პეტერბურგელ ჟურნალისტს, ელენე პრუდნიკოვას, დაწერილი აქვს წიგნი “Иосиф Джугашвили, самый человечный человек. Сосо из Гори” _ “იოსებ ჯუღაშვილი, ყველაზე ადამიანური ადამიანი. სოსო გორიდან”. ელენე პრუდნიკოვა მკითხველს მოუთხრობს იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც შეიცავს როგორც სიმართლეს, ასევე სიცრუესაც.
ელენე პრუდნიკოვას, ეტყობა, არ უცხოვრია საქართველოში. ის წერს, რომ “ჩვენი საერთო უცოდინარობის გამო ყვითელი პრესა და მწერლები აბრიყვებენ (дурачат _ ე.უ.) ჩვენი ქვეყნის ადამიანთა უმრავლესობას, სტალინის საშინელი დანაშაულების შესახებ”. თვითონ პრუდნიკივა, ძირითადად, სიმართლეს წერს სტალინზე, მაგრამ მისი ცხოვრებიდან მოყვანილი არაერთი ეპიზოდი სიცრუეს რომ შეიცავს, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს სიმართლის მცოდნე მკითხველზე.
ელენე პრუდნიკოვა წერს: “გორი პატარა ქალაქია, მაგრამ მდიდარია თავისი ისტორიით. იგი ძველად ქართლის დედაქალაქი იყო” (გვ. 16). პრუდნიკოვამ არ იცის, რომ ძველად ქართლის დედაქალაქი იყო მცხეთა. პრუდნიკოვა არ არის მართალი, როდესაც წერს: “გორში მეტწილად სომხები ცხოვრობდნენ” (გვ. 13). წიგნში ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებიც გვხვდება. მაგალითად: “ჯანმრთელობის მხრივ ბიჭი (სოსო) სუსტი იყო” (გვ. 25). “ის (სოსო) იყო ღონიერი” (გვ. 25).
იოსებ ჯუღაშვილის მამას, ბესარიონს, ავტორი, როგორც ბევრი ანტისტალინელი, უარყოფითად წარმოსახავს. ვითომც ბესარიონი იყო ლოთი, ცოლ-შვილს ეჩხუბებოდა და სცემდა. იგი წერს: “ერთხელ ათი წლის სოსო მოწმე გახდა მშობლების ჩხუბისა. დანით ხელში მივარდა მამას, რის შემდეგ მეზობლებთან იმალებოდა” (გვ. 20), მაგრამ განა თვით სტალინს არ უნდა დევუჯეროთ? როდესაც გერმანელმა მწერალმა ემილ ლუდვიგმა 1931 წელს ჰკითხა სტალინს: “რამ გაიძულათ, ოპოზიციურ გზას დადგომოდით? ეგებ თქვენი მშობლები ცუდად გეპყრობოდნენ?” _ სტალინმა უპასუხა: “არა, ჩემი მშობლები იყვნენ გაუნათლებლები, მაგრამ ცუდად არ მექცეოდნენ”. ასე წერია სტალინის თხულებათა (ქართულ ენაზე) მე-13 ტომის 119-ე გვერდზე (გამომცემლობა “სახელგამი”, თბილისი, 1952 წ.), ამიტომ უნდა დავუჯეროთ სტალინს, მართალ ადამიანს.
პრუდნიკოვა წერს: “იოსებმა გადაწყვიტა, არ ჩაებარებინა მეხუთე კლასის გამოცდები და 1899 წლის ზაფხულში იგი დაითხოვეს სემინარიიდან” (გვ. 36), მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტალინი სემინარიიდან გარიცხეს მარქსიზმის პროპაგანდისთვის, რაც თავის ავტობიოგრაფიაში აღნიშნა.
“1904 წლის იანვარში თბილისში გაიმართა პირველი მასობრივი დემონსტრაცია, რომელიც გრანდიოზული ჩხუბით დასრულდა” (გვ. 41). სინამდვილეში თბილისში პირველი მასობრივი დემონსტრაცია მოხდა 1901 წლის 22 აპრილს (“საქართველოს ისტორიის ნარკვევები”, ტომი IV, გვ. 59).
“თბილისის სოციალ–დემოკრატები ტერორის გზას დაადგნენ. მათ სიკვდილი მიუსაჯეს კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბის გენერალ–მაიორ გრიაზნოვს”. 1906 წლის 16 იანვარს გენერალი გრიაზნოვი მოკლა ანარქისტმა არსენა ჯორჯიაშვილმა. კობა, ანუ იოსებ ჯუღაშვილი 1906 წელს უკვე ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო. ტერორისტულ აქტებს ბოლშევიკები გმობდნენ. ეს საყოველთაოდ იყო ცნობილი. ბოლშევიკებს ამ ტერორისტულ აქტში მონაწილეობა რომ არ მიუღიათ, ადასტურებს ისიც, რომ ვლადიმერ ლენინმა, ბოლშევიკების წინამძღოლმა, მას შემდეგ რაც მისმა უფროსმა ძმამ, ალექსანდრემ, მონაწილეობა მიიღო მეფე ალექსანდრე III-ზე თავდასხმაში, მტკიცედ განაცხადა: “ჩვენ წავალთ სხვა გზით”, ანუ რევოლუციის გზით დავამხობთ ცარიზმსო.
ასეთია ფაქტები.
ელენე პრუდნიკოვა არ არის მართალი, როცა წერს, რომ კობას თაოსნობით სოციალ–დემოკრატები ძარცვავდნენ ფოსტებს, სალაროებს და ამას შემოკლებით უწოდებდნენ “ექსპროს”, ანუ ექსპროპრიაციას. სინამდვილეში სიმონ ტერ–პეტროსიანმა (სტალინმა მას კამო დაარქვა) მხოლოდ ერთხელ გაძარცვა ეტლი, რომელსაც მიჰქონდა ბანკის ფული, რისთვისაც დააპატიმრეს. ასე რომ, კამოს მიერ პარტიისთვის მოპოვებული 350 ათასი მანეთი ბოლშევიკების საქმიანობას ვერ მოხმარდა.
საკვირველია, ელენე პრუდნიკოვა აქებს სტალინს, ბოლშევიკს და ამასთანავე შეურაცხყოფს ბოლშევიკებს: “ბოლოს და ბოლოს, რას კარგავდნენ ბოლშევიკები, თუ რევოლუციას ვერ მოახდენდნენ, შეიძლებოდა, დაბრუნებულიყვნენ ჟენევაში და ხელახლა დაეწყოთ რევოლუციისთვის მზადება. ამისათვის არ უნდა ჰქონოდათ პასუხისმგებლობის განცდა. ბოლშევიკებს არ ჰქონდათ პასუხისმგებლობის განცდა, ამიტომ მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, რომ არ გააჩნდათ პასუხისმგებლობის განცდა, ამიტომაც იყვნენ უშიშარნი” (გვ.133). ელენე პრუდნიკოვა იმასაც წერს, ბოლშევიკები (მაშასადამე, სტალინიც) ავანტიურისტები იყვნენო.
აი ასეთ საოცარ წინააღმდეგობებს ვხვდებით პრუდნიკოვას წიგნში, რომელშიც სტალინს ყველაზე ადამიანურ ადამიანს უწოდებს, ამასთანავე ბრალს სდებს, თითქოს შემოიღო ადამიანების წამება (გვ. 210).
ჩემი აზრით, ისეთი წიგნები, როგორიც არის ელენე პრუდნიკოვას “იოსებ ჯუღაშვილი, ყველაზე ადამიანური ადამიანი”, რომელშიც სიმართლე გადახლართულია სიცრუესთან, ისევე დასაგმობია, როგორც ის წიგნები, რომლებშიც მხოლოდ სიცრუე წერია იოსებ სტალინზე, ამ მართლაც ყველაზე ადამიანურ ადამიანზე.
ეთერ უთურგაშვილი