სტალინს აქვს მრავალი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც ნათლად არის გამოხატული ახალი ქვეყნის მშენებლობის როგორც არქიტექტურა, ისე მისი განვითარების სტრატეგია. ამასთანავე, სტალინი კერძო საუბრებსა თუ ოფიციალურ სადილებზე, რომლებიც იმართებოდა უმაღლესი შეხვედრებისას, ხშირად აყალიბებდა განსახილველ საკითხებს, რომლებსაც ბევრი დაინტერესებული პირი თავის წიგნაკში ინიშნავდა. სტალინის ბევრი მოსაზრება დღეს წარმოგვიდგება, როგორც წინასწარმეტყველება, ანდერძი, რომელიც მან შთამომავლობას დაუტოვა. თუ აზრი სწორია და ასეული წლების შემდეგ ის საპროგრამო მასალად შეიძლება ჩაითვალოს, რატომ არ უნდა განხორციელდეს, ვისი აზრიც და ვისი წარმოთქმულიც უნდა იყოს ის?!
1945 წლის 28 მარტს სტალინმა ჩეხოსლოვაკიის სამთავრობო დელეგაცია მიიღო და საუბარი გამართა. სხვებთან ერთად მიღებას ესწრებოდა იმხანად სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მალიშევი. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, მალიშევი ყოველთვის მისთვის განუყრელი ჟურნალითა და კალმით შეიარაღებული ესწრებოდა სტალინის ყოველ შეხვედრას. ასეთი შეხვედრა კი დიდი სამამულო ომის წლებში 80-ჯერ გაიმართა. მის ჩანაწერებს (დღიურებს) ასეთი სათაური აქვს:
“ათი წელი გავა და ამ შეხვედრებს ვეღარ აღვიდგენ მეხსიერებაში”.
1949 წლის 1 მაისს დღესასწაულის შემდეგ გამართულ პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინმა განაცხადა: “თავის დროზე, მე-13 საუკუნეში, რუსებმა დაკარგეს იმიერკარპატების უკრაინა და მას შემდეგ ყოველთვის ოცნებობდნენ მის დაბრუნებაზე. სწორი პოლიტიკის წყალობით ჩვენ ეს შევძელით _ ყველა სლავური (უკრაინული და ბელორუსული) მიწის დაბრუნება და განვახორციელეთ რუსი, უკრაინელი, ბელორუსი ხალხების საუკუნოვანი ოცნება”.
სტალინმა სლავებს 7-საუკუნოვანი ოცნება აუსრულა: შექმნა ევროპაში ტერიტორიითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი ინდუსტრიული ქვეყანა _ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ცალკე სლავური სახელმწიფო უკრაინის რესპუბლიკის სახით?..
დიდ სამამულო ომში ახალგაზრდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1941 წელს ინგლისისა და ამერიკის წაქეზებით ჰიტლერის მხარეს იბრძოდა 7 სლავური სახელმწიფო, რომლებმაც ომის ბოლო წლებში შეიგნეს, რომ ისინი უნდა იდგნენ სლავებთან და არა ნაცისტებთან, მაგრამ ეს ჭეშმარიტება ვერ შეიგნეს უკრაინელმა ნაცისტებმა და, როდესაც წითელ მოედანზე 1945 წლის 9 მაისის გამარჯვებას დღესასწაულობდა სრულიად საბჭოთა კავშირი, უკრაინაში სლავები კვლავ ბანდერელებს ებრძოდნენ, მაგრამ სტალინმა, ბოლოს და ბოლოს, ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. 1949 წლის 17 ივნისს პოლიტბიუროზე მოსკოვის რეკონსტრუქციის პროექტის განხილვისას სტალინმა განაცხადა: “ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენში დიდი ხნის განმავლობაში არ ცნობდნენ დედაქალაქად პეტერბურგს. პეტრე I-მა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პეტერბურგი გამოაცხადა დედაქალაქად, თუმცა ამას აქვს ახსნა _ პეტრეს ეშინოდა ბოიარების მზაკვრობისა მოსკოვში და უნდოდა მათი ზეგავლენის აღკვეთა. ამბობენ, რომ გერმანელების სიახლოვემ პეტერბურგთან 1918 წელს აიძულა ლენინი, დედაქალაქი მოსკოვში გადაეტანა. არა. ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე ვფიქრობდით მოსკოვის დედაქალაქად გამოცხადებას”.
ერთხელ კუნცევოს აგარაკზე დერეფანში გავლისას, სადაც მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ეკიდა, სტალინმა ბულგარეთის ლიდერი გიორგი დიმიტროვი გააჩერა და უთხრა: “დასავლეთი არასოდეს შეეგუება, რომ მსოფლიო რუკაზე ამ სიდიდის წითელი ტერიტორია ჩანს”.
ჯერ ნიკიტა ხრუშჩოვის, შემდეგ მიხეილ გორბაჩოვისა და ბორის ელცინის მზაკვრულმა ქმედებებმა, რომლებმაც მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა გამოიწვია. ამ პირებიდან ერთი ცოცხალია, ეკლის ტოტზე ზის და ეშმაკივით ხარხარებს; მეორე გამყიდველს, ელცინს, ცენტრი აუშენეს და ხალხის შიში რომ არა, ალბათ, უზარმაზარ ძეგლსაც აღუმართავდნენ. სლავებო, გსურთ, იყოთ მართლმადიდებლობისა და ხალხის დამცველი და იყოთ ის, რაც სტალინმა გიწოდათ _ “დიდი რუსი ხალხი, ხალხი განმათავისუფლებელი”? მაშინ შეასრულეთ სტალინის ანდერძი:
“ახლა ბევრს საუბრობენ სლავოფილობასა და სლავოფილებზე. ჩვენ ხშირად გვადარებენ ძველ, ცარიზმისდროინდელ სლავოფილებს. ეს არ არის სწორი. ძველი სლავოფილები, მაგალითად, აქსაკოვი და სხვები, მოითხოვდნენ ყველა სლავის გაერთიანებას რუსი მეფის ხელისუფლების ქვეშ. მათ არ ესმოდათ, რომ ეს მავნე, განუხორციელებელი იდეა იყო. სლავ ხალხებს სხვადასხვა საზოგადოებრივ–საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ცხოვრების წესი აქვთ, განსხვავებული კულტურული დონე და საზოგადოებრივ–პოლიტიკური წყობა. სლავ ხალხთა გეოგრაფიული მდებარეობა ასევ უშლის ხელს მათ გაერთიანებას. ჩვენ, ახალი სლავოფილები, ბოლშევიკი–სლავოფილები, კომუნისტები, მხარს ვუჭერთ არა გაერთიანებას, არამედ სლავი ხალხების კავშირს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიულ სხვაობათა მიუხედავად, ყველა სლავი კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან ჩვენი საერთო მტრის _ გერმანელთა წინააღმდეგ. სლავთა ცხოვრების მთელი ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენ კავშირი გვჭირდება სლავურობის დასაცავად. აი, თუნდაც ბოლო ორი მსოფლიო ომი. რატომ დაიწყო ისინი? სლავების გამო. გერმანელებს სლავების დამონება სურდათ. ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად ამ ომებში? როგორც პირველ. ასევე მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტად დაზარალდნენ სლავი ხალხები: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სერბები, ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები. განა ამ ომშიც იგივე არ ხდება? განა საფრანგეთი უფრო დაზარალდა? არა. გერმანელებმა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს, სამხრეთ ნაწილს კი ხელი არ ახლეს. ბელგიამ და ჰოლანდიამ მყისვე თათები მაღლა ასწიეს და დაუწვნენ გერმანელებს. ინგლისი მცირეოდენი ნგრევით გადარჩა. საშინლად დაზარალდა უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია; მახეში გაება ბულგარეთიც კი, რომელსაც თავის დაძვრენა უნდოდა. ესე იგი, გერმანელებისგან ყველაზე მეტად სლავები იტანჯებოდნენ. ახლა ჩვენ ძლიერად ვურტყამთ გერმანელებს და ბევრს ჰგონია, რომ ისინი ვეღარასოდეს დაგვემუქრებიან. არა, ეს ასე არ არის. მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მათ ობიექტურად შეფასებაში. გერმანელები დიადი ერია, ძალიან კარგი ტექნიკოსები და ორგანიზატორები არიან, დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები. გერმანელების განადგურება შეუძლებელია. ისინი გადარჩებიან. ჩვენ ვურტყამთ გერმანელებს და საქმე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოკავშირეები ეცდებიან, გადაარჩინონ გერმანელები და მოელაპარაკონ მათ. ჩვენ დაუნდობლი ვიქნებით გერმანელთა მიმართ, ხოლო მოკავშირეები შეეცდებიან, რბილად მოექცნენ მათ. ამიტომ, ჩვენ, სლავები, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გერმანელები, შესაძლოა, ისევ დადგნენ ფეხზე და გამოვიდნენ სლავთა წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ, ახალი სლავოფილები, მოგიწოდებთ სლავი ხალხების კავშირისაკენ. ამბობენ, რომ ჩვენ გვსურს, სლავებს მოვახვიოთ საბჭოთა წყობა. ეს ლიტონი სიტყვებია. ჩვენ ასე არ გვინდა, ვინაიდან ვიცით, რომ საბჭოთა წყობის სურვილისამებრ გატანა საზღვარგარეთ არ შეიძლება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი პირობები. ჩვენ შეგვეძლო, ბულგარეთში დაგვემყარებინა საბჭოთა წყობა, იქ ეს უნდოდათ, მაგრამ არ წავედით ამაზე. ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში, გვინდა, ჭეშმარიტად დემოკრატიული მთავრობები გვყავდეს. კავშირის შექმნით სლავები შეძლებენ ერთმანეთისათვის სამეურნეო და სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ამჟამად ჩვენ წარმატებით შეგვიძლია ამის განხორციელება”.
