რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად შეაფასა წინადადებები, რომლებიც მოსკოვს ვაშინგტონმა გაუგზავნა, მოთხოვნაზე უარი ეთქვა _ უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებასა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, აშშ–ის პასუხი მოსკოვმა არ მიიღო, ფსონი კი გაიზარდა. ახლა მოსკოვი პირდაპირ მოითხოვს ნატოსგან, შეურიგდეს იმ მოცემულობას, რომ ყირიმი რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე უფრო ცუდად იქნება.
იმ მიზეზებს შორის, რომელთა გამოც ვაშინგტონმა მოსკოვს განსაკუთრებულად სთხოვა, არ გამოექვეყნებინა თავისი პასუხი სტრატეგიული უსაფრთხოების წინადადებებზე, “მოლაპარაკე თავები” და “პოლიტიკის განმმარტებლები” ამერიკაში ზოგჯერ პარადოქსულს ასახელებენ. თითქოს, ამით ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს “უკანდახევისა და სახის შენარჩუნების შანსი მისცა”: ყველა ძირითადი მოთხოვნა ამერიკელებმა უარყვეს, მაგრამ დახურულ მიმოწერაში მოსკოვს რჩება შესაძლებლობა, თქვას დაახლოებით ასეთი რამ: “ჩვენი შეშფოთება რამდენიმე პუნქტში გაითვალისწინეს”, შემდეგ კი განაგრძოს მოლაპარაკებები მეორეხარისხოვან საკითხებზე, თითქოს მათზე სამსჯელოდ ვაშინგტონი მზად არის, რასაც მოწმობს სავარაუდო პასუხის ტექსტი, რომელმაც “გაჟონა” ესპანურ პოპულარულ გამოცემა El Pais-ში.
რეალურად ასეთი მიმოწერის დახურული სისტემა ამერიკელებისთვის ნორმაა, ხოლო მოთხოვნების საჯაროდ გამოქვეყნება რუსეთისთვის _ გამონაკლისი. აქ მთავარია ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშკარად არ არის ის ადამიანი, რომელიც დაკმაყოფილდება, როგორც კრემლში აღნიშნავდნენ, “სიკვდილ–სიცოცხლის” საკითხზე უარით.
“რუსეთის პრინციპული შეშფოთება იგნორირებულია, _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა რამდენიმე დღის წინათ. _ ჩვენ ვერ დავინახეთ მთავარი _ სამი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება, რომლებიც ეხება აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების დაუშვებლობას, რუსეთის საზღვრებთან ახლოს შეიარაღების შემტევი სისტემების განლაგებაზე უარის თქმას, აგრეთვე, ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ინფრასტრუქტურების დაბრუნებას 1997 წლის მდგომარეობის მიხედვით”.
სხვა სიტყვებით: უარი არ მიიღება. კვალავ იფიქრეთ.
კონტექსტი, რომელშიც ეს ყველაფერი გაისმა, წარმატებულია. პუტინი მიმართავდა არა სივრცეს, არამედ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც უზარმაზარი მაგიდის ბოლოში იჯდა (პანდემიით გამოწვეული სიფრთხილე, თუმცა ნიღბებით საუბრის ალტერნატივა იყო), ანუ ლიდერს ნატოს სრულუფლებიანი წევრისა, რომელიც მოსკოვში ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხებზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა.
უნგრეთი ნატოში _ ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ისტორიაა. უნგრეთს შეიძლება ვუწოდოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე ანტიდასავლური და პრორუსული (ამაზე ორბანს აქვს თავისი მიზეზები) ქვეყანა.
საერთოდ, ყველაზე ანტიდასავლურ ქვეყნად, რომელმაც ნატოში განხეთქილება შეიტანა, თურქეთს მიიჩნევენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ უკრაინის საკითხში ანკარას სწორედ ანტირუსული პოზიცია უკავია, ბუდაპეშტი კი უკრაინა-ნატოს საბჭოს ყველა სხდომას ბლოკავს უკრაინის ტერიტორიაზე, ამიერკარპატებში მცხოვრები ეთნიკური უნგრელებისთვის ენობრივი უფლებების შეზღუდვის გამო. აი, ახლაც ორბანს არ სჯერა “უკრაინაზე რუსეთის სასწრაფო თავდასხმის” _ ამერიკელების მიერ საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის შეთხზული პროპაგანდისტული ლეგენდის.
მიუხედავად ყველაფრისა, უნგრეთი რჩება ნატოში, უფრო მეტიც, 20-ზე მეტი წლის წინათ, სახელდობრ, ორბანმა შეიყვანა ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ასე რომ, პუტინის კომენტარები ზუსტი მისამართით იყო ნათქვამი, თუმცა, ძირითადად, ეხებოდა ამერიკას, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წამყვან ძალას. ამ კომენტარებიდან გამოსარჩევია ერთი _ როგორც დამადასტურებელი იმისა, რომ რუსეთის მოთხოვნები ალიანსისადმი პრინციპულია, განუყოფელი და ამომწურავი საფუძველი აქვს.
ისტორიაში პირველად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღწერა ყველაზე საშინელის სცენარი _ ომის რუსეთსა და ნატოს შორის, რომელშიც სამი ბირთვული სახელმწიფო შედის.
“წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატოს წევრია, გაძეძგილია იარაღით, იქ განლაგებულია თანამედროვე დამრტყმელი სისტემები, ისევე, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში… და იწყებს ოპერაციას ყირიმში, ახლა არ ვლაპარაკობ დონბასზე… წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატოს ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციას. ჩვენ რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ? ვინმემ ამის შესახებ ცოტა მაინც იფიქრა? ჩანს, არა”.
“მოლაპარაკე თავებმა” და “პოლიტიკის განმმარტებლებმა” აშშ-ში უკვე შეიტანეს ეჭვი პუტინის ნათქვამში და მას “არარეალური” და “ნაწვალები სცენარი” უწოდეს, რადგან, მათი აზრით, სახელდობრ, რუსეთი ემუქრება უკრაინას და არა პირიქით, მაგრამ ისინი სასურველს სინამდვილედ ასაღებენ. ასეთი სცენარის რეალურობაში ეჭვის შეტანა მართლაც შეუძლებელია.
2013 წელს პროგნოზი, რომ უკრაინის ავიაცია ლუგანსკს დაბომბავდა, არარეალური ჩანდა, მაგრამ 2014-ში ეს ტრაგიკულ რეალობად იქცა. და უკრაინაში დღემდე ისეთი უამრავი ფაქტორია, რომლებიც სამხედრო სცენარის განხორციელებას უწყობს ხელს. ეს არის რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტების არსებობა, ეს არის უამრავი ისეთი ადამიანის არსებობა, რომლებიც ფულისთვის ყველაფერს იკადრებენ, ეს არის წლების განმავლობაში დამკვიდრება მოსაზრებისა, რომ “რუსეთი ოდესმე დასუსტდება და უკრაინა ყირიმს დააბრუნებს”.
თუ ლაპარაკია ნატოს წევრ უკრაინაზე, მაშინ ეს ნაზავი ძალიან სახიფათო ხდება, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსების ქცევის მანერა ყველას მოტყუების მცდელობაა და მერე თუნდაც ქვა ქვაზე აღარ დარჩენილა.
კიევის გაწევრება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შორეული და ბუნდოვანი პერსპექტივაა. ამერიკელებიც კი ხშირად აღნიშნავენ, რომ უკრაინა ნატოში ინტეგრაციისთვის მზად არ არის და ჯერ რაღაც უნდა მოუხერხონ ადგილობრივ კორუფციას (რომელსაც ისე აქვს ფესვები გადგმული სახელმწიფო სისტემაში, რომ მის ამოსაძირკვად მთელი სისტემის შეცვლაა საჭირო). რა მოხდება 5, 10, 15 წლის შემდეგ _ უკვე სხვა თაობის პოლიტიკოსების მმართველობის პერიოდში? ვითარება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საკითხი კი კონსტანტაა _ არ იცვლება.
უკრაინის გამო ნატოსთან ომის ჰიპოთეზური რისკი ახლავეა გასათვალისწინებელი, მით უმეტეს, რომ პუტინის მოთხოვნები, ძირითადად, სამომავლოა და ამჟამად მან საკითხი ისე დააყენა, რომ რუსეთის დასაბუთებული შეშფოთების აღიარება ყირიმის გამო ნატოსთან ომის შესახებ დასავლეთისთვის ყირიმზე რუსეთის პრეტენზიის აღიარებაც იქნება. უსაფრთხოების როგორ არქიტექტურაზეც უნდა მოილაპარაკონ, ის გულისხმობს ყირიმის ყოფნას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ნახევარკუნძული მოსკოვის სახელმწიფო კუთვნილებაა და ეს საკითხი არ განიხილება: ყირიმი რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის კონტრწინადადებები _ “რუსეთმა დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას და მის გამო ომი ზუსტად არ იქნება” _ საფუძველშივე უარყოფილია. რუსეთი ან მოილაპარაკებს იმაზე, რომ ყირიმი მისია, ან საერთოდ არაფერზე არ მოილაპარაკებს, მაგრამ ამისგან ყველას საქმე უფრო ცუდად იქნება.
თუ მოსკოვთან დიალოგი ამერიკელებისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაა, რუსეთისთვის, პუტინისთვის ეს ისტორიული მნიშვნელობის პროცესია, რომლის მიმართ კომპრომისები გათვალისწინებული არ არის. რუსეთი ან მოილაპარაკებს მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებზე სამხედრო ქვედანაყოფების დაშორიშორებით, ან იმ შეშფოთების განეიტრალებას მოსკოვი სხვა მეთოდით შეეცდება, როგორც ჩანს, ე.წ. შეიარაღებისკენ რბოლით, მილიტარიზაციითა და გამყოფ ხაზზე ალტერნატიული სამხედრო კავშირების განლაგებით, უწინარესად, ჩინეთთან.
ეს გზა, რა თქმა უნდა, იდეალურისგან შორს არის და თავისი რისკები აქვს (დიახ, ანგლოსაქსებს ეშინიათ რუსეთის კავშირის ჩინეთთან, მაგრამ ასეთი კავშირი გულისხმობს იმასაც, რომ რუსეთი უფრო დამოკიდებული იქნება ჩინეთზე. მათი პარტნიორობა ორივესთვის ხელსაყრელია, მაგრამ სპეციფიკური). მაგრამ სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არ არის: რუსეთსა და დასავლეთს შორის ნდობა თვალსაწიერ პერსპექტივაში ვერ აღდგება უსაფრთხოების იმ ამომწურავი იურიდიული გარანტიების გარეშე, რომლებსაც მოსკოვი ითხოვს.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