Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში გაწეული დიდი ქველმოქმედება და დაშვებული დიდი შეცდომები

ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში გაწეული დიდი ქველმოქმედება და დაშვებული დიდი შეცდომები

საქართველოს სკოლებისთვის განკუთვნილ ახალგამოცემულ ისტორიის წიგნში ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში გაწეული უმნიშვნელოვანესი ღვაწლი, სულ რაღაც, 2-3 ღარიბი პწკარით არის წარმოდგენილი, რაც წიგნის ავტორთა უდიდეს შეცდომად მიმაჩნია. მან სამ მილიარდ დოლარზე მეტი თავისი ფული საქართველოში ქველმოქმედებას მოახმარა და იმსახურებდა მისი წვლილის ღირსეულად აღნიშვნას.

არაჩვეულებრივი სამების გრანდიოზული ტაძრის აგება, ურიცხვი ეკლესია-მონასტრის რესტავრაცია, სკოლების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, თეატრების აღდგენა-გარემონტება, ახალი შესანიშნავი მრავალპროფილიანი უნივერსიტეტის აშენება ქუთაისში, შეკვეთილში მსოფლიო დონის ულამაზესი პარკის გაშენება, არაჩვეულებრივი დასასვენებელი კომპლექსის _ “პარაგრაფისა” და თანამედროვე საკონცერტო დარბაზის აშენება… განაგრძობს ვაკის პარკისა და იპოდრომის ტერიტორიების გაკეთილშობილებას, უნიკალური კურორტების _ წყალტუბოსა და აბასთუმნის კომპლექსების _ მშენებლობას და სხვ. ყველა სიკეთის ჩამოთვლა შეუძლებელია.

უმადურობით გამორჩეული, საზოგადოებისთვის უსაქციელობით ცნობილი არაადამიანები მაინც მწვავედ აკრიტიკებენ. უდიერად მოიხსენიებენ ისინიც კი, ვისაც წლების განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა უანგაროდ, მაგრამ დაუნახავ და სამარცხვინო ხალხს რა გამოლევს ჩვენთან?! ამის კლასიკური მაგალითია თაკო ჩარკვიანი. მის ოჯახს ყოველთვიურად 5000 ლარს ჩუქნიდა და ინვალიდ ძმას ხუთი ოპერაცია დაუფინანსა გერმანიაში. თაკო კი უტიფრად ლანძღავს ცნობილ ქველმოქმედსა და მეცენატს, _ კულტურის მინისტრის მოადგილის სავარძელში რატომ არ ჩამსვიო; არადა, იქ უკვე იჯდა წვერ-ულვაშიანი კახელი და კალთაში ხომ ვერ ჩაუსვამდა?! ყოველთვიური დახმარება _ ხუთი ათასი ლარი _ ჯანსუღის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემისკენ რატომ არ გადაამისამართეო; თითქოს ბიძინას არ მიუძღვოდეს წვლილი მთაწმინდაზე, ამ წმინდა სავანეში მამამისის დაკრძალვაში. აი, ასეთი ქალი ზის პარლამენტში და, ზიზღით შეპყრობილი, აუგად მოიხსენიებს კეთილგონიერ, წარმატებულ, ღირსეულ და ზნეკეთილ პიროვნებას _ ქალბატონ თეა წულუკიანს. სამაგიეროდ, აქებს და ადიდებს საქართველოს დამაქცევარ ფსიქიკაშერყეულ მიშას და იმუქრება: თუ არ გაათავისუფლებთ, “გოლოვინსკზე” ლეიბს დავცემ და ვიკოტრიალებო. თითქოს ვინმე რამეში ეცილებოდეს. ზემოაღნიშნული ისტორიის სახელმძღვანელოში სააკაშვილის აღზევების პერიოდი გადმოცემულია ასევე ზერელედ და სრულიად არაობიექტურად: თითქოს მან მოახერხა კორუფციის დაძლევა ყველა სფეროში, თითქოს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ელიტარულ კორუფციაში ყელამდე არ იყო ჩაფლული. გადაცდომებად არის შეფასებული ერგნეთის ბაზრობის დახურვა, სრულიად უდანაშაულო ადამიანების დაჭერა, წამება, მხეცური ცემით სიკვდილის პირას მიყვანა, მკვლელობები, ქონებისა და ბიზნესის ყაჩაღურად წართმევა. არაფერია ნათქვამი ნაცების ხელისუფლების ბარბაროსობაზე 26 მაისსა და 7 ნოემბერს, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის, კოდორის ხეობისა და ლენინგორის გაყიდვაზე, უგუნური 3-დღიანი ომის დაწყებაზე რუსებთან, სამარცხვინო დამარცხებაზე უდიდესი მსხვერპლითა და გამოძევებული დევნილებით, რაც გრანდიოზული ზარზეიმით აღნიშნა. არაფერია ნათქვამი ამ მარცხის შემდეგ ქვეყნის აუარებელი სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის გადაცემაზე. დადებითად არის შეფასებული ავღანეთში ჩვენი უგუნური მისია, სადაც ჩვენი ახალგაზრდები იღუპებოდნენ ან დასახიჩრებული გვიბრუნდებოდნენ, ვითომ გვაკლდა მსხვერპლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. სააკაშვილმა დედამისს კაპიკებად გადასცა მილიონებად შეფასებული ქონება, მომხვეჭელ და უნამუსო კახა ბენდუქიძეს ჩვენი სამრეწველო პოტენციალი გაანიავებინა და სხვა მრავალი ბოროტება, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხდებოდა.

