამთავრობო არმია თურმე მუსრს ავლებს და ათიათასობით ხოცავს, მაგრამ რუსეთის არმია ნაცვლად იმისა, რომ უკრაინულ არმიას პასუხობდეს, რატომღაც, თურმე, მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს დასდევს, რომლებსაც მხეცურად უსწორდება. რუს სამხედროებს, თურმე, არც უკრაინელი ნაცისტები აინტერესებთ, არც მათი ბანდები და ტერორისტები, არც მათი სამხედრო ბაზები და საწყობები, რაც არათუ ასე არ არის, შეუძლებელია, რომ ასე იყოს, რადგან აბსურდია. დასავლური მედიისთვის უკრაინაში ის მოვლენები კი არ ვითარდება, რომელიც ვითარდება, არამედ ის მოვლენები, რომელთა განვითარებაც დასავლეთს სურს. რუსეთის პრეზიდენტმა ტყუილად კი არ უწოდა აშშ სიცრუის იმპერია, რომლის ყველა მოქმედება ფარისევლობაზე, მოჩვენებითობასა და დემოკრატიის ილუზიის შექმნაზეა დაფუძნებული. ყოველივე ამის საფუძველს სხვა ხალხთა, სხვა კულტურათა და ცივილიზაციათა მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება, ხშირად კი უკიდეგანო სიძულვილი და ძალმომრეობა, ანუ სრულიად ღია და შეუნიღბავი ფაშიზმი წარმოადგენს. ეს მიდგომები საქართველოშიც შემოვიდა. დღეს სოციალურ ქსელებშიც კი ფაშისტები ბატონობენ.

ფაშისტური სულისკვეთებით გაიჟღინთა ის სივრცე, რომელშიც აზრთა ურთიერთგაცვლა უნდა მიმდინარეობდეს. ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის. იგი ვაშინგტონიდან არის მართული და გლობალური ტენდენციაა. ასე ვითარდებოდა მოვლენები მეოცე საუკუნეშიც, როდესაც თითქმის მთელ ვროპაში იფეთქა ფაშიზმმა. მოვლენებს იმ დროსაც ამერიკელები და ბრიტანელები, ანუ ანგლოსაქსური სამყარო დირიჟორობდა.

