მესამე გამოშვება
რამდენიმე დღის წინათ საქართველოსა და აშშ–ის ოცდაათწლიანი ურთიერთობის იუბილე აღინიშნა, რომელზეც აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოქვა. ასეთი სიტყვები, მოგეხსენებათ, ორი ნაწილისგან შედგება: 1. ის, რისი თქმაც უნდათ; 2. ის, რითაც სათქმელს ფუთავენ. ამ უკანასკნელს წყალს ან ჩენჩოს უწოდებენ–ხოლმე. ახლა შემოგთავაზებთ აშშ–ის ელჩის მიერ ნათქვამს ჩენჩოს გარეშე, ანუ სიტყვათა იმ რახარუხის გარეშე, რომელიც არაფერს გვეუბნება, მაგრამ რითაც, წესისამებრ, გაჯერებულია ამ სახის მოხსენებები:
“დღეს მსურს, გავიხსენო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და მიმოვიხილო, რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
30 წლის წინათ, მოსკოვის თითქმის ორასწლიანი ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა.
წლების განმავლობაში აშშ-მა, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დასახმარებლად თითქმის ექვსი მილიარდი დოლარი გამოჰყო.
ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი და ძლიერი თანამშრომლობის სფერო ჩვენი სამხედრო თანამშრომლობაა.
ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვმა უარი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობის არჩევანზე და მოგვიანებით შეიჭრა საქართველოში, ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც ისე დიდი ხნის წინათ, 2008 წელს. რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან სრულიად განსხვავებით, შეერთებული შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ.
შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავის ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს”.
როგორც ხედავთ, აშშ–ის ელჩმა თავისი სახელმწიფოს ნაცვლად რუსეთზე ილაპარაკა, ვინაიდან, გარდა იმისა, რაც ამ ამონარიდებშია ნათქვამი, მას, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს, დანარჩენი წყალი და ჩენჩო იყო. გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში აშშ–ის ელჩის საქმიანობა რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებით შემოიფარგლება. რუსეთისთვის ძირგამომთხრელი ეს საქმიანობა ამერიკელებს ახლა არ დაუწყიათ, ამას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ აქ უფრო საინტერესო ისაა, რომ ეს საქმიანობა ძირის გამომთხრელი საბოლოოდ საქართველოსთვის გამოდგა.
ამერიკელების მიერ საკუთარ თავზე აღებული მისია ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების (მათ შორის, საქართველოს) განთავისუფლებისა, სინამდვილეში დამანგრეველი აღმოჩნდა.
* ამერიკელების მიერ მოტანილი “დამოუკიდებლობის” შედეგად დაიკარგა ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი;
* განახევრდა მოსახლეობა;
* განადგურდა ეკონომიკა;
* თითქმის მთლიანად მოიშალა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა;
* იავარიქმნა მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა;
* ქრონიკულმა უმუშევრობამ მოიცვა მთელი ქვეყანა;
* მოირყა ზნეობა, ადამიანური ურთიერთობები, ეროვნული ტრადიციები;
* ქართველი ხალხი ყოფნა–არყოფნის ზღვრამდეა მიყვანილი.
დიახ, ეს ყველაფერი არის პირდაპირი შედეგი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს აშშ-ის კოლონიად ქცევისა. ამერიკელებმა მოახერხეს საბჭოთა კავშირის დანგრევა, რასაც მასში შემავალი რესპუბლიკების გათავისუფლება დაარქვეს, მაგრამ იმავე წუთიდან, როცა კავშირი დაიშალა, დაიწყეს ამ რესპუბლიკების ათვისების თუ მითვისების ფორსირებული პროცესი, რაც, მეტ–ნაკლები წარმატებით, თითქმის ყველა რესპუბლიკაში დღემდე მიმდინარეობს. ამ პროცესის ყველაზე რთულ გამოვლენას ვხედავთ უკრაინაში, რამაც არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე, არამედ მთელი პლანეტა დაძაბა, ვინაიდან გლობალური ომის საფრთხე შექმნა. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას იმ გასაოცარ წინადადებას, რომელიც ელჩის მოხსენებიდან იმ ამონარიდშია ნათქვამი, ზემოთ რომ შემოგთავაზეთ: “ეს (რუსეთი _ ვ.კ.) არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე”. როგორც ჩანს, ბუნებაში არამხოლოდ თავხედობა, არამედ მისი განსაკუთრებული ფორმაც არსებობს, რომელსაც შეიძლება ზეთავხედობა, ანუ თავხედური თავხედობა ვუწოდოთ. აშშ ევროპასთან ერთად აიარაღებს უკრაინას (სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს: “აშშ–ის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების სახით გაწეულმა დახმარებამ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ეს ზღვარი არ არის, ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია”), რაც თურმე დასაშვებია, მაგრამ რუსეთი საკუთარ სამხედრო ნაწილებს საკუთარ ტერიტორიაზე რომელიმე სახელმწიფოს საზღვართან თუ გადააადგილებს, ეს აგრესიის გამოვლენა და, აქედან გამომდინარე, დაუშვებელი ყოფილა.
ამერიკელებმა ის თუ იციან, რომ რუსეთი თავის უსაფრთხოებას სამხედრო ძალით დაიცავს, ალბათ, ისიც ეცოდინებათ, რამ მიიყვანა ეს ქვეყანა ამ გადაწყვეტილებამდე. რუსეთმა ხომ თავისი ხელით გადასცა მათ ხელშეკრულების პროექტი, რომელშიც უმთავრესი მოთხოვნა აშშ-ის მიერ რუსეთის საზღვრების მიმართულებით ნატოს გაფართოებაზე უარის თქმაა?! აი, დაძაბულობის მოხსნის უმარტივესი ფორმულა. ამერიკელები უკრაინაზე, შავი ზღვის რეგიონზე და, საერთოდ, მსოფლიო უსაფრთხოებაზე თუ ზრუნავენ, მოაწერონ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებას ხელი; მისცენ რუსეთს წერილობითი გარანტია, რომ მათი სარაკეტო დანადგარებითა და ბირთვული შეიარაღებით ყველა მხრიდან რუსეთის საზღვრებთან არ მიჩოჩდებიან; დადონ პირობა, რომ უკრაინასა და საქართველოს არ შეათრევენ ნატოში და მორჩა, განიმუხტება ვითარება, მაგრამ არა, ისინი საკითხის ამგვარ გადაწყვეტას არც განიხილავენ. უტიფრად აცხადებენ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, თვითონ აირჩიოს, კოლექტიური უსაფრთხოების რომელი სისტემაა მისთვის მისაღები.