რატომ ვასწავლით ახალგაზრდებს დამახინჯებულად უახლეს ისტორიას?

ბატონო ბიძინა! სამწუხაროდ, ნეპოტიზმით გაჟღენთილი თქვენი საკადრო პოლიტიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თქვენმა შერჩეულმა, სრულიად დაუმსახურებლად თანამდებობებზე დაწინაურებულმა და პარლამენტში წამოსკუპებულმა, მთვლემარე და გულუხვად დაფინანსებულმა მრავალმა გარეწარმა გიღალატათ და მტრად გადაგეკიდათ. რატომ, რას ფიქრობთ? ვფიქრობ, თქვენ არ იცნობთ საქართველოში კეთილგონიერ, განათლებულ, გამოცდილ პროფესიონალებს, ღირსეულ პიროვნებებს, თავიდანვე თქვენ ირგვლივ რომ შემოგეკრიბათ. სამშობლოს უზომოდ მოყვარული ჭეშმარიტი მამულიშვილები მრჩევლებად და კონსულტანტებად რომ მიგეწვიათ, ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას ვერაფერი დააბრკოლებდა. მრჩევლები სახალხო მეურნეობის დარგების მიხედვით უნდა შეგერჩიათ. მაგალითად: ეკონომიკის, ფინანსების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ჯანმრთელობის, განათლების, კულტურისა და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის გამოყენების, სახელმწიფო პროტექციონიზმისა და ა.შ. მიხედვით.

ამ პრინციპით რომ გეხელმძღვანელათ და არა პირადი ერთგულებითა და სიმპათიაანტიპატიით, დღეს ბევრი ახალი საწარმო გვექნებოდა, არსებული საწარმოების მოდერნიზაციითა და გადაიარღებით კი უამრავი ხალხი დასაქმდებოდა, უმუშევრობა საგრძნობლად შემცირდებოდა და დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სამუშაოების შესასრულებლად უცხოეთში აღარავინ გადაიხვეწებოდა. ანალოგიური რამ მოხდებოდა სოფლის მეურნეობის განვითარების შემთხვევაშიც. სოფელი არ დაიცლებოდა და არ გაპარტახდებოდა, ოჯახები არ დაინგრეოდა, დოვლათი გამრავლდებოდა, უცხოეთიდან მდარე ხარისხის პროდუქციის შემოდინება მკვეთრად შემცირდებოდა.

რაც მთავარია, შემოსავლები და ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდებოდა და სახელმწიფო დოტაციაზე არსებული დარგები განვითარდებოდა. დიამეტრულად უნდა შეცვალოთ კადრების შერჩევისა და დაწინაურების პოლიტიკა. ქვეყნის ეკონომიკის მართვის მეთოდები. იჩქარეთ ფრთხილად და დაკვირვებით! 9 წელია, ხალხი მხარს გიჭერთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებთ მათ სამართლიან მოთხოვნებს. უსმინეთ ხალხს და არა პარტიებს, მით უმეტეს უცხოელ მრჩევლებს, “ექსპერტებსა” და ვაიჭკუისდამრიგებლებს.