ანგლოსაქსების ხელში ნაციზმი და ფაშიზმი ნაცადი იარაღია, რომელსაც ისინი ყოველთვის უძებნიან მათთვის ხელსაყრელ მიმართულებას. მეოცე საუკუნის ფაშიზმის მთავარი სამიზნე თუ საბჭოთა კავშირი იყო, დღევანდელი ფაშიზმის მთავარი სამიზნე რუსეთია. მეოცე საუკუნის ფაშისტური სიძულვილის მთავარი ობიექტები თუ ებრაელები, სლავები და ბოშები იყვნენ, დღევანდელი ფაშიზმის მთავარი ობიექტი რუსი ხალხია. იმ პერიოდის უკიდეგანო ანტისემიტიზმის ადგილს დღევანდელი, ასევე უკიდეგანო რუსოფობია იკავებს. ამერიკელებმა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით კარგად უკრაინაში იმუშავეს, სადაც მოსახლეობის ერთ ნაწილში რუსი ხალხის მიმართ ჭეშმარიტად ჰიტლერული სიძულვილი გააღვივეს. ვის ვგულისხმობთ კრებსით ცნება “ამერიკელებში”? ხშირად გაიგონებთ ცნებებს _ “მასონები”, “საიდუმლო ლოჟა”, “მილიარდერთა კლუბი”, “ბილდერბერგის კლუბი”და სხვ. ყველა ეს უბედურება არსებობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს უფრო დიდი უბედურება, რომელიც ამ პოლიტიკურ და სოციალურ სიმახინჯეებს წარმოშობს, ესაა კაპიტალისტური სისტემა, რომელიც საერთაშორისო პრობლემებისა და კრიზისების მუდმივი გენერატორია. ესაა ომების წარმომშობი სისტემა. რამდენიც უნდა უძახონ ჰიტლერს მემარცხენე, ხოლო მის პარტიას “ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია”, მას არაფერი აკავშირებს არც მემარცხენეობასთან და არც სოციალიზმთან, ვინაიდან სოციალიზმის ცნებას როგორც კი ემატება ნაციონალიზმის ცნება, იგი იმ წუთიდან აღარ არის სოციალიზმი. ნაციონალიზმი და სოციალიზმი ისევე შეუთავსებელია ერთმანეთთან, როგორც დღე და ღამე, თეთრი და შავი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი. სოციალიზმი ინტერნაციონალური მოვლენაა, მისი საფუძველი კლასია და არა ერი (ნაცია). სოციალისტისთვის უპირველესი ეროვნული კუთვნილება (ეთნოსი) კი არ არის, არამედ კლასობრივი კუთვნილებაა (მშრომელი მასები). სხვა საკითხია, ვინ იზიარებს ამ მიდგომას და ვინ არა. ამ შემთხვევაში მთავარი ცნების დაზუსტებაა. სხვათა შორის, ჰიტლერს თავისი პარტიის სახელად “ნაციონალ-რევოლუციური” ჰქონდა შერჩეული, რაც უფრო მიესადაგებოდა მის იდეოლოგიას, რადგან ნაციზმი, როგორც დანაშაულებრივი მოვლენა, მან მართლაც რევოლუციურ სიმაღლემდე აიყვანა. ბოლოს, რიგ სუბიექტურ თუ ობიექტურ ფაქტორთა გამო, იგი “ნაციონალ-სოციალისტურზე” შეჩერდა, რაც ცნებათა აღრევა და ურთიერთგამომრიცხავთა მექანიკური ეკლექტიკა იყო. პოლიტიკოსს, რომელიც მარქსისა და ენგელსის სამშობლოში ცხოვრობდა, ეს შეცდომა არ უნდა დაეშვა, მაგრამ ამჟამად ეს არ არის ჩვენი მსჯელობის საგანი. ეს ყველაფერი იმის სათქმელად დამჭირდა, რომ კრიზისებსა და ომებს კაპიტალიზმი წარმოშობს. ორივე მსოფლიო ომი კაპიტალიზმმა შვა. მეტსაც მოგახსენებთ: კაპიტალიზმი ომს კი არ წარმოშობს, მისი შინაგანი ბუნება მოითხოვს ომს. მას ჰაერივით სჭირდება ომი, როგორც სისტემის წიაღში გამუდმებით წარმოქმნილ დაუძლეველ კრიზისთა დროებით მიჩქმალვის უებარი საშუალება. ღრმა კრიზისებში შესული ამერიკა ახლაც ისევე ეძებს ომის საბაბს, როგორც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ეძებდა და პოულობდა კიდეც. შეიძლება შემედავოთ და სწორადაც შემედავებით, თუკი მეტყვით, რომ რუსეთიც კაპიტალისტური სახელმწიფოა და ეს ყველაფერი მასზეც ვრცელდება. საქმე ის არის, რომ რუსეთი გარედან ზემოქმედებით, იძულებით გადაიქცა კაპიტალისტურ სახელმწიფოდ. ეს ამერიკელების ნამოქმედარია. ეგზიუპერის თქმისა არ იყოს, ჩვენ, ყველა, ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. რუსეთი სოციალიზმიდან მოდის. მას დღემდე სოციალისტური მენტალობა გააჩნია, მაგრამ კაპიტალიზმიდან სოციალიზმის მიმართულებით მკვეთრი მოხვევა ახალ კატაკლიზმებსა და მძაფრ სოციალურ რყევებთან იქნება დაკავშირებული, რაც, შესაძლებელია, სისხლისღვრის საფუძველიც შეიქნას, ამიტომ ასეთი გლობალური ხასიათის პროცესები დროის ასე ხანმოკლე შუალედებში არ ხდება, თანაც ეს ვერ განხორციელდება რომელიმე (თუნდაც, ისტორიული) პერსონის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილების შედეგად, ეს პროცესი ისტორიულმა კანონზომიერებებმა უნდა მოამწიფოს. როგორც წინა სტატიაში ვწერდი, პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, რუსეთს ავტომატურად უბიძგებს სოციალიზმის მიმართულებით, ვინაიდან კოლექტიური დასავლეთის მიერ წამოწყებულ სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლაში მთელი ძალებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობა დგება, რაც დასავლური ფასადური (ილუზიური) დემოკრატიის პირობებში, რომელიც ამ უზარმაზარ სახელმწიფოს შიგნიდან ღრღნის, შეუძლებელია. მეტსაც მოგახსენებთ: უკრაინის მოვლენები მხოლოდ რუსეთს არ აიძულებს სოციალიზმისკენ შემობრუნდეს, აშშ-შიც იმავე პროცესებს ეყრება საფუძველი. რუსეთის სავალუტო რეზერვების ხელყოფით, რუსების კუთვნილი ქონების კონფისკაციანაციონალიზაციით ამერიკელები უკვე ეწინააღმდეგებიან კაპიტალიზმის წმიდათაწმიდა პრინციპს, რომელიც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას ღაღადებს. ოცდამეერთე საუკუნის საფინანსო კრიზისებმა აშშ-ის კაპიტალისტური სისტემა აიძულა, ხარაკირი (სეპუკუ) ჩაეტარებინა საკუთარი თავისთვის, როდესაც დეტროიტის სამ ვეშაპად წოდებულ, მაგრამ ულმობელ კონკურენციაში დასაღუპავად განწირულ საავტომობილო მრეწველობას (“ჯენერალმოტორსი”, “კრაისლერი”, “ფორდი”) კოლოსალური ოდენობის სახელმწიფო თანხებით დაეხმარა, რითაც უარყო კაპიტალიზმის უმთავრესი პრინციპი _ კონკურენციაში ძლიერები იმარჯვებენ, სუსტები იღუპებიან! ასე რომ, მოვლენები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ვითარდება, არც მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის ომია და არც მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი. თუ ჩავუღრმავდებით, ეს დასაღუპავად განწირული კაპიტალიზმის ომია საკუთარ თავთან, საკუთარ წინააღმდეგობებთან და საკუთარ კრიზისებთან. ეს უკანასკნელ სტადიაში შესული კაპიტალიზმის ომია საკუთარ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რაც მას, როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთში, იმ ჩიხში შეიყვანს, რომლიდანაც გამოსვლა შეუძლებელი იქნება. კაპიტალისტური სისტემა ტიტანიკივით მიუახლოვდა ისტორიის აისბერგს, შეჯახება გარდაუვალია!

