მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ნამდვილად იქცა შოუდ. საამისოდ ყველაფერი გააკეთა როგორც ხელისუფლებამ, ისე სააკაშვილმა და მერე რა, რომ სანახაობასთან ერთად, პური კვლავ არ არის. მერამდენე დღეა, პრეზიდენტყოფილის პროცესი განხილვის მთავარი თემაა და, თითქოს სხვა პრობლემა არ არსებობდეს, მიდის ჭიდაობა სამთავრობო და ოპოზიციურ ტელევიზიებში, ვინ წარმოაჩენს მიშას გმირად და ვინ _ გაკოტრებულ პოლიტიკოსად. რაც მთავარია, ამ შოუს ტაშს უკრავენ ევროპა და ამერიკა და ხელისუფლებას მადლობას უხდიან იმისთვის, რომ მიშას აქვს უფლება, მიმართოს ხალხს და სასამართლოზე რამდენიმესაათიანი მონოლოგი წაიკითხოს. ანუ, ევროპაც და ამერიკაც კანონის დარღვევას უჭერენ მხარს და ახლავე გეტყვით რატომ:
იმავე ევროპა-ამერიკაში მკაცრად არის გაწერილი სასამართლოზე ქცევის წესები. ბრალდებული ვალდებულია, ისაუბროს მხოლოდ კონკრეტული ბრალდების შესახებ, ანუ, რასაც იტყვის, ყველაფერი უნდა ეხებოდეს მიმდინარე საქმეს. პირველივე მცდელობა, რომ მან სხვა თემაზე ისაუბროს, ისჯება გაფრთხილებით, ხოლო გამეორების შემთხვევაში დარბაზიდან აძევებენ და პროცესი ბრალდებულის გარეშე გრძელდება. ეს იცის ყველამ, ადვოკატი აფრთხილებს დასაცავ პირს ამის შესახებ და, საზოგადოდ, ნებისმიერ ქართულ სასამართლოზეც იგივე ხდება _ პირს არ აქვს უფლება, ისაუბროს სხვა თემაზე, გარდა განსახილველი საქმისა. აი, სააკაშვილის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით არის _ ის საუბრობს ყველაფერზე, გარდა იმ ბრალისა, რომელიც აქვს წაყენებული და რომელზეც, უბრალოდ, ამბობს, რომ აბსურდია. სხვათა შორის, მიშამ ისიც თქვა, ჩემ გვერდით სანდრაც უნდა იჯდეს, რადგან ხარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ მას ეკუთვნისო, პროკურატურამ კი ამასაც წაუყრუა. არადა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დაასახელა თანამონაწილე, რაც სხვა შემთხვევაში აუცილებლად შეიქნებოდა ძიების მიზეზი, მაგრამ, რადგან სანდრას დაკითხვაზე გამოძახება აღქმული იქნებოდა ზემოქმედებად და არა კანონიერ მოქმედებად, პროკურატურამ ბრალდებულის ჩვენება ერთი ყურიდან მეორეში გაატარა. ჰო, სანამ სააკაშვილზე გავაგრძელებთ, “ნაცმოძრაობის” დე ფაქტო თავმჯდომარე ნიკა მელიაზეც ვთქვათ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს, მან კი მისვლაზე უარი განაცხადა, არ გაღიარებთო. იგივე რომ მე ან თქვენ გვექნა, მერწმუნეთ, სუს–ის თანამშრომლები მუხლებზე ფორთხვით მიგვიყვანდნენ და დაუმორჩლებლობისთვის ჯარიმასაც გამოგვიწერდნენ, მელიას შემთხვევაში კი ეს პოლიტიკურ ზეწოლად იქნება აღქმული და მას კანონის დარღვევის უფლება აქვს. არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ გავიმეორებთ: ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელიც ბოლო პერიოდში დაუშვა, არის ის, რომ ოპოზიციონერობა თითქოს ხელშეუხებლობის გარანტად და კანონის დარღვევის შესაძლებლობად იქცა.
რაც შეეხება პრეზიდენტყოფილს, სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ 2 დეკემბრის პროცესზე სამი საათით ადრე მიიყვანეს და სხდომა 50 წუთით გვიან დაიწყო. იმაზე არაფერი უთქვამს, სასამართლოს შესასვლელი მის მომხრეებს რომ ჰქონდათ ჩახერგილი და მოსამართლისა თუ პროკურორის შესვლას ვინ ჩივის, მისივე ადვოკატებს შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. რაც შეეხება სასამართლოს შენობაში სამი საათით ადრე მიყვანას, ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის პერიოდში, მაშინ, როცა სააკაშვილს ყველაფრის უფლება ჰქონდა (ისე, თითქოს ახლაც ყველაფრის უფლება აქვს) და გლდანის ციხე სასაკლაოდ იყო ქცეული, პატიმრები პროცესზე დილის 8 საათზე მიჰყავდათ. ღამის 2-3 საათზე წამოყრიდნენ ლოგინებიდან, გადათვლიდნენ, შეტენიდნენ “ვარონკებში” და ერთ რეისზე მიჰყავდათ ყველა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, პროცესი დილის 11-ზე იყო ჩანიშნული თუ საღამოს 5-ზე, ყველა ერთად მიჰყავდათ, შეყრიდნენ საქალაქო სასამართლოს ფუქსებში, სადაც არ იყო საპირფარეშო და ასე აცდევინებდნენ 3 საათს კი არა, ხშირად 11 და 12 საათსაც კი, გლდანის ციხიდან სასამართლომდე და უკან ამაზე მეტი დროც გადიოდა. ცალკე საუბრის თემაა ის “ვარონკები”, რომლებსაც პატიმრები გადაჰყავდა. წესითა და რიგით, თითო მანქანაში 8 პატიმარი უნდა ყოფილიყო და უსაფრთხოების მიზნით კოლონა სამ მანქანაზე მეტისგან არ უნდა შემდგარიყო, ამიტომ, ყველაფერი ერთ რეისზე რომ მოესწროთ, ბადრაგი რვა კაცის ნაცვლად, სულ ცოტა, 20 კაცს ტენიდა “ვარონკაში” და მიჰყავდა. იშვიათი არ იყო შემთხვევა, როცა უჰაერობით შეჭირვებულ პატიმრებს გული მისდიოდათ, გონებას კარგავდნენ, მაგრამ, სანამ დიღომში მდებარე სასამართლომდე არ მივიდოდნენ, კოლონა არ ჩერდებოდა და ესეც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, გარეთ 40 გრადუსი სიცხე იყო თუ ყინვა. ზაფხულის ხვატში პატიმრები, უბრალოდ, იხარშებოდნენ. ჰო, ეს ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ახლა თურმე სამი საათით ადრე კომფორტულად, ცალკე მანქანით რომ მიაბრძანეს, არ მოსწონს. მას, სავარაუდოდ, ისიც არ მოსწონს, გზაზე ცოცხალ დერეფანს რომ არ უწყობენ მხარდამჭერები და ტაშით არ აცილებენ გორის ჰოსპიტალიდან საქალაქო სასამართლომდე. ეს უნდა, ამას ითხოვს, მაგრამ მისი გადაადგილების დრო გასაიდუმლოებულია და ამიტომ ბელადის ტაშით დაჯილდოება ვერ ხერხდება.
ცალკე საუბრის თემაა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში ყოფნა. ის იქ იმიტომ გადაიყვანეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და შიმშილობის შემდეგ შეუძლოდ იყო (სავარაუდოდ, ხბოს პაშტეტმა აწყინა). ახლა კი ბოლო ხმაზე გაჰყვირის: გამოვჯანმრთელდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და სასამართლოზე დამასწარითო. კეთილი და პატიოსანი, დაესწრო სასამართლო პროცესს, მიმართა საკუთარ ამომრჩეველს და ისმის ლეგიტიმური კითხვა _ რა უნდა ჯანმრთელ პატიმარს საავადმყოფოში და რატომ არ გადაჰყავთ ციხეში? თუ ითვალისწინებთ, ლიზა იასკომ რომ თქვა, მიშას საავადმყოფოშიც ისეთი განცდა აქვს, თითქოს ციხეშიაო? თითქოს კი არა, ეგ კაცი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, მისჯილი აქვს რამდენიმე ეპიზოდზე, ახლა მიდის სხვა საქმეზე სასამართლო პროცესები და კეთილი ინებეთ, ციხეში დააბრუნეთ! სხვა შემთხვევაში, გადაიყვანეთ ყველა პატიმარი საავადმყოფოში და იქ მათი მონახულების უფლება მიეცით ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს. ახლა არ თქვათ, სააკაშვილის შემთხვევაში ასე არ ხდებაო. მაშინ ვინ არის ლიზა იასკო და რატომ შედის მიშასთან, როცა ამის სურვილი ან ერთს აქვს, ან მეორეს?!
“ქართული ოცნების” ლიდერები დღემდე იმეორებენ, რომ სააკაშვილი იყო დიქტატორი და ეს ის თაობაა, რომელიც ცნობილი რუმინელი დიქტატორის, ნიკოლაუ ჩაუშესკუს მაგალითზე გაიზარდა. ალბათ, გახსოვთ, რა უქნეს ჩაუშესკუს (თუ არ გახსოვთ, წიგნის გადამშლელები არ ხართ და დაგუგლეთ მაინც) და რატომ ეპყრობით დიქტატორს, როგორც მეფეს? თუ დიქტატურას ეროვნება აქვს და ქართულ სინამდვილეში სხვაგვარია?! როგორი დასაჯერებელია, რომ ვერ ხვდებიან “ოცნების” ლიდერები, ცეცხლს რომ ეთამაშებიან? პატიმრებმა ბუნტი რომ მოაწყონ და ზუსტად ისეთი მოპყრობა მოითხოვონ, როგორც მიშას ეპყრობიან, იქნებიან თუ არა მართლები? რა თქმა უნდა, იქნებიან. რაც მთავარია, პატიმრების უმრავლესობას სააკაშვილის ციხე გამოვლილი აქვს და ისიც სურს, რომ სააკაშვილსაც ზუსტად ისე მოექცნენ, როგორც მისი რეჟიმის დროს ეპყრობოდნენ პატიმრებს. გასაგებია, რომ ამას დასავლეთი არ დაგვანებებს (თუმცა მიშას ანებებდა), მაგრამ მოეპყარით ამ კაცს ისე, როგორც ეპყრობიან რიგით პატიმრებს საქართველოში, ან ყველა პატიმარს მოეპყარით ისე, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში ხდება.
როგორც კულუარულად გვითხრეს, ციხეში სააკაშვილის დაბრუნებას იმიტომ არ ჩქარობენ, რომ ციხესთან კვლავ გაიმართება მისი მხარდამჭერების აქციები, გადაიკეტება გზები და ახლა კი მორატორიუმია გამოცხადებული და გორის ჰოსპიტალთან არავინ მიდის. იცით, რა გვაინტერესებს? ვინმემ დაადგინა, რომ მიშა სასჯელს მაინცდამაინც რუსთავის #16 დაწესებულებაში უნდა იხდიდეს? გადაიყვანეთ გორიდან იმავე რუსთავში, ოღონდ მეექვსე დაწესებულებაში. ეს შენობა ტრიალ მინდორში დგას, არც გზა გადაიკეტება, მინდორშიც უკეთესად გაიშლებიან აქციის მონაწილეები, კოვიდრეგულაციებსაც დაიცავენ და იყვირონ რამდენიც უნდათ. მაგრამ არა, ხელისუფლებას ის აშფოთებს, რომ მიშას გამო, შესაძლოა, ისევ დაიწყოს შიმშლობა ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა და დასავლეთი შეშფოთდეს. დასავლეთის სიმშვიდის გამო კი ერსა და ბერს თავზე ვახევთ რამდენიმე კანონს და ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, გაგებით უნდა მოვეკიდოთ. სინამდვილეში კი ყველაზე მეტად სააკაშვილი ხვდება, საქართველოში განსხვავებული გარემო დახვდა და არა ისეთი, როგორსაც ელოდა და როგორსაც უხატავდნენ, ამიტომ ცდილობს, ისტერიკული ქმედებებით ხელისუფლება დააშანტაჟოს. რას ერჩით?! ჯერჯერობით კარგად გამოსდის.
ბესო ბარბაქაძე