ომი დაიწყო! ჰო, თურმე ასე მარტივად, ორი სიტყვით შეიძლება გადმოსცე ის, რომ ევროპის ყველაზე დიდი და მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები ერთმანეთს ეომებიან. ორი სიტყვა იტევს მსხვერპლს, ნგრევას, ცეცხლის წვიმას. თითქოს ყველგან ისმის მოწოდება, ამ შემთხვევაშიც ორსიტყვიანი _ “შეაჩერეთ ომი”, მაგრამ გამჩერებელი არავინ ჩანს. არ ჩანს იმიტომ, რომ პოლიტიკოსები სიტყვით ერთს ამბობენ, საქმით სხვას აკეთებენ.
საქმით უკრაინაში ყოველდღიურად უამრავი იარაღი შედის და მთავარი მიმწოდებლები ამერიკა და ბრიტანეთი არიან. საინტერესოა, რომ არც ერთს არ ავიწყდება რიცხვის დასახელება, ანუ იმ თანხის თქმა, რა ოდენობის იარაღი მიაწოდეს უკრაინას და ეს არ არის შემთხვევითი _ მათ ზუსტად იციან, ამ თანხას შემდეგ ბოლო ცენტამდე გამოსწოვენ უკრაინელებს და, სანამ არ გადაახდევინებენ, მონად ეყოლებათ. იარაღი და ნარკოტიკები ხომ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია მსოფლიოში და ომის დროს ყველაზე კარგად სწორედ ეს იყიდება. ისიც გავიხსენოთ, ცოტა ხნის წინათ მეტი სითამამისთვის ამერიკამ უკრაინას 75 მილიონი დოლარის იარაღი ააჩუქა, ახლა კი… 650 მლნ დოლარის იარაღს ვუგზავნიო, თქვა ბაიდენმა და არ უთქვამს, ვაჩუქეო. ლამის ათჯერ მეტი ამ ერთი გზავნილით ამოიღო.
ბაიდენმა ისიც თქვა, 7 ათასი ჯარისკაცი გავგზავნე და მათი დისლოკაციის ადგილი გერმანიააო. რუსეთმა უნდა იცოდეს, უკრაინის საზღვრებს თუ გამოსცდება, შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნები იწყება და პასუხს მოვთხოვთო. ჰო, ზუსტად, სიტყვასიტყვით, ასე თქვა, ეს ჯარისკაცები ბრძოლაში მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან, როცა რუსეთი უკრაინის საზღვრებს გასცდებაო. ანუ, დასავლეთმა ამ განცხადებით რუსეთს მწვანე შუქი აუნთო, _ უკრაინაში, რაც გინდათ, ის გიქნიათ, გაგიჟუჟავთ ერთმანეთი, უკრაინას არ გამოსცდეო. ბაიდენმა ზელენსკის დიდსულოვნად შესთავაზა, კიევიდან ჩემი თვითმფრინავით გაგიყვანო, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა. სხვათა შორის, იგივე შესთავაზეს 2008 წელს სააკაშვილსაც, მაგრამ ის ფიზკურად ვერ წავიდა, რადგან ზუსტად იცოდა, ჰაერში აწეულ მის თვითმფრინავს ესროდნენ და ისიც ზუსტად იცოდა, რომ გამცემები უახლოეს გარემოცვაში ჰყავდა.
დღეს ძალიან ბევრი ოპოზიციონერი გულზე მჯიღს იცემს, ეს რას შვრება ჩვენი მთავრობა, რუსეთს სანქციებს არ უწესებს, ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობსო. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, იმ ადამიანებისას მცირე სიას შემოგთავაზებთ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებში ქვეყნიდან გაიქცნენ და დღეს ამტკიცებენ: გმირი ვარ, წინა ხაზზე დგომა მინდაო. ეს ოფიციალური მონაცემებია და არ თქვან, ვიზიტებზე დავდიოდითო. როცა შენს ქვეყანაში ომია, რომელ ვიზიტებზე სიარულზეა საუბარი, თანაც მანქანებით და თანაც ეს ვიზიტი რატომღაც ან სომხეთში იყო, ან აზერბაიჯანსა და თურქეთში, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებშიც მანქანით შეიძლებოდა გადაპარვა. მაშ ასე, სამშობლო უნდა იცნობდეს თავის “გმირებს” (ნაწილს მაინც):
გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე _ საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე _ საქართველო დატოვა 7 აგვისტოს;
გივი თარგამაძე, დეპუტატი _ საქართველო დატოვა 7 აგვისტოს;
გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე _ საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი _ საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე _ საქართველო დატოვა 7 აგვისტოს;
დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი _ საქართველო დატოვა 7 აგვისტოს;
დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) _ საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) _ საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი _ საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი _ საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი _ საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი _ საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე _ საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე _ საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) _ საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;
გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე _ 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა;
მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი _ საქართველო დატოვა 12 აგვისტოს, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა;
პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი _ საქართველო დატოვა 12 აგვისტოს;
ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი _ საქართველო დატოვა 13 აგვისტოს.