P. S. მეტნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოთა წლიური სამხედრო ბიუჯეტი, ჯამში, ასტრონომიულ თანხას _ ორ ტრილიონ დოლარს აღწევს. ძნელი არ არის წარმოდგენა იმისა, რა კოლოსალური მასშტაბის იქნებოდა სიკეთე, რომელიც ამ თანხის ხალხთა მოსპობის არსენალის შექმნიდან ხალხთა კეთილდღეობის არსენალის შექმნაზე გადატანას მოჰყვებოდა, მაგრამ, სანამ დედამიწაზე კაპიტალიზმის სახით ბანდიტებისა და საერთაშორისო ყაჩაღების სისტემა მძვინვარებს, სანამ კაცობრიობა სამართლიანობის, სიკეთისა და სიყვარულის გზას არის აცდენილი, ამგვარ მიდგომებზე ოცნებაც კი შეუძლებელია.

3 COMMENTS

  1. თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ ამის საფასური ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანო იქნება, მაშინ არ გვინდა ასეთი სტატუსი… აუცილებელია ახალგაზრდებთან მუშაობა. დესტრუქციული პოლიტიკოსების არცთუ მცირე ნაწილი უნივერსიტეტებში მუშაობს და მათ შესაძლებლობა აქვთ, ახალგაზრდებს თავს მოახვიონ მცდარი ღირებულებები-რევოლუციები და სამხედრო გადატრიალებები… ეს პროცესები გასაკონტროლებელია და ამაზე ხშირად უნდა ისაუბროს ქართულმა ინტელიგენციამ და პოლიტიკურმა სპექტრმა…მოვლენები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ვითარდება, არც მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის ომია და არც მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი. თუ ჩავუღრმავდებით, ეს დასაღუპავად განწირული კაპიტალიზმის ომია საკუთარ თავთან, საკუთარ წინააღმდეგობებთან და საკუთარ კრიზისებთან.