“რა შესანიშნავი აზრებია. მთელი მრავალწლიანი პროგრამა. მე ისეთი აღელვებული და გაოცებული ვიყავი ამხანაგ სტალინის აზრთა სიღრმით, რომ დიდხანს ვერ დავიძინე და დღესაც ამ სიტყვების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ბრძენი ადამიანია ამხანაგი სტალინი”, _ წერს თავის დღიურში ვიაჩესლავ მალიშევი.
1947 წლიდან საბჭოთა დაზვერვამ დასავლეთის სახელმწიფოების მცდელობებზე რეგულარულად დაიწყო ინფორმაციის მოძიება. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ხმელთაშუა ზღვის სამხედრო ბლოკის შექმნას შეეხებოდა, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. ამ მცდელობების არსი სლავური ექსპანსიის წინააღმდეგ მიმართული “ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის ანტანტას” შექმნის გეგმამდე მიდიოდა”. რატომ დაინტერესდნენ ანგლო-საქსები “სლავური ექსპანსიით”? როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა სტალინს ბულგარეთისა და იუგოსლავიის ფედერაციების შექმნის იდეისკენ. სტალინი არ აპირებდა ბალკანეთზე გავლენის დაკარგვას, რომელთანაც რუსეთს ისტორიული წარსული აკავშირებდა, ფედერაციის შექმნა კი საბჭოთა კავშირისთვის ამ მიმართულებით შორეულ მომავალში თავდაცვის მხრივ გარკვეული დაზღვევა იქნებოდა. სწორედ ამიტომ, როცა იოსიფ ბროზ ტიტომ ფედერაციის შექმნის იდეას მხარი არ დაუჭირა, სტალინს განრისხების სერიოზული მიზეზი ჰქონდა, რადგან, პირველ რიგში, სწორედ საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს იუგოსლავია და, პრაქტიკულად, მთელი ბალკანეთი. ამ ბრძოლის შედეგად მოპოვებული ნაყოფის დაკარგვას კი სტალინი ნამდვილად არ აპირებდა. მეორე _ ტიტო თავის სიცოცხლეს სტალინს უნდა უმადლოდეს. როცა შუა ომში ჰიტლერის ჯარმა უღელტეხილზე მიიმწყვდია, სტალინის ბრძანებით, მხოლოდ საბჭოთა მფრინავებმა შეძლეს მისი გადარჩენა. ტიტოს მხრიდან გამოჩენილი უმადურობის, აგრეთვე, სლავური სოლიდარობის განმტკიცების სურვილის უქონლობის გამო სტალინი ძალიან იყო განრისხებული, მაგრამ ამ ყველაფერმა სტალინსა და ტიტოს შორის მხოლოდ იდეოლოგიური უთანხმოება და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაცივება გამოიწვია. საბჭოთა ჯარები და სამოქალაქო მრჩევლები იუგოსლავიიდან გამოიწვიეს. 1948 წლის ივნისში ბუქარესტის საინფორმაციო ბიუროს სხდომაზე “იუგოსლავიის მდგომარეობის შესახებ” ანდრია ჟდანოვმა წაიკითხა მოხსენება, რომელშიც პირადად სტალინის მიერ შემდეგი რამ იყო ჩაწერილი: “შექმნილი ვითარების გამო მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტიტოს, კარდელს, ჯილასსა და რანკოვიჩს. მათი მეთოდები ტროცკიზმის არსენალიდან არის წარმოდგენილი. ქალაქებსა და სოფლებში არასწორი პოლიტიკა ტარდება. კომპარტიაში სამარცხვინო, სუფთა თურქული ტერორისტული რეჟიმი სუფევს. ასეთი რეჟიმი უნდა დასრულდეს”.
