საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახლახან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქართულ ბიზნესსა და სოფლის მეურნეობას სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარა და დაპირება 200 საწარმოს დაფინანსების შესახებ შესრულდა. გადავწყვიტეთ, პრემიერის ნათქვამი გადაგვემოწმებინა და გაგვერკვია, მართლაც შესრულდა აღნიშნული დაპირება, თუ, როგორც უკვე მიჩვეულები ვართ, ესეც ხელისუფლების მხოლოდ მორიგი სიცრუე და პიარაქცია იყო. მით უმეტეს, რომ საქმე სახელმწიფოს არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროს ეხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თითოეული ამუშავებული საწარმო ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს.
ჟურნალისტებს გამუდმებით გვსაყვედურობენ, რომ დადებით მოვლენებზე თითქმის არ ვწერთ და მხოლოდ სკანდალები გვაინტერსებს, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ ხელისუფლებისგან მრავალჯერ მოტყუებულ, სოციალურად შეჭირვებულ, მილიარდობით ვალის მქონე ქვეყანაში მართლაც რთულია, წერო დადებით მოვლენებზე. მით უმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ გავრცელებული, ყბადაღებული მითი ასი ახალი საწარმოს შესახებ ქილიკის საგნად და თითქმის აუსრულებელ ოცნებად იქცა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობისთვის 115 მილიონ–ნახევარი ლარი გამოყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს უკვე 5810 მსესხებელი ჰყავს. პროექტების მართვის სააგენტომ აგროკრედიტის პროექტის განხორციელება 1 აპრილიდან დაიწყო და, 8 ოქტომბრის მონაცემებით, საბანკო სექტორმა 115 მილიონ 907 ათას 874 ლარის სესხი გასცა.
გადავწყვიტეთ, ინფორმაცის გადამოწმების მიზნით, მეწარმეებს თავად დავკავშირებოდით და გაგვერკვია, მართლაც მიიღეს თუ არ მათ სახელმწიფოსგან თანხა და რაში დაეხმარათ აღნიშნული პრექტის ფარგლებში მიღებული ფინანსური დახმარება. თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განგვიმარტეს, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაფინანსებულ ფერმერებს პირადი, სხვადასხვა მოსაზრების გამო, ინფორმაციის გასაჯაროება რატომღაც არ სურთ, მაგრამ რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია მაინც მოგვაწოდეს.
როგორც აღმოჩნდა, აგროკრედიტი 7 წლამდე ვადით, პროცენტები კი _ 0-დან 3%-მდე მერყეობს, რაც, რა თქმა უნდა, დიდ შეღავთს უქმნის მეწარმეებს. გაცემულია კრედიტები როგორც უკვე არსებული საწარმოების დასახმარებლად, ასევე, ახალი საწარმოების დასაფინანსებლადაც.
მაგალითად, თელავის რაიონის სოფელ შალაურში მდებარე შპს «შალაურის ღვინის მარანი» იმ საწარმოებს შორისაა, რომლებიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების შედეგად დაფუძნდა. როგორც დამფუძნებელი და დირექტორი დავით ბუაძე ამბობს, რომ არა სახელმწიფოსგან იაფი კრედიტის ფარგლებში მიღებული დახმარება, საწარმო არ იარსებებდა. «ქართუ ბანკს» წარვუდგინეთ ბიზნესგეგმა, საიდანაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსთან თავად მოახდინეს კოორდინაცია. ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ სერიოზულად დაგვიდგნენ მხარში. ვიღაცები მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ მივიღეთ დაფინანსება, მაგრამ მართლა არავის არ ვიცნობდი. აბსოლუტურად ობიექტურად შეგვარჩიეს. მე დიდი გამოცდილება მაქვს ანალოგიური პროექტების განხორციელებაში, მაგრამ შემიძლია პირდაპირ განვაცხადო, რომ ასე უპრობლემოდ, სახელმწიფოს ხელშეწყობით არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა.
იაფი კრედიტის ფარგლებში, 138 ათასი აშშ დოლარის კრედიტი მართლაც სასაცილო, 2%-ად და 7 წლის ვადით მივიღე. აღნიშნული თანხა დაიხარჯა მარანის, სადეგუსტაციო დარბაზისა და ღია სამზარეულოს ასაშენებლად. ტრადიციული ქართული მეღვინეობის გაკეთებას ვაპირებთ. მეტსაც გეტყვით, ეს მარანი დღეს აშენებულია და უკვე ღვინოც მივიღეთ».
მცხეთის რაიონში მდებარე შპს «ბერთამთა» _ სასაწყობე მეურნეობისა და თხის ფერმისგან შედგება, როგორც მისი ხელმძღვანელი ზურაბ მარსაგიშვილი ამბობს, პროექტი დიდი შეღვათია მეწარმეებისთვის. «მე ბიზნესგეგმა შეტანილი მაქვს ნახევარ მილიონზე, მაგრამ ჯერჯერობით 100 ათასი ლარი მაქვს მიღებული და ათვისებული.
თანხა 1%-ად მივიღე და 6 წლის განმავლობაში უნდა დავფარო. რომ არა ეს პროექტი, საწარმო იარსებებდა, მაგრამ, რაც ახლა გავაკეთე, ამის განსახორციელებლად, მინიმუმ, სამი წელი მაინც დამჭირდებოდა.
ვინაიდან ბიომეურნეობა ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ თვითონ პროექტი ძალიან დიდი შეღავათია ჩვენთვის და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა და სოფლის მეურნეობის სუბსიდირება მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ განხორციელდა, ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება».
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე შპს კოოპერატივი «მზიური ჯავახეთი» ყველის წარმოებასა და რძის გადამუშავებაზეა ორიენტირებული. როგორც საწარმოს ხელმძღვანელი მაქსიმ გილოიანი ამბობს, გრძელვადიანი კრედიტი 45 ათასი ლარის ფარგლებში 3%-ად, 7 წლის ვადით მიიღო სახელმწიფოსგან და, როგორც აცხადებს, განხორციელებული პროექტით ისიც ძალიან კმაყოფილია.
მარცვლეულის სასაწყობო და საშრობ მეურნეობას ეწევა შპს «ლომთაგორა». საწარმო მარნეულში მდებარეობს. სახელმწიფოსგან დაფინანსება, როგორც მსხვილმა საწარმომ, შეღავათიანი აგროკრედიტის მეორე კომპონენტის ფარგლებში მიიღო. საწარმოს ხელმძღვანელის _
კახა ლაშხის თქმით, ის, რაც შეღავათიანი აგროპოროექტის ფარგლებში უკვე გაკეთდა, მაინც გააკეთებდა, მაგრამ ამ ყველაფერს ათი წელი მაინც დასჭირდებოდა. «თანხა 7 წლის განმავლობაში უნდა დავფარო. აღნიშნული თანხა საწარმოს გაფართოებასა და ტექნოლოგიების დახვეწაში დამეხმარა».
აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 5 კომპონენტისგან შედგება: პირველი, ეს არის უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, რომლითაც უკვე 2685 ადამიანმა ისარგებლა და სესხის მოცულობა 1 მილიონ 106 ათას 478 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მეორე კომპონენტს, რომელიც საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არის გათვალისწინებული, დღეის მონაცემებით, ამ კომპონენტის დახმარებით 61 მილიონ 869 ათას 43 ლარის სესხი 3125 ბენეფიციარმა მიიღო.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მესამე კომპონენტს 252 მსესხებელი ჰყავს. კრედიტის მოცულობა კი 31 მილიონ 846 ათას 671,79 აშშ დოლარს შეადგენს.
მესამე კომპონენტის დამატებაა მეოთხე _ სალიზინგო პროგრამა, რომლის განხორციელება ერთი თვის წინ დაიწყო და სალიზინგო კომპანიებში რამდენიმე განაცხადის განხილვა უკვე მიმდინარეობს. შეღავათიან აგროსესხს დაემატა მე-5 კომპონენტი. გაიცემა შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის _ 15-თვიანი სესხი 12-15%-ად, აქედან 9%-ს სახელმწიფო ფარავს. 1 ლარად ან 1 ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით, შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. 38-მა ღვინის საწარმომ 43 მილიონ 688ათას 24 ლარის სესხი უკვე მიიღო.
პროექტის ფარგლებში სესხი გაიცა სასაწყობო და საშრობ მეურნეობებზე, ფერმის მშენებლობაზე, მერძევეობა-მეხორცეობაზე, მეთევზეობა-მეფრინველეობაზე და სასათბურე მეურნეობის მშენებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსებული საწარმოებიდან 51 ახალი საწარმოა.
მოამზადა შორენა ცივქრაშვილმა