ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. «ნაციონალური მოძრაობის» ურემი თითქოს გადაბრუნდა, მათ ახლა აღარც პრეზიდენტი ჰყავთ, აღარც მთავრობა და აღარც საპარლამენტო უმრავლესობა, მაგრამ, სამწუხაროდ, გზა მაინც არ გამოჩნდა…
საქმე ისაა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხალხს რომ ეგონა, სააკაშვილის პოლიტიკური ურემი გადაბრუნდაო, არ გადაბრუნებულა. იმ ურემზე «ქართული ოცნებაც» შემოჯდა და «ნაციონალური მოძრაობა» ოდნავ შეავიწროვა. სულ ეს არის. სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა, ისინი ერთად განაგრძობენ სვლას ნატოსა და დასავლეთის აღთქმული ბედნიერებისკენ.
«ქართული ოცნება» გაიძახოდა, რომ კოაბიტაცია 27 ოქტომბრის არჩევნებით დასრულდებაო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ნამდვილი კოაბიტაცია ახლა იწყება. ისე გახარებული «ნაციონალები», როგორიც 27 ოქტომბერს ეგზითპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ ვნახეთ, ორი წელიწადია, არ გვინახავს. მათ მთავარი ოპოზიციური ძალის მანდატი უბოძეს და ხელშეუხებლობის გარანტიაც მიართვეს.
ქართულ პარლამენტში აშკარა დისბალანსია. პარლამენტი უზურპირებულია პროდასავლური ძალის მიერ, რომელიც მოსაჩვენებლად არის გაყოფილი ორ ნაწილად _ «ქართულ ოცნებად» და «ნაციონალებად». სინამდვილეში ისინი ერთნი არიან და მათ შორის არავითარი იდეოლოგიურ–მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება არ არსებობს. თუ არის დაპირისპირება, ის მხოლოდ პიროვნული შეუთავსებლობისა და ურთიერთსიძულვილის დონეს არ სცილდება, რის დაძლევასაც ისინი ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლისა და კარგი ცხოვრების ხათრით უთუოდ შეეცდებიან. ამიტომაც ვამბობ, ნამდვილი კოაბიტაცია ახლა დაიწყო-მეთქი. მათთან ერთად კოაბიტაციაში იმყოფებიან მედიასაშუალებათა მათ მიერვე უზურპირებული დიდი ნაწილი, რომელიც დაკავებულია მათი მონაწილეობით სხვადასხვა სახის შოუგადაცემის მოწყობით, სადაც ისინი ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ძალებად არიან წარმოჩენილნი და ამით დემოკრატიის ილუზიას ქმნიან.
მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი აშკარად გრძნობს (მომავალში უფრო იგრძნობს), რა მწარედ (ეს უკვე მერამდენედ) მოატყუეს და იგრძნობს იმ პოლიტიკურ დისბალანსსაც, რომელიც პარლამენტში არსებობს. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები (სამოცი პროცენტი მარგველაშვილს, ოცი პროცენტი ბაქრაძეს) ბაჯაღლო ჭეშმარიტებადაც რომ მივიჩნიოთ, სად არის დანარჩენი ოცი პროცენტის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გამომხატველი ძალა? ან სად არის არჩევნებში არმისული ნახევარზე მეტი ელექტორატის პოლიტიკური ნების გამომხატველი ძალა? ან სად არის თუნდაც ნინო ბურჯანაძისთვის ხმის მიმცემი ათი პროცენტის პოლიტიკური განწყობილების შესაბამისი ძალა? ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს? ვინ იტყვის მათ სათქმელს? ცხადია, არავინ! ამიტომ ეს დისბალანსი უნდა გასწორდეს. ეს მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით იქნება შესაძლებელი. დემოკრატია ამას ნიშნავს. დემოკრატიის თამაში არ არის დემოკრატია. დემოკრატიას «ნაციონალური მოძრაობაც» თამაშობდა, მაგრამ რა დემოკრატიაც გვქონდა, შესანიშნავად ვიცით. «ქართული ოცნებისთვისაც» დემოკრატია ის ფარსი თუა, რომელიც მხოლოდ უნდა ითამაშოს, ხალხი ამას ძალიან მალე მიხვდება და უკმაყოფილების მძლავრი ტალღაც არ დააყოვნებს. ასეთ შემთხვევაში «ქართული ოცნებაც» იმ ანტიდემოკრატიულ ძალად მოგვევლინება, რომელიც «ნაციონალურ მოძრაობასთან» ერთად ხელისუფლების უზურპაციას ახდენს.
«ნაციონალურ მოძრაობასთან» ღრმა კოაბიტაციაში შესული «ქართული ოცნება» რუსეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ შეძლებს, აქედან გამომდინარე, ვერც საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას და, რაც მთავარია, ვერც იმ გზის პოვნას შეძლებს, რომელიც ჩიხში მოქცეულ ქვეყანას მდგომარეობიდან გამოიყვანს.
ისე ხდება, რომ ქართულ სინამდვილეში ანდაზებიც კი ყალბად გამოიყურებიან. ურემი თითქოს გადაბრუნდა, მაგრამ გზა, ჩვენდა სამწუხაროდ, არ გამოჩნდა!
ვალერი კვარაცხელია
იმიტომ, რომ სათავეში კვლავ ის არის, რომლის მითითებებით გადააბრუნა ურემი…