აშშ და დიდი ბრიტანეთი აქტიურად ცდილობდნენ, მომავალ ბლოკში სხვა ქვეყნებთან ერთად იუგოსლავიაც ჩაეთრიათ. შესაბამისად, ფედერაციის შექმნის იდეაზე ტიტოს უარმა სტალინი აიძულა, ეფიქრა, რომ ის ორმაგ თამაშს თამაშობდა, ცხადია, არა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ტიტოს ამ ბლოკში გაწევრების სხვადასხვა პირობას სთავაზობდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ტიტომ არა მხოლოდ სტალინის მიერ წამოყენებული იდეის მხარდაჭერაზე თქვა უარი, არამედ დასავლეთის ქვეყნების ალიანსში გასაერთიანებლად მისთვის ხელსაყრელ ვარიანტს ირჩევდა. ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამძაფრდა იმით, რომ ომის დროიდან სტალინისთვის კარგად იყო ცნობილი ბრიტანეთის დაზვერვასთან ტიტოს კონტაქტების თაობაზე. 1952 წლის დასწყისში საბჭოთა დაზვერვამ სტალინს დამაჯერებელი მტკიცებულებები წარუდგინა, რომ ბელგრადი დასავლეთის სახელმწიფოებთან როგორც პირდაპირ, ასევე შუამავლების მეშვეობით გარკვეულ ვაჭრობას ახორციელებდა. საბჭოთა დაზვერვამ სტალინს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეების _ ავერელ ჰარიმანისა და ენტონი იდენის ბელგრადში ტიტოსთან კონფიდენციალური ვიზიტების შესახებ შეატყობინა. დაზვერვის სამსახურის მიერ ჰარიმანის ვიზიტზე მოპოვებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო: “იუგოსლავიაზე კონტროლის მოსაპოვებლად და ამ ფორმით მისი პოტენციალის გამოსაყენებლად ამერიკა ნებისმიერ ვარიანტს დასჯერდება, რომელიც იუგოსლავიის მთავრობას სერიოზულ მიზეზს არ შეუქმნის და ქვეყანაში მემარცხენე ოპოზიციის გაჩენის სერიოზულ საფუძველს არ მისცემს”. სტალინისთვის ეს “ნებისმიერი ვარიანტი” საკმარისი აღმოჩნდა. ამერიკის მიერ ბალკანეთზე მსგავსი იდეის განხორციელება სსრკ-ისთვის “ტროას ცხენის” ტოლფასი იქნებოდა, რაც საკუთარი უსაფრთხოებით ისედაც შეწუხებულ სსრკ-ს სულაც არ სჭირდებოდა. ამერიკა ხომ, თავისი ბლოკის სტრატეგიის მიხედვით, საბჭოთა საზღვრების პერიმეტრზე ისედაც ქმნიდა სამხედრო ბაზებს. ამ ყველაფერთან ერთად სტალინისთვის ცნობილი შეიქნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იუგოსლავიის ელჩთან შეხვედრის შესახებ, რომელიც პარიზში გაიმართა. როგორც დადგინდა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იუგოსლავიის ელჩს უხსნიდა, რომ “ალპები-დარდანელის ფრონტში” მონაწილეობა საბჭოთა კავშირისგან ხმელთაშუა ზღვის დაცვას ნიშნავდა. იმხანად თურქეთი უკვე ნატოს წევრი იყო, შესაბამისად, იგი ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მითითებებს ასრულებდა. ცოტა მოგვიანებით საბჭოთა დაზვერვამ სტალინს იტალიის მხრიდან იუგოსლავიის ბლოკში გაწევრების საკითხით დაინტერესების შესახებაც აცნობა. 1952 წელს კი დაზვერვამ სპეციალური ინფორმაცია გაუგზავნა: “ხმელთაშუა ზღვაზე ანტისაბჭოთა პლაცდარმის გაძლიერების მიზნით, ამერიკის ხელმძღვანელ წრეებში ცდილობენ, სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკში იუგოსლავიის გარდა საბერძნეთი, თურქეთი, იტალია და სხვა ქვეყნებიც ჩართონ. ბალკანეთის რაიონში სამხედრო–პოლიტიკური ბლოკის შექმნა ნატოსთან მჭიდრო კავშირში იმყოფება”. დოკუმენტში, აგრეთვე, აღნიშნული იყო, რომ აშშ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებას აპირებდა. აქვე საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ გენერალმა ეიზენჰაუერმა ბლოკის შექმნის საკითხზე საბერძნეთისა და თურქეთის ხელმძღვანელებთან აწარმოა მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას ბლოკში იუგოსლავიის ჩათრევის შედარებით შესაფერისი