Home რუბრიკები საზოგადოება წავიდა. დაგვიტოვა ცრემლი და მოგონება

წავიდა. დაგვიტოვა ცრემლი და მოგონება

(ჩანაწერებიდან “გამოქვეყნებას არ ექვემდებარება”)

წიგნის დაწერა შეიძლება იმაზე, ვინ იყო რეზო გაბრიაძე რუსული კულტურისთვის

შარშან ბევრი დაიწერა რეზო გაბრიაძეზე. წლეულსაც ბევრი დაიწერება.

სეზონი გახსნა ჩვენმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც თავისი პოპულარული ციკლისჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!” ერთი გადაცემა მას მიუძღვნა.

საინტერესო იყო ფრიად.

მაგრამ მე უამრავი პუბლიკაციიდან ერთი ამოვარჩიე, რომელმაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და, მგონი, მკითხველიც დაინტერესდება.

“სანამ იგი ცოცხალი იყო, ჩვენ, რუსეთი, ჭეშმარიტად მრავალეროვან საზოგადოებად ვრჩებოდით, იმიტომ, რომ რეზო გაბრიაძე, უეჭველად ქართველი, ამასთან ერთად წარმოგვიდგებოდა ევროპის კულტურული პეიზაჟის განუყოფელ ნაწილად. ამასთანავე, XX საუკუნის რუსეთის კულტურის შემადგენელ ნაწილად”.

რეზო გაბრიაძე განსაზღვრავდა რუსეთის კულტურის სტატუსს ეროვნებათა შორის ურთიერთობის ფონზე. ასეთ ეტალონურ სიდიდედ მიიჩნევს რუსულ გაზეთ “კომერსანტის” ჟურნალისტი დიმიტრი ბუტრინი ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს.

ეს იმ დონის შეფასებაა, როგორც მაჰათმა განდის ინდოელი ხალხის კეთილშობილების სიმბოლოდ წარმოდგენა.

ზედმეტი ხომ არ მომდის?

არა მგონია.

კოლეგა განაგრძობს:

“ეს საუკუნეც მისთვის დადგენილი წესით მთავრდება _ გარდაცვალებით იმათი, ვინაც იგი შექმნა…

“სტალინგრადი”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “რამონა”. ზოგიერთებმა ეს სპექტაკლები ნახეს, არა მაინცდამაინც მოსკოვში… “სტალინგრადი”, მაგალითად, ნახეს ნიუ-იორკში და იმავე ნიუ-იორკმა აღიარა იგი წლის საუკეთესო სპექტაკლად, ადამიანების, ცხენებისა და ჭიანჭველების გამაოგნებელი ცხოვრების ისტორიით, რომელიც 1943 წელს განვითარდა ვოლგისპირა ქალაქში დიდი სამამულო ომის დროს.

ჩემი თვალებით ამის დანახვა წარმოუდგენელია, მხოლოდ გაბრიაძის იდეალურად წმინდა ქართული თვალებით არის შესაძლებელი ამის აღქმა. დახატვაც შეიძლება ისე, რომ იგი (ეს ისტორია) ჩემი ცხოვრების მოვლენად წარმომიდგესდიახ, ჩვენ გაიდეალებულად გვყავს წარმოდგენილი გაბრიაძე, მაგრამ იგი უეჭველად ღირსია გაიდეალების _ სიცოცხლის დროს და ამჟამადაც”.

და აღსარება: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გასაგებ ენაზე გაგვიხმოვანესო ფილმი, იმ ხელოვნებამდე ამაღლება მაინც ვერ შევძელით, რომ ორიგინალის ენაში არის სიტყვები, რომლებიც შექმნილია ისეთი ეფემერული კონსისტენციებისგან, როგორიცაა “თბილისის ქუჩების გზისპირის აგვისტოს მტვერი”, “რბილი გორაკები”, “ღამის დუქნების მბჟუტავი ნათურები, სადაც ღამ-ღამობით იყიდება ქართული პური”; თუნუქისგან, რომლითაც შეაკეთებენ ხოლმე “თბილისის რთულ ქვეწყობილ სპარსულ აივნებს, ქალაქის შენობების შიდა ეზოების ხეობებში რომ ვარდებიან” და ა.შ. და ა.შ.

