ყველას, ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ წინა ხელისუფლებამ ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი. ამ ორ ადამიანს საჯაროდ სცემეს, თორემ გლდანის ციხეში პატიმრებს ყოველდღიურად არანაკლებ უსწორდებოდნენ. მერე გაირკვა, რომ გელაშვილის დასჯა სურდათ, ანუ ისე უნდა ეცემათ, არ მომკვდარიყო და შეგვიძლია წინა ხელისუფლებას ამის გამო ტაშიც დავუკრათ _ ადამიანი სიკვდილის პირას მიიყვანეს და არ შემოაკვდათ. განსხვავებული ვითარება იყო კობა დავითაშვილის შემთხვევაში _ ის მკვდარი ეგონათ, მაგრამ გადარჩა. შემდეგ კი, როცა უკვე ოჯახმა და ახლობლებმა ცოცხალს მიაგნეს, მკვლელობა აღარ გამოდიოდა. ბატონ კობას ის ცემა მაინც სიცოცხლის ფასად დაუჯდა _ უკურნებელი სენი შეეყარა და 2020 წლის მიწურულს გარდაიცვალა . ჰო, “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთ წევრს, მათ შორის არც მათ, ვინც თავის დროზე დავითაშვილის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა, ბოდიში არ მოუხდიათ იმის გამო, რომ ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
გასულ კვირას კიევში უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველს სცემეს. თუმცა, ცემა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გააპანღურეს. ამის მიუხედავად, უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი საავადმყოფოში წავიდა, ცნობა აიღო, რომ დაზარალდა და უკრაინის პროკურატურამაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოთხ ქართველზე. ეს ყველაფერი ჩვენთვის საინტერესო არ იქნებოდა, რომ არა უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის სახელი და გვარი _ ზურაბ ადეიშვილი. უფრო კონკრეტულად კი, ქართული კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული, დაუსწრებლად გასამართლებული და საქართველოსთვის პატიმარი ზურაბ ადეიშვილი. ის ჩვენს ქვეყანაში რომ დაბრუნდეს, უმძიმესი დანაშაულების გამო, ზუსტად ისევე გაუშვებენ გისოსებს მიღმა, როგორც ეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქმედი მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის, შემთხვევაში მოხდა.
აღარც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ _ იქიდან, რომ მეგობარი უკრაინა პატივს არ გვცემს და, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ქართული სასამართლო ცალ ფეხზე ჰკიდია, თუ იქიდან, რომ ადეიშვილს ოპოზიციაში იმაზე მეტი მხარდამჭერი და დამცველი გამოუჩნდა, ვიდრე წვრილ–წვრილი პარტიები ხმებს იღებენ არჩევნებზე. ოპოზიციურმა არხებმა ხმაური ატეხეს: არიქა, ადეიშვილს თავს კრიმინალები დაესხნენო. თუ ასეა, მაშინ, საერთოდ, მარტივად ყოფილა საქმე _ ბატონი ადეიშვილი ქართული სასამართლოს მიერ კრიმინალად არის აღიარებული და, უკრაინაში თუ კრიმინალებმა გააპანღურეს, ე.ი., ბანალური კრიმინალური გარჩევა ყოფილა და მეტი არაფერი. ასეთი კრიმინალური გარჩევები ასობით და ათასობით ხდება ყოველდღიურად, მაგრამ ამხელა ყურადღებას არ უთმობენ. კიდევ ის არის საინტერესო, რატომ უკვირს ოპოზიციას ან ოპოზიციურ ჟურნალისტებს ის, რომ ვიღაცამ ადეიშვილი გააპანღურა (დაგვეთანხმეთ, რომ ეს ცემა არ იყო)? საკვირველი უფრო ის არის, აქამდე რომ არ გააპანღურეს, თანაც არაერთხელ და არამხოლოდ ადეიშვილი, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” ბევრი ლიდერი. თუ მათ დაავიწყდათ, რას სჩადიოდნენ 9 წლის განმავლობაში, მოსახლეობას ახსოვს და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გადაეყარონ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრება წაართვეს. როგორ გგონიათ, იგივე ვალერი გელაშვილი ქუჩაში რომ შეხვდეს ადამიანს და მასში ის პირი ამოიცნოს, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა, თავს შეიკავებს თუ მუშტი-კრივს გაუმართავს? თანაც, ბევრისთვის გაპანღურება უცხო არ უნდა იყოს _ არაერთხელ უთქვამთ კულუარულად, რომ მიშა მინისტრებს პანღურს ხშირად სთავაზობდა, მათ შორის ადეიშვილსაც.
რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების ქმედებას, ჩვენი არ იყოს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მათაც აღძრული აქვთ და პეტრე პოროშენკო საქართველოში რომ მოვიწვიოთ და მთავრობაში მაღალი თანამდებობა მივცეთ, როგორ გგონიათ, რა მოხდება? რა და, უკრაინა მაშინვე საერთაშორისო პარტნიორებს ჩარევს და კატეგორიულად მოითხოვს, სისხლისსამართლებრივად დევნილი პირი საქართველომ არ დაასაქმოს. აი, სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძისა თუ საყვარელიძის შემთხვევაში კი ეს წესი არ მოქმედებს, იმიტომ, რომ საქართველოს დაჩაგვრა ადვილია, საქართველოს გაუთვალისწინებლობა მარტივია. ამისთვის არც პასუხს არავინ არავის სთხოვს და, რაც მთავარია, მაინც მეგობრებად რჩებიან. დაახლოებით ისეა, ცოლ-ქმარი გაყრის შემდეგ რომ თანხმდება, მეგობრებად დავრჩეთო და სინამდვილეში ერთმანეთთან შვილიც კი არ აკავშირებთ. აი, ამ შემთხვევაში რამდენიმე უძღები შვილია და მათ შორის ერთ-ერთია ადეიშვილი. სააკაშვილის ხელისუფლების გებელსი ადეიშვილი იყო, მაგრამ იმდენი კაცობა არ აღმოაჩნდა, რამდენიც ნაცისტების ერთ-ერთ ლიდერს. პრინციპში, ადეიშვილიც ისე მოიქცა, როგორც თავისი ლიდერი _ უკრაინას შეაფარა თავი, ხოლო გებელსმა სიცოცხლე თავისი ლიდერივით დაარულა და ამიტომ ნუ დავძრახავთ ზურაბს _ ის ლიდერს მიჰყვება ფეხდაფეხ.
ისიც გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინათ გიგი უგულავას რომ წამოარტყეს აეროპორტში და გაოცდა: რას მერჩოდნენ, სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებიაო. მართალია ბატონი გიგი, 114 ათასი დაგვიჯდა მისი ცელულიტები და სიკეთეა, აბა, რა არის, დედაქალაქის მერის ჯანმრთელობაზე ასე რომ ვზრუნავდით. აგერ, კახა კალაძეს ედავებიან, ფული საიდან იშოვეო და ხმას არ იღებენ ოპოზიციური არხები, საიდან გახდა “კმარაში” ცალ–ცალი კალოშით და ბევრი ცოლით მისული უგულავა მილიონერი. “ნაციონალურ მოძრაობაში” გასაპანღურებელი ბევრი რომ არის, თავადაც კარგად იციან და იცით, თავის დროზე ხალხის რისხვას რატომ გადაურჩნენ? იმიტომ, რომ მოსახლეობას იმედი ჰქონდა, მათ ახალი ხელისუფლება დასჯიდა, მაგრამ “ოცნებამ” კოაბიტაციაო და დასასჯელი ხალხის ნაწილი პარლამენტში შეიყვანა, ნაწილი დაბანა, დავარცხნა და გვერდით დაიყენა, დასჯით კი… არის ვინმე კმაყოფილი, ერთი ხელის თითებზე დასათვლელმა ადამიანებმა რომ აგეს პასუხი და დანარჩენები დაუსჯელი დადიან, დიდ ჰონორზე არიან და ისე იქცევიან, თითქოს ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანებს სულში არ აფურთხებდნენ, ქუჩაში არ ხვრეტდნენ, არ ცემდნენ, არ აწამებდნენ… ახლა რომ გაჰკივიან, სააკაშვილი წამების მსხვერპლიაო, იმის მეათასედიც კი არ განუცდია სააკაშვილს, რასაც მისი პრეზიდენტობისას პატიმრები განიცდიდნენ და მიშამ ეს იცოდა, ადეიშვილმაც იცოდა, უგულავამაც იცოდა და, საზოგადად, იცოდა ყველამ, ვინც იმხანად ხელისუფლებაში იყო, მაგრამ არავინ აპროტესტებდა. პირიქით, საკუთარი ინტერესების გამო ხალხს აჭერინებდნენ, არასწორი პარკირების გამო ადამიანებს წამალს უდებდნენ და ციხეში უშვებდნენ, შემდეგ კი მათ სანახავად მისულ ოჯახის წევრებს კამერების წინ გაჩხრეკის მოტივით აშიშვლებდნენ და კამერაში უყურებდნენ, ტელეფონებში ჰქონდათ ამის ამსახველი ვიდეოები და ერთობოდნენ. ვიღაცამ გიული ალასანიას რომ უთხრას, სანამ მიშასთან შეხვალ, უნდა გაგჩხრიკოთ და გაიხადე, ჩაიხადეო, ხვდებით, რა მოხდება? არადა, სხვების დედებს, ცოლებს, დებს, შვილებს სწორედ რომ ხდიდნენ და ხდიდნენ კამერების წინ. თუ მიშას დედა დედაა და სხვების არა?
ვერ გეტყვით, როგორ გაგრძელდება ადეიშვილის გაპანღურების საქმე უკრაინაში. ეჭვი გვაქვს, გენერალური პროკურორის მრჩეველი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავდამსხმელები დააკავონ და შემდეგ ციხეში ისე მოექცეს, როგორც ქართულ ციხეში ექცეოდნენ პატიმრებს. საამისო ძალაუფლება ადეიშვილს ნამდვილად ექნება, სხვაგვარად რიგითი მრჩევლის დონეზე არ იმუშავებდა, გებელსივით ამბიციურია ეგეც.
რაც გასულ კვვირას მოხდა, შესაძლოა, ვინმეს დაგვიანებულ შურისძიებად მოეჩვენოს, მაგრამ შურისძიების წყურვილს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ადამიანები წლიდან წლამდე ცხოვრობენ შურისძიების იმედით და შესაძლოა, კიდევ ათი წელი გავიდეს და ნაციონალების ლიდერებს კვლავ მოხვდეთ ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანებისგან, მათგან, ვისაც არასდროს დაავიწყდებათ წამება, ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა. როგორ გინდა დაავიწყო პატიმარს ის, რომ ზემდეგები გონებადაკარგულს თავზე აშარდავდნენ? როგორ უნდა დაავიწყო ის, რომ პაემანზე მისულ ცოლ–შვილს დაჯავშნილი მინის მიღმა უგინებდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ? და ეს ადამიანები ჰყავს დღეს უკრაინას დასაქმებული და მაინც ჩვენი მეგობარი ჰქვია. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ იყო, “ნაციონალური მოძრაობა” თავს რომ იგიჟებდა, უკრაინისთვის ისეთი რეზოლუცია დაგვეწერა, თვითონ უკრაინელებსაც რომ შეშურდებოდათ. არა, ნაცების სურვილის მიზეზი რუსეთის გაღიზიანებაც იყო, ეგებ ჩრდილოელმა მეზობელმა რისხვა ჩვენზე გადმოიტანოს და ტანკები ჩვენს საზღვართანაც მოაყენოსო, მაგრამ არ გამოვიდა.
ჰოდა, ხელისუფლებას ვეკითხებით: შვილო ზურაბ, სადამდის?!
ბესო ბარბაქაძე