კი ბატონო, მაგრამ, სადაც ეს დებულებაა ჩაწერილი, იქვე ისიც წერია, რომ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მოტივით არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა შეუქმნას საფრთხე სხვა სახელმწიფოს, ანუ ყველა სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი ინტერესები ისე დაიკმაყოფილოს, რომ სხვისი ინტერესები არ შელახოს. ეს მოთხოვნა ჩაწერილიც რომ არ იყოს სადმე, მაინც ასე უნდა მოხდეს, ვინაიდან საკუთარ ინტერესებს არავინ შეგალახვინებს, განსაკუთრებით ისეთი უზარმაზარი და უძლიერესი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია. უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოს წევრად არათუ ლახავს რუსეთის ინტერესებს, პირდაპირ ანგრევს რუსეთის უსაფრთხოების მთელ სისტემას. სწორედ ამან აიძულა რუსეთი, აშშ-ის წინაშე საკითხი ასეთი კატეგორიულობით დაესვა. ამერიკელების მიერ რუსეთისთვის გამოგზავნილი პასუხიდან ირკვევა, რომ მათ არ დააკმაყოფილეს რუსეთის აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა. რუსებმა ამერიკელებისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი ამერიკაში გაგზავნისთანავე გამოაქვეყნეს, რათა მსოფლიოს სცოდნოდა, რაზეა საუბარი. რუსეთი მსოფლიოს წინაშე ამ თვალსაზრისით პირნათელია, რადგან მას არც არაფერი დაუმალავს და, რაც მთავარია, ისეთი არაფერი მოუთხოვია, რისი გამომზეურების შერცხვებოდა. ამერიკელებმა კი რუსეთის შეთავაზებაზე გაცემული წერილობითი პასუხი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წარადგინეს, არც თვითონ გამოაქვეყნეს და არც რუსეთს მისცეს მისი გამოქვეყნების უფლება. რა დიდი ლოგიკა სჭირდება იმ დასკვნის გაკეთებას, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელების პასუხში იმდენად გაუმართლებელი, მსოფლიოსთვის მიუღებელი, უზნეო და სამარცხვინო გარიგება ან შეთავაზებაა ჩაწერილი, რომ მისი გამოქვეყნებით ისედაც წაშლილი სახე ბოლომდე წაეშლებათ. ამიტომაც ცდილობენ, რომ ეს პასუხი დაუმალონ მსოფლიოს, რომელსაც სრულიად ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს მისი შინაარსი, ვინაიდან ეს ის საკითხია, რომელიც რუსეთსა და აშშ-თან ერთად მთელ მსოფლიოს ეხება.
როგორ შეიძლება, რომელიმე სახელმწიფოს არ აინტერესებდეს, ამერიკელთა ხელით დანგრეული მსოფლიო წესრიგის ადგილზე მოხერხდება თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგისა და ახალი საერთაშორისო სამართლისთვის საფუძვლის ჩაყრა, ურომლისოდაც ისედაც არეულ პლანეტაზე სრული ქაოსი, განუკითხაობა და ძალმომრეობა დაისადგურებს?!
გასაოცარი მოვლენის მოწმე ვართ. კაცობრიობას მორალს უკითხავს აშშ _ სახელმწიფო, რომელსაც ხელში უჭირავს მსოფლიოში დაძაბულობის მოხსნის მექანიზმი, მაგრამ ამ მექანიზმის ამუშავების ნაცვლად ცეცხლზე ნავთს ასხამს და ვითარება აფეთქებამდე მიჰყავს. რა შეიძლება ამ საქციელს ვუწოდოთ, გარდა გლობალური, ანუ საკაცობრიო ბოროტებისა?! ან რა შეიძლება ვუწოდოთ სახელმწიფოს, რომელსაც მთელი მსოფლიო ჩიხში შეჰყავს და იმგვარ ჯოჯოხეთს უმზადებს მას, როგორიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის მშვიდობიან მოსახლეობას 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს მის მიერ შექმნილი მონსტრი იარაღით მოუწყო. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ეს არის ჯოჯოხეთის მთესველი იმპერია, რომელიც თავის შემზარავ სახეს ფსევდოდემოკრატიის ნიღბის ქვეშ გულმოდგინედ მალავს, უფრო ზუსტად, ცდილობს, დამალოს, მაგრამ ვეღარ მალავს.
