“ქვეყნის მკურნალნი” _ ამ ეპითეტით მოიხსენიებს ილია ხელისუფლების წარმომადგენლებს და სისტემის უნიათობაზე საუბრობს. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რას იტყოდა ერის მამა დღეს…
ალბათ, იმავეს, რაც თქვა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ:
“ბევრს წყალს ჩაუვლია ქვეყანაზედ, მაგრამ, გვგონია, ადამიანს ბევრჯელ არ ენახოს ამისთანა გამოურკვეველი ყოფა… ერთობ გულდაწყვეტილია ყველა, ძალღონე–მიხდილია, მოდუნებული. ჰაერი გარშემო დახშულია, ადამიანს სული უგუბდება, სული გვამში ვეღარ მოუტრიალებია, სულით და გულით დახუთულია, გონებით დალაბრებული, გრძნობით მიცვეთილი. თითქო მთელს აგებულებაში ტყვია ჩაუსხამთო, ისე დამძიმებული, გულდაწყვეტილია დღეს ადამიანი. ადამიანს რაღაცა ჰწყურიან, რაღაცა ჰშიან, რაღაცას ეტანება მთელის თავის არსებითა, მაგრამ… მისაწვდომს ვერ მისწვდომია. გვიჭყეტია თვალები და თავ–გაბრუებულები შევყურებთ ხვალინდელს დღესა. რა იმედით? რა ნუგეშით? არვინ იცის. ეს კი ვიცით ყველამ, რომ გუშინდელი ყველას მოსწყინდა, დღევანდელი ყველას შესძაგდა და, თუ დაგვრჩა რამე ნიშნად სიცოცხლისა, სულდგმულობისა, ეგ ხვალინდელის ლოდინია”
(შინაური მიმოხილვა, 1881 წელი, სექტემბერი).
იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. ეტყობა, სისხლში გვაქვს ქართველებს ის, რომ “სულ ველით, რაღაცას ველით გამსუნაგებით”, “ეგ ლოდინია საყოველთაო სატკივარი დღევანდელის დღისა, ეგ ლოდინია ის ახალი სენი, რომელიც დიდსა თუ პატარას დღეს აგებულებაში ჩასდგომია და რომელიც ყოველს საქმეში, ყოველს შემთხვევაში გვათქმევინებს ხოლმე: ვინ იცის, ხვალ რა იქნებაო” (შინაური მიმოხილვა, 1881 წელი, სექტემბერი).
ილია ყოველთვის პირუთვნელი და სიმართლისთვის თვალის გამსწორებელი გახლდათ, არც მხილებას ერიდებოდა და არც პირში თქმას, რაც ნათლად ჩანს მის შემოქმედებაში. წლებია, თაობები ვეცნობით მის თვალსაზრისებს ერისთვის საჭირბოროტო ამა თუ იმ საკითხზე, ვიჩემებთ კიდეც, ილიას გზას მივუყვებითო, მაგრამ რეალურად ამ გზას კარგა გვარიანად აცდენილნი ვართ. ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ “ჯერ-ხანად არ ვიცით, საზოგადო საქმეს როგორ მივცეთ მხარი, როგორ მოვუაროთ, როგორ ვუპატრონოთ”.
რატომ?
რა გვიშლის ხელს?
ამის პასუხი ისევ დიდი ილიას ნააზრევშია:
“ჩვენ, ქართველებს, ერთი საკვირველი ხასიათი გვჭირს. რაც უნდა მძიმე და რთული საგანი იყოს, რაკი კბილზედ მოვიგდეთ, რაკი დრომ, თუ სურვილმა, ხელი ჩაგვაკიდებინა, ვალად იმას კი არა ვრაცხთ, საქმეს თირკმელები მოვუჩხრიკოთ, შიგნეულობა გამოვუწლათ, ცუდისა და კარგის მიზეზი ზედმიწევნით შევუტყოთ და შესაფერი წამალი მოვუნახოთ, არამედ იმასა ვცდილობთ, რომ საქმეს ზედაპირზედ ავუცურდეთ, ავუსხლტეთ და იმისთანა წამალზედ მივუშვიროთ ხელი, რომელიც ყველას ყოველთვის თვალ–წინა აქვს, ფეხ–ქვეშ უგორავს. და რომელსაც თუ არა ხმარობენ, მარტო იმ მიზეზით, რომ ის წამალი წამლად გამოსადეგი არ არის და მაჩვენებელს კი ჰგონია _ გამოცანა მარტო მე მერგებაო.
უყურებთ და გიკვირთ ამისთანა მოქმედება, თითქო ეს ამოდენა კორიანტელი მარტო იმისათვის აუყენებიათო, რომ ქვეყანას დაანახვონ: აი, საქმე რა ადვილი მოსავლელია და მის გამგებელთ იმოდენა ჭკუა და მოხერხება არა აქვთ, რომ მოუარონო. არ ვიცით, ამით საქმეს შველიან რასმე, თუ არა. ეს კი ვიცით, რომ მაყურებელნი, თუ მსმენელნი, სტყუვდებიან და არც შეიძლება არ მოსტყუვდენ. მართლადაც, არ-მცოდნეს რომ მძიმე საქმე გაუმჩატო, მჩატე ეგონება. აშკარაა, იფიქრებს, რომ ვისაც ის საქმე ზურგთა ჰკიდია, ტყუილად წელში იხრება, ტყვიის მაგიერ ბუმბული წამოუკიდნია და ხვნეშის კიო.
