გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დიპლომატიური მიმოწერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს _ ჟან–ივ ლე დრიანსა და ჰაიკო მაასს შორის, რათა თავიდან აეცილებინა მოსკოვის პოზიციის დამახინჯება უწყებების ხელმძღვანელების “ნორმანდიის” ფორმატში შეხვედრაზე. ლავროვმა საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მიმოწერის გამოქვეყნება განმარტა სიტყვებით “ყელში ამოვიდა”. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმოწერა საკმაოდ მჭევრმეტყველურად ასახავს იმ საბოტაჟის არსს, რომელსაც თანმიმდევრულად განახორციელებს უკრაინის რეჟიმი მინსკის შეთანხმებების მიმართ.
პუბლიკაცია საკმაოდ უჩვეულო მოვლენად იქცა რუსული დიპლომატიური პრაქტიკისთვის, რომელიც, როგორც წესი, სანდოობის საკითხებისადმი ძალიან კონსერვატიულ დამოკიდებულებას ავლენს, განსაკუთრებით ასეთ მაღალ დონეზე. როგორც ჩანს, მათი რეპუტაცია, ვისთანაც ახლა საქმეს იჭერენ ევროპაში, ისეთ დონეზეა, რომ მათ რეაქციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა “ნორმანდიულ ფორმატში” მხოლოდ მაშინ გაიმართება, როცა კიევი შეასრულებს მინსკის შეთანხმებებს. “უპირველეს ყოვლისა, ეს არის დონბასის განსაკუთრებული სტატუსი, ამ განსაკუთრებული სტატუსის დამკვიდრება უკრაინის კონსტიტუციაში, რომელიც უნდა შეიცავდეს დეცენტრალიზაციის ელემენტს, როგორც ეს წერია მინსკის შეთანხმებებში, არის უპირობო ამნისტია და, რა თქმა უნდა, ეს არის არჩევნების ჩატარება ეუთოს პრინციპებზე დაყრდნობით კიევს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის შეთანხმებული წესით”. როდესაც ეს გაკეთდება, “აღდგება უკრაინის სრულფასოვანი კონტროლი რუსეთთან საზღვრის იმ ნაწილზე, რომელსაც ახლა კიევი ვერ აკონტროლებს”, _ დაასკვნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე რუსეთის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ასევე რუსეთი, როგორც ნორმანდიული ფორმატისა და საკონტაქტო ჯგუფში მოლაპარაკებების მონაწილე, ერთადერთია, ვინც მზად არის მინსკის შეთანხმებების განხორციელებისათვის.
იმის გასაგებად, რა იყო ბოლო წვეთი, რომელმაც რუსეთის საგარეო მინისტრის მოთმინების ფიალა აავსო და ატიპური ჟესტის გაკეთება აიძულა, საჭიროა, მიმოწერის კონტექსტში გარკვევა. რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცდილობდნენ, შეთანხებულიყვნენ ახალ შეხვედრაზე “ნორმანდიულ ფორმატში” (იგივენი, პლუს უკრაინა), რათა განეხილათ დონბასში მინსკის შეთანხმებების შესრულების პროგრესი, უფრო სწორად, მისი სრული არარსებობა.
მოსკოვს ნორმანდიულ შეხვედრაში მონაწილეობის მხოლოდ ერთი პირობა აქვს _ იმის ზოგადი კონსტატაცია, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა, იმიტომ, რომ უკრაინას არ სურს, შეასრულოს მინსკის შეთანხმების საკვანძო პუნქტები იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა ითვალისწინებს (ჯერ დონბასის განსაკუთრებული სტატუსი უკრაინის კონსტიტუციაში და სახალხო მოლაშქრეების ამნისტია, შემდეგ კი არჩევნები ეუთოს სტანდარტების მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებზე კონტროლის გადაცემა უკრაინელებისთვის). ეს არ იყო ფრანგულ–გერმანულ ვერსიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ განსახილველიც არაფერია მინისტრთა თუ უმაღლეს დონეზე.
“მინსკი-2”-ის სხვა პუნქტების რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ, ერთი მხრივ, კიევსა და, მეორე მხრივ, დონეცკ-ლუგანსკს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, მაგრამ კიევი უარყოფს ამგვარი მოლაპარაკებების იდეას, მათ შორის პროცესის უსასრულოდ გაჭიანურებისა და პასუხისმგებლობის მოსკოვისთვის დაკისრების მიზნით. ბერლინი და პარიზი კი მას აქეზებენ, ეს ლავროვის წინადადებაზე ორი მინისტრის პასუხშიც აისახა. ფრანგი და გერმანელი მინისტრების მოსკოვში გამოქვეყნებული წერილის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, “ნორმანდიული ოთხეულის” მუშაობის რეალური გაგრძელება გერმანიის, რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის 2014 წლის ივნისში შექმნილი მოლაპარაკებების ფორმატით მათ გეგმებში საერთოდ არ შედის. საუბარია არა იმაზე, რომ ევროპელი მინისტრები მზად არიან, განაახლონ დიალოგი და ვაჭრობენ მის პირობებზე, ისინი, უბრალოდ, აყენებენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ისე, რომ გამორიცხონ მოლაპარაკებების პროცესში დაბრუნების ნებისმიერი ალბათობა უახლოეს მომავალში, ამიტომ რუსეთისადმი მიმართული შემხვედრი წინადადებები შეიცავს განზრახ განუხორციელებელ და იურიდიულად ყალბ თეზისებს.
თუ ასეა, მიაჩნიათ მოსკოვში, ახსნა მხოლოდ ერთია: შეხვედრა “ნორმანდიულ ფორმატში” დასავლეთს სჭირდება არა მინსკის შეთანხმებების საიმპლემენტაციოდ, არამედ რუსეთის დასაყოლიებლად, გადააკეთოს ისინი უკრაინის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში რუსეთი ხელს დაიბანს. ეს არის არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, ასევე სერგეი ლავროვის პოზიცია.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას და მხარს უჭერს მის მკვეთრ ჟესტს.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინსკის შეთანხმებამ საერთაშორისო სამართლის სახე მიიღო, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო გაეროს უშიშროების საბჭომ. მაგრამ სინამდვილეში, სამწუხაროდ, (გერმანია და საფრანგეთი) მხარს უჭერენ კიევის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის კურსს მათი დემონტაჟისკენ, რასაც მოლაპარაკებები და თვითრეგულირება ჩიხში შეჰყავს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს შუამავლობის მცდელობები საკონტაქტო ჯგუფსა და “ნორმანდიულ ფორმატში”, ვინაიდან უკრაინის შიდა დარეგულირებაზე ზეგავლენის სხვა მექანიზმები არ არსებობს. ისევე, როგორც არ არსებობს მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების ალტერნატივა”.
საგულისხმოა, რომ ახლახან პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ისტორიულ ბრძანებულებაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ეკონომიკების რუსეთის ეკონომიკაში ინტეგრაციის შესახებ. შესაძლოა, ეს ყოფილიყო რეაქცია იმ გარემოებაზე, რომ ბერლინმა და პარიზმა არსებითად შეაგულიანეს კიევი მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციის ჩაშლაზე. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლები ამ განკარგულებას რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდნენ. რუსეთმა სრულად გახსნა თავისი ბაზრები დონბასში წარმოებული საქონლისთვის, რომელიც მას დაეხმარება, შეაჩეროს სამეურნეო დეგრადაცია და მოსახლეობის იქიდან გადინება. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ შეიძლება უბრალო სახელი ეწოდოს, მაგრამ ეს ისტორიული მოვლენაა, მით უმეტეს, თუ მას განვიხილავთ დონბასის პრობლემასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებების ჭრილში, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო წლებში მიიღო.
2017 წელს რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში გამოცემული მრავალი დოკუმენტი, პასპორტებიდან დიპლომებამდე. 2019 წელს დონბასის მცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება. ახლა, 2021 წელს, ადგილობრივი საწარმოები მრავალი უფლებით გაუთანაბრდება რუსულს. პირველ რიგში, აღიარებული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში წარმოებული პროდუქტების სერთიფიკატები. უწინ რუსეთის ფედერაციის საბაჟო და სხვა ორგანოებისთვის წარმოდგენილი ეს სერთიფიკატები უკრაინული უნდა ყოფილიყო _ ოფიციალური “მწარმოებელი ქვეყნის” მიხედვით. პასუხი კითხვაზე, როგორ შეგვეძლო იმხანად ლეგალურად ვაჭრობა დონბასთან, მარტივია: არ შეგვეძლო. დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ “ფირმების” საქმიანობის წყალობით, რომლებიც ასეთი სერთიფიკატებით ვაჭრობდნენ. უკრაინელებმა ამით დიდძალი ფული იშოვეს, მათ ხომ ოფიციალურ პატრიოტიზმზე მეტად ფული უყვართ.
მეორე _ რიგი გამონაკლისის გარდა, გაუქმდება დონეცკისა და ლუგანსკის საწარმოებისთვის საქონლის რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის კვოტები.
მესამეც _ დონბასელ მწარმოებლებს ჩართავენ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში, ანუ თვითონ რუსული სახელმწიფო იქნება მათი ერთ-ერთი შემკვეთი. ის ძალიან დიდი შემკვეთია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დონბასის ბევრი საწარმოო სიმძლავრე ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, მესამედითაა დატვირთული.
დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები უკრაინის მხრიდან ეკონომიკურ ბლოკადაში იმყოფებიან და, მაშასადამე, მსოფლიოს მიერ მხოლოდ უკრაინული სერთიფიკატების აღიარების გათვალისწინებით, მთელი მსოფლიოს მხრიდანაც. რუსეთში და უკან მხოლოდ ცალკეული ეკონომიკური “ნაკადულები” მიედინებოდა, მაგრამ ისინი დონბასს მისი ინდუსტრიული პოტენციალის რეალიზების საშუალებას არ აძლევდა. ტრადიციულად მდიდარი რეგიონი, რომელშიც ხალხი ისტორიულად მიჩვეული იყო შრომასა და ხელგაშლით ცხოვრებას, თავის მცხოვრებლებთან ერთად გაღატაკდა.
ახლა დონბასი პრინციპულად დაუახლოვდა რუსეთს _ ის რუსეთთან ასოცირებული რეგიონია, გაუჩნდა მომავალი _ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული, რადგან მომავალი ხალხია, ხოლო ხალხი უწინ დონბასიდან მიემგზავრებოდა, გაურბოდა არა მხოლოდ და არა იმდენად ბომბებს, რამდენადაც უმუშევრობასა და სიღარიბეს, მაღალ ფასებთან შეუსაბამო დაბალ ხელფასებს. იქნება ვაჭრობა _ იქნება წარმოება; იქნება წარმოება _ იქნება ფული; იქნება ფული _ იქნება ხალხი. ეს ეკონომიკის მსოფლიო კანონია.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნინო ბერიძემ