მსოფლიოს წინაშე გაშიფრულ აშშ-ს ყველაზე სწორი შეფასება მაშინ მისცეს, როდესაც ამერიკელებმა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ისევე, როგორც ეს მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე ჩაიდინეს. მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ, თუკი იმხანად მათ არ მოსწონდათ საბჭოთა კავშირი, დღეს არ მოსწონთ ჩინეთი. მათ ხვალაც არ მოეწონებათ ვიღაც, ისევე, როგორც დღეს არ მოსწონთ რუსეთი და მასთან ერთად ყველა ის სახელმწიფო, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას ბედავს. თვითნებობა ყველგან და ყველაფერში; უპატივცემლობა ყველას და ყველაფრის მიმართ; ჩაგვრა სუსტისა; სიძულვილი ერების, ისტორიის, ტრადიციული ღირებულებების, მსოფლიო სიწმინდეების მიმართ; ტერორისა და დაშინების, მოსყიდვისა და ძალმომრეობის დამკვიდრება მთელ მსოფლიოში. აი, აშშ-ის ზნეობრივი სახე, აი, ხელწერა და პორტრეტი მისი პოლიტიკისა. შეუძლებელია უფრო ზუსტი შეფასება ამ მოძალადე სახელმწიფოსი, ვიდრე ეს მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სპორტსმენმა, ოთხგზის ოლიმპიურმა და თერთმეტგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ბიატლონისტმა ალექსანდრე ტიხონოვმა გააკეთა, როდესაც ამერიკელებმა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინში უსაფუძვლო (პოლიტიკური) ბოიკოტი გამოუცხადეს: “პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის აშშ–ის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი დღესასწაულია დანარჩენი მსოფლიოსთვის. აშშ ყველაზე მტკივნეული ადგილია მთელ დედამიწაზე, ეს მისი კიბო და სიმსივნეა, შეხედეთ, რამდენი სისხლისა და უბედურების მომტანია იგი. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები არ იქნებიან ოლიმპიადაზე”. უფრო ადრე ჩინეთის ფაქტორზე ყურადღება რუსეთის ელჩმა აშშ-ში _ ანატოლი ანტონოვმა გაამახვილა: “ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას მოსკოვი და პეკინი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისკენ მიჰყავს. აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან განსხვავებით რუსეთსა და ჩინეთს არ ამოძრავებთ გეოპოლიტიკური გეგმები და მიზნები რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს მიმართ”. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აშშ–ის ხელმძღვანელობამ ყელში დანა იმ დროს გამოისვა საკუთარი ხელით, როდესაც რუსეთსა და ჩინეთს ერთდროულად დაუპირისპირდა. აშშ–ის, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას პარტნიორებთან (თუ ვასალებთან) უკრაინის პრეზიდენტიც კი მიხვდა, რომელიც მიხვედრილობითა და გონიერებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა. უკრაინიდან აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და გერმანიის ელჩების გაქცევით სახტად დარჩენილმა ზელენსკიმ ისეთი ფრთიანი ფრაზა გაისროლა, კარგა ხანს რომ გაჰყვება უკრაინის ისტორიას: “უკრაინა “ტიტანიკი” არ არის, რომ იგი თავქუდმოგლეჯილებმა დატოვოთ”. ეს იმ სახელმწიფოს მეთაურის წამოძახილი იყო, რომელიც მიხვდა, რომ განწირულია.
“ტიტანიკთან” უკრაინის შედარებაც არ ყოფილა შემთხვევითი. რამდენი იარაღიც უნდა შეზიდონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთა ელჩებიც კარსმომდგარი ომის შიშით დაოთხილნი გარბიან იქიდან, უკრაინა აისბერგთან შეჯახების შედეგად გვერდშელეწილ “ტიტანიკს” ჰგავს, რომლის გადარჩენის შანსი ყოველ წუთს მცირდება. ვინ არის უკრაინაში ჩემთვის ყურის დამგდები, მაგრამ არანაკლები მძიმე დღის მომლოდინე საქართველოდან ერთ საღ აზრს მაინც შევაშველებ ყოფნა-არყოფნის წინაშე მდგომ ხალხსა და ქვეყანას: ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც უკრაინის გადარჩენა სურს და შეუძლია, რუსეთია. არ არსებობს დაღუპვის გზაზე მდგარი უკრაინის მხსნელი სხვა ძალა დედამიწის ზურგზე, გარდა რუსეთისა, ოღონდ ეს თვითონ უკრაინელმა ხალხმა უნდა მოისურვოს. უნდა აღდგეს უკრაინის მოსახლეობა, შეაქციოს ზურგი სატანას, იმედის თვალი მიაპყროს ისტორიულ ძმას, მართლმადიდებელთა წესით გადაიწეროს პირჯვარი და დახმარება სთხოვოს მას. აი ფორმულა, რეცეპტი, ცნობიერების განათება ერისა და ხალხისა, თუ გნებავთ, ღვთაებრივი გზა უკრაინის გადარჩენისა! ამავეს ვეტყვი ჩემს მშობელ ხალხსაც, ვინაიდან, რამდენიც უნდა ვიწრიალოთ, რამდენი სულელური რეზოლუციის ტექსტიც უნდა მივიღოთ პარლამენტში უკრაინის ფაშისტური რეჟიმის მხარდასაჭერად და რამდენი გონებაამღვრეული ქართველიც უნდა წავიდეს უკრაინაში რუსეთთან საომრად, ბოლოს მაინც რუსეთის გადასარჩენი ვიქნებით, ვინაიდან დასავლეთიდან შემოსეული თაღლითები დასაკლავი ხარებივით მიგვრეკავენ სასაკლაოსთან. მთელი ის ჯოჯოხეთი, რომელიც დღეს უკრაინაში ტრიალებს, ხვალ საქართველოში დატრიალდება, რადგან ერთი დიდი ბოროტებიდან იმართება ყველაფერი იქაც და აქაც. ერთი ისტორიული ძირის მქონე რუსეთს, ბელარუსსა და უკრაინას უმძლავრესი სამხედრო–სტრატეგიული კავშირის შეკვრა შეუძლიათ, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ უკრაინა ჯერჯერობით ხელთ უპყრია “ჯოჯოხეთის იმპერიას”, რომელიც იქამდე არ მოისვენებს, სანამ მსხვერპლი ნაფოტებად არ დაიშლება ან, მართლაც, “ტიტანიკივით” არ წავა ფსკერისკენ.
უკრაინის მიმართ ერთმნიშვნელოვანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მოვლენათა განვითარების რამდენიმე თეორიული სცენარის წარმოდგენა-გააზრება, იმედია, წინასწარმეტყველებაზე პრეტენზიის გაცხადებად არ ჩამეთვლება. უკრაინის პრობლემა რაკი ასეთი სიმწვავით დადგა, ჩემი ღრმა რწმენით, მისი ნებისმიერი სახით გადაწყვეტა გარკვეულ ჯაჭვურ რეაქციებს გამოიწვევს და ან ერთი, ან მეორე მიმართულებით სერიოზული გაგრძელება ექნება. შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ, რა სახის თეორიული სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რას რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს:
1. უკრაინის საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის მცდელობა.
ამას შეიძლება მოჰყვეს კონტინენტური და მსოფლიო მასშტაბის გართულებები გლობალური ომის ჩათვლით, რომელიც სრული კატასტროფით დამთავრდება;
2. უკრაინის საკითხში რუსეთის უკან დახევა.
ეს ის შემთხვევა იქნება, რომელსაც რუსი ხალხი პრეზიდენტ პუტინს არ აპატიებს და ვერც აპატიებს, ვინაიდან ეს რუსეთის ძლიერებას საბედისწეროდ შეარყევს და რუსეთის დაშლის ამერიკული პროექტი ახლო მომავალში რეალურ საფრთხედ იქცევა.
3. უკრაინის საკითხში აშშ–ის უკან დახევა.
ამ შემთხვევაში, უკრაინა გადარჩება. იგი რუსეთისა და ბელარუსის სტრატეგიულ მოკავშირედ ჩამოყალიბდება, მოიშუშებს იარებს, ფეხზე წამოდგება და განვითარების გზას დაადგება, მაგრამ ეს მძიმედ დაარტყამს აშშ-ს, კოლექტიურ დასავლეთს, ევროკავშირს, ნატოს. უკრაინაში დასავლეთის მარცხი (რაც რუსეთის უდიდესი გეოპოლიტიკური გამარჯვება იქნება) ერთი–ორად გაზრდის აშშ–ში ისედაც უკიდურესად გამწვავებულ კრიზისებს; დოლარს, როგორც საერთაშორისო ვალუტას, საბოლოოდ გამოუთხრის ძირს; გააშიშვლებს პენტაგონის ტრილიონიანი ბიუჯეტის კორუფციულ საფუძვლებს. ყოველივე ეს გაართულებს აშშ–ის ურთიერთობას ევროკავშირთან და ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებთან, რაც დაშლის გზაზე დააყენებს ნატოსაც და ევროკავშირსაც. ამას პირველ პერიოდში მოჰყვება აშშ–ის ზესახელმწიფოს რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფოდ ჩამოქვეითება, პერსპექტივაში კი _ მისი დაშლაც.
