“ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს?
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი?!
სჯობს, რომ არ გქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!”
ტიციან ტაბიძე
პოეტი, მთარგმნელი, ფერმწერი, ხელოვნებათმცოდნე, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და ქვეყნის მიწისქვეშეთის, მღვიმე–გამოქვაბულთა მკვლევარი, გამოჩენილ მთამსვლელ ჯაფარიძეთა შთამომავალი იმერი ხრეველი _ სიმონ ჯაფარიძე 80 წლისაა. დაიბადა ქალაქ ჭიათურაში 1941 წლის 26 ნოემბერს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ხელოვნების ფაკულტეტები.
სტუდენტობიდან მოყოლებული კვლევითი, შემოქმედებითი და ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩეოდა. მოძიებული და ჩაწერილი აქვს მრავალფეროვანი პოეტური და მუსიკალურ-ფოლკლორული მასალა, რომლებიც შესულია ქართული ზეპირსიტყვიერების მრავალტომეულში. არის ჟურნალ “არმაღანის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, არაერთი მეცნიერული თუ ლიტერატურული წიგნის გამომცემელ-რედაქტორი და ათი წიგნის ავტორი, მათ შორის შვიდი ორიგინალური ნაწარმოებია, სამი თარგმანი _ ბულგარული ხალხური პოეზია და ჰაინრიხ ჰაინეს ორტომეული (ზურაბ აბაშიძესთან ერთად შესრულებული).
ჩვენი იუბილარი სხვადასხვა პერიოდში გახლდათ დედაქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს მხატვრული გაფორმების კომბინატის, შემდეგ საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი. მისი თაოსნობით განხორციელდა რამდენიმე ექსპედიცია, გადაღებულია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, “დედაენის მედალი” და “ხატი”, აკაკის საიუბილეო და ქართულ-ბულგარული კულტურის დეკადა (საჩხერე-ჭიათურა, 1990), “გადარჩენილი სიმღერა” (ტყიბული, 1998) “რგანის ღვთისმშობლის ხატის აღდგენა-დაბრუნება” (თბილისი-ჭიათურა, 1995-2010). ძმასთან, სახელოვან მეცნიერ და მწერალ ივანე ჯაფარიძესთან ერთად, მშობლიურ სოფელ ხრეითში, მამაპაპისეულ სახლში დააარსა მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური მუზეუმი.
იმერი ხრეველი მრავალმხრივი ინტელექტუალია. საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი “გიორგი” წარმოგიდგენთ მის მხოლოდ რამდენიმე მიღწევას, რომლებიც, დარწმუნებული ვართ, ფართო საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება.
I-II. 1991 და 2002 გრაფიკულად გაწონასწორებულ წელიწადს, რომელთა მსგავსი თარიღები _ 2992 და 3003 _ ერთმანეთის გვერდით მხოლოდ ათასი წლის შემდეგ დადგება, სიმონ ჯაფარიძემ იმერი ხრეველის ფსევდონიმით გამოსცა ორი პალინდრომული წიგნი _ “ორდარა დრო” და “უკუთქმანი”. ორივეგან ყველა ნაწარმოები ორმხრივად, როგორც მარცხნიდან მარჯვნივ, ისე მარჯვნიდან მარცხნივ, ერთნაირად ასო-ასო იკითხება. ასე გაჩნდა ქართულ ლიტერატურაში 223 უჩვეულო ლექსი და დამკვიდრდა ამ მოვლენის გამომხატველი ტერმინი “უკუთქმანი”. მსოფლიოში “არც ერთ სხვა ენაზე არ შექმნილა წიგნი, ასეთი უჩვეულო ფორმით რომ მიეტანოს აზრი მკითხველამდე!” ასე აფასებენ პოეტის ფენომენურ მიღწევას აღნიშნული წიგნების რეცენზენტები თუ გამომცემელ-რედაქტორები: ზურაბ ასკანელი, ლევან ბრეგაძე, მაია გოგიშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, ია შენგელია…
III. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეტანილია არაერთი ქართული რეკორდი. მათ შორისაა 8 თანხმოვნიანი სიტყვა “გვფრცქვნის”, რომელიც მსოფლიოში აღრიცხულ 5445 ენას შორის (ბიბლიის ლექსიკონის ცნობა) თანხმოვანთა მიჯრითი რაოდენობის მიხედვით სწორუპოვარია. ბატონმა სიმონმა ერთხელ კიდევ მიმოიხილა ქართული ენის მდიდარი ლექსიკა, ქართული პოეზიის შესაძლებლობანი და იპოვა იშვიათი, მიჯრით 10-თანხმოვანშეწყობილი ქართული სიტყვა “განჰგვბრდღვნის”, მოხსნა წინა რეკორდი და გინესის დირექციას შესთავაზა ქართული ფენომენის ახალი ნიმუში.
IV. “განდეგილი” და “ბეთლემის ლეგენდა” არის დედამიწის ზურგზე ზღვის დონიდან უმაღლესი მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსისა და ილია ჭავჭავაძის პოემა “განდეგილის” სამყოფელი გამოქვაბულის _ მყინვარწვერის წმინდა ადგილის ვრცელი გამოკვლევა, რომლის საჟურნალო ვარიანტი ალმანახ “საგურამოში” დაიბეჭდა.
V. გრიგოლ ორბელიანით დაწყებული (1865), დღემდე გოეთეს ერთი ლექსი-შედევრი “მწუხრის მგზავრული” საქართველოში 80-ზე მეტი თარგმანითაა გამორჩეული. მათ შორის სამი ბატონ სიმონს ეკუთვნის.
VI. დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების (1840) 170 და “დედა ენის” პირველი გამოცემის (1876) 135 წლისთავის აღსანიშნავად ჩვენმა იუბილარმა დახატა სიმბოლური ემბლემა-მედალიონი, ანუ კომპლექსურად წარმოგვიდგინა ვიზუალური პოეზიის ნიმუში _ მსოფლიოში უმცირესი ვერსიფიკაციული პალინდრომი “აი ია”, რომლის საფუძველზე მოზაიკური ფერწერის დიდოსტატმა ნელი ბერაიამ შექმნა ძვირფასი ქვებით დამშვენებული იისა და ჯვრის, ღვთისმშობლისა და ქრისტეს, ხატი “ღვთიური კვადრატი”. ეს დიდებული ნაწარმოები დღეს სამების ტაძარშია დავანებული.
VII. ცნობილია, რომ კანფეტის სამშობლოა იტალია, მარმელადის _ საფრანგეთი, შოკოლადისა _ ესპანეთი.… ასეთ ვითარებაში სიმონის პროექტმა _ “ჩურჩხელადი, როგორც თანამედროვე შოკოლადის სადარი ბრენდი” (ოქტომბერი, 2011) ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ნომინაციაში “გამომგონებლები” დიდი მოწონება დამსახურა. ამასთანავე, გამოჩენილი ქართველი მევენახისა და მეღვინის, სოფელ გულგულას (თელავი) მკვიდრ სიმონ გიგიტელაშვილის მიერ დამზადებული გიგანტი _ მსოფლიო სარეკორდო ჩურჩხელის კვალდაკვალ ქვეყანას შესთავაზა ვაზის სამშობლო საქართველოში (გოდერძის უღელტეხილის მიდამოები) აღმოჩენილი 15 მილიონი წლის გაქვავებული ვაზის ღეროს სადიდებელი სარეკორდო “ჩურჩხელადი” _ სიგრძე _ 15 მ, სისქე _ 1,5 სმ.
კავშირ “გიორგის” მეცადინეობით, გამოსაცემად მზადდება ორენოვანი (ქართულ–ინგლისური) სახალისო ენციკლოპედია “საქართველო _ ოქროს საწმისის ქვეყანა”. ილუსტრირებულ ერთტომეულში თავს მოიყრის ყველა ქართული მიღწევა, მოვლენა და ფენომენი, რომელთა მონაცემები მსოფლიოში არსებულს უტოლდება ან აღემატება.
სიმონ ჯაფარიძე აღნიშნული გამოცემის ერთ-ერთი გმირია; ამასთანავე, არის კავშირ “გიორგის” ყველა მნიშვნელოვანი პროექტის თანაორგანიზატორი და რედაქტორი. 93 წლის პროფესორი, გერმანისტი ზურაბ აბაშიძე, რომელიც მისი თანამოაზრე და თანამოკალმეა, წერს: “მარად მედინი დრო თავბრუდამხვევი სიჩქარით მიქრის და აგერ ჩვენი სიმონი 80 წლის გახდა. იგი აღორძინების ეპოქის მოღვაწეთა მსგავსი მრავალმხრივობით გამოირჩევა; მოხდა ისე, რომ ჩვენ გვიან გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ამჟამად გვაქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა. 2018 წელს გამოიცა სიმონისა და ჩემ მიერ თარგმნილი ჰაინრიხ ჰაინეს ლექსების ორტომეული…
მინდა მას შევკადრო და მის მიერ ჩემდამი მოძღვნილი ლექსის სტრიქონები მივართვა მასვე:
“ზემოდან უმზერს სამზერეთს, ედემს უცქერს და ოცდება, _
ზეციდან ტუჩმიუდებლად ეტრფის მზე და იკოცნება…
ზღვის ზედაპირი უთვალავ სხივს რომ ირეკლავს სარკეში,
ზღვაზე უზღვავეს განძს ეძებს სიტყვების სარკოფაგებში!”
სიმონმა დღემდე შემოინახა ხალისი, იუმორი, შემოქმედებითი გზნება და მე ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, სიკეთეს და თავისი უამრავი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელებას”.
იუბილარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არის პიროვნება, რომელმაც ერთბაშად დაკარგა მხედველობა, მაგრამ ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. მესამე წელია, პენსიონერთა პანსიონატ “მუხრანის სავანეში” იმყოფება და უჩვეულო შემოქმედებით შრომას ეწევა. შედეგიც აშკარაა. გამოსაცემად მომზადებული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის ეპოპეა “ქება ქართული ვაზისა”, რომლიდანაც ჭაშნიკად რამდენიმე ათეულ სტროფს გთავაზობთ.
ქება ქართული ვაზისა
I
დედამიწა ვიდრე ბრუნავს,
ვიდრე ღვინო იწურება,
ქართველ კაცს არ მოსწყინდება
საოცარი ვაზის ქება.
ალვის ხესთან შედარებით
ვაზი მართლაც დაბალია,
კაცისა და ქვეყნის ბედი
ჩვენს მაცხოვარს აბარია.
ვაზო, ნაზო და ლამაზო,
დრო რომ გიდგას ყვავილობის,
ვერც სამოთხე შეგედრება,
ვერც ბაღები ბაბილონის.
ნაწვიმარ ცას მზე რომ უმზერს,
ცისარტყელა იბადება,
ვაზის ყვავილს უხარია,
მზის სხივით რომ მიწა თბება.
შენ ინახავ საიდუმლოს
ნაომარი ველებისა,
ხარ ბრძოლებში დაცემულთა
ხმად ხმოვნის და ხსენებისა.
სიკეთე რომ სიბრძნეს წერდა,
ბოროტება ნაწერს შლიდა.
დღემდე თუმც ამაოდ დაშვრა,
ვერ იქნა და ვერ დამშვიდდა.
ათასჯერ გადაბუგული,
გადამწვარ-გადანადაგი
ვენახი მაინც ვენახობს
და ქვევრებს გვივსებს ბადაგით.
II
არასდროს არ მომწყინდება
მზერა ზვრის და მზერა ვაზის.
მარად დღეა მზერა მზისა
მზვერავი ამ სილამაზის.
მიწა ფესვებს ასაზრდოებს,
მზე ეღვრება სხივად ვაზებს,
მტევანშია თავმოყრილი
ცის და მიწის სილამაზე.
ვაზზე მწიფე მტევნის მარცვლებს
სხივის ათინათი ანთებს,
როგორც საპატარძლოს ყელზე
უხვად ასხმულ ბრილიანტებს.
შემოდგომის ქარი დაქრის
და ვაზებთან უვლის დავლურს,
მზეც ხანდახან იჭიატებს,
ზვარს რომ თვალი გადაავლოს.
როგორც ვაზის წვრილი ლერწი
ტკბილი ყურძნის მტევანს იჭერს,
ასე ლექსის ტაეპები
ასხივებენ მარგალიტებს.
შენი ლხინით რომ სხვა ხარობს,
შენც ხარობ სხვისი ლხინითა,
ვენახი მტევნით იცნობა,
ხე _ მსხმოიარე ხილითა.
მეზვრევ, ვაზების მოზარევ,
სამზერი გაგიმზიანდეს,
ზვარში ვაზები გიმრავლოს,
ერთიც არ დაგიზიანდეს.
III
ბევრჯერ მინახავს კახეთი,
არ დავიღლები ნახვითა,
ერთხელ სიზმარშიც ვიხილე
თავის პატარა კახითა.
ხე უმიწოდ რა ხე არის,
ნავი უწყლოდ რა ნავია,
რქაწითელი მეფე არის,
დედოფალი მანავია.
სადაც ბუხრის კვამლი ბოლავს,
სადაც მამლის ყივილია,
იქ ნამდვილად ლხინი ლხინობს
და ტკივილი ტკივილია.
ვაზს ეტრფიან სატირები,
მტევანში ზის ღვინის ხვითო,
ბახუსს ლაგამს თუ მოუშვებ,
შეიძლება აიწყვიტოს.
ღვინოს ორმაგი მსმელი ჰყავს
ლოთობისა და ლხინისა,
ცოტა სმა ხალისს მოგიტანს,
ბევრი _ სიწითლეს ცხვირისა.
ჰგავს ქართული ლხინის სუფრა
ზეცის მზიურ აგონიას,
აქ მართალთა განდიდება
ჩვენი გამონაგონია.
განჭვრეტის ნიჭი ჭკვიანს აქვს,
რეგვენთან ვერას გახდები,
ვაზო, მიწაზეც ვაზი ხარ
და ხეზეც, როცა მაღლდები.
ჩხუბი და აყალ-მაყალი
ვიცი რომ დასაძრახია,
მაგრამ ახია იმათზე,
ვინც ვაჟას გაულახია.
ყველა ენაზე მღერიან
“ციცინათელას”, “სულიკოს”,
მინდა, სულ გემღერებოდეთ,
ლხინის ხალისი სულ იყოს.
დასასრულ, ნება მიბოძეთ დავასახელო მადლიანი მამულიშვილები, რომელთა უანგარო თანადგომით ურთულეს წავარნებს ძლევენ და ფართო მკითხველ საზოგადოებამდე აღწევენ უსინათლო პოეტის გულითადი სტრიქონები. მათი სახელებია: ელენე აბაშიძე, ნინო არსენაშვილი, ზურაბ ასკანელი, ლევან ბრეგაძე, ირაკლი და ნატო ბრეგვაძეები, ნანა გოგრიჭიანი, ნაირა დოლიძე, გიორგი, ირაკლი და მეგი ვართაგავები, ქეთევან მგალობლიშვილი, დავით მორგოშია, მედეა მოსულიშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, გოჩა სოზიაშვილი, ლევან სოლოღაშვილი, თამარ ფარჩუკიძე, თამაზ ქვლივიძე, ზურაბ ქობალია, ნანა ცქიტიშვილი, ტიტე ხუხუა, ქეთევან ჯაფარიძე…
გვანჯი მანია,
ჟურნალისტი, კავშირ “გიორგის” თავმჯდომარე