Home რუბრიკები პოლიტიკა “ოცნების” ლურჯ ტყავში გახვეული “ნაციონალური მოძრაობა”

“ოცნების” ლურჯ ტყავში გახვეული “ნაციონალური მოძრაობა”

“ოცნების” ახალგაყვანილი მერების 70%-ზე მეტი “ნაციონალური მოძრაობის” არათუ რიგითი წევრი, არამედ აქტიური მხარდამჭერი და მაღალჩინოსანი იყო

მაშინ, როცა ხელისუფლებას ყველაზე მეტად უჭირს, სოციალურ ქსელებში ჩნდება ვიდეოკადრები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ასახავს. ადრე ამ ვიდეოებს უცნობი პირები ავრცელებდნენ (და, სავარაუდოდ, იმ საქმეში ხელისუფლების ხელი ერია), ახლა კი სახელმწიფო უწყებები, ძირითადად შსს, ავრცელებს კადრებს და გვახსენებს, რას აკეთებდანაციონალური ხელისუფლება”.

ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ ეპყრობიან ერთ-ერთ პატიმარს გლდანის ციხის იმჟამინდელი უფროსი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად “ქილერა”) და სამხედრო პოლიციის შეფი მეგის ქარდავა, რომელიც ორიოდე თვის წინათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან და, იმის მიუხედავად, რომ სასჯელი დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა, ახალი ბრალიც წაუყენეს და სასამართლოც მიმდინარეობს. მეგის ქარდავამ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, მაგრამ იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, “ნაციონალური მოძრაობაცარ იცავს და აგერ, მიხეილ სააკაშვილმა ქარდავასთან ნაცნობობაც კი ისე უარყო, მამლის ყივილს არ დალოდებია. არადა, სააკაშვილმა ქარდავა 2012 წელს ღირსების მედლით დააჯილდოვა. იმ ვიდეოს მეორე გმირი, მუხაძე კი, დღემდე იძებნება.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ხელისუფლების საყურადღებოდ ვიტყვით, რომ მუხაძეს ცუდად ეძებთ. უფრო ზუსტად, საერთოდ, არ ეძებთ, რადგან ყველამ იცის, “ქილერა” ავსტრიასა და უნგრეთს შორის მოძრაობს, ზუსტად ისე, როგორც ზურაბ ადეიშვილი (მუხაძე ადეიშვილის კადრია) და მისი პოვნა რთული არ არის. უფრო მეტიც, მარტივად შეგიძლიათ იმავე ავსტრიას ან უნგრეთს მისი დაკავება მოსთხოვოთ და თუნდაც ეს ვიდეო გაუგზავნოთ, ჩვენ რომ გვაყურებინებთ, მაგრამ რატომღაც უცხოელებზე არ ჭრის არც ვიდეოები, არც თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებები, თორემ აქამდე ჩამოიყვანდით დავით კეზერაშვილს, დათა ახალაიას, იოსებ თოფურიძესანუ, პრაქტიკულად, ყველა ძებნილის არათუ საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა), არამედ ზუსტი მისამართიც იციან ქართველმა სამართალდამცველებმა, მაგრამ ვერაფერს ახერხებენ. და მისამართი რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან ოჯახის წევრები სტუმრად დადიან, დღესასწაულებს ერთად ატარებენ და ესეც ყველამ იცის. აქედან გამომდინარე, ის, რომ ვიღაცებს ეძებენ და თურმე ვერ პოულობენ, თვალში ნაცრის შეყრაა.

ახლა იმაზე ვთქვათ, რასაც, აგერ უკვე მეათე წელია, გვპირდება ხელისუფლება _ “ნაციონალური მოძრაობის” დამთავრებაზე. ამის პირობა ჯერ ბიძინა ივანიშვილმა დადო, შემდეგ _ ირაკლი ღარიბაშვილმაა, შემდეგ _ გიორგი კვირიკაშვილმა, შემდეგ _ გიორგი გახარიამ, შემდეგ _ ისევ ღარიბაშვილმა და ვერაფრით დაამთავრეს ნაცები. დაამთავრეს კი არა, არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი მხარდამჭერების რაოდენობა მატულობს და დამთავრებისკენ “ქართული ოცნება” მიდის. მეგის ქარდავა მონსტრად რომ გამოიყვანეთ (ისე, კი იყო), იმას რატომ არ იხსენებთ, რომ იმ პერიოდში, როცა ქარდავა სამხედრო პოლიციის უფროსი იყო და ყველაფრის უფლება ჰქონდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე რეგიონული, აჭარის სამმართველოს უფროსი არჩილ ჩიქოვანი იყო. ჰო, არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ოფიციალურად ითვლებოდა ქარდავას მოადგილედ და 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, სხვებთან ერთად ელოდა დაკავებას და ცოტა ხნით ქვეყანაც კი დატოვა. მაგრამ არა, იმის მიუხედავად, რომქართული ოცნებისაჭარის აქტივი კატეგორიულად მოითხოვდა ჩიქოვანის გასამართლებას, იმხანად ხელისუფლებამ ვერ მოიცალა, მაგრამ ახლა მოიცალა ჩიქოვანისთვის და დღეს ის ბათუმის მერია. ისე არ გაიგოთ, მხოლოდ ჩიქოვანთან გვქონდეს პრეტენზია. არა, ბატონებო, ოცნებისახალგაყვანილი მერების 70%-ზე მეტინაციონალური მოძრაობისარათუ რიგითი წევრი, არამედ აქტიური მხარდამჭერი და მაღალჩინოსანი იყო. ჰოდა, იმას რომ გვიმტკიცებთ, “ნაცმოძრაობაუნდა დავამთავროთო, ვერ დაამთავრებთ, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებში წამყვან თანამდებობებზე გყავთ, პარლამენტში გყავთ, ძალოვან სტრუქტურებში გყავთ და ნუ გიკვირთ, თუ არჩევნებიდან არჩევნებამდენაციონალური მოძრაობისმხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. “ოცნების” ხელისუფლებაში მოკალათებული ნაცები იმ დროს შენატრიან, როცა ყველაფრის უფლება ჰქონდათ, როცა ადამიანის მოკვლასაც კი მიუტევებდნენ, როცა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები იყვნენ და ამიტომ ღიად თუ ფარულად ისევ მხარს უჭერენ “ნაციონალურ მოძრაობას”, ისევ ცდილობენ, კრიმინალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და არ გეგონოთ, დაბრუნების შემთხვევაში ამ ხალხს მოიშორებენ. არა, ბატონებო, ისინი “ისპალნიტელები” არიან (ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ თავის დროზე) და ამიტომ კვლავ დასჭირდებათ ნაციონალებს. ახლა ნაცებმა ბოლომდე გამოაჩინეს სახე, დღის სინათლეზე გამოვიდნენ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც კარგად ჰყავდათ გადამალული, მაგრამ ახლა სისხლის სუნი იგრძნეს და გამოჩნდნენ. გამოჩნდნენ გივი თარგამაძე, აკო მინაშვილი, გოკა გაბაშვილი, მიშა მაჭავარიანი, ნუგზარ წიკლაური

ჰოდა, მე რატომ მაჩვენებ ამ ვიდეოს, მე, რიგით ადამიანს, რიგით ამომრჩეველს, რომელიც, აგერ უკვე მერამდენე არჩევნებია, გენდე და ხელისუფლებაში დაგტოვე? დაგტოვე იმიტომ, რომ არ მინდანაციონალური მოძრაობისდაბრუნება, მაგრამ შენ, “ქართულო ოცნებავ”, ნაციონალებს ნაწილნაწილ აბრუნებ, ისევ ცხვირში მტენი, ვირისა და პიტნის არ იყოს და თანაც მიმტკიცებ, უნდა დავასრულოო.

ვერ გეტყვით, რამდენი ფაილია კიდევ შენახული შსს-ს არქივებში, მაგრამ ან ყველა ერთად გვაჩვენეთ და დაგვასვენეთ, ან მართლა გაანადგურეთ. ხელისუფლებაში დღეს მყოფებისგან ეს ბევრმა მოყოლით იცის, მოსახლეობამ კი საკუთარ თავზე გამოსცადა და ამიტომ შეხსენება ხალხს კი არა, პირველ რიგში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვისაც ამ ამბებისთვის ყური ჰქონდა მოკრული, იმავე კობახიძეს, წულუკიანსა და სხვებს. ეს ადამიანები იმხანად საქართველოში არ ყოფილან, შორიდან უყურებდნენ ამ ყველაფერს და იცოდნენ, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, მაგრამ არც ნანახი ჰქონდათ და არც საკუთარ ტყავზე განცდილი. სწორედ ამიტომ აღნიშნული კადრების ჯგუფურად ნახვა მოაწყვეთ, თქვენ რომ დარწმუნდეთ, რას აკეთებდა ეს ხალხი და მერე, იქნებ აღარ დანიშნოთ ნაციონალები თანამდებობებზე. იმას მაინც თუ ხვდებით, რომ ახლა თქვენი აქტივი და ამომრჩეველი რეგიონებში იძულებულია, იმ ხალხის ქვეშევრდომი იყოს, რომელსაც 2012 წლამდე ებრძოდა? მათთვის რეალურად არაფერი შეცვლილა, ებრძოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ხელში შერჩა “ოცნების” ლურჯ ტყავში გახვეული “ნაციონალური მოძრაობა”.

დღეს კიდევ შეიძლება “ქართული ოცნების” რიგების გაწმენდა, მაგრამ ხვალ უკვე გვიანი იქნება. არჩეულ მერებს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ვეღარაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ ჯერ საკრებულოს თავმჯდომარეები არ არჩეულა და იქნებ იქ მაინც არ აარჩევინოთმამალი ნაცები”, რომლებიც უკვე გამზადებულნი არიან სავარძელში ჩასაჯდომად. ჰო, სწორედ ნაციონალებს აქვთგამწვანებულისაკრებულოების დიდი ნაწილი და, იმის მიუხედავად, რომ პარტიის აქტივი ცენტრალურ ოფისში, ირაკლი კობახიძესთან აპროტესტებს ამ ამბავს, ჯერჯერობით ყურს არავინ იბერტყავს. არადა, “ნაციონალური მოძრაობა” ასე ვერ დასრულდება და ერთ მშვენიერ დღეს, თვითმმართველობის პირველი პირები რომ გაერთიანდნენ და კოლექტიურად გამოაცხადონ, ნაცების მხარეს გადავდივართო, უსისხლო რევოლუცია კბილებში “უჭირავს” “ოცნებას”. მერე, ერთი წალენჯიხის ნაცვლად, 30 და 40 წალენჯიხა იქნება და ამით დასრულდება ის დაპირება, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად გაიცემოდა და, რაც მთავარია, თქვენ, ის ადამიანები, რომლებმაცნაციონალური მოძრაობისშავბნელი საქმეები მოყოლით იცოდით, ისევ წახვალთ, ისევ უცხო ქვეყნიდან შეხედავთ ამ ყველაფერს და ნაციონალებს ისევ ჩვენ, რიგითები, შევრჩებით. ჰო, ისევ ჩვენ და, თუ ადრე ცხრაპირ ტყავს გვაძრობდნენ, ახლა ორჯერ ცხრას გაგვაძრობენ და დასავლეთი ამ ყველაფერზე თვალს დახუჭავს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხელისუფლებას კვლავ მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა და, როცა გაუჭირდება, ეჭვი გვაქვს, კვლავ ახალ ვიდეოს გადმოაგდებს, რათა მოსახლეობა ისევ გაბრაზდეს. ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ სწორედ გაბრაზებულმა მოსახლეობამ მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები და ახლა ეს ბრაზი თუ შეტრიალდება და “ოცნების” წინააღმდეგ წავა, 10-წუთიანი ჩანაწერები კი არა, სამსაათიანი ფილმებიც ვეღარ უშველის. ხალხი სამართალს ითხოვს. ათი წელია, ეს სამართალი ურმით მოდის და ვერ მოაღწია რიგით ადამიანებამდე. “ქართულო ოცნებავ”, ერთ-ერთი თქვენი გულმხურვალე მხარდამჭერი, იცით, ამას წინათ რას ამბობდა? იმ კაცის დედა ვატირე, ვისაც ნაციონალების დაბრუნება უნდოდეს, მაგრამ, ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, “ოცნების” ლიდერები გამწარებული არ მანახო იმ უსამართლობის განცდით, რომელიც ახლა მე მაქვსო. ჰო, ამას ერთი კაცი ამბობდა, მაგრამ მალე ბევრი იტყვის და, ნაციონალებს მხარს იმიტომ კი არ დაუჭერს, მათი დაბრუნება რომ მოუნდება, არამედ იმიტომ, რომ თქვენ დაგსაჯონ იმ უნიათობისთვის, რომელსაც ქვეყნის მტრის (ზუსტად, მტრის) წინააღმდეგ იჩენთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here