4. აშშ–სა და რუსეთს შორის უკრაინით ვაჭრობა და ამ საკითხზე ფარული ან ღია გარიგება.
ეს არ იქნება ერთ-ერთი მხარის აშკარა გამარჯვება ან აშკარა მარცხი. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე, ასე თუ ისე, შეძლებს სახის შენარჩუნებას, მაგრამ ეს არ იქნება არც უკრაინის საკითხის გადაწყვეტა, არც რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის მოხსნა. ეს იქნება პრობლემის დაკონსერვებისა და გარკვეული ვადით გადადების მცდელობა, რომელმაც, შესაძლებელია, მხარეებს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს, მაგრამ გეოპოლიტიკური ღრმა იარა სულ მალე გაიხსნება და დაპირისპირება ახალი ძალით იფეთქებს.
ასეთია უკრაინის კრიზისის მოვლენათა განვითარების თეორიული ვარიანტები. ამ ოთხი გზის გარდა, პრობლემის სხვანაირად გადაწყვეტის წარმოდგენა თეორიულადაც ჭირს, ხოლო თქმა იმისა, ამ ვარიანტებიდან რომელი განხორციელდება კონკრეტულად, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ადამიანი ფიქრობს, წვალობს, ეძებს და საბოლოოდ რომელიმე აზრისკენ იხრება. მე ვფიქრობ, რომ სისტემურ კრიზისში ჩაფლული და ძველი სტერეოტიპებით მოაზროვნე აშშ, რომელსაც საშუალო ნიჭის, დაღლილი და დაუძლურებული კაცი მართავს, ვერანაირი ხერხითა და საშუალებით ვერ დაამარცხებს სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების მოძალება-აღორძინების სტადიაში მყოფ რუსეთს, რომელსაც ამ ეპოქისთვის უდავოდ ბრძენი, უაღრესად მოქნილი და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მისიით შთაგონებული პიროვნება უდგას სათავეში.
P. S. კაგანოვიჩისადმი მიწერილ ერთ–ერთ წერილში (1932 წლის 11 აგვისტო) სტალინი ამბობს: “Самое главное сейчас Украина. Дела на Украине из рук вон плохи. Если не возьмемся теперь же за выправление положения на Украине, Украину можем потерять. Так дальше продолжаться не может. Нужно: поставить себе целью превратить Украину в кратчайший срок в настоящую крепость СССР, в действительно образцовую республику. Денег на это не жалеть. Без этих и подобных им мероприятий (хозяйственное и политическое укрепление Украины, в первую очередь – ее приграничных районов и т.п.), повторяю, мы можем потерять Украину.
თითქმის საუკუნისწინანდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის, რა თქმა უნდა, პირდაპირ პარალელებს არ ვავლებ, მაგრამ ეს საოცარი მსგავსება ვითარებისა “мы можем потерять Украину”), უკიდურესად მაშფოთებს, რადგან ასეთ შემთხვევაში უკრაინას რუსეთთან ერთად თვითონ უკრაინელებიც დაკარგავენ, რაც აშშ–ის ყველაზე ბოროტ ძალებს მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვაში ახალ სტიმულს გაუჩენს, ამიტომ უკრაინის დათმობა დაუშვებელია. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებაში სტალინი არ უყვართ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ უკრაინის საკითხს მაინც სტალინურად გადაწყვეტენ, რადგან სხვა გადაწყვეტა ბუნებაში არ არსებობს. ამ ნათქვამმა, შესაძლებელია, შეკითხვა გააჩინოს საკითხზე _ რა იგულისხმება უკრაინის საკითხის სტალინურად გადაწყვეტაში, მაგრამ ეს უკვე ცალკე სტატიის თემაა.