დასავლური მასმედიის მიერ მუქ ფერებში დახატული ვითარება “უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ” სულ უფრო მღვრიე ხდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს პანიკა შექმნილია უკრაინის ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით, რათა ის აიძულონ, დათმობებზე წავიდეს.
ზელენსკის არ დაუზუსტებია, ვინ ზემოქმედებს და რა დათმობებზეა საუბარი, მაგრამ ეს ისედაც გასაგებია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ განცხადებებს ავრცელებს მხოლოდ დასავლეთი (რუსეთი ასეთ განზრახვას უარყოფს). რაც შეეხება დათმობებს, მათზე ილაპარაკა ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს კიევში ვიზიტისას. ეს არის მინსკის შეთანხმების შესრულება.
მინსკის შეთანხმებაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ორი საკვანძო განცხადება გააკეთა: პირველი _ შეთანხმების გადახედვა საჭირო არ არის და ეს დონბასში ვითარების რეგულირების ერთადერთი გზაა; მეორე _ უკრაინაში ახლა “წყვეტენ”, როგორ იმოქმედონ შეთანხმების იმ ნაწილიდან გამომდინარე, რომელიც კიევს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია. ამის ქვეშ უნდა ვივარაუდოთ მინსკის შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი (არჩევნები საზღვარზე კონტროლის გადაცემამდე, ამნისტია, განსაკუთრებული სტატუსი და მისი ასახვა კონსტიტუციაში).
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს უარს შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის შესრულებაზე და მოითხოვს მის შეცვლას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავისი განცხადებებით, კიევს, ფაქტობრივად, ურჩია, შეცვალოს პოზიცია. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ზელენსკის მიმართვა, რომლიდანაც ჩანს, რომ მან არ შეისმინა ბლინკენის რჩევა, ხოლო დასავლეთის განცხადებებს შეჭრის თაობაზე აღიქვამს, როგორც მცდელობას, კიევი შეაშინონ ომით, დაასუსტონ ეკონომიკურად (პანიკის გამო ინვესტორებს ქვეყნიდან ფული გააქვთ და ეცემა გრივნის კურსი) და აიძულონ, წავიდეს დათმობებზე.
აქ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია ზემოქმედების ხარისხზე, რომელსაც აშშ განახორციელებს ზელენსკიზე, რათა მან გადაიფიქროს და პოზიცია შეიცვალოს (ანუ, დასავლურ გაზეთებში გამოქვეყნებული “რუსეთის შეჭრის რუკების” გარდა, განახორციელებს თუ არა ვაშინგტონი კიდევ სხვა ზემოქმედებას), მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას: შანსი იმისა, რომ ზელენსკი და მისი ხელისუფლება შეიძლება დათანხმდნენ მინსკის შეთანხმების რეალიზაციას, თითქმის ნულის ტოლია. ეს კი ნიშნავს, რომ მინსკის შეთანხმების შესრულება და დონბასში ომის დამთავრება ხელისუფლების შეცვლის საკითხია.
არის კი მზად აშშ, ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში თუ ყველაფერი, როგორც აქამდე ხდებოდა, დასრულდება მხოლოდ საყვედურებით, უახლოეს რამდენიმე თვეში გამოჩნდება.