  2. იმერ-ამერის ქართველებო …გვეშველება ოდესმე? ეს კითხვა უნდა დაისვას….რატომ ჰყავს საქართველოს ამდენი ”მორბენალი აგენტი”…რატომ?…ზვიად გამსახურდიას და კოსმოპოლიტურ ”უღმერთო მებრძოლთა კავშირს” დაანგრევინეს ”საბჭოთა მემკვიდრეობა” და არა საქართველო. ”ცენტრისკენულმა ძალებმა”(რომელთაც სურდათ საბჭოთა კავშირის ”მოდერნიზაცია”) გააჩაღეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე 1992-1993-2004 და 2008 წლებში!..ეს კითხვა უნდა დაისვას.არ გიკვირთ?…გმადლობთ….ეს კითხვა უნდა დაისვას.არ გიკვირთ?……გმადლობთ…ეს კითხვა უნდა დაისვას.არ გიკვირთ?…გმადლობთ…იმერ-ამერის ქართველებო …გვეშველება ოდესმე? ეს კითხვა უნდა დაისვას….რატომ ჰყავს საქართველოს ამდენი ”მორბენალი აგენტი”…რატომ?…ზვიად გამსახურდიას და კოსმოპოლიტურ ”უღმერთო მებრძოლთა კავშირს” დაანგრევინეს ”საბჭოთა მემკვიდრეობა” და არა საქართველო. ”ცენტრისკენულმა ძალებმა”(რომელთაც სურდათ საბჭოთა კავშირის ”მოდერნიზაცია”) გააჩაღეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე 1992-1993-2004 და 2008 წლებში!..ეს კითხვა უნდა დაისვას.არ გიკვირთ?…იმერ-ამერის ქართველებო …გვეშველება ოდესმე? ეს კითხვა უნდა დაისვას….რატომ ჰყავს საქართველოს ამდენი ”მორბენალი აგენტი”…რატომ?…ზვიად გამსახურდიას და კოსმოპოლიტურ ”უღმერთო მებრძოლთა კავშირს” დაანგრევინეს ”საბჭოთა მემკვიდრეობა” და არა საქართველო. ”ცენტრისკენულმა ძალებმა”(რომელთაც სურდათ საბჭოთა კავშირი) გააჩაღეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე 1992-1993-2004 და 2008 წლებში!..ეს კითხვა უნდა დაისვას.არ გიკვირთ?…

  3. სად არის ჩვენი ამ უბედურების სათავე? ამ შეკითხვის პასუხად შეიძლება მრავალი კონკრეტული რამ დავასახელოთ, მაგრამ საკითხს განზოგადებულად თუ შევხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გზასაცდენილი ხალხი ვართ. სხვაგან ვიყავით და სხვაგან მოგვისროლეს. ისტორიასა და განვითარების მაგისტრალურ გზას აგვაცდინეს. გზასაცდენილობაა უკრაინის პრობლემების დასაბამიც. სად არის ჩვენი ამ უბედურების სათავე? ამ შეკითხვის პასუხად შეიძლება მრავალი კონკრეტული რამ დავასახელოთ, მაგრამ საკითხს განზოგადებულად თუ შევხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გზასაცდენილი ხალხი ვართ. სხვაგან ვიყავით და სხვაგან მოგვისროლეს. ისტორია და განვითარებa…სად არის ჩვენი ამ უბედურების სათავე? ამ შეკითხვის პასუხად შეიძლება მრავალი კონკრეტული რამ დავასახელოთ, მაგრამ საკითხს განზოგადებულად თუ შევხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გზასაცდენილი ხალხი ვართ. სხვაგან ვიყავით და სხვაგან მოგვისროლეს. ისტორიასა და განვითარების მაგისტრალურ გზას აგვაცდინეს. გზასაცდენილობაა უკრაინის პრობლემების დასაბამიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here