შეგახსენებთ, რომ ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პირებისა, რომლებმაც იმხანად საქართველო დატოვეს. ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოდან გაქუსლეს და ოჯახებიც წაიყვანეს, დღეს ამბობენ, უნდა ვიომოთ და დადგა დრო, რუსეთს შევუტიოთო. მაგრამ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, როგორც კი ომის საფრთხეს იგრძნობენ (და არა დაინახავენ), ისევ გაიქცევიან და ისევ შორიდან დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ისინი სხვისი ხელით ნარ–ეკლის გლეჯას არიან მიჩვეულნი.
ისევ ბაიდენსა და დანარჩენ ევროპას დავუბრუნდეთ. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომი დღეს და ხვალ არ დასრულდეს. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება სამხედრო დაპირისპირება, მით მეტი იქნება მსხვერპლი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და უფრო ხმამაღლა იყვირებს დასავლეთი, რომ რუსეთი მკვლელია. არადა, სწორედ დასავლეთი აკეთებს ახლა ყველაზე დიდ ფულს ამ ომში და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც მათთვის მისწრებაა _ ფულის კეთების ახალი შესაძლებლობა. თითქოს არაფერი და, კიევშია ცნობილი მსახიობი შონ პენიც, რომელიც კამერით დადის და კადრებს იღებს. მან ისიც თქვა: “თუკი უკრაინას მარტო დავტოვებთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ამერიკულ სულს დავკარგავთ”-ო. ესეც ბიზნესია, უკრაინიდან წაღებული კადრებით პენი მილიონებს გააკეთებს, ზუსტად ისე, როგორც “აგვისტოს ხუთი დღის” გადაღებაში იშოვეს ამერიკელებმა ჩვენი მილიონები, შედეგად კი ვერაფერი ვერ მივიღეთ. ფილმში მოყოლილი ამბავი არავინ არ დაიჯერა, არც არავის არ აინტერესებდა და გულახდილად თქვით: ჩვენ რომ არ დაგვეწერა, რამდენს გახსოვდათ, ეს ფილმი რომ არსებობს? ბესტსელერობაზე გათვლილი ფილმი მდარე ნამუშევარი გამოვიდა, თუმცა საქართველოს ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დაიხარჯა… ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობებისთვის.
2008 წლის აგვისტოს მსგავსად, აქცია ამჯერადაც გაიმართა თბილისში და, როგორც იმხანად, ახლაც კონცერტით დასრულდა. ანუ, ომში მონაწილე ქვეყნის მხარდამჭერ აქციაზე ბოლოს იმღერეს, იცეკვეს, დალიეს კიდეც და მერე რა, რომ იმ მომენტში, როცა უკრაინელი და რუსი ახალგაზრდები იხოცებოდნენ, ჩვენ გვეზეიმებოდა. არ არის ეს ყველაფერი გასაკვირი, არ არის, რადგან აღნიშნული აქციაც იმ ძალამ გამართა, რომელმაც 2008 წელს იცეკვა და იმღერა, მაშინ, როცა აგვისტოს მზეზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრები იხრწნებოდა. ვისაც სჯერა, რომ ამ აქციაზე უმრავლესობა გულანთებული პატრიოტი იყო (იყვნენ ასეთებიც), შევახსენებთ, რომ გულანთებული პატრიოტები “მიშა, მიშას” და “წადი, წადის” არ გაჰყვირიან, რადგან არაფერ შუაშია არც მიშა და არც მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, მაგრამ ვერ მოზომეს, ვერ შეირგეს ხალხმრავლობა და წაცდნენ. ამის ბრალი იყო, მეორე აქციაზე ხალხი რომ შემცირდა, თუმცა ოპოზიციამ მაინც “მიშა, მიშა” იძახა.
ეს ომი დასრულდება და შემდეგ ანალიზის დრო დადგება. რამდენიც უნდა ამტკიცოს ორივე მხარემ, რომ ომში გაიმარჯვა, რეალობა სხვაგვარია _ მონაწილე მხარეები ომში არ იმარჯვებენ, ორივე მხარე მარცხდება და ეს სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის მარცხი იქნება, ხოლო გაიმარჯვებს დასავლეთი, რადგან მათ მიაღწიეს მთავარს _ ერთმანეთს წაკიდეს ევროპისა და მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები, ორი მონათესავე ერი. მათ ამ ომისგან მიღებული შემოსავლის დათვლა უკვე დაწყებული აქვთ. ეს ომი ორივე ქვეყანას რამდენიმე წლით დასწევს უკან, დაასუსტებს, აღმშენებლობისთვის განკუთვნილი ფული სხვა რამისთვის დაიხარჯება და წლების შემდეგ ყველა აღიარებს, რომ ეს ომი ყველაზე მეტად დასავლეთს აძლევდა ხელს და ამით ყველაზე მეტად დასავლეთმა იხეირა. ომში გამარჯვებული მხარე არ არსებობს, მით უმეტეს ამ ომში, რომელშიც ორივე მხარეს მართლმადიდებლები კვდებიან.
ბესო ბარბაქაძე