რაც შეეხება დიდ ომს, რომლითაც შიშს თესავს დასავლური მასმედია:
სინამდვილეში პასუხი კითხვაზე _ დაიწყება თუ არა დიდი ომი, ირიბად არის დაკავშირებული რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების საკითხების შესახებ და დასავლეთის რეაქციაზე რუსეთის მოთხოვნაზე, შეჩერდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება. რუსეთი, მოლაპარაკებებიც რომ ჩაიშალოს, ალბათ, მაინც არ წავა ტანკებით უკრაინის წინააღმდეგ. ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარი ორია: შემდეგ რა უნდა უყონ კონტროლს დაქვემდებარებულ უკრაინას, რომელიც კმაყოფაზე უნდა აიყვანონ, ყველაფრით უზრუნველყონ. და, რაც მთავარია _ რისთვის? 2022 წლის თებერვალი (დასავლურ მასმედიაში “პროგნოზისტების” უმრავლესობა უკრაინაში რუსეთის შეჭრას თებერვალში წინასწარმეტყველებს) _ ეს არის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების თვე. ჩინეთისთვის ეს ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანია საიმიჯო თვალსაზრისით, რათა ჩააცხროს დასავლეთში აგორებული ანტიჩინური ტალღა და რთული სავარაუდოა, რომ რუსეთი არად ჩააგდებს თავისი უახლოესი მოკავშირის ინტერესებს, ომს დაიწყებს უკრაინაში და დაჩრდილავს ოლიმპიადას.
ნიშნავს თუ არა რუსეთის მხრიდან ომის დაწყების მცირე ალბათობა იმას, რომ ომი საერთოდ არ დაიწყება?
სამწუხაროდ, არა.
ომის ინიციატორები შეიძლება იყვნენ სხვა მხარეს. დასავლეთში (ლაპარაკი აღარ არის უკრაინაზე) ბევრი ძალაა, რომლებიც ძალიან არიან დაინტერესებულნი რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ჩაშლითა და მათი ურთიერთობის მასშტაბურ კონფრონტაციაში გადაყვანით, პარალელურად, ოლიმპიადის ჩატარების საკითხში ჩინეთის საიმიჯო ძალისხმევის განულებით. ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი საშუალება უკრაინაში ომის დაწყებაა რუსეთის აშკარა მონაწილეობით. საბაბი შეიძლება იყოს უკრაინის შეტევა დონბასზე, მაგრამ რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩაერევა, თუ უკრაინის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები ღიად დაიწყებენ შეტევას.
არის თუ არა ამისთვის მზად ზელენსკი? უკრაინის სახელმწიფო აპარატი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია (ამაში ზელენსკი არაერთხელ დარწმუნდა) და სამხედრო ავანტიურა პირადად ზელენსკის მძიმე შედეგებით დასრულდება.
ამიტომ იმის ალბათობა, რომ ზელენსკი ომის დაწყებას გაბედავს, ძალიან მცირეა. ამაზე მეტყველებს მისი ბოლოდროინდელი რიტორიკაც.
მაგრამ უკრაინაში ზოგიერთ ძალოვან სტრუქტურას ზელენსკი ვერ აკონტროლებს. ეს არის ეროვნული გვარდიის პოლკი “აზოვი”, რომელიც კვლავ რჩება ანდრეი ბილეცკის (უკრაინელი პოლიტიკოსი, “მემარჯვენე სექტორში” შემავალი რასისტული და ნეონაციონალური ორგანიზაციების _ “უკრაინის პატრიოტი” და სოციალ-ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელი) გავლენის ქვეშ. თვითონ ბილეცკი კი ორიენტირებულია ზელენსკის მოწინააღმდეგეებზე _ არსენ ავაკოვსა და ალექსანდრე ტურჩინოვზე.
“აზოვი” _ ეს არის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურა მძიმე შეიარაღებით. ამას გარდა, ახლა ქვეყანაში ყალიბდება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო უკვე დაჰპირდა იარაღის დარიგებას. რა ხალხია ამ ქვედანაყოფებში და ვინ აკონტროლებს მათ? _ ამ კითხვაზე პასუხის სხვადასხვა ვარიანტია…
ატმოსფერო დაძაბულია და მის ასაფეთქებლად საკმარისი იქნება “აგრესორის წინააღმდეგ ერთი ბატალიონის შეტევაზე გადასვლა” კამერების თანხლებით, აფრიალებული დროშებითა და “პატრიოტულ” მედიაში გაშუქებით. ასეთი პროვოკაციებია ახლა ომის დაწყების მთავარი საფრთხე.
vz.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