დაგვიანებულია, მაგრამ სამი წელი წინ გაქვთ. ბევრი რამის გამოსწორება და მოსწრება შეიძლება. დროს ნუ დაკარგავთ ოპოზიციასთან უნაყოფო ჭიდილში; მით უმეტეს, შეურაცხადი სააკაშვილის გარემოცვასთან და უცხოეთის შემაღონებელ მიკერძოებულ მენტორებთან. ამ თავხედ ბრბოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობა არ სურს, თორემ რუსეთთან ომის დამწყებ, ტერიტორიების დამკარგავ და გამყიდველ, ბიუჯეტის მძარცველ, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედს, მართმადიდებლობისა და ეკლესიის მგმობელს, ხალხის მჩაგვრელს, არაჩვეულებრივი ძეგლების ამფეთქებელს, ფსიქიკურად შერყეულ სააკაშვილს თითქმის ოცი წლის განმავლობაში რატომ უნდა უჭერდეს მხარს ამერიკა და ევროპა? ამერიკა-ევროპის მიერ თავსმოხვეული კადრები ჩვენი მტრობის მეტს არაფერს აკეთებენ. ე.წ. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი წინამორბედი, მანქურთი უჩა ნანუაშვილი მოსწონთ კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, იმიტომ, რომ იდგნენ და დგანან მათი მითითებების სადარაჯოზე. ეს პირები ხომ მათი მოთხოვნით დაინიშნენ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

ჩვენ გლობალურ პანდემიას მოვიშორებთ, მაგრამ მათი “წყალობით” მიშა მოუშორებელი ვირუსად იქცა. მიშა, რომელიც ოფიციალურ მიღებაზე გამოცხადდა ნასკებში ჩატენილი შარვლით, შარვალიც უკუღმა ეცვა და ტრიბუნასთან იჯგიმებოდა. ეს კადრები მსოფლიომ იხილა. მიხეილ სააკაშვილს საღორესაც ვერ ანდობ, უცხოელმა “კეთილისმსურველებმა” კი ქვეყნის მმართველად დაგვასვეს თავზე და ახლაც ანალოგიურის გამეორებას ცდილობენ.

ომარ მარგველაშვილი

P.S. ჩვენს მადლიან მიწაზე მოწეულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს იშვიათად იხილავთ ბაზარში ან სუპერმარკეტში. ამას წინათ ვნახე, რვა სახის ყურძენი იყიდებოდა. გამყიდველმა მითხრა, _ ბატონო, რვავე სომხეთიდან არის ჩამოტანილიო. გავოცდი. სირცხვილია, რომ ეს ხდება ვაზისა და ღვინის ქვეყანაში. ვინც შრომობს, ბაზარზეც ის უნდა ბატონობდეს. ზვრებში, ყანებში, ბაღებში, მინდვრებში რომ იშრომონ, ვინღა ივლის გაუთავებელ და დაუმთავრებელ, შემაღონებელ მიტინგებსა და აქციებზე?! ცხოვრებაგავლილი კაცი ვარ, რა არ გამიგია, მაგრამ საყოველთაო შიმშილი, ისიც 6 თუ 8 წლის განმავლობაში, ღმერთმანი, არ მსმენია.

ბატონმა ნოდარ ჭითინავამ, აღიარებულმა მეცნიერმა, წარმატებულმა და ცნობილმა სამეურნო ხელმძღვანელმა, გამოცდილმა ეკონომისტმა, დოქტორმა, პროფესორმა, ღირსეულმა პიროვნებამ ამას წინათ გამომიგზავნა თავისი ახალი არაჩვეულებრივი წიგნინაშრომი, წლების განმავლობაში ნაჯაფარი: “საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები”. ვურჩევ ყველას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი სამშობლოს წინსვლით, ეკონომიკური სიძლიერით, ქვეყნის განვითარებით, აუცილებლად დაკვირვებით წაიკითხოს ეს ღრმად მეცნიერული წიგნი, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში, თავისი დატვირთვით, სტრუქტურით, მოცულობითა და დახვეწილი მოსაზრებებით. მადლობა ბატონ ნოდარს!

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here