Home რუბრიკები საზოგადოება თებერვლის ბოლოდან გაძვირდება პროდუქტი, გაძვირდება საწვავი, ხელფასი და პენსია კი იგივე დარჩება

თებერვლის ბოლოდან გაძვირდება პროდუქტი, გაძვირდება საწვავი, ხელფასი და პენსია კი იგივე დარჩება

მოსახლეობის უმრავლესობამ გასულ კვირას განგაშის ზარს შემოჰკრა,_ კომუნალური გადასახადები გაგვიძვირდაო. ცალკე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცალკე მარეგულირებელმა კომისიამ და ცალკე კომუნალურების მომწოდებლებმა შეიცხადეს: როგორ გეკადრებათ, არაფერი გაძვირებულა, ტარიფი დაიანგარიშეს ახლებურად, ამ თვეში წინა თვისაც მიბმულიაო, მაგრამ ის კი არავის აუხსნია, წინა თვ რა ნაწილი და რატომ მიება. ამ აურზაურის ფონზე საქსტატმა მორიგი სია გამოაქვეყნა იმ პროდუქტებისა, რომლებიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა და, ჰოი, საოცრებავ, ათეულში ყველა კომუნალური გადასახადია შესული, ნაგვის გატანის ჩათვლით.

საქსტატის მიხედვით, იანვარში ყველაზე მეტად შემდეგი პროდუქტები გაძვირდა: კომბოსტო _ 213,8%-ით, ბუნებრივი აირი _ 78,3%-ით, ელექტროენერგია _ 73,8%-ით, ნაგვის გატანა _ 58,1%-ით, წყალი _ 57,7%-ით, ქლიავი _ 55,8%-ით, ლურსმანი _ 53,3%-ით, თერმომეტრი _ 43,1%-ით, თხევადი ბუნებრივი აირი _ 39%-ით, ბენზინი _ 37,1%-ით. ამ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ყველა მხარემ აღიარა, რომ კომუნალურები გაძვირდა, ოღონდ მხოლოდ ბიზნესისთვის, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოსო. არადა, არც ერთი საკვები პროდუქტი არ მზადდება, ბუნებრივი აირი, დენი და წყალი რომ არ სჭირდებოდეს და, როგორ გგონიათ, ვიღაც თვეში 1000 ლარს რომ იხდიდა ბუნებრივ აირში და ახლა 1783 ლარს გადაიხდის, იმ 783-ლარიან ნამატს საკუთარი ჯიბიდან დადებს თუ მოსახლეობას გაუძვირებს პროდუქტს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში თებერვლის ბოლოდან პროდუქტი, სულ ცოტა, 50%-ით გაძვირდება? რა თქმა უნდა, ნიშნავს.

ყველაფერში ცუდს ნუ დაინახავთ. აგერ, ოფიციალურად დაგვიანონსეს, რომ უახლოეს ათ დღეში ბენზინის ფასი 15-20 თეთრით მოიმატებს. რა არის აქ პოზიტიური? მანამდე არ გვაფრთხილებდნენ და ისე უმატებდნენ, ახლა კიდევ გაგვაფრთხილეს. ანუ, მოულოდნელი აღარ იქნება და შევეგუებით. თანაც, ეროვნული ვალუტა გამყარდა და ეს გამყარება როგორმე სათავისოდ ხომ უნდა შეატრიალოს ცალკე ბიზნესმა და ცალკე მთავრობამ?! ათეულში არ მოხვედრილა, მაგრამ საგრძნობლად და უკვე მერამდენედ გაძვირდა მზესუმზირის ზეთი. ხელისუფლებამ ისევ თავი იმართლა: მზესუმზირის ზეთის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოგვაქვს და, ალტერნატიულ ბაზარს როცა ვიპოვით, შემდეგ გაიაფდებაო. ეს არის ტყუილი, რადგან იმავე საქსტატის ინფორმაციით,ყველაზე იაფად ზეთი სწორედ რუსეთიდან შემოგვაქვს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, იმ ხუთი ქვეყნის ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, საიდანაც ზეთის დიდი ნაწილი შემოდის საქართველოში და დასკვნა თვითონ გააკეთათ:

რუსეთი _ 28 350 ტონა, 41,640 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ 1 469 დოლარი)

აზერბაიჯანი _ 2 398 ტონა, 3,785 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ 1 578 დოლარი)

უკრაინა _ 1 532 ტონა, 2,437 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ 1 590 დოლარი)

თურქეთი _221 ტონა, 391,7 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ 1 772 დოლარი)

იტალია _39,5 ტონა, 77,2 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ 1 955 დოლარი)

რა გამოდის? _ ალტერნატიული გზები კი არ უნდა ვეძებოთ, უფრო მეტად უნდამივაწვეთრუსულ ზეთს და ეგებ ამან იმოქმედოს ფასის შემცირებაზე.

ზეთის, ხორბლის, ენერგომატარებლების მაგალითზეც ჩანს, რომ რეალურად ყველაზე იაფად პროდუქტები რუსეთიდან შემოგვაქვს და ყველაზე ძვირად ქართულ პროდუქციას სწორედ რუსეთში ვყიდით. რაც მთავარია, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ იმდენი პროდუქცია (ნებისმიერი მიმართულებით) მოგვეწიოს, რუსეთის ბაზარს ვერ აეთვისებინოს. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ციფრები სხვა რამეს გვეუბნებიან და არ ტყუიან, ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს, ალტერნატიულ ბაზარს ვეძებთო. რისთვის? ვისთვის? ხომ ცხადია, რომ ესალტერნატიული ბაზარიგაცილებით ძვირია, რაც მთავარია, იქ იმის მესამედსაც ვერ გავიტანთ, რაც რუსეთში გაგვაქვს. თანაც, როცა ჭარბი პროდუქცია გვაქვს, მაშველ რგოლად ყოველთვის რუსული ბაზარი გვევლინება.

აგერ, უკრაინისა და რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა არცთუ ორაზროვნად განაცხადეს, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან რუსული ბაზრის დაკარგვამ, შესაძლოა, რუსეთზე მეტად სწორედ ეს ქვეყნები აზარალოს. სახელმწიფოები, რომელთა ბიუჯეტიც საქართველოს ბიუჯეტზე ასჯერ მეტია, ფიქრობენ, რომ რუსული ბაზრიდან არ უნდა გავიდნენ ომის შემთხვევაშიც კი, მაგრამ ჩვენ მაინცალტერნატიულ გზებსვეძებთ. ადვილი მისახვედრია, რომ ეს დასავლეთის გეგმაა, საქართველო მთლიანად რომ მიიბას, მაგრამ არ გამოსდის, რადგან პოლიტიკურ ლიდერთა ინტერესებს წინ ბიზნესინტერესები ეღობება, დასავლელ ბიზნესმენებს კი საქართველოს გამო ერთი თეთრის დაკარგვაც არ სურთ და ქართული პროდუქცია ევროპულ თუ ამერიკულ დახლებზე არაფერში სჭირდებათ. მით უმეტეს, ყველაფრის გაძვირების ფონზე, ალტერნატიული ბაზარი პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირებას ნიშნავს და მერე მოსახლეობას ვერ ავუხსნით, რატომ არის შედარებით ნაკლები ხარისხის პროდუქცია უფრო ძვირი. ამაზე ხელისუფლება, სამწუხაროდ, აღარ ფიქრობს, რადგან მიეჩვია, რომ მოსახლეობა ნებისმიერ გაძვირებას მარტივად ეგუება. პროტესტი მხოლოდ სოციალური ქსელებით შემოიფარგლება, არავინ გადის აქციაზე, არავინ ყვირის “გადადექისა” და “წადის” და სოციალურ ქსელში დაწერილს კი არ წაიკითხავენ და ნერვებსაც არ აიშლიან. ახალი არავისთვის არის, რომ მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასების არნახული მატებაა. ყველა ქვეყანა ცდილობს ან თვითონ გაზარდოს წარმოება, ან ისეთი ბაზარი იპოვოს, რომლიდანაც იაფად შემოიტანს. ჩვენ კი ორივე შემთხვევაში მოვიკოჭლებთ _ არსებულ ბაზარს არ ვუფრთხილდებით და, რაც მთავარია, მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ მისი უფრო გამყარებისა და დარეგულირების მიმართულებით, ადგილობრივ წარმოებას კი ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ. დიდი ქვეყნები ცდილობენ, ისე იმოქმედონ, რაც შეიძლება ნაკლები პროდუქტის შემოტანა დასჭირდეთ, ჩვენ კი მაქსიმალურად გადავედით შემოტანილ პროდუქციაზე და, თუ დღესვე, ამ გაზაფხულსვე არ დავიწყებთ ვითარების გამოსწორებას, უახლოეს მომავალში ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებთ.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს იმის აღიარება, რომ გაზაფხულზე პროდუქტი არნახულად გაძვირდება _ ასეთ დროს ახალი მოსავალი ჯერ არ არის, ძველი ილევა და ფასები ყველგან და ყველაფერზე მოიმატებს. ჩვენ კი არ გვაქვს არანაირი მარაგი, მის იმედად რომ ვიყოთ, ამიტომ მოსახლეობას იმაზე მეტად მოუწევს შიმშილი, ვიდრე ახლა. ხელისუფლებას, შესაძლოა, არ ახსოვს და ჩვენ შევახსენებთ _ 2012 წელს ერთერთი მთავარი დაპირება კომუნალური გადასახადების გაიაფება იყო. მას შემდეგ კი მოსახლეობისთვის კომუნალურები ეტაპობრივად ოთხჯერ გაძვირდა, ბიზნესისთვის კი ეს მეექვსე გაძვირებაა და იმას არ ამბობენ, რომ ბიზნესისთვის გაძვირება პირდაპირ ადამიანების ჯიბეს ურტყამს. სამწუხარო პრაქტიკაა ისიც, რომ გაძვირებულ პროდუქტებს შემდეგ ჩვენთან არავინ აიაფებს და ფასები ნარჩუნდება. მავანი იტყვის, გაძვირების პარალელურად ხელფასებმა და პენსიებმაც მოიმატაო, მაგრამ ინფლაციის ფონზე ეს მატება ჯიბეზე არ აისახება, მსყიდველუნარიანობა უარესდება და, რაც მთავარია _ სად არის სამსახური, მომატებული ხელფასი რომ აიღონ ადამიანებმა?!

მოკლედ, თებერვლის ბოლოდან გაძვირდება პროდუქტი, გაძვირდება საწვავი, ხოლო ხელფასი და პენსია იგივე დარჩება. კარგი იქნება, ეროვნული ვალუტა თუ გამყარებას გააგრძელებს, მაგრამ პროდუქტების გაძვირების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, არათუ მოიძიოს იაფი ბაზარი, არამედ რუსეთს დაელაპარაკოს ყველა მიმართულებით, გააფორმოს გრძელვადიანი ხელშეკრულება საკვებ პროდუქტებზე და დააწესოს მცურავი ბაჟი. სწორედ ის ბაჟი, რომელიც რუსეთმა ყველა პროდუქციაზე დააწესა და ახლა მათთვის სულერთია, რა მდგომარეობაა მსოფლიო ბაზარზე. თუმცა, ჩვენი ამბავი რომ ვიცი, ჩვენთან მცურავი ბაჟიც მხოლოდ აღმა იცურებს და მუდმივად გაძვირებული პროდუქცია გვექნება. ჰო, კიდევ, იმ ექსპერტთა საყურადღებოდ, რომლებიც საწვავის გაიაფებას აქციზის გაუქმებით ვარაუდობენ: აქციზის გაუქმება ბიუჯეტში 1,2-მილიარდიან გარღვევას გამოიწვევს, ამისთვის კი ქვეყანა მზად არ არის და ვერ გადაიტანს. რუსებს აქვთ ნათქვამი “ოტ დობრა დობრა ნე იშუტ”-ო და ეგებ ამაზეც ვიფიქროთ, როცა ალტერნატიული ბაზრის მოძიების მორიგი მცდელობა გვექნება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here