Home რუბრიკები საზოგადოება “დათა თუთაშხიას” გამო მოსკოვში ტაქსისტები გაიფიცნენ

“დათა თუთაშხიას” გამო მოსკოვში ტაქსისტები გაიფიცნენ

ორგანიზატორი და მთავარი დამნაშავე _ ჭაბუა ამირეჯიბი, რომელსაც იმ დროისთვის 83 წლით გადასახლება ჰქონდა მისჯილი

“დათა თუთაშხიას” საკავშირო ტელევიზიით დემონსტრაციის დროს ტაქსის მძღოლები მგზავრებს გადაყვანაზე უარს ეუბნებოდნენ _ სერიალი იწყებაო.

17 ნოემბერს დავურეკე ქალბატონ თამარს. 18-ში დიდ ქართველ მწერალს _ ჭაბუა ამირეჯიბს 100 წელი შეუსრულდებოდა.

დაბადების დღე, დიდი იუბილე.

თამარ ჯავახიშვილს ველაპარაკე _ ლეგენდარული ჭაბუას კდემამოსილ მეუღლეს. შესანიშნავ პოეტს. თამრიკოს. უნივერსიტეტის სტუდენტობიდან მოვდივართ პარალელური გზებით. ვმეგობრობთ.

შევთანხმდით: თუ დედამიწა სხვა ორბიტაზე არ გადავიდოდა, აუცილებლად დავურეკავდი და ვთხოვდი, მოეთხრო, როგორ აღნიშნა ოჯახმა კოვიდის პანდემიის პირობებში ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, ქართული კულტურის ზეიმი.

ხვალ საღამოს შინ ისეთი გადაღლილები დაბრუნდნენ, რომ მათ მოსულიერებას ორი დღე დასჭირდა და ექიმის აქტიური კონსულტაცია.

მედღეხვალიობაში ერთი კვირა მიილია.

ისევ ვურეკავ.

_ “ერთსულოვნებაზე” ჭაბუკაზე გადაღებული ფილმი გადის. ვუყურებ. დამთავრდება და დამირეკე.

მაგრამ, რადგან “იგი მაინც ბრუნავს”, და მყარი მუდმივობა არ არსებობს დედამიწაზე, იმ ფილმს, “დათა თუთაშხიას”, მეხუთე სერია მოჰყვა და ინტერვიუს ჩამორთმევის ყველა გეგმა ჩაიფუშა.

…და რახან თქვენ ამ სტრიქონებს კითხულობთ, აშკარავდება, რომ ჩვენი გზები მაინც გადაიკვეთა და შესაძლებლობა მომეცა, თამრიკოსთვის შეკითხვები დამესვა.

ოღონდ _ ონლაინ.

_ ქალბატონო თამარ, როგორ აღნიშნა ოჯახმა ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლის იუბილე?

პირველმა ვინ მოგილოცათ?

ამ თარიღისადმი მიძღვნილ რომელ ღონისძიებაში მიიღეთ მონაწილეობა? კორონა ვირუსის პანდემიამ ხომ არ შეკვეცა საიუბილეო ღონისძიებების მასშტაბურობა?

_ არმაზ, რა გითხრა? მძიმე დრო გვიდგას და, ცხადია, ისე, როგორც ამგვარ თარიღებს ეკუთვნის, ვერ აღინიშნება იუბილეები და დღესასწაულები…

ჩემთვის ყველა პირველია, ვისაც ეს დღე გაახსენდა.

_ იუბილე ძალიან მოკრძალებულად აღვნიშნეთ. ავედით მთაწმინდაზე ოჯახი, უახლოესი ნათესაობა და რამდენიმე ახლობელი ადამიანი, რომლებსაც ჭაბუკა უყვარდა.

ულამაზესი ყვავილებით მოირთო იქაურობა. ავანთეთ სანთლები. მოძღვარმა ცოტნე თვარაძემ აღავლინა შესაფერისი ლოცვები. სასოებით ვისმენდით ყველანი _ ერთი გრძნობით აღვსილნი.

მთაწმინდიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩამოვედით. მწერალ მერაბ რატიშვილის ინიციატივით ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში გაიმართა დღევანდელი ვითარების, ანუ პანდემიის შესაბამისად მოკრძალებული, მაგრამ თბილი ღონისძიება. ცხადია, სკამების რიგები ერთმანეთს საკმაოდ დაშორებული იყო, საზოგადოებაც _ მცირერიცხოვანი, თუმცა სათქმელი მაინც ითქვა.

შეხვედრა გახსნა ბატონმა გიორგი კეკელიძემ _ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, და სიტყვა გადასცა ქუთაისიდან საგანგებოდ ჩამობრძანებულ მწერალ მერაბ გვაზავას. შემდეგ ისაუბრა პოეტმა იროდი ასანაშვილმა. სიყვარულით გაიხსენა თავისი ბიძია ჭაბუკას დისწულმა ირაკლი კაკაბაძემ. გულთბილად ილაპარაკა ბატონმა ლევან თაქთაქიშვილმა, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ (სამწუხაროდ, ვგონებ, გამომრჩა ორი გამომსვლელი, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდი). შემდეგ მიკროფონთან ჩვენი ვაჟი _ შალვა ამირეჯიბი მივიდა. საინტერესო სიტყვა წარმოთქვა ქალბატონმა ჟაკლინ სირაძემ _ მას ეკუთვნის ერთობ საყურადღებო წიგნი ჭაბუკას შემოქმედებაზე. მეც მერგო სიტყვა და ვარჩიე, წამეკითხა ჭაბუკასადმი მიძღვნილი, ჩვენი დიდებული პოეტების ლექსები, მეც გავბედე _ ჩემი ლექსი წავიკითხე.

ამაღელვა ეკრანზე ჭაბუკას გამოჩენამ. ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი ცხოვრების ამბავი.

აქვე გთავაზობთ ჩვენი სახელოვანი პოეტების ჭაბუკასადმი მიძღვნილი ლექსების ფრაგმენტებს. მკითხველებისთვის საინტერესო იქნება უთუოდ.

რეზო ამაშუკელი:

ჭაბუა ამირეჯიბს

საქციელით მეფე ხარ და

გარეგნობით ავთანდილი,

წითლად გაავებულ ხართან

ცხრა ომი გაქვს გადახდილი.

გადგას სხივი მსხმოიარე,

სხივი ალმასების თლილის,

ჯოჯოხეთი მოიარე,

ისე დაუბრუნდი თბილისს

ერის სიამაყედ დგახარ,

ვერ გაგტეხეს, ვერ მოგღუნეს,

ალმოდებულ ტაძარს გავხარ,

ქარში ზარით მოგუგუნეს.

ხარ მისანი ცის და მიწის,

ხანაც ბავშვი მიამიტი,

მხარზე ანგელოზი გიზის,

ხელის გულზე _ უფლის ჩიტი.

მურმან ლებანიძე:

წარწერა წიგნზე

დათა თუთაშხია

რომანზედ დამთენებია,

ფანჯრებში რიბირაბოა,

რა ზვრები, რა მტევნებია,

ამირეჯიბო ჯაბუა!

ლენცოფა აგიცელია,

ნორჩი კეთილი გიცვნია,

რა წიგნი დაგიწერია,

რა სიკვდილები გიგრძვნია.

მიყვარხარ ცერად გავლილი,

მიყვარხარ ვეფხვად მხტომარე,

მიყვარხარ ახლა დაღლილი,

სენაკში სანთლით მჯდომარე.

წიგნს, სისხლით ნაწერს, ვკითხულობ,

მეც სისხლის თხევით ვმღეროდი,

შენთან ერთობით ვდიდგულობ,

ვამაყობ საქართველოთი.

ემზარ კვიტაიშვილი:

უფროს ძმად ითქმი

მახსოვს იმ ჯოჯოხეთიდან

მე ჟამი შენი ჩამოსვლის,

ვერ დავივიწყებ იმასაც _

უბრალო გეცვა სამოსი.

შავიც გშვენოდა პერანგი

და ქუდიც _ შავი ნაბადა,

ვერაზე იდექ, იტყოდი:

ნეტავ, რა დედამ დაბადა!

თბილისს მონატრულს ენახე,

მაღალმა ღმერთმა ინება,

ყვებოდი ამბავს, მოგყვება

ის მადლი, ის გაცინება

ვერაგულ ომში მოკლულის,

შვილის შეუდექ კუბოსაც

დადიხარ, მკერდით ატარებ

რაინდს უძლეველს, შუბოსანს

ნუგზარ წერეთელი:

უკვდავება

მუდამ იდგები მთელი სიმაღლით

მწერლის, კაცის და გმირის ნიმუშად,

მტერსაც სიტყვების სეტყვას მიახლი,

რომ სამშობლომდე აღარ მიუშვა.

ყველაფერს ხედავ, თუმცა სახლში ხარ,

ფანტელებივით ცვივა წამები,

დღეს საქართველოს დიდი მახვში ხარ

და სიყვარულით გეთაყვანებით.

შენ უკვდავება ღმერთმა გაჩუქა,

არსთ გამრიგესაც მაღლით უქიხარ,

ამიტომ გქვია, ალბათ, ჭაბუკა,

ან უფრო მეტი _ მზეჭაბუკი ხარ

_ მწერლის შემოქმედებისა და ოჯახური სითბოს შერწყმის პრობლემა როგორ (ან თუ) გამჟღავნდა თქვენთვის ამ თარიღის აღნიშვნის დროს? წაგართვათ ლიტერატურამ უსაყვარლესი ადამიანი?

ჭაბუა და მისი შემოქმედება: ამათგან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

_ ჩვენთვის ეს იუბილე, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა… კიდევ ერთხელ ვიგრძენით ერის დიდი სიყვარული მისი ერთგული შვილისადმი, ერის, რომელიც მას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ამას უთუოდ გრძნობს მისი წიგნების, მეტადრე “დათა თუთაშხიას” მკითხველი.

ჭაბუკა და მისი შემოქმედება განუყოფელი მთლიანობა იყო. ამავე დროს ის იყო ძლიერი პიროვნება, ფარული და მალული კი არა, ღია და ნათელი ხასიათის ადამიანი. ასეთად იცნობდნენ და აფასებდნენ ძმადნაფიცები, “საოცარი კატორღელები” და მეგობარი მწერლები.

_ ჩემს ოჯახში მაინც მათქმევინეთ სიმართლეო, _ ლიტერატურის კრიტიკოსის, ბესო ჟღენტის, ეს რეპლიკა საკმაოდ პოპულარული იყო იმ ძველ დროს. ჰქონდა თუ არა ბატონ ჭაბუასსაოჯახოშეფასებები თავის კოლეგებზე, მწერალთა ამქრის წევრებზე?

_ ჭაბუკას არ სჭირდებოდა ამგვარი რამ, მისმა მოდგმამ და ცხოვრებამ ისეთ პიროვნებად ჩამოაყალიბა, როგორიც იყო.

_ პირველი არხის გადაცემაში, რომელიც ჭაბუას იუბილეს მიეძღვნა, დაისვა შეკითხვა მისთვის ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე. მადლობელი დაგრჩებით, თუ გამიმეორებთ იმ პასუხს, რომელიც სამი წლის წინათ ჩამორთმეულ ინტერვიუში გამიმჟღავნეთ.

_ არ ღირს გახსენება… ულამაზო ამბავი მოხდა, დღეს იმ ხალხთაგან თითქმის აღარავინაა ცოცხალი. უფალმა ყველას შეგვინდოს ჩვენი ცოდვები. მე მგონი, ყველაზე დიდი პრემია ის ინტერესი და სიყვარულია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნილმა “დათა თუთაშხიამ” დაიმსახურა… ბატონ გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას გადაღებული “დათა” საკავშირო ტელევიზიით როცა გადიოდა, მოსკოვში ტაქსის მძღოლები მგზავრებს არ ისვამდნენ _ ბოდიში, ვერ წაგიყვანთ, სერიალი იწყებაო. მოსკოველმა ქართველებმა მითხრეს არაერთხელ.

_ ერთერთ თქვენს ლექსში ამბობთ:

ღმერთო, რა გვჭირს ამდენ ჭირის მნახველებს,

ეს მაოცებს და ეს მიკლავს გულს.

როგორ გვიყვარს საქართველო ქართველებს,

ერთმანეთი კი რარიგად გვძულს.

ქალბატონო თამარ, რამდენიმე სიტყვა საქართველოს იდენტობაზეც გვითხარით, თუ შეიძლება. ხომ არ გვემუქრება ამერიკანიზაციის შემოტევა?

_ რა შეიცვალა?! ნუთუ სამშობლოს სიყვარული ერთმანეთის სიძულვილშია?! დავუფიქრდეთ…

ქართველი ერის იდენტობა, ანუ თვითშეცნობა, შეხედულება საკუთარ თავზე საუკუნეების მანძილზე თითქმის უცვლელია. ზოგჯერ გვქონია მცდარი წარმოდგენა, განსხვავებული აზრი, რომელსაც მძიმე შედეგიც მოჰყოლია, მაგრამ სამშობლო გვპატიობს. სამშობლოს მაინც ყველანი ვუყვარვართ. ჩვენ გვმართებს მეტი დაფიქრება და არდავიწყება, რომ ქრისტიანები ვართ და უნდა გავუფრთხილდეთ სამშობლოსა და ერთმანეთს.

ამერიკანიზაცია რას ნიშნავს? სხვა ერებისა და კულტურების გავლენის ქვეშ მოქცევის საშიშროება მრავალჯერ ყოფილა ჩვენი ერის წინაშე, მაგრამ ყოველთვის დაგვიძლევია. ასეთი რამ შეიძლება კვლავაც მოხდეს, მაგრამ ჩვენს სახეს მთლიანად ვერავინ დაგვაკარგვინებს. ვიყოთ გონიერნი, დავუჯეროთ ჩვენს ბრძენ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს _ ილია მეორეს. ნუ შევაწუხებთ ჩვენი სიჯიუტით.

_ ბატონი ჭაბუა სულით დემოკრატი და კეთილშობილი ადამიანი იყო, რაც მჟღავნდებოდა ადამიანებთან ყოფით ურთიერთობებშიც. მაგალითად, წლების წინათ, ერთერთ დაბადების დღეზე, რომელიც რესტორანქალაქურშიგაიმართა და რომელზეც მიწვეულნი იყვნენ ჩვენი საზოგადოების სახელოვანი და თვალსაჩინო პიროვნებები, მეც აღმოვჩნდი. დღემდე ვერ გამიგია, ეს როგორ მოხდა.

_ პასუხი შენს შეკითხვაშია _ უთუოდ თვალსაჩინო და ღირსეულ პიროვნებად გთვლიდა _ ადამიანის შეცნობა მას არ უჭირდა.

(არ უნდა მეკითხა!).

_ სამი წლის წინათ ინტერვიუში მითხარით, რომ მუშაობდით ჭაბუას მოგონებების წიგნზე. რამდენად წაიწია წინ ამ საქმემ?

_ წიგნი მალე გამოქვეყნდება.

* * *

გავბედავ და ქალბატონ თამარის ნებართვის გარეშე ბატონ ჭაბუას ხასიათის ერთ, მნიშვნელოვან შტრიხს გაგაცნობთ.

დიდ ბოდიშს გიხდი, თამრიკო, და მაპატიე, გეთაყვა.

ამბავს მოგიყვებით.

ერთმა კარგმა პოეტმა ერთი წლის შვილს დღეობა გადაუხადა. შინ მიიწვია თამრიკო და ჭაბუა.

სხვა მწერლებიც იყვნენ, რა თქმა უნდა.

სუფრის თამადა მუხრან მაჭავარიანი იყო.

კისკასებდა ლექსი, ჩვენი სიმღერების მრავალხმიანობა აკეთილშობილებდა იმათ პურისჭამას და დახვეწილი იუმორი ახალისებდა პარნასის წევრთა შემოჯრილობას (გოგლა ლეონიძისეულია).

ერთმა ჰა და ჰა მწერალმა თავის გამოჩენა მოინდომია და საპატიო სტუმარს, ჭაბუა ამირეჯიბს, უნიჭო ხუმრობა შეჰკადრა _ ცოტა ვითომ იუმორი, ბევრი უხერხულობა და მოშურნეთა მიერ შეთითხნილი ჭორის მისეული ვარიანტი.

გასაცინებლად.

აწია ჭიქა იმ კაცმა და ამბობს:

_ ეს ადამიანი, რომელსაც ჭაბუა ამირეჯიბად ვიცნობთ, სულ სხვა ვინმეა. ამ კაცმა მოკლა ჭაბუა და მისი სახელი მიითვისა. გადასახლებიდან საქართველოში რომ დაბრუნდა, მივიდა ჭაბუას დედასთან და უთხრა, რაც მოიმოქმედა. დედა გადაირია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დათანხმდა და არ გათქვა დამნაშავე: ვიფიქრებ, რომ შვილი ცოცხალი მყავსო.

“დათა თუთაშხია” ამ კაცის დაწერილი არ არის.

არ გასცინებია არავის.

უხერხული სიჩუმე ისევ ბატონ ჭაბუას დაურღვევია:

_ სამაგიეროდ ქართველ მკითხველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ შენი წიგნები შენი დაწერილია!

არმაზ სანებლიძე

დასასრულ, როგორც იუბილის აპოთეოზს, თამარ ჯავახიშვილის ლექსს შემოგთავაზებთ, რომელიც სათაყვანებელ მეუღლეს _ ჭაბუა ამირეჯიბს მიუძღვნა.

თამარ ჯავახიშვილი:

თებერვალი

საღამოს ბინდში,

სილურჯეში მოვიდა თოვლი,

უცხო სიმშვიდით გადააბა ყოველი ხაზი,

ყველა ხე და წკირი ყოველი,

ასეთი თოვლი _ უწყინარი,

ბუნების მადლი,

თეთრი რტოები, მავთულები, ლიანდაგები

ჩვენ გვაშორებდნენ დიდხანს და დიდხანს

კილომეტრების გაუვალი ათასეულით.

და რა ვიცოდი, _ არაფერი ბავშვობის გარდა,

შენი სახელიც არ ვიცოდი

დღეს კი _ მორჩილად განაბული დედაქალაქი

ფიფქების ჭერქვეშ, და სინათლე ჩვენი ფანჯრიდან

შორიდან ვხედავ, შინ მოვდივარ, როგორც სტუმარი,

სტუმარი შენი მოგონებების.

ამაოდ დაშვრა ქარიშხალი,

თუმც საკმარისი, იქეიფა,

როგორც უნდოდა

შენი წარსული, დაძაბული,

ყალყზე შემდგარი,

ყელში ბურთივით გაჩრილი მაქვს,

და ვითომ თოვლი,

ვითომ მხოლოდ თოვლი მაღელვებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here