“შექმნილია სიღარიბისგან და პოეზიისგან, ლაკონურობისგან და აღფრთოვანებისგან…

მთელი წიგნის დაწერა შეიძლება იმაზე, ვინ იყო რეზო გაბრიაძე რუსული კულტურისთვის”.

და თითქოს ამის კვალზე, იმ დღეებში რუსეთის პირველი ფედერალური არხის მთავარ საინფორმაციო პროგრამაში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და პროფესორი მავანი სახელგანთქმული მხატვრის შემოქმედებას ორ ეტალონურ მოვლენას შეადარებს _ ნიკალა ფიროსმანსა და რეზო გაბრიაძეს.

ორნი _ გლობალური მასშტაბისა და მნიშვნელობის შემოქმედი.

* * *

2021 წლის 10 იანვარს მირეკავს რეზო. საღამოს შვიდის ნახევარია.

წუხს:

_ გუშინ ექიმმა მითხრა, უაპარატოდ ვერ ისუნთქებო…

გუშინ რომ მელაპარაკა, ამ დიაგნოზის შესახებ არაფერი უთქვამს. ეტყობა, ვერ შეეგუა და მხარდამჭერს ეძებს, რომელიც ამ ფრიად უსიამოვნო (და კატასტროფული) დასკვნის დაძლევაში თუ არა, შემსუბუქებულად აღქმაში მაინც დაეხმარება.

ბევრი ვილაპარაკეთ. მთავარი თემა მაინც ზღვისპირად ცხოვრება იყო, სადაც გულისთვის და ფილტვების რეაბილიტაციის შესანიშნავი პირობები ბუნების მიერ არის შექმნილი.

ცოტა ავუგდე კიდეც ექიმის დიაგნოზი.

ვერ ვიტყვი, რომ დავარწმუნე.

სწორედ ამ საუბრისას ახსენა რეზომ თავისი იმერელი ბებია დომნა ბრეგვაძე. ძალიან თბილი ქალი იყო და ძალიან მიყვარდაო.

რაღაც მომენტები გაიხსენა, რომელთა მნიშვნელობა შემდეგ გავიგე.

მერე მივხვდი.

მკითხველსაც შევახსენებ, განსჯაში რომ გამომყვეს.

ქალბატონი დომნა “არ დაიდარდოს” ფინალში აქტიურად შემოიჭრება. ფინალურ ეპიზოდში, როცა ექიმ ლევანს სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელ ნადიმს დაუწუნებს და პირში მიახლის ყველაფერს, რასაც ფიქრობს.

„მე და არმაზი აპრილის ხაჭაპურზე. მაისის ხაჭაპურზე ოცნებით“

“_ ლევან, იქ ორი კუბო მოიტანეს _ წითელი და შავი. შენ რომელი გინდა?

_ შავი.

_ წითელს რა ვუყოთ?

_ სანდროს მიეცი!

_ გაგიჟდი? რაში დასჭირდება ასეთი ძვირფასი კუბო?! ამ ფულით მთელი სოფლის დასაფლავება შეიძლება!

_ შენს საქმეს მიხედე…

_ იპოვე დალევის მიზეზი, არა? თუ კვდები, ადამიანურად რატომ არ კვდები! ვის უტოვებ სახლს, ამ სულელს, არა?!” (ბენჟამენს გულისხმობს).

ოჯახზე მაფიქრალი ქალბატონი გაოგნებულია, გაბრაზებულია, ტუქსავს ამ “ტაია-ტაია, ვატატაიას” ავტორსა და ორგანიზატორს და მაინც ქვეშეცნეულად გრძნობ, რომ ისიც მათთან არის, მათ მხარეზეა, ხოლო დამშვიდობების ამ ორიგინალურ რიტუალში თუ რამე არის სამწუხარო და გულის ამაჩუყებელი, ინკოგნიტო გიმნაზისტის უიღბლო სიყვარულია, როცა, სიმღერის თანახმად, პანჩურს ჰკრავენ, ხოლო გიმნაზისტკას ნიახურის იმედად დატოვებენ.

ლევან ექიმის ეს “პერფორმანსი” სიკვდილის დაცინვა უფრო იყო, ვიდრე სამგლოვიარო “აქცია”.

