Home რუბრიკები საზოგადოება მირქმა

მირქმა

მიგებება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

მირქმას გილოცავთ, ამ დღის მადლი გფარავდეთ ყველას!

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმა _ ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთერთი უდიდესია.

პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღმრთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი. ამით თავის სახელგანთქმულ წიგნსაცავსაც გაამდიდრებდა და ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებდა _ იმხანად ეგვიპტეში გადახვეწილ ებრაელებს თითქმის დავიწყებოდათ მშობლიური ენა.

პტოლემეოსმა იერუსალიმში ელჩობა წარგზავნა და მღვდელმთავარ ელეაზართან დიდი ძღვენი და წერილი გაატანა. სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის საღმრთო წიგნები და სჯულის მეცნიერნი, რომლებიც მათ ბერძნულ ენაზე თარგმნას შეძლებდნენ.

ელეაზარმა ისრაელის 12 ტომიდან ამოირჩია ექვს-ექვსი მოხუცებული, რომელთაც ზედმიწევნით იცოდნენ ბერძნული ენა, ჩააბარა მათ წმიდა წიგნები და პტოლემეოსთან გაგზავნა.

ეგვიპტის მმართველმა დიდი პატივით მიიღო ისინი, დაასაჩუქრა და ფაროსის კუნძულზე დაასახლა.

სამოცდათორმეტმა ღირსმა მამამ 72 დღეში გადათარგმნა წმინდა წერილი.

ღირს მამათა შორის იყო მღვდელი უფალი საბაოთისა, წმიდა სვიმეონი (მღვდლის ეფოსწამოსხმული, ოქროს კვერთხით ხელში გამოეცხადა იგი პეტრე ათონელს). წმიდა სვიმეონს ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო. ღირსი მამა დიდი მოკრძალებითა და ღვთისმოშიშებით შეუდგა საქმეს. როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ესაია მაცხოვრის შობას წინასწარმეტყველებს: “აჰა ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ”, _ სვიმეონი შეცბა და ისე განკვირდა, თითქოს პირველად წაიკითხაო ეს სიტყვები. “როგორ შეიძლება, ქალწულმა მამა კაცის გარეშე შობოს ყრმაო”, _ გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვაქალწულიამოეფხიკა და მის ნაცვლადდედაკაციჩაეწერა. ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა: “სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს”.

განეშორა უფლის ანგელოზი და წმიდა სვიმეონისთვის დრო თითქოს გაჩერდა. სული მისი გადასახლდა ღვთის სამყაროში, დროისა და სივრცის მიღმა.

გადიოდა წლები, ათწლეულები, ასწლეულები; სვიმეონის თვალწინ იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და იხოცებოდნენ თაობები, მღვდელმთავარნი და ერისმთავარნი ისრაელისა.

და აი ერთ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა.

იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმიდა სვიმეონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი”. სვიმეონმა იხილა ქრისტე და ჩაიკრა გულში. ამ ფაქტის შემდეგ კი მალე აღესრულა.

მირქმა _ უფლისადმი მიგებების დღესასწაული VI საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა.

ბათუმი. მირქმის ეკლესია

ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი საზეიმოდ აღენიშნათ.

* * *

საქართველოში “მირქმას” “ლამპრობაც” ეწოდება, რასაც “უძველესი იადგარი” და “პარხლის მრავალთავი” მოწმობს, ხოლო სვანეთში დღემდე მას “სვიმნიშ-ლამპრობას” უწოდებენ სხვადასხვა ვარიაციებით, ხოლო საქართველოს სხვა კუთხეებსა და მთაში _ “ლამპრობას”, ასევე სხვადასხვა ვარიაციით.

როგორც ბატონი კორნელი კეკელიძე წერს, “მიგებების” დღესასწაული საქართველოში იერუსალიმური ლიტურგიული პრაქტიკიდან ძველთაგან შემოვიდა და “ლამპრობის” სახელით ქართულ “კურთხევნებში” და ტრადიციაში XVIII საუკუნემდე იყო.

მირქმას ეკლესია აღნიშნავს უფლის ტაძრად მისვლის დღეს, როდესაც კაცთაგან აშენებულ ტაძარში თავად ყოვლის შემოქმედი მივიდა. ამ დღეს იგი მთელ კაცობიობას ეწვია ტაძარში, ეწვია ისრაელისა და წარმართებისათვისაღმობრწყინვებული ნათელი მიუაჩრდილებელი”, რათა საღვთო სიწმინდე და სინათლე მიენიჭებინა ყველასთვის.

ამიტომაც მას ქრისტიანები ანთებული კელაპტრებით ვხვდებით, რითაც გამოვხატავთ ჩვენს მზაობასა და სურვილს ზეციური მადლის მისაღებად.

საეკლესიო საგალობლები არაორაზროვნად გადმოსცემენ ღვთიური ნათლის ხილული ნათლით განდიდებას.

ტროპარი: გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი; იხარებდ შენცა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩუენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here