Home რუბრიკები საზოგადოება დიდი დავით მეფე აღმაშენებელი

დიდი დავით მეფე აღმაშენებელი

ღონისძიებები ხელისუფლების გაძლიერებისა და ცენტრალიზაციისთვის, ბრძოლა კლდეკარის საერისთავოს წინააღმდეგ, თურქებისათვის ხარკის შეწყვეტა, კახეთჰერეთის შემოერთება, ერწუხის ბრძოლა და კახეთჰერეთის საბოლოო შემომტკიცება, გარდაქმნები ეკლესიაში, რუისურბნისის საეკლესიო კრება, ადმინისტრაციულსამართლებრივი რეფორმები, მწიგნობართუხუცესჭყონდიდელის თანამდებობის დაწესება, საქართველოს საბოლოო შემომტკიცება, ლაშქრის რეორგანიზაცია, ამირსპასალარის თანამდებობის შექმნა, ყივჩაღთა ჩამოსახლება, ბრძოლები თურქსელჩუკების განსადევნად, დიდგორის ბრძოლა, თბილისის შემოერთება, დმანისის შემოერთება, შირვანისა და ანისის შემოერთება, საფინანსო ღონისძიებები და ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან _ ეს ყველაფერი საქართველოს საამაყო მეფის _ დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება.

დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო “ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე”. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებერვალი) დააწესა.

XII ს-ის I მეოთხედის პოლიტიკურად მომძლავრებული საქართველოს ეკონომიკა და კულტურა ჭეშმარიტად აღმშენებლობას, აღორძინებას განიცდიდა და ბუნებრივია, რომ ამ საქმის უშუალო შემოქმედს მადლიერმა შთამომავლობამ ქვეყნის აღორძინებაში უდიდესი დამსახურებისათვის “აღმაშენებელი” უწოდა. მსოფლიო ისტორიაში არ მოიძებნება ასეთი სახელის მქონე გვირვინოსანი. XVIII ს-ის ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ასე ხსნის ამ ფაქტს: “მეფესა დავითს ამისათვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერი. ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა და ქვრივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი”. ბრძოლის ველზე არაერთი სახელოვანი გამარჯვება კი იმით უკვდავჰყო დავითმა, რომ საქართველოს ძლევამოსილ სახელმწიფო დროშას გორგასლის სახელთან ერთად დავითიანიც შეერქვა და დიდხანს ქართული დროშა “გორგასლიან-დავითიანად” იწოდებოდა. სახელოვანი მეფის სახელი შერჩა ქართულ ხმალსაც (“დავით-ფერული”). ჰერალდიკოსთა ნაწილის აზრით, მის დროშაზე გამოსახული იყო წმ. გიორგის ჯვარი და “ცხენი რქოსანი”.

გელათის აკადემია

როგორ შენდებოდა გელათი

ეს არის ლეგენდა, რომელიც გელათის ტაძრის მშენებლობას უკავშირდება.

სანამ გელათი აშენდებოდა, ამ ადგილას ერთ პატარა ბიჭს ერთხელ ციდან ზარების რეკვის ხმა შემოესმა. გაიქცა ეს ბიჭი დავითთან და მოახსენა ეს ამბავი. წამოჰყვა დავითი ბიჭს, მაგრამ დავითმა ზარების ხმა ვეღარ გაიგონა. ბიჭმა მაშინ სთხოვა მეფეს: აბა, ფეხზე ფეხი დამადეო.

დავითმა თხოვნა აუსრულა და მასაც მოესმა ზარების რეკვა ციდან.

დავითმა მალე სწორედ ამ ადგილზე დაიწყო გელათის შენება. ერთდროულად აშენებდა მარტვილს, მცხეთასა და გელათს.

დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა

ძველად ხარაჩოები არ ყოფილა. რამდენ ქვასაც დადგამდნენ, იმდენ მიწას მიაყრიდნენ თურმე და ასე ზევით და ზევით ადიოდნენ. შენებას რომ დაამთავრებდნენ, მერე მიწას გადათხრიდნენ და ეკლესიაც გამოჩნდებოდა…

როდესაც დავითმა გელათის აგება გადაწყვიტა, ჯერ კალატოზებისა და მუშებისათვის სადგომი ბინები მოაწყო; ქედზე პატარა ეკლესიაც ააშენა მათთვის, სულ პირველად კი სასმელი წყლის ძებნასა და გამოყვანას შეუდგა. წყაროს სათავეც მალე აღმოუჩინეს გალავანს გადაღმა _ სოხასტრის ძირში. დაიწყეს მისი ამოთხრა და მიწის ქვეშ ქვითკირის კედლებისა და თაღების ამოყვანა, რათა დაგროვილი წყალი მილებით მონასტრის ეზოში გაეყვანათ. მეფე გახარებული იყო, რომ ასეთი კარგი წყალი ასე ახლოს აღმოჩნდა, მაგრამ ერთი უცნაური რამ ხდებოდა: რამდენჯერაც ამოაშენებდნენ მაღაროს კედელს, იმდენჯერ ღამით ვიღაც ანგრევდა და წყაროს წყალიც იბილწებოდა. მეფე მიხვდა, რომ ამ საქმეში ეშმაკი იყო გარეული. დაუდარაჯდა და პირველი მამლის ყივილზე დაინახა, რაღაც რომ შეჯლაგუნდა მაღაროში, მილეწ-მოლეწა იქაურობა, წყალი წაბილწა და უნდა გასულიყო, რომ დავითმა კუდში წაავლო ხელი და დაითრია: _ შე წყეულო, ახლა ვერსად წამიხვალო! მეფეს ჯვარი ეპყრა ხელთ, ამის დანახვაზე წყეული შეშინდა და სულ აკანკალდა. შეეხვეწა მეფეს: ოღონდ ჯვარის ხელში ნუ ჩამაგდებ და გემსახურებიო. მართლაც, ეშმაკი ჯორად გადაიქცა და ძალიან საქებარი ჯორი იყო. მეფე შეჯდებოდა ზედ და თავის სამეფოს ერთ დღეში მთლიანად შემოივლიდა: დილას რომ აფხაზეთში იყო, შუადღისას მცხეთაში გაჩნდებოდა, საღამოს კი გელათს მოდიოდა. ჯორის ნაკვალევი ახლაც ამჩნევია ელისქედზე, ქვის ჯვართან.

ერთხელ მეფე შორი მგზავრობიდან დაბრუნდა, ჯორი მოსამსახურეს გადასცა: დაასვენე და წყალი დაალევინე, ოღონდა ლაგამი არ აჰყაროო. მეფეს ჯორი სულ ლაგამამოდებული დაჰყავდა. მოსამსახურემ ჯორი წყალზე რომ მიიყვანა, ჯორმა უთხრა: შე უსამართლო, ასე ლაგამამოდებულმა წყალი როგორ დავლიოო. ბიჭს შეეცოდა ჯორი, დაავიწყდა დავითის სიტყვები და აჰყარა ლაგამი. ჯორი ისევ ეშმაკად იქცა, წყაროში ჩაძვრა და წყალი წაბილწა. დავითს ძალიან ეწყინა ეს ამბავი, მაგრამ წამალიც მოუძებნა: წყაროს თავზე ჯვარი დაასვენა, ეშმაკი შიგნით ჩაკეტა, ამ უკანასკნელმა კი ძალა დაკარგა. წყალიც განიწმინდა. მერე იმ წყაროს თავზე პატარა საყდარიც ააშენეს და ის ჯვარიც იქ დააბრძანეს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here