სიკვდილს აჯობა სიცოცხლემ.

თავისებური ახსნაა იმ სიბრძნის, რომელიც სიკვდილისადმი მიძღვნილ ხალხურ ლექსშია:

შენ გაგიმარჯვოს, სიკვდილო,

სიცოცხლე ფასობს შენითა,

ცხოვრების იწილბიწილოს

ვთამაშობ შენის სმენითა”…

ან, მაინცდამაინც კატეგორიულობაში რომ არ ჩაგვითვალონ, ამ ორი ურთიერთგამომრიცხაობის, ყოფნა-არყოფნის თანაარსებობის დამაჯერებელ მაგალითად მოვიხსენიებ.

დომნა ბებია, რომელიც ფილმ “არ დაიდარდოში” დომნა დეიდად არის წარმოდგენილი, ზეამქვეყნიური ძალების ანგელოზია _ ამბის მომტანი, შიკრიკი, საკრალური კავშირის დამამყარებელი ხელოვნებასა და ცხოვრების რეალობას შორის.

ჩანს, რეზო გაბრიაძეს დაახლოებით იმგვარად ჰქონდა წარმოდგენილი ამქვეყნიურ ცხოვრებასთან ისე განშორება, რომლის წინააღმდეგაც ილაშქრებდა დომნა ბრეგვაძე (“თუ კვდები, ადამიანურად რატომ არ კვდები!”).

ზეცის შემონათვალი ყოველთვის ძნელი ამოსახსნელია, რადგან მარტივი და ცალფა არ არის და, უმეტესად, პირიქით უნდა გაიგო _ ლოგიკის საწინააღმდეგოდ. ამაზე მიგვანიშნა “არ დაიდარდოს” ავტორმა და, რაც მთავარია, ქვეტექსტით გვითხრა, რომ ისიც ამგვარადვე მოიქცევა.

ამიტომ ხომ არ გაიხსენა რეზომ იანვარში, ჩემთან საუბრის დროს, საყვარელი დომნა ბებია?

ფილმში ლევანის ახირებულობის განმახორციელებლები მისი მეგობრები არიან, მუდმივი მეინახეები, იმერეთის შემოდგომის აზნაურების უკანასკნელი ჩამოსხმის კეთილშობილი ნარჩენები.

რეზოს მთელი ეს წარმოდგენა თვითონ უნდა მოეწყო: ზეაღმავალი სულისთვის ფიანდაზად უნდა დაეფინა გია ყანჩელისა და პეტრე გრუზინსკის მხიარული სიმღერა ოპტიმისტური ფილმიდან “მიმინო”.

ასეც მოიქცა.

და სიმღერაში მიილია:

“მე რა მამღერებს, უძირო ზეცა

ზამბახის ფერი,

თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ,

მაშინაც ვმღერი.

მე რა მამღერებს, ვარდების სუნთქვა,

ყაყაჩოს ფერი,

ალბათ, სიმღერა თუ დამანათლეს,

ჰოდა, მეც ვმღერი.

ჩიტო-გვრიტო,

ჩიტო-მარგალიტო, და,

ჩიტო-გვრიტო,

ჩიტო-მარგალიტო, და.

ჩემი სიმღერა ამ მზემ, ამ ხალხმა,

ამ ზეცამ შობა,

როცა ვმღერივარ, შორიდან მათბობს

ჩემი ბავშვობა.

როცა ვმღერივარ, მე ჩემს მომავალ

სიბერეს ვხედავ

და უკითხავად გულში შემოდის

ფარული სევდა.

ჩიტო-გვრიტო,

ჩიტო-მარგალიტო, და,

ჩიტო-გვრიტო,

ჩიტო-მარგალიტო, და.

ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლეს,

ჩიტების სტვენამ,

ასე მგონია, ამ სიმღერებით

ავიდგი ენა.

როგორც ამბობენ, სიცოცხლის ბოლოს

თუ მღერის გედი,

სიმღერით მოვკვდე, რაღა ვინატრო

ამაზე მეტი”…

რეზო გაბრიაძის ბოლო წუთების შესახებ მისმა ვაჟმა, წარმატებულმა რეჟისორმა ლეო გაბრიაძემ მიამბო.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here