გასულ კვირას პოპულარულმა ამერიკულმა საინფორმაციო კომპანია “ბლუმბერგმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია: “რუსეთი უკრაინაში შეიჭრა”. შემდეგ ეს ინფორმაცია გაქრა და გავლენიანი გამოცემა მცირე კომენტარით შემოიფარგლა: “ჩვეულებრივ, სათაურები წინასწარ მზადდება მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევებისთვის და აღნიშნული შინაარსის სათაური დაუდევრობის შედეგად გამოქვეყნდა, რის მიზეზსაც ვიკვლევთ”.
როგორია, ა? _ ევროპა და ამერიკა არამხოლოდ ომისთვის არიან მზად, არამედ სტატიებიც გამზადებული აქვთ, რის შემდეგ რა უნდა დაიბეჭდოს და რა უნდა გამოქვეყნდეს. “ბლუმბერგის” განცხადებას რუსეთი კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის პირით გამოეხმაურა: “ეს ვითარება ცხადყოფს, თუ რა სახიფათოა ასეთი დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია აგრესიული განცხადებებით, რაც ყოველდღიურად გვესმის ვაშინგტონიდან, ევროპის დედაქალაქებიდან და ლონდონიდან, რადგან სწორედ ეს განცხადებები, ჩვენს საზღვრებთან ჯარების განლაგება და უკრაინის იარაღით მომარაგებისკენ მიმართული ყოველდღიური ქმედებები იწვევს დაძაბულობას და ნებისმიერი ნაპერწკალი საშიშია ამ დაძაბულობის ფონზე”.
გასულ კვირას უკრაინაში, კონკრეტულად კი ოდესაში მყოფ მეგობარს ვესაუბრე, რომელმაც პირდაპირ თქვა: სიმშვიდეა, არავის სჯერა, ომი რომ დაიწყება, მაგრამ პანიკას ამერიკული და ევროპული საელჩოები თესავენ, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს ყოველდღიურად მოუწოდებენ ქვეყნის დატოვებისკენ, _ არიქა, ომი იწყებაო, არადა, ჯერჯერობით ამის საფრთხე არ არისო.
ჩვენი აზრით, დასავლეთმა ომის პირველი ეტაპი უკვე ჩაატარა და უკრაინიდან 17 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გავიდა. გავიდნენ უცხოური კომპანიები, გავიდნენ ის ბიზნესმენები, რომლებსაც დაანონსებული ჰქონდათ უკრაინაში თანხის ჩადება და ახლა, ამ 17-მილიარდიან გარღვევას, უკრაინა წლების განმავლობაში ინანებს. დასავლეთი კი ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, წელიწადში ერთხელ 15-20 მილიონს გადაუგდებს დახმარების სახით და თან დაამადლის: აგერ, მე გარჩენ და უნდა დამიჯეროო. უკრაინაში ევროპის ქვეყნების ლიდერები რიგრიგობით ჩადიან და მხარდაჭერას უცხადებენ, _ აქაოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ გვერდით ვართო. უკრაინაში ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც და ვითარების ადგილზე შეფასების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა: “დასავლეთს, სამწუხაროდ, არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ფაქტობრივად, მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორი იყვნენ. როდესაც ვუყურებთ შეერთებულ შტატებს, ბაიდენს ჯერ არ გამოუჩენია დადებითი მიდგომა ამ საკითხზე…”
ეს არის ზუსად ის, რასაც ამას წინათ ვწერდით. ერდოღანმა მოურიდებლად თქვა, დასავლეთი არათუ ხელს უშლის კრიზისის გაღრმავებას, არამედ მის მოგვარებას აფერხებსო. ისიც გემახსოვრებათ, იმავე ბაიდენმა უკრაინას რომ დაუნანონსა, რუსეთი თებერვალში შემოიჭრება თქვენთან და მზად იყავითო. ახლა, როცა თებერვლის შუა რიცხვები მოდის, ბაიდენმა ვადა გადაწია, თებერვლის მეორე ნახევარში ელოდეთ რუსეთის შემოჭრასო. ეს ყველაფერი ძალიან გვაგონებს 2008 წელს და დასავლეთის ქმედებას. იმხანადაც ევროპა და ამერიკა საქართველოს მთავრობას ეუბნებოდა, რუსეთი შემოიჭრება, ფრთხილად იყავითო და იმხანადაც იპარებოდა სათაურები “შეცდომით”. საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილს ნერვებმა უმტყუნა და გაისროლა. რა მივიღეთ შედეგად, კარგად მოგეხსენებათ და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ახლა ნერვებმა ვლადიმერ ზელენსკის უმტყუნოს. დასავლეთის მიდგომა ასეთია _ თუ არ ისვრის რუსეთი, დაე, გაისროლოს უკრაინამ. ახლა ხომ მთავარი ომის დაწყებაა და არა ის, ვინ გაისვრის პირველი. მითუმეტეს, რომ პირველი გასროლა მაინც რუსეთს დაბრალდება და, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამის ამსახველი მასალები დასავლურ მედიაში უკვე დაწერილ-გაკორექტურებულია.
ჩვენ ისიც ვივარაუდეთ, რომ ჩინეთის სიჩუმე მიმდინარე პროცესებზე არ იყო შემთხვევითი და მსოფლიოს ნომერი პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანა აუცილებლად იტყოდა სთქმელს. ჩინეთის მთავრობამ, რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად, გასულ კვირაში განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგია, ე.ი., ჩინელებმაც გაიმეორეს იგივე, რასაც მანამდე მხოლოდ რუსეთი ამბობდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ამ განცხადების პასუხად კი თქვა, ჩვენ ძალით არავინ შეგვყავს კავშირშიო, მაგრამ მას 1997 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეახსენეს, რომლის მიხედვით ნატო აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით არ უნდა გაფართოებულიყო და ეს ხელშეკრულება რამდენჯერმე დაირღვა, როცა ალიანსმა ახალი წევრები მიიღო.
“რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა როგორიცაა: ნატოს გაფართოების შეჩერება, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება. ნატოს ჰქონდა დაპირება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. ახლა კი ალიანსის წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი. მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს”, _ ეს განცხადება ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.
ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ამბობს, ხელშეკრულება კი გვაქვს, მაგრამ სხვა ქვეყნების სურვილის წინააღმდეგ ვერ მივდივართო. ეს იმის მიუხედავად, რომ იმავე სტოლტენბერგმა მკაფიოდ თქვა, თუ ომი დაიწყება, ნატო უკრაინააში ჯარებს არ შეიყვანსო. თუმცა ნატოს წევრი ქვეყნები ცალ-ცალკე მზად არიან, უკრაინაში ჯარები ახლავე შეიყვანონ და იქ განალაგონ, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში ნატოს ჯარი შედის. ამას წინათ ერთ–ერთმა უცხოელმა ექსპერტმა მეტად საინტერესო რამ თქვა: რუსეთს საქართველოში ნატოს სარაკეტო სისტემების განლაგება ნაკლებად აღელვებს, რადგან ისინი უკვე განლაგებულია თურქეთის ტერიტორიაზე და თურქეთიდან რუსეთამდე სარაკეტო ჭურვს 14 წუთი სჭირდებაო. საქართველოს შემთხვევაში ეს დრო წუთ–ნახევრით, ანუ უმნიშვნელოდ მცირდება. აი, უკრაინის შემთხვევაში კი, 14-წუთიანი ინტერვალი 8 წუთამდე მცირდება. 8 წუთი კი ის დროა, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ იმისთვის, რომ სარაკეტო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის სისტემა აამოქმედოს. ეს დრო, სავარაუდოდ, წამებში აქვს გათვლილი დასავლეთს და ამიტომ არის ასეთი აქცენტი უკრაინაზე, საქართველო კი… საქართველო, უბრალოდ, მიბმულია ამ თემაზე, იმიტომ, რომ 30 წლის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, თქვენი სტრატეგიული პარტნიორები ვართო და ახლა განზე გაწევა არ გამოდის. არადა, ყველაფერი მარტივად დალაგდება, საქართველომ კონკრეტული ვადის დასახელება რომ მოითხოვოს _ როდის შევალთ ნატოში და როდის მიგვიღებენ ევროკავშირში? ჰო, კონკრეტული თარიღი უნდა დასახელდეს _ 2, 3 თუ 10 წლის შემდეგ. სწორედ აქ გამოჩნდება ის, რომ თარიღს ვერ გვეტყვიან, ისევ არაფრისმომცემი საუბრები დაიწყება რეფორმებზე, სამომავლო განვითარებაზე და არ იტყვიან ათწლიან პერსპექტივაშიც კი ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის თარიღს. მერე გაირკვევა, რომ ამ ხნის განმავლობაში, უბრალოდ, გვატყუებდნენ და ამიტომ ამ კითხვას არც საქართველოს ხელისუფლება დასვამს (გამოვა, რომ ესენი 2012 წლიდან გვატყუებდნენ) და არც დასავლეთი გაგვცემს პასუხს.
ამაზრზენია ის, რაც დასავლურმა მედიამ რამდენიმე დღის წინათ დაწერა და გაავრცელა. ომი არ დაწყებულა (კიდევ ვიმეორებთ, საამისოდ რეალური საფუძველიც არ ჩანს) და ისინი უკვე გვამებს ითვლიან. როგორც დასავლური მედია წერს, ამ ომში (რომელ ომში?!) უკრაინამ შეიძლება 5000-დან 25 000-მდე ჯარისკაცი დაკარგოს, ხოლო რუსეთის მხრიდან დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება 3000-დან 10000-მდე იყოს. გარდა ამისა, შეჭრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზარალდება 25 000-დან 50 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.
ასეთ ვითარებაში ქართველ პოლიტიკოსებს მოზომილი პოზიციისა და ათასჯერ გააზრებული განცხადებების გაკეთება მართებთ. ამის მიუხედავად, ოპოზიციის დიდი ნაწილი უკრაინაში წავიდა, აქაოდა, საქართველოს მთავრობამ საჩვენო რეზოლუცია რომ არ მიიღო, ჩვენ მაინც თქვენ გვერდით ვართო. სამწუხაროდ, ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერ ფასად ჩაიგდოს ხელში ხელისუფლება და ეჭვი გვაქვს, ომი დასავლეთზე ნაკლებად არ სურს. ახლა ხომ არეულობა და სამხედრო დაპირისპირებაა პოლიტიკური ჭაობიდან ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციისთვის, რომელშიც თვითონ შევიდა და რომლიდანაც გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი პროვოკაციაზე სწორედ უკრაინას წამოაგებს. ის, რომ თურმე რუსეთს უკრაინის საზღვართან 80 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც შეშფოთებას იწვევს, სასაცილოა. შეშფოთებას არ იწვევს ბრიტანელების მიერ გაგზავნილი რვა სამხედრო თვითმფრინავი, არ იწვევს ამერიკელების მიერ ზღვით თუ ჰაერით მიწოდებული იარაღი და თურმე რუსეთზე უნდა აღვშფოთდეთ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკის ნაწილია, იმ დიდი პოლიტიკის, სადაც საქართველოს სახელი გაფერმკრთალებულადაც კი არ ჩანს და ძალიან, ძალიან უნდა შევეცადოთ, ტიტანების ჯახში ჩვენ არ გავიჭყლიტოთ.
ბესო ბარბაქაძე