ფორმები განიხილებოდა. ყოველივე ეს სსრკ-სა და მის მოკავშირე სახალხო დემოკრატიულ ქვეყნებს კოლოსალურ საფრთხეს უქმნიდა. აი რატომ იყო, რომ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მცდელობების შესახებ მიღებული პირველივე ინფორმაციის შემდეგ სტალინმა ბულგარეთისა და იუგოსლავიის ფედერაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ტიტოს მხრიდან უარი კი სტალინისთვის იუგოსლავიის ლიდერის ორმაგ თამაშს ნიშნავდა. მით უმეტეს, რომ სტალინს ტიტოსა და დიდი ბრიტანეთის ფარული კონტაქტების შესახებ ინფორმაცია უკვე, დიდი ხანია, ჰქონდა. ასეთია სიმართლე ზემოთ მოცემულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე შეიძლება ვიღაცას ხელს არ აძლევდეს, თუმცა ასეთებს შევახსენებით, რომ ის პერიოდი სრულიად განსხვავებული იყო. ომისა და მშვიდობის საკითხები უკიდურესი სისასტიკით წყდებოდა. თანაც საკუთარი უსაფრთხოებისთვის არც ევროპა და არც სსრკ ლიკვიდაციის საშუალებების გამოყენებას არ ერიდებოდა. მით უმეტეს, როცა “მცირე ზარალის მიყენების სანაცვლოდ შედარებით დიდი ზარალის თავიდან არიდება” შეიძლებოდა, რომელიც, როგორც წესი, დაზვერვის მიერ განხორციელებული საიდუმლო ოპერაციებისთვის იყო დამახასიათებელი. ასე რომ, სტალინისა და მისი სპეცსამსახურების დადანაშაულების არანაირი საფუძველი არ არსებობს. სსრკ-ის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობდა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს “ცივი ომი” იყო, საბჭოთა კავშირი თავს კომფორტულად სრულიადაც არ გრძნობდა. დიდი სამამულო ომის შემდეგ ყველაფერი, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხებოდა, შეძლებისდაგვარად პრევენციულად და უზარმაზარი სახსრების გამოყენებით კეთდებოდა. კიდევ ვიმეორებ: სსრკ–ში გამოსაყენებელი საშუალებების არჩევისას მორიდებული არ იყვნენ, ისევე როგორც ბარიკადებს მიღმა. სხვათა შორის, დღესაც, როცა ვითომდა დემოკრატია მეფობს და შემაშფოთებელი “საბჭოთა მუქარა” ფორმალურად აღარ არსებობს, დასავლეთში მაინც ძველებურად მოქმედებენ განსკუთრებით ანგლოსაქსები. ისინი ყველაზე მწვავე მეთოდების გამოყენებას კვლავაც არ ერიდებიან, თუმცა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებიც ადეკვატურად რეაგირებენ.
მართალია, ისტორიას სუბიექტურობა არ უყვარს, მაგრამ მაინც გავბედავ და საკუთარ მოსაზრებას გამოვთქვამ: დარწმუნებული ვარ, ტიტო რომ ჩამოეშორებინათ ხელისუფლებისგან, ბალკანეთზე და მათ შორის იუგოსლავიაშიც მოვლენები ხალხისთვის მისაღები სცენარით განვითარდებოდა; მე-20 საუკუნის ბოლოს კი იუგოსლავიაში ის საშინელი სისხლიანი ეროვნული კატასტროფა აღარ მოხდებოდა, არ იქნებოდა კოსოვოს პრობლემა, რომლის წარმოქმნაშიც ტიტოა დამნაშავე. სერიოზული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვიფიქროთ: ალბანელებით კოსოვოს მჭიდროდ დასახლების აზრი ტიტოს ბრიტანულმა დაზვერვამ შთააგონა. შედეგი ყველასათვის ცნობილია. ამ დროს კი, გინდა თუ არა, ნანობ, რომ ტიტო თავის დროზე არ მოიშორეს. თუმცა მოვლენები ისევ ისე წარიმართებოდა, რადგან სტალინის დღეები უკვე დათვლილი იყო. როგორც ცნობილია ჩინგისხანის საფლავის გახსნას მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა, ვნახოთ, რა მოჰყვება ტელეფონიანი ჩინგისხანის საფლავის გახსნას.
სტალინის საფლავი დღეს თუ ხვალ გაიხსნება და, თუ სიცოცხლეში ვერ მოესწრო სტალინი სლავების გაერთიანებას, გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ეს გარდაუვალია _ მესამე რომს საფუძველს უყრის დღევანდელი რუსეთის იმპერატორი ვლადიმერ პუტინი.
გრიგოლ ონიანი