ახალი წლის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველში” სტუმრობას მოუხშირა და სხვადასხვა გადაცემაში ორჯერ საკმაოდ არაკორექტული ბრალდებებით გამოვიდა ანალიტიკოს ალექსანდრე ჭაჭიას მიმართ _ ლეიბორისტთა ლიდერმა ცნობილი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფოს ღალატსა და იდეოლოგიურ–საინფორმაციო დივერსიაში დაადანაშაულა. პრინციპში, მყვირალა განცხადებები ნათელაშვილის ჩვეული სტილია და აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა მისი თავდასხმების ადრესატი. ჩვენ შევძელით ბატონ ალექსანდრე ჭაჭიასთან დაკავშირება და მისთვის რამდენიმე კითხვის დასმა.
_ ბატონო ალექსანდრე, რამდენიმე დღის წინათ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში არცთუ სახარბიელოდ მოგიხსენიათ…
_ საინტერესოა, საიდან გავახსენდი? უკვე 20 წელია, ქართულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აღარ მაქვს. ქართული პოლიტიკაც, დიდი ხანია, აღარ არსებობს. მაინც რა უნდოდა, რა თქვა ასეთი?
_ ჯერ თქვა, რომ თქვენ “ალტ–ინფოს” აფინანსებთ…
_ ეს რა არის?
_ ესაა შედარებით ახალი ინტერნეტ–ტელევიზია, რომლის მესვეურებმაც ახლახან პოლიტიკური პარტია დააფუძნეს და ანტილიბერალური და კონსერვატიული პოზიციებიდან გამოდიან.
_ მე ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ, მით უმეტეს, ქართულ ტელეარხებს. რამდენიმეჯერ ვცადე, მაგრამ სირცხვილის მძაფრი განცდა გამიჩნდა. შემრცხვა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ექსპერტების… მაგრამ, თუ ამ ტელევიზიამ ნათელაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია, იქ, ალბათ, ნორმალური ხალხი მუშაობს.
_ სხვა გადაცემაში ნათელაშვილმა შალვა რამიშვილის დამფინანსებლადაც მოგიხსენიათ.
_ შალვა რამიშვილი ვინაა?
_ ტელეჟურნალისტი, ტელეარხ “პოსTV”-ის დამფუძნებელი და წამყვანი.
_ ისეთი ადამიანები მაინც დაასახელოს, პირადად რომ ვიცნობ. ცოტანიღა დარჩნენ, მაგრამ მაინც არიან. ეს ნათელაშვილი, როგორც მახსოვს, ახალგაზრდობაში საზრიანი ბიჭი იყო. დროთა განმავლობაში, ეტყობა, გონება დაუჩლუნგდა.
_ კიდევ თქვა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტი ხართ.
_ ჰოო, მაგის საქმე მთლად ცუდად ყოფილა. ნათელაშვილმა, საერთოდ, იცის, რა არის რეზიდენტურა და ვინ შეიძლება იყოს რეზიდენტი? ბავშვობაში დეტექტივები მაინც წაეკითხა ან რომანები ჯაშუშებზე. ისე, ახლაც არ არის გვიან, მაგალითად, იან ფლემინგის “აგენტ 007”-ით დაიწყოს, მისთვის ურიგო არ იქნება. ისე, რეზიდენტის ვინაობა მხოლოდ აგენტმა იცის და, თუ მე რეზიდენტი ვარ, ნათელაშვილი ჩემი აგენტი ყოფილა. მაგრამ, მე რომ მზვერავი ვიყო, ნათელაშვილისნაირი ინტელექტის აგენტს არაფრით არ “დავავერბოვკებდი”.
_ რატომ გამოვიდა ნათელაშვილი თქვენ მიმართ ასეთი აბსურდული ბრალდებებით? მასთან რამე კონფლიქტი ხომ არ გქონიათ?
_ არა, მასთან არასოდეს არანაირი ურთიერთობა არ მქონია. მხოლოდ ერთხელ, 15-16 წლის წინათ მქონდა მოკლე კონტაქტი. მოსკოვში ვიყავი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დამპატიჟეს რაღაც ღონისძიებაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა. ასეთ უსარგებლო ღონისძიებებზე, როგორც წესი, არ დავდივარ, მაგრამ ორგანიზატორებმა ძალიან მთხოვეს და წავედი. სწორედ იქ ვნახე ნათელაშვილი. თავის სიტყვაში დაბეჯითებით ირწმუნებოდა რუსეთ–საქართველოს დაახლოების საჭიროებას, ამბობდა, როგორ მხურვალედ უყვარს რუსეთი, რომ მასზე უკეთესი მეგობარი რუსეთს საქართველოში არ ჰყავს, რომ მისი ცხოვრების მიზანი ამერიკელების დიქტატისაგან საქართველოს გათავისუფლებაა და ა.შ. ნათელაშვილი ყვებოდა იმას, რაც იქ შეკრებილთ მრავალჯერ ჰქონდათ მოსმენილი სხვადასხვა ქართველი პოლიტიკოსისგან. ყველა მათგანი მოსკოვში ჩადიოდა ერთადერთი მიზნით: რუსეთისგან მიეღოთ ფული. დიდი ხანია, შევამჩნიე: ქართულ პოლიტიკურ წრეებში გაბატონებულია მცდარი აზრი, რომ საკმარისია, მოსკოვში საჭირო ხალხი საკუთარ პრორუსულობაში დაარწმუნო და იქიდან ტომრებით წამოიღებ ფულს. ასე იყო ნათელაშვილის შემთხვევაშიც.
მერე მომიყვნენ, რომ ნათელაშვილის თავიდან მოშორება ძალიან გაუჭირდათ. როცა აუხსნეს, რომ სახელმწიფო სათათბიროში ფულს არ არიგებენ, მოითხოვა, სპეცსამსახურებთან დაეკავშირებინათ. ამაზეც უარი რომ მიიღო, მოითხოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე გაეყვანათ. ერთი თუ ორი დღის შემდეგ მე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ვუპასუხე, რომ რამდენიმე დღეში თბილისში ვიქნებოდი და იქ შეიძლებოდა გვენახა ერთმანეთი. მეტი არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია. მეცოდება ნათელაშვილი. მას კარგი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა, მაგრამ ფულზე გაცვალა. 2002 წელს ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის საკრებულოში ლეიბორისტებმა ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვეს, ხოლო პარტია “ერთობამ”, რომლის ხელმძღვანელობაშიც იმხანად შევდიოდი, სამი მანდატი მიიღო. როცა საქმე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე მიდგა, დამირეკა მიშა სააკაშვილმა და მისი კანდიდატურის მხარდაჭერა მთხოვა. მე ვუპასუხე, რომ ჩვენი სამი დეპუტატი ამინდს ვერ შეუქმნიდა, მას ნათელაშვილთან სჭირდებოდა მოლაპარაკება. “შალიკო უკვე ნაყიდი მყავს!” _ ასეთი იყო სააკაშვილის პასუხი. როგორც ჩანს, მაშინ შალიკომ თავის პოლიტიკურ კაპიტალსა და ამომრჩეველთა ნდობასთან ერთად სინდისიც მიაყიდა და დარჩა ასე მასხარად.
ცხადია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო ვიღაც ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას და ამაში ფულს იხდის. ასე რომ, მოსყიდულთა სიაში ნათელაშვილი ბოლო არ არის, მანამდეც იყვნენ და მის შემდეგაც იქნებიან. არამი ფულის მსურველი, სამწუხაროდ, ბევრია.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი