დიდი ჭაბუა ამირეჯიბი 1976 წლის 25 სექტემბერს გავიცანი. რატომ და რისთვის ასეთი სკრუპულოზური სიზუსტე? საქმე ის არის, რომ ზუსტად 45 წლის წინათ, უბრალო, 2-ოთახიან ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინაში გაიმართა ჩვენს დიდ საძმაკაცოში პირველი პატარა (რამდენი სტუმარიც დაეტეოდა “ხრუშჩოვკის აპარტამენტში”), სამაგიეროდ გემრიელი, ტრადიციული ქართული პურობა, ქეიფი, დაუვიწყარი ქორწილი ვიწრო წრეში. ქორწილის ნეფე წლების შემდეგ გლდანის ჯოჯოხეთში პირადად ოლეგ ფაცაციას მიერ სადისტური წამებით დაღუპული, ჩემი თაობის თბილისელ ბიჭებში ცნობილი პიროვნება, ჩემი სიყრმის მეგობარი ანანია სალუქვაძე გახლდათ. თამადა ანანიას ბიძა, “ვეფხისტყაოსანის” ზეპირად მცოდნე სოსო სალუქვაძე იყო, სუფრის “რიგითი” წევრი კი _ ანანიას მამის (რომლის სიტყვა იმ პერიოდის თბილისის ინტელიგენტურ წრეებში ძვირად ფასობდა), შოთა სალუქვაძის, სიყრმის მეგობარი, გენიალური “დათა თუთაშხიას” ავტორი, დიდი ჭაბუა ამირეჯიბი.
ის ქორწილი ჩვენთვის, იმხანად 18-20 წლის ყმაწვილებისთვის, ქართული სუფრის აკადემია იყო, რაინდობის, ქართველობის, ვაჟკაცობის ფეიერვერკი, რომლისგან მოგვრილი ემოციების ხსოვნა სამარის კარამდე მიმყვება. ამ არცთუ მცირე შესავლით, ვერის უბნის თამადობით, ჩვენი მამების თაობის თბილისი და თბილისელები მინდა გავიხსენო, რომლებსაც სამარადისო ძეგლი დაუდგა ჯერ კალმით (“პაემანი ვერაზე”) გიზო ნიშნიანიძემ (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე თბილისის მემატიანემ), ხოლო მოგვიანებით მოქანდაკის საჭრეთლით _ საქართველოს მიქელანჯელომ (ასევე გადაჭარბების გარეშე) მერაბ ბერძენიშვილმა დოდო აბაშიძის ბიუსტის სახით, რომელიც ჯანაშიას სკვერში ზუსტად იმ ადგილს ამშვენებს, სადაც “ქუჩის ბიჭობისას”, ყმაწვილკაცობაში “ბირჟაობდნენ” მომავალი გენიოსები _ მერაბ ბერძენიშვილი (ბერძენა) და ნოდარ დუმბაძე… იქვე, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ “უბნის მაყურებელი” ვაჟკაცები _ გივი ძნელაძე, სრულიად საქართველოს კოლორიტი, ყველასთვის უსაყვარლესი დოდო აბაშიძე და ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი შოთა სალუქვაძე…
“მას მისი სასწორი ეჭირა ხელში და
თემიდას უსწორებდა სასწორს.
ის სულ არ იტყოდა ან, თუკი იტყოდა,
არა სანახევროდ, მთლად სწორს…
მის სიტყვას სხვა შნო და ლაზათი დაედო,
წვდებოდა შიგ გულის ფიცარს.
იცავდა, რომ ვინმეს თავი არ აეგდო,
თბილისის ცასა და მიწას”
(გიზო ნიშნიანიძე, “პაემანი ვერაზე”).
1968 წელს ინფარქტით გარდაცვლილი, 42 წლის უპარტიო (იმხანად უპრეცედენტო ფაქტი) კაცი ტელევიზიის (სახელმწიფო დაწესებულების) შენობიდან გამოასვენეს, რაც ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის, სანქციის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ შოთა სალუქვაძე ისეთი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოების ყველა ფენაში (მათ შორის ე.წ. შავ სამყაროში), რომ მას სათანადო პატივი მიაგეს, რაც ვასილ მჟავავაძის ქართველობისა და ვაჟკაცობის დადასტურებაც იყო. მას შემდეგ “ვარდების რევოლუციამდე” საქართველოს მთავარ ტელევიზიაში შოთა სალუქვაძის სახელობის კაბინტი არსებობდა, მაგრამ “ვარდოსანი ხელისუფლების” მიერ დანიშნულმა ახალმა დირექციამ გააუქმა. ვერის უბანს ხშირად სტუმრობდნენ “გაღმა თბილისელი” _ პლეხანოველი, ვორონცოველი, ნახალოვკელი და ა.შ. _ “ბირჟავიკებიც”; იშვიათად “საქმის გასარჩევად”, რაც, როგორც წესი, რესტორან “გემოში” ნისიად შერიგება-”შეჭიქებით” მთავრდებოდა. გაღმელ “ბირჟავიკებს” ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ მათ სატრაბახოდ პლეხანოველი თუ ვორონცოველი (ზუსტად არ მახსოვს) დიდი რეზო ლაღიძეც ეყოფათ, რომელსაც, გენიალური “თბილისოს” მეტი რომ არაფერი შეექმნა, მაინც გენიოს, სულით ხორცამდე ქართველ კომპოზიტორად დარჩებოდა. მოდი და ამის შემდეგ ნუ ირწმუნებ ცხონებული ანანია სალუქვაძის, ნიჭიერი პოეტისა და პროზაიკოსის, ერთი სტროფის ჭეშმარიტებას _ “რომ იყო ქუჩის ბიჭი, მაგასაც უნდა ნიჭი”... ზემოთქმული ზოგს შეიძლება გიზო ნიშნიანიძის შემოქმედების რეცენზია, ან “ქუჩის ბიჭობის” პროპაგანდა ეგონოს, მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ქუჩა აუცილებლად კრიმინალს არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, იმხანად ასე იყო. იმდროინდელ “ქუჩის აკადემიაში” ნასწავლთა უმრავლესობას კრიმინალისკენ არც გაუხედავს და საითაც “გაიხედეს”, რომელი პროფესიაც აირჩიეს, წარმატებას მიაღწიეს… მომიტევეთ, თვითონაც ვატყობ, წერილის მთავარ თემას დავშორდი, მაგრამ უკან დახევამდე ერთხელაც გავიხსნებ “იმ ქორწილს”, უფრო ზუსტად, ჭაბუა ამირეჯიბის მიერ ანანიასთვის “სალფეთქზე” ექსპრომტად დაწერილ რამდენიმე სტრიქონს. ის “სალფეთქი”, სამწუხაროდ, სადღაც დაიკარგა და ამიტომ კარგად არ მახსოვს დაწერილის შინაარსი, სამაგიეროდ, ზუსტი ციტირება შემიძლია წერილის საფინალო ორი სიტყვისა, რომლებიც, ვფიქრობ, მრავლისმეტყველია: “შოთას ჭაბუა”! როგორც წერილის დასაწყისში მოგახსენეთ, ეს ამბავი ზუსტად 45 წლის წინათ მოხდა. ამ ხნის განმავლობაში ცოცხალ კლასიკოსსა და მოაზროვნეს სულ რამდენიმეჯერ შემთხვევით შევხვდი ისეთ ვითარებაში, რომ მეტ-ნაკლებად საფუძვლიანი საუბარი გამორიცხული იყო. ბატონ ჭაბუასთან გულთბილი ურთიერთობის ბედნიერებას მაშინ ვეწიე, როდესაც მის შვილს, ლაშა, იგივე ჩუკი ამირეჯიბს დავუმეგობრდი. სამწუხარო ის იყო, რომ იმხანად დიდ მწერალს საუბარი აღარ შეეძლო და წერდა ხოლმე. სამაგიეროდ, სმენისა და აზროვნების უნარი არ ჰქონდა დაკარგული მხცოვან მწერალს, რომელმაც ეს დამიწერა დაფაზე: “რომ გათენდება და ვხვდები, ისევ ცოცხალი ვარ, მიკვირს. სიცოცხლისგან დავიღალე, მიქცევისთვის მზად ვარ”.
სხვათა შორის, დიდი ჭაბუა სიკვდილ-სიცოცხლეზე საინტერესოდ მსჯელობს თავის ბოლო ნაშრომებში _ “ბოლოს წინა” და “ნააზრევები”. ისე საინტერესოდ წერს და ორიგინალურად აზროვნებს ყოფნა-არყოფნის, პრინციპში, ცხოვრების მთავარ არსზე, რომ ეჭვი არ შემიტანია სიტყვების გულწრფელობაში _ “სიცოცხლისგან დავიღალე, მიქცევისთვის მზად ვარ”. ჯერ მხოლოდ “მიქცევა” რად ღირს? სხვასთან არავისთან შემხვედრია, სიკვდილისთვის რომ მიქცევა უწოდებინა. ერთ შეხვედრაზე “ის” ქორწილი და შოთა სალუქვაძე გავახსენე დიდ და, ამასთანავე, უაღრესად თავმდაბალ მწერალს, რომელსაც შოთას გახსენებამ თვალები აუწყლიანა. ჭაბუა ამირეჯიბის მონახულება ჩემთვის პრობლემა არ იყო _ წინასწარ უნდა დამერეკა მისი მეუღლისათვის და, თუ ბატონი ჭაბუა ჯანმრთელად და გუნებაზე იქნებოდა, ისე “გავთავხედდი”, თანმხლებ პირთან ერთადაც შემეძლო მისი “შეწუხება”. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ბევრს სურდა მისი გაცნობა და მასთან ერთად ფოტოს გადაღება. ის პერიოდია, როცა ზურაბ ჟვანიას იდიოტურ ნათქვამს “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, როგორც შეუვალ სიბრძნეს, ისე ატრიალებდნენ ლიბერასტი ჟვანიას მომხრეები. გავახსენე დიდ მწერალს ეს ამბავი და ვკითხე: ბატონო ჭაბუა,ვინ ვართ ჩვენ _ ევროპელები თუ აზიელები? მან წერილობით (რომლის ხელნაწერი ჩემი რელიკვიაა) მიპასუხა: “ჩვენ არც აზიელები ვართ და არც ევროპელები, ჩვენ ჩვენი სულიერებით მოვედით ამ დალოცვილ, მაგრამ “შარიან” მიწა–წყალზე, პლუს, რაც ევროპა–აზიიდან “ვისესხეთ” და გავაქართულეთ _ ჩვენ ქართველები ვართ!”
მგონი, ამაზე ლაკონური, ამასთანავე, ყოვლისმომცველი და, რაც მთავრია, ქართული, ჯიგრიანი პასუხის მოძებნა შეუძლებელია; მით უმეტეს დღეს, როდესაც ე.წ. კოლექტიურ დასავლეთში ლგბტ-ობის მეტი “სასესხებელიც” არაფერია, მით უმეტეს გასაქართულებელი.
ფუი, ეშმაკს, ღმერთმა დაგვიფაროს!
დავით მხეიძე
P.S. წერილში აღვნიშნე, ქუჩა აუცილებლად კრიმინალს არ ნიშნავს–მეთქი. ქუჩა ცხოვრების ერთგვარი სკოლაა, რომელშიც მოსწავლის ადგილს მამის სქელი ჯიბე კი არა, პირადი ღირსებები განსაზღვრავს. ჩვენი უბედურებების ერთ–ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ქოც–ნაცთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუჩა, ანუ ხალხის რალური ცხოვრება არ იციან, რადგან ველოსიპედებიდან პირდაპირ შავ ჯიპებში გადასხდნენ, რომელთა დაბურული მინებიდან არ ჩანს ნაგვის ბუნკერებში თავჩარგული ხალხი.
აბა, ნებისმიერ მაღალჩინოსანს ვკითხოთ, ბოლოს როდის გაიარეს ქალაქში ფეხით, როდის ჩავიდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებში, როდის, როდის და ათასჯერ როდის…