Home რუბრიკები საზოგადოება ღირსი მამა არსენ იყალთოელი

ღირსი მამა არსენ იყალთოელი

საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი, მწერალი, ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი

ღირსი მამა არსენ იყალთოელი საქართველოს ეკლესიის წმინდანია. მისი ხსენების დღე 19 თებერვალია.

არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების იმ რჩეულ ქართველ მოღვაწეთა წარმომადგენელია, რომელთა შემოქმედებამ ღრმა კვალი დატოვა შუა საუკუნეების ქართულ სულიერ ცხოვრებაში და მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი კულტურული ორიენტაცია. ის გახლდათ საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი, მწერალი, ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი. არსენ იყალთოელისა და ამ ეპოქის სხვა ქართველ მოაზროვნეთა შემოქმედება მკაფიოდ უჩვენებს მათი თანადროული საზოგადოების ინტელექტუალურ ინტერესებსა და დაუცხრომელ სწრაფვას, აეთვისებინათ იმდროინდელი მოწინავე ცოდნა. სამწუხაროდ, არსენ იყალთოელის ცხოვრების შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. მას კარგად იცნობდნენ XVII-XVIII საუკუნეების ქართველი მწერლები: არჩილი, სულხანსაბა, ვახუშტი ბაგრატიონი, ტიმოთე გაბაშვილი, ვახტანგ VI, დავით რექტორი, ანტონ კათალიკოსი და სხვ. მათ შემოინახეს არსენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თუმცა ფრაგმენტული, მაგრამ საიმედო ცნობები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი ხდება მისი ცხოვრების ძირითადი მომენტების აღდგენა.

ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა სოფელ იყალთოში დაახლოებით XI საუკუნის შუა წლებში. მამამისი, კახეთის თავადი იბად ვაჩნაძე, იმ დროისათვის ცნობილი კაცი იყო. მან შვილს სამეცნიერო და საღვთისმეტყველო განათლება მიაღებინა.

სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნე, “ბრძენი და მეცნიერი” არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის, ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და “მოძღვარი სამეცნიერო”.

წმიდა არსენმა დააარსა ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში.

სრული ბიოგრაფიული ცნობები წმიდა მამის შესახებ არ შემონახულა. ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება _ გიორგი ჰამრტოლის “ხრონოგრაფი”; აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში “დოგმატიკონი” ეწოდება. იგი შემდგომ თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით.

სწავლის დამთავრების შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

1114 წელს წმიდა არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას თარგმნა მანდიდი სჯულის კანონი”.

გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში ვკითხულობთ: “ქრისტიანეთა წინამძღვარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოხსენებულისა და ჩუენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავმსდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი”. შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია.

წმიდა არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა “არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა”.

“ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი” წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის _ წმიდა ზენონის გვერდით.

მომზადდა წიგნიდანქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”,

თბილისი, 2004 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here