Home რუბრიკები საზოგადოება “დაე, ცრემლები ხახვის ჭრისგან გვდიოდეს მხოლოდ”

“დაე, ცრემლები ხახვის ჭრისგან გვდიოდეს მხოლოდ”

2021 წლის 2 დეკემბერს გაბრიაძის თეატრში წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა _ სპექტაკლიალფრედი და ვიოლეტა”. ავტორი და დამდგმელი მხატვარი _ რეზო გაბრიაძე (ღმერთმა გაანათლოს მისი სული!), რეჟისორი _ ლეო გაბრიაძე (ღმერთმა ხელი მოუმართოს!)

მარიონეტების სცენის სიბნელეში, ავანსცენის თავზე გამონათდება ძველი თბილისის ხანდაზმული მოქალაქის ხატება.

თოჯინააო, ვერ ვიტყვი, თანაც მარიონეტი, იმდენად ადამიანურია და, წარმოიდგინეთ, ახლობელიც კი, რადგან წინაპრის ფესვების სურნელება მოჰყვება.

რეზო გაბრიაძეს ამ სასწაული წინამორბედისთვის პირველყოფილი გიდის მოვალეობის შესრულება დაუკისრებია. ისიც თავს არ ზოგავს და დიდი მონდომებით, დეტალურად აღგვიწერს მისდროინდელ თბილისს _ რეზოს დახატულს, საუკუნის წინანდელი, შეიძლება ცოტა უფრო ხანდაზმული თბილისის ქუჩაბანდებს, წაქცევაზე მყოფ, მომთვრალო, სხვადასხვა დროსა და ჟამს აგებულ, გასაცოდავებულ და ერთმანეთთან ასე დანათესავებულ სახლებს.

“ესეც უბნის მშვენება _ ჭიშკრები. ძველი, რევოლუციამდე ნაჭედი, 45 პროცენტით გადარჩენილი და ერთი ვერგადარჩენილის ქვედა ნაწილი, რომელიც განაგრძობს უკუღმა ბრუნვას.

მშვენიერების ნამდვილი გამოფენა, სამუზეუმო ან-ტი-კვარიატი.

შუაში, რა თქმა უნდა, წყლის კრანი, ყველასი და არავისი ერთდროულად. წყლიანიც და უწყლოც”.

და ამ ყველაფერს, რაც მოვისმინეთ, თურმე ერთი სახელი აქვს _ სახლი ნომერი 21, “აჩკო”, ბედნიერი რიცხვი. ამ სახლში მცხოვრები გოგოები შინაბერებად არ რჩებიან და, რაც მთავარია, ამ შენობას “ზევით აივანი ჰკიდია. პატარა, კანკალა”.

იქ დაიბადა და გაიზარდაო “მშვენიერი ვიოლეტა, ობოლი, უბნის მშვე-ნე-ბა, სილამაზის წყარო”. გარდაცვლილი დეიდის დანატოვარი “წითელკაბლუკიანი” ტუფლებით…

და წავიდააა!..

თანდათან შეიგრძნობ, როგორ ეხვევი რეზო გაბრიაძის გენიალური შემოქმედების ლირიკულ სითბოსა და განუმეორებლობაში. გულში გვიხუტებს ყოველდღიურობის გაუცხოებისგან გრძნობადაკარგულ ადამიანებს, რომლებსაც შორიდან გვიახლოვდება “ბაიათი სევდა-კაეშნისა, დაკარგული სიყვარულისა, უიმედო გრძნობისა, გარდაცვლილი სურვილებისა, წაშლილი საფლავებისა” (“გედევანიდან”) და დაიწყება ამ ძიაკაცის დაპირებული ძალიან, ძალიან საინტერესო სიუჟეტი, რომლის მსგავსი არც მთხრობელს გაუგია, არც სხვა ვინმეს ამ უბანში მცხოვრებს.

ლეო გაბრიაძე

უბნის ცენტრში ჩვენი, არცთუ ძალიან შორეული წარსულის ძეგლი _ “ვიოლეტას განსვენებული ბაბუის მანქანაა. ნაომარი, ნაშტიკარი, ორი ხუთწლედი ოთხ წელში ნამუშევარი. გალამაზებული კამელიებით”.

ცოტაც და აქაურობა “აივსება ამ უბნის ხულიგნებით, სვოი ბიჭებით და კუკუც მოვა _ ძაღლების ბელადი”, ირგვლივ კი დასტაევსკის გარდა “კრუგომ პუსტატაა”.

ამბის განვითარებას ფონად მიჰყვება ვერდის ოპერა “ტრავიატას” ღვთაებრივი მუსიკა, რომელშიც ერთხელ, სადღაც მეორე პლანზე ჩაერთვება თბილისის ბიზნესის წვრილფეხობის რეკლამა-შეძახილი: “ჯართს ვიბარებ, ჯაართს!”

ფონის ფონად.

თხრობა კი გრძელდება.

მე აქ ვსვამ წერტილს: გაბრიაძეების სპექტაკლის ხელიხელ საგოგმანებელ მარგალიტებს უშუალოდ რომ შეეხოთ და შუამავლის კარნახის გარეშე (“ეს არის ანი, ეს არის ბანი”) ისიამოვნოთ.

და შეიტყოთ: _ “კარლოს ბარაბასი (ყარაბას ბარაბასზე ბაზრობენ. _ ა.ს.), სიმონ, რომ არის, არა? მაგარი დამპალი ვინმეა! ბიჭო, რას ებლატავებოდა ამ ბურატინოს?!

_ კაცი რომ ანბანს გაყიდი პირველ სასწავლო დღეს და ცირკში წახვალ, ბიჭო, მოსაწონია, ეგ საქციელი?!. ბურატინო, სკოლამდე მაინც მიდი!

_ დასტაევსკი ბურატინოს ნააბაროტ დაწერდა…

_ როგორ?

_ ბურატინო, ალია-ბალია, როგორი ვრედნი და ნასტირნია, აი იმას დაგანახებდა”.

ჩაერთვებით ამ ინტელექტუალურ დავაში და საკუთარ ტყავზე იგრძნობთ დღევანდელი სუპერდემოკრატიის უკიდეგანო თავისუფლების ეშხსა და მომხიბვლელობას.

* * *

სპექტაკლი კი გრძელდება, თქვენ მას უჩემოდ უყურებთ და პოზიტიური შთაბეჭდილებებით ისე ივსებით, ემოციებით ისე ხართ დამუხტული, რომ ლაპარაკიც კი გიჭირთ, ნანახის შეფასება _ უფრორე.

“ალფრედი და ვიოლეტას” განახლებული დადგმის საჯაროდ გამოტანას ადრეც აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოხერხეს ცნობილი მიზეზების გამო.

თქვენ იცით, რომ რეზო გაბრიაძეს ფილტვები ჰქონდა დაავადებული და ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატურა, რომელიც დღე და ღამ ჰქონდა ჩართული, მედიკამენტებთან ერთად მისი სიცოცხლის გარანტიად იყო მიჩნეული.

კარგა ხანს.

წარმატებით.

მაგრამ რომელიღაც მომენტში ორგანიზმის სასიცოცხლო მარაგი ამოიწურა.

არ წუწუნებდა, თავს არავის აცოდებდა, მაგრამ ძალიან განიცდიდა, რომ მეგობრებს ვერ ხვდებოდა.

ბოლო დროს პანდემიამ ხომ დამატებითი სიძნელეები შექმნა და მასთან დაკავშირებას ტელეფონითღა ვახერხებდით.

ხშირად. დღეში რამდენიმეჯერაც კი.

თავის უკანასკნელ რესპონდენტს _ ნანი ბრეგვაძეს _ რეზო მაქსიმალური გულახდილობით ელაპარაკებოდა.

უკანასკნელს იმიტომ, რომ იმ ავად სახსენებელ დღეს მასთან ტელეფონით საუბრის შემდეგ, ორიოდ საათში რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა…

ნანი, რომელიც მარიონეტების სპექტაკლს თავის ქალიშვილ ეკა მამალაძესთან ერთად ესწრებოდა, აღფრთოვანებული იყო წარმოდგენით.

_ ემოციებით ვარ სავსე. მამა-შვილის ამ შემოქმედებით ნაყოფს რეზოს მადლი სცხია. ორმაგად დასაფასებელია ის, რომ ლევანმა მამის დრამატურგიას სრულად შეუნარჩუნა განსაკუთრებულობა, _ იწყებს ჩვენს ინტერვიუს ესტრადის დედოფალი _ ქალბატონი ნანი.

_ რამაც, უპირველესად, თავი იჩინა ლევანის შესანიშნავ ფილმშიჰარიჰარალე, დედაო”.

_ განსაკუთრებული ადამიანი იყო რეზო გაბრიაძე, საინტერესო პიროვნება. ჩვენი სატელეფონო რანდევუების დროს იგი უფრო ლაპარაკობდა, მე უფრო ვუსმენდი. არც კი ვიცი, როგორ გითხრა, ვეფერებოდი, სულ იმას ვეუბნებოდი, დიდი ადამიანი ხარ, დიდი პიროვნება, როგორ მიყვარხარ და ასე შემდეგ. იცინოდა, მოსწონდა. ეტყობა, აკლდა ასეთი დამოკიდებულება.

ვუკითხავდი მისი წიგნის _ “გედევანის” პირველი თავიდან ციტატებს, ძველი თბილისის სურათს რომ აღწერს, და გვესმოდა ერთმანეთის…

რეზო ყოველთვის იუმორით ახალისებდა საუბარს.

_ უამისობა წარმოუდგენელი იყო.

_ ერთხელ მარტის თვეზე მითხრა, _ ქალივით ჭირვეული არისო, ხან კარგ გუნებაზეა, ხან _ ცუდზე, ხან ეჭვიანობს უმიზეზოდ… ბევრს ვიცინოდი ამაზე. ცხოვრების მისეული შეფასება ყოველთვის განსხვავდებოდა ყველასგან. გენიალურად იყო განსხვავებული. ამიტომაც ვეძახოდი გენიოსს. სულ ძიებაში იყო, სულ რაღაც სიუჟეტებს ქმნიდა თავის გონებაში, საინტერესოს და სხვისთვის ხელმიუწვდომელს.

ერთხელ მოსკოვში გასტროლებზე რომ ვიყავი ჩასული, ჩვეულებისამებრ, დღის განმავლობაში ვისვენებდი, საღამოს ფორმაში რომ ვყოფილიყავი. ვცხოვრობდით საქართველოს წარმომადგენლობის სასტუმროში, საერთო საცხოვრებელს რომ ჰგავდა. აღმოჩნდა, რომ რეზოც იქ იყო.

მაშინ იყო, რომ ყოველ ნახევარ საათში, ზოგჯერ ცოტა მეტში, შემოდიოდა რეზო ჩვენს ნომერში და სულ ახალ და ახალ სიუჟეტებს მიყვებოდა, ნოველებს, მინიატურებს.

მომიყვებოდა. გავიდოდა. მისი მონაყოლი კარგად გააზრებული და აღქმული, მონელებულიც არ მქონდა, რომ იღებოდა კარი, შემოვიდოდა და ახალ ექსპრომტს მაცნობდა.

_ ასე იმიტომ ხდებოდა, ნანი, რომ მან შენში ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი მსმენელი იპოვა. ობიექტური შემფასებელიც.

_ შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ იმის აღწერა, რაც მაშინ ხდებოდა, ძალიან რთულია. გამაგიჟა _ ასეთ ღრმაშინაარსიან ნაწარმოებებს ყოველ წუთს რომ ქმნიდა ადამიანი, ვერ წარმომედგინა, ფიქრადაც არ გამივლია. საგანგებოდ, კი არ წერდა, ასე აზროვნებდა.

შემდეგ, თანდათან როცა დავრწმუნდი, არ ვაწუხებდი, უფრო ხშირად ვურეკავდი. უხაროდა:

_ შენ კი გენაცვალე, როგორ გამახარე!

მისი განცდა იყო ძალიან სუფთა და ძალიან სწორი.

უნდა გითხრა, რომ, საერთოდ, კარგად ვგრძნობ, ვინ როგორ მელაპარაკება, ტელეფონით თუ პირისპირ, ადამიანის ჩემდამი დამოკიდებულების ამოცნობა არ მიჭირს.

პირველად რომ დამირეკა, ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა. იცი რატომ? იმიტომ, რომ მანამდე სრულად იგნორირებული ვყავდი. მაგრამ ბოლო პერიოდში, როცა ჩვენი საუბრები ჩვეულებად ჩამოგვიყალიბდა, დარეკვას თუ ვერ მოვახერხებდი, რეზო აფორიაქებული უკავშირდებოდა ჩემს მეგობრებს _ მანანა ახმეტელს, ციცინო ციციშვილს, მანანა გედევანიშვილს. არკვევდა: _ გამიგეთ, გამაგებინეთ, რატომ არ დამირეკა? რამე ხომ არ ვაწყენინე? _ ბავშვივით გულწრფელად ღელავდა.

ყოველთვის მპირდებოდა, რომ დამდეგ აპრილს ოქროყანის აგარაკზე მიმიპატიჟებდა: _ ფანჯრები ახალ ჩარჩოებში უკვე ჩავსვით და ძალიან მინდა, რომ ფანჯარასთან დაჯდე, მე შენ შეგხედო, შენ კი მე შემხედო, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი შესახედავი ვარო.

ალფრედი
გვოზდიკა
ტუტუცა
კუკუ
ვიოლეტა და არაბული აბასთუმანში
ვიოლეტა და ჟერმონი
წამყვანი

_ “მადონა ახალ ჩარჩოში”. რეზოს, როგორც ძირითადი პროფესიით მხატვარს, ასეთად ესახებოდი უთუოდ.

_ პასუხად ვუთხარი: _ ყველაფრით ერთნაირად შემკობილი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. შენ ისეთი ჭკუა და გონება გაქვს, შემოქმედი ადამიანის ისეთი ნიჭი გშვენის, რომ ლამაზზე შეუდარებლად მეტი ხარ! იუმორზე რომ არაფერი ვთქვა: წარმოუდგენელი!

_ შენ გაიხარე, ნანი!

ამასთან დაკავშირებით ერთ ეპიზოდს მოგიყვები.

ვურეკავ.

მიპასუხებს:

_ ბოშო, როგორ მომენატრე! ახლა უნდა გითხრა, რას ნიშნავს ჩემთვის შენი დარეკვა.

ზღვა ხომ იცი, ზღვა? ზემოდან აჯიგა რომ წაუსვა, შემდეგ _ კარაქი, დაბოლოს _ მურაბა! ჰოდა, ეს მურაბა შენა ხარ!

_ ესე იგი, აჯიგასავით მწარე და ზღვასავით უსასრულო ცხოვრების სიმწარეს მიტკბობ და არსებობას მიადვილებო.

ესეც ერთი ნაკვესი ნაპერწკალი გაბრიაძის იუმორის გენერატორიდან.

ბრენდი!”

(ნანი იცინის გულიანად).

_- ახლა სხვა ამბავზე გადავხტები, ორმოცი წლის წინათ რომ მოხდა. მოსკოვში ჩვენი წარმომადგენლობის სასტუმროს სასადილოში (რესტორნად რომ იყო მონათლული, _ ..) რეზომ მე და ციცინო ციცქიშვილი დაგვპატიჟა. არ ვიცი, რა საპატიო მიზეზის გამო, შეიძლება იმიტომაც, რომ დამეზარა, არ წავედი. ციცინო ჩავიდა და აუხსნა, რატომ ვთქვი უარი მიპატიჟებაზე. ისე ეწყინა, რომ ხმა არ ამოუღიაო.

ორმოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რეზო გაბრიაძემ თბილისში მოიწვია მიხაილ ჟვანეცკი, საბჭოთა კავშირში უცნობილესი სატირიკოსი-მწერალი და სცენარისტი. სტუმარმა მოითხოვა, რომ მისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მოეწყო, მეც დავსწრებოდი.

შესანიშნავი საღამო გამოვიდა. ვიმღერე, არა მგონია, ცუდად. ყველა მილოცავდა. ჟვანეცკი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ერთადერთი, ვინც “ვერ მამჩნევდა, რეზო გახლდათ: მოსკოვში რომ გამინაწყენდა 40 წლის წინათ, ახსოვდა.

ასეთი ხასიათი ჰქონდა _ მგრძნობიარეც და ჯიუტიც, გაკერპებამდე.

ორმოცწლიანი პრინციპული იგნორირების შემდეგ რომ დამირეკა, ისე გამიკვირდა, ისეთი მოულოდნელი იყო, აკი გითხარი, ტელეფონი ხელიდან კინაღამ გამივარდა ნერვიულობისა და უხერხულობის გამო.

მაშინ მკითხა: _ დამირეკავ ხვალ?

ზეგისთვის დავპირდი, დასამშვიდებლად და აზრების დასალაგებლად დამჭირდებოდა ეს ორი დღე. ვერ დავურეკე. მაშინ დამიკავშირდა მანანა გედევანიშვილი და მითხრა, რომ ძალიან შეშფოთებულიაო ახლა უკვე ჩემგან იგნორირებული რეზო.

შევწუხდი და იმავე წუთში დავურეკე.

გაუხარდა.

აღვადგინეთ სატელეფონო ურთიერთობა _ ადამიანების კონტაქტის ერთადერთი შესაძლებლობა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს. ბოლოს რომ დამირეკა, იცი, რა გავაკეთე?

_ არა!

_ როიალზე დავდე მობილური, დავუკარი და ვუმღერე რომანსი “სნეჟინკა” (თოვლის ფიფქი). მითხრა, მოდი, ჩავწეროთ შენი ნამღერი “ალფრედი და ვიოლეტას” განახლებული სპექტაკლისთვისო.

(შემდეგ გაიგებს ნანი, ლეო ეტყვის, გაბრიაძე, მამაჩემს სურდა, თქვენთან ერთად ემღერა და ამ მოულოდნელი ჩანაწერით გაელამაზებინა ალფრედისა და ვიოლეტას სიყვარულის ამბავი.

არ დასცალდა.

ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, თქმა ვერ გაგიბედაო).

_ ლეო მომიყვა, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ ცუდად გახდა რეზო, წაიყვანეს საავადმყოფოში და იქ დასრულდა ამ დიდი ადამიანის ამქვეყნიური სიცოცხლე.

(პაუზა. ნანის ვთხოვ, ორიოდ სიტყვით მითხრას თავისი შთაბეჭდილება სპექტაკლზე, რომელიც ის-ის იყო, დამთავრდა).

_ პირველი სპექტაკლი, რომელითაც დაიწყო გაბრიაძის თეატრის ისტორია, სამწუხაროდ, არ მინახავს. მითხრეს, რომ შედევრი იყო.

რაც დღეს ვნახე, მშვენიერია!

რამაზ ჩხიკვაძის და ეროსი მანჯგალაძის ხმას რომ გაიგონებ, პირველი სპექტაკლის ჩანაწერიდან ახალში გადმოტანილს და გამოყენებულს, კიდევ ერთხელ გაოცდები, მხოლოდ ხმით, მეტყველების განსაკუთრებული ნიუანსებით როგორ ახერხებდნენ სპექტაკლის გმირების ხასიათების შექმნას.

რა ხალხი წავიდა, ღმერთო, ერთიმეორეზე უკეთესები!

გენიოსები! თუმცა ეს ეპითეტი ჩემგან მხოლოდ რეზოს ეკუთვნის.

* * *

სპექტაკლის პირველ ჩვენებას რაღაც, წვრილმანი ხარვეზები ყოველთვის თან სდევს, მაგრამ დრო, ბუნებრივი იუველირი, ოსტატურად დაამუშავებს, გააპრიალებს და წარმოდგენაც მაქსიმალურად გაბრწყინდება ისე, როგორც რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის უნიკალურ ისტორიას შეეფერება.

რას იტყვის ამასთან დაკავშირებით ამ თეატრალური სანახაობის დამდგენელი ლეო გაბრიაძე, ახლავე გავიგებთ მისთვის სახელდახელოდ ჩამორთმეული ინტერვიუდან.

ცოტა შორიდან დავიწყეთ.

_ რეზოს და გია დანელიას ფილმქინძაძაში”, ლეო, შენი, როგორც ერთერთი კინოგმირის, მონაწილეობა იმის მიმანიშნებელი ხომ არ არის, რომ მამა იმთავითვე კინოინდუსტრიაში სამოღვაწეოდ გამზადებდა?

ჰარიჰარალე, დედაო” _ შენი ფილმი მოწმობს, რომ აითვისე დიდი კინოსა და ანიმაციურის ხელოვნება სრული მოცულობით.

დასახული მიზანი მიღწეულია.

ასეა?

_ სიმართლე გითხრა, ჩემი ბავშვობა დაემთხვა მამაჩემის კინოდან წამოსვლას. აღარ მოსწონდა კინოს კეთება და მაფრთხილებდა, არ ჩავყოლოდი ამ საქმეს, უარყოფითად იყო განწყობილი, არ ღირსო, მეუბნებოდა.

მამასთან ვმუშაობდი თეატრში. მერე ამერიკაში წავედი გრაფიკული დიზაინის და კომპიუტერული ანიმაციის შესასწავლად.

“ქინძაძაში” უფრო “ბლატით” მოვხვდი, რა თქმა უნდა. ბევრნი იყვნენ, ვინც გიამ გასინჯა, ალბათ, ჩემზე უკეთესებიც. “ქინძაძას” შემდეგ კინომ მაინც არ მიმიზიდა. ალბათ, ეგეც რეზოს ჩაგონებით _ არ ღირს, არ ღირსო. რახან თვითონ თეატრით იყო გატაცებული, მეც იქითკენ მეწეოდა, მაგრამ ოთხმოცდაათიან წლებში, სიტუაცია რომ შეიცვალა, გადავწყვიტე, სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი.

ასე რომ, რეზომ პირიქით _ კინოს განმარიდა.

რაც შეეხება “ჰარი-ჰარალე, დედაოს”. მანამდე 15 წელიწადი რეკლამაში ვმუშაობდი, როგორც რეჟისორი, ბევრ რეკლამას ვიღებდი. ამ საქმეში თემურ ბიქმამბეტოვმა ჩამითრია. შემიძლია ვთქვა, რომ კინოსკენ სწორედ მან შემაბრუნა: რამდენიმე ფილმიც გადავიღეთ თემურთან ერთად. პარალელურად რეზოსთან ვმუშაობდი _ მას საოცარი უნარი ჰქონდა _ თავის საქმეში ჩაერთო ნებისმიერი ადამიანი. უარს ვერავინ ეუბნებოდა. აჯადოებდა.

ანიმაციაც და კინოც რომ არის წარმოდგენილი “ჰარი-ჰარალე, დედაოში”, ორივე ერთად, იმანაც შემიწყო ხელი, რომ მანამდე ორი ფილმი მქონდა გადაღებული. როცა ამერიკაში ვსწავლობდი ანიმაციას, მაშინ დავიწყე ამ ფილმზე მუშაობა.

_ “ალფრედი და ვიოლეტასგანახლებულ ვარიანტს რა დაამატა რეზომ, რით შეავსო, რით გაამდიდრა? პირველი სპექტაკლი ისეთი დახვეწილი და გამოქანდაკებული იყო, ძნელად წარმოვიდგენდით რაიმეს შეცვლას. შედევრის ხელის ხლება დიდად სარისკოა, განა ასე არ არის? მაგრამ ავტორმა მაინც გადადგა ეს ნაბიჯი.

_ დღევანდელი სპექტაკლი წინამორბედზე გაცილებით გრძელია: იყო 45 წუთი, ახლა საათი და 20 წუთი. პირველი, რაც შეცვალა, მოქმედება 1981 წლიდან 1991 წლამდე გადმოიტანა. ათი წლით ამოაჩოჩა. შემოიყვანა ახალი გმირები. ძველები, რა თქმა უნდა, დარჩნენ: ჟერმონი _ ეროსი მანჯგალაძე, ნევერმორი _ რამაზ ჩხიკვაძე.

(ედგარ ალან პოს ლექსისნევერმორისგავლენით. ასე უწოდებს თავის თავს შავი ძალების, ჯოჯოხეთისა და ყველა უბედურების სიმბოლო ყორანი, რომელიც გვიან ღამით ესტუმრება პოეტს. ყორანი რეზოსთან ანჩხლი ყვავის სახით არის წარმოდგენილი. გაბითურებული.

_ ამ ყვავს ჰქვია ნევერმორი. სხვასაც ვიცნობდით _ ბორის გაგარინსერმონია და რამონადან”. ბორისო, სიყვარულით რომ მიმართავდა ქალბატონი დომნა, მაყურებლის თვალწინ დაქვრივებული, რიონის სადგურის ვაგონების შემომვლელი.

ხოლო იმ ყვავის სახელი, რეზოს ოქროყანის აგარაკის კედელზე რომ ჰკიდია, არ ვიცი. მსტოვარი იყო, ჭორების მიმტანი პატრონისთვის. შებერტყილი ვინმე აბორიგენი).

_ მოქმედების დროში გადმონაცვლებას ახალი გმირები დასჭირდა. რეზო თავის განცდებზე წერდა, გმირებს თავის განცდებს უსადაგებდა და ურიგებდა. 90-იანებმა ისეთი განცდა გამოიწვია, ისეთი გავლენა მოახდინა, რომ გვერდი ვერ აუარა.

_ რეზო ხელიდან რომ გამოგვეცალა ყველას, უწინარეს ყოვლისა, შენ, სიმარტოვემ ხომ არ შეგაშინა?

_ შიშით, არ დავმალავ, ახლაც შეშინებული ვარ. იმიტომ, რომ რეზოს საქმის გაგრძელება იმავე დონეზე, ძალიან რთულია. ეს შიში რამდენია, არ ვიცი.

ბოლო წლები ერთად ვცხოვრობდით, ერთ სახლში, რეზო იყო ამ სახლის ფუძემთავარი. ეგ რომ გამოგვეცალა, კუთხეებში დავრჩით მიყუჟულები. მისი ადგილის შევსება ძნელი არის იმიტომ, რომ განსაკუთრებული ადამიანი იყო ყოველმხრივ. მასთან ყოველი დალაპარაკება სავსე იყო დრამატიზმით ან იუმორით, ან განცდებით, არც კი ვიცი, როგორ ჩამოვაყალიბო… თქვენ მას ჩემნაირად იცნობდით და გამიგებთ.

უნიკალური იყო. ცეცხლად ენთო სახლში, ვთბებოდით და ვივსებოდით სიცოცხლის ძალით. ის რომ ჩაქრა, ყველანი, მარტო ხომ არ ვარ, ბავშვები, მთელი ოჯახი, ობლად დავრჩით. სულიერად დავობლდით…

_ შენი რეჟისორობით დადგმული ეს სპექტაკლი მთელი სიკისკასით როდის წარმოჩნდება?

_ თოჯინების თეატრი ისეა მოწყობილი, რომ მსახიობებს სჭირდებათ პრაქტიკა. საერთოდ, ყველა თეატრისთვის აუცილებელია ე.წ. ობკატკა, როგორც თეატრალურ წრეებში ვუწოდებთ.

_ რა თქმა უნდა!

_ საერთოდ, ამ პროცესს ერთი თვე სჭირდება, ყველაფერი თავის ადგილზე რომ ჩაჯდეს. სპექტაკლი სამჯერ ვითამაშეთ. პირველი რთულად წავიდა, მეორე _ ცოტა უკეთესად. გუშინ, ანუ მესამედ, მიუახლოვდა კონდიციას. ასეთია თეატრალური პრაქტიკა _ სპექტაკლს “გახურება” სჭირდება.

_ მსახიობები ახსენე, ჩემო ლევან, ამიტომ მინდა გთხოვო, შემოქმედებით კოლექტივზეც თქვა ორიოდ სიტყვა.

_ კინოში, თეატრში მთავარი არის გუნდი. ჩვენი გუნდის წევრები, უკვე წლებია, ერთად ვართ _ რეზოს არჩეული ხალხი. ამ საქმეში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. ჩამოყალიბდა გუნდი, რომელსაც შეუძლია რთული ამოცანების გადაწყვეტა. გამიმართლა, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი, თითოეულმა თავისი საქმე იცის და ერთმანეთთან შეწყობილებიც არიან. ესეც რეზოს დამსახურებაა.

ჩვენს თეატრს სჭირდება დრამატული თეატრის მსახიობებიც. ყველა ცნობილი არტისტი რეზოს სპექტაკლებში მონაწილეობდა. ჩვენც ვეძებთ ახალ მსახიობებს, ახალ ხმებს. შეიძლება ითქვას, რომ გახმოვანებისთვის კარგი დასი ჩამოყალიბდა.

ანზორ ერქომაიშვილის დიდი წვლილია სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაში. ვერდის მისეული გააზრებით, გაქართულებით. ძველი ჩანაწერები გამოვიყენეთ. ბევრი ახალი მუსიკა შესრულდა სპეციალურად სპექტაკლისთვის.

ორი წლის ნამუშევარია.

_ შემდეგ წარმოდგენას როდისთვის ველოდოთ?

_ სპექტაკლის დადგმას ჩვენთან ორი წელიწადი მაინც სჭირდება. შემდეგი შეიძლება იყოს “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”. ორი წელიწადი გაჩერებული გვქონდა ტექნიკური მიზეზების გამო და გვინდა ახალი ვერსიით აღდგენა. მერე მოჰყვება რეზოს პიესები, რომლებიც დადგმული არ არის. ასეთებზე ლაპარაკი რეზოს არ უყვარდა. ჩვენც ამ პრინციპს ვიცავთ.

_ სწორია.

_ სხვას ვერაფერს გეტყვით. გარდა იმისა, რომ გეგმა ბევრი გვაქვს და მონდომება არ გვაკლია. ძალას არ დავიშურებთ, ჩვენი მაყურებელი კვლავ რომ გავახაროთ.

* * *

მადლიერი მაყურებლების გულწრფელი ტაშით დამთავრდა სპექტაკლი. ღირსეულად, როგორც ნაღდ თბილისურ ინტელიგენციას და სპექტაკლის ავტორებს ეკადრებათ, ისეთით.

ტაშფანდური არ გაგვიმართავს. ყველა წავიდა _ წყვილწყვილად და ცალცალკე. როგორც მოვიდნენ, ისე. მაგრამ ჩაფიქრებულები _ მარიონეტების სასწაული სპექტაკლის ხილვით მოჯადოებული.

რეზო თეატრში ჩასასვლელთან იდგა და გვეკითხებოდა:

_ ხომ მოგეწონათ?

ეს იყო მისტიკა. ჩვენ წარმოდგენებში დაბადებული.

შავთელის ქუჩას ორი ქალი მიჰყვებოდა, ნახევრად ჩაბნელებულს, პოლუმრაკიან ქუჩას. ნანი ბრეგვაძე და მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე, ორი ვარსკვლავი ამ საღამოს _ მხოლოდ მაყურებლების როლში. რეზო გაბრიაძე ამ იშვიათობაზე ექსპრომტად სიუჟეტს შექმნიდა.

_ სასტუმროს ოთახში კარს შემოგიღებდა რეზო და აუცილებლად მოგიყვებოდა თავიდან ბოლომდე. არა, ნანი?

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here