მძიმე და რთული საქმე იმიტომ არის მძიმე და რთული, რომ ვერც ავის წამალი აქვს ადვილად საპოვნელი და ვერც კარგისა. პირიქით რომ იყოს, ქვეყანაზედ ხომ არც მძიმე საქმე იქნებოდა, არც რთული. მაგრამ რაკი მცოდნე კაცის სახეს მიიღებ, ბრძნულად შეიკრავ წარბებს და ფიცით გაიჭაჭები, რომ ავკარგიანობის მიზეზი თვალ–წინ არის წამოჩხირულიო, წამალიც ცხვირ–წინ არისო, მარტო დაწვდომა და მიწოდება–ღა უნდაო, მაშინ ამისი მთქმელი გულდაჯერებული უნდა იყოს, რომ იგინი, ვის ხელთაც არის საწამლებელი საქმე, ან ბრმანი არიან, რადგანაც ცხვირ–წინაც ვერა ჰხედავენ, ანუ ყოვლად სულელნი, რადგანაც ვერა სცნობენო, ანუ კიდევ თითონ საქმის მტრები არიანო, რადგანაც ჰხედვენ კიდეც, სცნობენ კიდეც და წამლად არა ხმარობენო”.
ასეთ საქციელს ილია “აღვირმიშვებულს” უწოდებს და წუხს, რომ ისე ხშირია ჩვენში, შეუძლებელია, კაცმა ყურადღება რომ არ მიაქციოსო და დასძენს: “არ ვიცი, რათა გვგონია ხოლმე ბრმანი და სულელნი ყოველნი ისინი, ვისზედაც ლაპარაკის ჟინი მოგვივა, ანუ ვისაც დრო და ჟამი საკამათოდ პირში მოგვცემს ხოლმე” (შინაური მიმოხილვა, 1883 წელი, ნოემბერი).
ესეც ჩვენი ხასიათი.
ხალხი “ბრმანი და სულელნი” რომ ჰგონიათ დღეს ვაიპოლიტიკოსებს, “ოქროს სარაიას” რომ გვპირდებიან და მხარდაჭერის სანაცვლოდ დროდადრო დიდი პათოსით ისეთ რაღაცებს წამოროშავენ, ვერც კი წარმოიდგენ, თუ რომელიმე ჭკუათმყოფელი დაიჯერებს და სერიოზულად მოეკიდება, მაგრამ არც მთლად ასე ყოფილა საქმე _ ტვინების გამორეცხვის მეთოდმა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში განათლების სისტემის დაკნინებით ბრწყინვალედ ხორციელდება, შედეგი გამოიღო.
ვისაც ოჯახში ერთი სკოლის მოსწავლე მაინც ჰყავს, ამაში უდავოდ დამეთანხმება…
მასწავლებლებიც, რომლებსაც სამსახურის დაკარგვის შიშით პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.
სჯობს, აქ ის ვიკითხოთ, რატომ კეთდება ეს.
აი რატომ:
* “ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია”.
* “კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გალესილია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს”.
* “მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონედ მარტო ცოდნა და განათლებაა”.
* “სწავლა-განათლება თვითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ”.
* “სწავლა, ცოდნა, მეცნიერება ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე”.
* “სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავლის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავალის თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქმნება”.
* “განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს”.
რაკი ასეა და ასეა უდავოდ, “მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი”!
რადგან
“ხალხი, ფეხზე წამომდგარი, უფრო უკეთესი ღონეა სახელმწიფოსათვის, ვიდრე დავრდომილი და სულით და ხორცით გათახსირებული; მარტო გულმოგებული და ფეხგამაგრებული ხალხი უშრეტი წყაროა სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა” (1879 წ. “ვის ნათესსა ვმკით”).
და კიდევ: “ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი _ აწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერების იმედისა ამაშია და სხვა არაფერში. ამ იმედით, რომ ხვალე უკეთესი უნდა იქმნას, გულს იმხნევებს ამ დღევანდელის დღის ვაი–ვაგლახით და ნაცარ–ტუტით ტანში მოხრილი ადამიანი. ხვალე არ უნდა ჰგვანდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია… ნუ ვიკმარებთ მას, რაც დღეს არის!”
“თუ ის დევ-გმირნი, რომელთ საქმენი სწორედ რომ დაუჯერებელნი არიან, ამბობდნენ, რომ ის ურჩევნია მამულსაო, რომ ჩვენი შვილები ჩვენა გვჯობდნენო, ჩვენ რაღა გვეთქმის, ჩვენ, რომელნიც იმათ წინაშე ქონდრის-კაცებად თუ ჩავითვლებით!..” (შინაური მიმოხილვა, 1882 წელი, სექტემბერი).
P.S. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ ერთ–ერთ თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ ბოლო დროის კოსმოპოლიტური იდეების მქადაგებლები დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედ რომ ყველას სიყვარულს გულისხმობს:
“მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი ნიშნავს ოჯახის წევრებს და ახლობელთა ვიწრო წრეს. მოზრდილი ადამიანისთვის თავისი ქვეყანა და ხალხი ავსებს “მოყვასის” სივრცეს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ–მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. თავისი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულიად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურების აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას”.
კოსმოპოლიტების შეცდომა სწორედ ის არის, რომ ისინი მესამე საფეხურს მეორის გარეშე მოიაზრებენ და არაჯანსაღი, უშინაარსო, უსულო საზოგადოების შექმნისკენ უბიძგებენ ადამიანებს.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე