Home რუბრიკები საზოგადოება წმიდა იოანე ოქროპირი: მადლობა ღმერთს ჭირისთვისაც და სიხარულისთვისაც!

წმიდა იოანე ოქროპირი: მადლობა ღმერთს ჭირისთვისაც და სიხარულისთვისაც!

ეკლესიებში მთელი წლის მანძილზე ტარდება წირვა, რომლის წესი იოანე ოქროპირმა შეადგინა. ამისათვის ყოველთვის მისი მადლიერნი უნდა ვიყოთ, რადგან არ არსებობს წირვაზე აღმატებული მსახურება.

არსებობენ მორწმუნეები, რომლებიც თავიანთი სულიერი ცხოვრების მიმართ უყურადღებონი არიან: მათ ეზარებათ ეკლესიაში ყოველ კვირა სიარული, როგორც ეს ღმერთმა დაგვიწესა, მაგრამ აღდგომას ასეთი ხალხიც კი მიდის ეკლესიაში, სადაც მათ ესმით ოქროპირის სიტყვები:

“რომელნი ხართ კეთილმსახურნი და ღმრთისმოყუარენი, იშუებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა!” _ ამ სიტყვებით წმინდა იოანე ყველას უხმობს: მდიდრებსა და ღარიბებს, გულმოდგინეებსა და ზარმაცებს, მმარხველებსა და არამმარხველებს, რათა ისინი თავიანთი უფლის სიხარულს შეუერთდნენ. “დღეს ტაბლა სავსე არს, იშუებდით ყოველნი!” – ეს სიტყვები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დიდ სიხარულს ჰმატებს.

ერთმა დედაკაცმა, წმიდა იოანეს ქადაგებით აღტაცებულმა, უწოდა მას ოქროპირი. ასე და ამგვარად, ამ უბრალო ქალის სიტყვა საუკუნოდ შეერთდა ეკლესიის უდიდესი მასწავლებლის სახელს.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვინმეს მრავალი ტანჯვის ატანა უწევს უსამართლოდ, ნუგეშს სიკვდილამდე ვერაფერში ხედავს და მაშინ მას აგონდება იოანე ოქროპირის სიტყვები: “დიდება შენდა ღმერთო ყოველივესთვის!”

წმიდა იოანეს ცხოვრებიდან ნათელია, თუ როგორ იტანჯა მან სიმართლისათვის და სიცოცხლე დაასრულა არა დედაქალაქში, სადაც ის ეკლესიის წინამძღოლი იყო, არამედ დევნილობაში, მაგრამ მისი გული ტანჯვამ ვერ გააბოროტა; ამას მოწმობს მისი უკანასკნელი სიტყვები, რომლითაც იგი ღმერთს ემადლიერება: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!”

 იოანეს ბავშვობაში დედა ზრდიდა, სახელად ანთუსა, რომელიც 20 წლისა დაქვრივდა. ანთუსა ცივ ნიავს არ აკარებდა თავის ერთადერთ ვაჟიშვილს და ისე უყვარდა, რომ მეორედ გათხოვება არ ისურვა (თუმცა ახალგაზრდა და მდიდარი იყო) და თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა. ქრისტიანული ცხოვრების პირველი გაკვეთილები იოანემ მშობლიურ სახლში მიიღო. შემდეგ, როცა წამოიზარდა, დედამ მეცნიერებების სრულყოფილი შესწავლისათვის ცნობილ ორატორთან, ლიბანიოსთან, გაგზავნა ათენში. იქ იოანემ არ იცოდა სხვა გზა, გარდა ეკლესიისა და თავისი მასწავლებლისა. მალე მან ბრწყინვალე წარმატებებს მიაღწია მეცნიერებასა და მჭევრმეტყველებაში და ლიბანიოსმა აღიარა, რომ მოწაფემ თავის მასწავლებელს გადააჭარბა.

მშობლიურ ანტიოქიაში დაბრუნებული იოანე ადვოკატი გახდა. თავისი განათლებით, მჭევრმეტყველებითა და ნათელი გონებით მას მაღალი თანამდებობისთვის იოლად უნდა მიეღწია. თავიდან მას წარმატება და დიდება ახარებდა და იზიდავდა, მაგრამ ბავშვობაში ჩადებულმა კეთილმა თესლმა და დედის ლოცვებმა იოანე საერო ცხოვრებას განაშორა. სულ მალე მან სამოქალაქო სამსახური მიატოვა და მარხვითა და ლოცვით ღვაწლში დაიწყო ცხოვრება. იგი უდაბნოში გასვლისაგან მხოლოდ დედის თხოვნამ შეაჩერა. როცა ანთუსა გარდაიცვალა, იოანემ თავისი ქონება დაარიგა, მონები გაუშვა და უდაბნოს სავანეში განდეგილებთან წავიდა. იქ იგი ისეთ მკაცრ ღვაწლში იყო, რომ ისედაც სუსტი ჯანმრთელობა შეერყა, ავად გახდა და ანტიოქიაში დაბრუნება მოუხდა. აქ ეპისკოპოსმა მელეტიმ, რომელმაც კეთილმსახურებისაკენ იოანეს მიდრეკილება ადრევე შენიშნა, მას სადიაკვნოდ მომზადება უბრძანა. ხელდასხმის დროს იოანეს ავადმყოფობამ გაუარა. ეს მან მიიღო ღვთის მინიშნებად იმაზე, რომ თავი მთლიანად ეკლესიის სამსახურისათვის უნდა მიეძღვნა.

წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი

ხუთი წლის შემდეგ იოანე მღვდლად აკურთხეს და მქადაგებლად დანიშნეს. ამ დროიდან იწყება წმინდა იოანეს მქადაგებლური მოღვაწეობა. ყოველ კვირა დღეს, ხან კვირაში ორჯერაც, ის ღვთის სიტყვას ქადაგებდა. მის მოსასმენად ხალხი იკრიბებოდა – თანაც არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ იუდეველებიც. თავიდან ცნობისმოყვარეობის გამო მოდიოდნენ, უნდოდათ, ახალი მქადაგებლისათვის მოესმინათ, მაგრამ იოანეს მხურვალე სიტყვით გულის სიღრმემდე შეძრულნი, თავიანთ ცოდვებს იქვე ინანიებდნენ და თავიანთ ცხოვრებას ძირეულად ცვლიდნენ. დროდადრო, როცა იოანეს სიტყვა განსაკუთრებულად მოსწონდათ, სიტყვას ტაშითა და ხმამაღალი შეძახილებით აწყვეტინებდნენ, მაგრამ თვით იოანეს ეს არ მოსწონდა.

რად მინდა თქვენი შექება, _ ამბობდა იგი, _ მაშინ ვიქნები შექებული, როცა თქვენს ცხოვრებას გამოასწორებთ და ღვთისაკენ მოიქცევით!” ოქროპირის დიდება მთელ აღმოსავლეთში გავრცელდა და მალე საბერძნეთის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლს მიაღწია. როგორც კი იქ დედაქალაქის მთავარეპისკოპოსის კათედრა გათავისუფლდა, იმპერატორმა, სამღვდელოებამ და ხალხმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს, ამ ადგილზე იოანე ოქროპირი აერჩიათ.

როგორ უნდა წაერთმიათ ანტიოქიელებისთვის მათი საყვარელი მწყემსი ისე, რომ მათი აღშფოთება და დრტვინვა არ გამოეწვიათ? გადაწყდა, ხერხისთვის მიემართათ. იმპერატორის მოხელემ, რომელსაც ეს საქმე ევალებოდა, იოანე საიდუმლოდ ქალაქგარეთ იხმო. წმინდა მამას ეჭვი არაფერზე აუღია და შესახვედრად წავიდა. ქალაქგარეთ იგი შეიპყრეს და სამეფო ქალაქში წაიყვანეს. ასე აკურთხეს იოანე ოქროპირი ახალი რომის მთავარეპისკოპოსად.

კონსტანტინოპოლის ეკლესიისათვის ახალი ცხოვრების განთიადი დადგა. იოანე ხალხს ლოცვისათვის უხმობდა და ყველანაირად ცდილობდა, ღვთისმსახურება მთელი თავისი სილამაზით აღედგინა; განსაკუთრებულ ყურადღებას იგი გალობას უთმობდა. არაფერი ისე არ აღამაღლებს სულს, არაფერი ისე არ წყვეტს მას მიწას, არაფერი ისე არ განაწყობს მას წმინდა სიყვარულისათვის, როგორც წმინდა გალობა _ წერდა იგი. _ სულიერი გალობა წყაროა განწმენდისა; მისი სიტყვები ასუფთავებენ სულს და სული წმიდა გარდამოდის მგალობელთა სულებზე…”. ის ყველას მოუწოდებდა, რაც შეიძლება ხშირად ყოფილიყვნენ ეკლესიაში, სადაც ადამიანი თავისი ნების მიუხედავადაც კი უკეთესობისკენ იცვლება.

იოანე ამბობდა: როცა ადამიანი ეკლესიიდან გამოდის, არავის ასწავლის, არავის უქადაგებს, მაგრამ სახის სიმშვიდე, გამოხედვა და თვით ხმა აჩვენებს, თუ რა სიხარული განიცადა, როგორი მადლი მიიღო თავის სულში. ჩვენ ეკლესიიდან ისე უნდა გამოვიდეთ, როგორც ხელდასხმულნი გამოდიან საკურთხევლიდან, რათა ჩვენი შეხედვით შეიგრძნონ, რა მადლი მიგვაქვს აქედან”.

მართლაც, ხალხი ეკლესიისაკენ დაიძრა, ხოლო აღტაცებული სიყვარული, რომლის აღძვრაც იოანემ ანტიოქიაში შეძლო, მის ახალ სამწყსოშიც აღეგზნო. ამ წმინდა მამას არა მხოლოდ მეგობრები, მტრებიც გაუჩნდნენ _ ისინი, ვისაც არქიეპისკოპოსის ადგილის დაკავების იმედი გაუცრუვდათ, და ისინი, ვისთვისაც იოანეს მართალი ცხოვრება გამუდმებული მხილება იყო; განსაკუთრებულად კი ისინი, ვის თავგასულობასა და მანკიერებებსაც წმიდა იოანე თავის ქადაგებებში ამხელდა.

მტრებმა დედოფალს ამბავი მიუტანეს, რომ იოანე თავს უფლებას აძლევს, პირადად მის უდიდებულესობაზე მიანიშნოს, როცა მაღალ საზოგადოებაზე ლაპარაკობს. ეს საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ამაყი და ძალაუფლებისმოყვარე დედოფალი იოანეზე გამძვინვარებულიყო. მან იმპერატორთან იჩივლა, იმპერატორმა კი გადაწყვიტა, ოქროპირისათვის აეკრძალა განსაკუთრებულად თამამი გამოსვლები. იოანემ უპასუხა: მე ეპისკოპოსი ვარ და ყველაზე ზრუნვა მევალება. მე ვერცხლისმოყვარებით შეპყრობილები ვამხილე. თუკი დედოფალი თავისუფალია ამ სულიერი სნეულებისგან, მაშინ ნურაფერზე გაბრაზდება. მე არავის ვასახელებ, მაგრამ ყველას ვასწავლი, რომ ბოროტება არ ჩაიდინონ”.

ასეთი პასუხით განრისხებულმა დედოფალმა იოანეს მოწინააღმდეგეები დაიახლოვა. მათი მზაკვრობით იოანე გაასამართლეს და იმპერატორის ბრძანებით დედაქალაქიდან გაძევება მიუსაჯეს. ეს სიახლე როცა გამოცხადდა, ხალხი აღელდა. ქალაქებში ავი ხმები დადიოდა. ხალხი არა მხოლოდ იოანეს გაძევებაზე, მის სიკვდილით დასჯაზეც ლაპარაკობდა. ეკლესიები მორწმუნეებით აივსო. ისინი მისთვის ლოცულობდნენ. მოედნებზე ხალხი იმ იმედით იკრიბებოდა, რომ არქიეპისკოპოსს თვალს მოჰკრავდა ან მის ხმას გაიგონებდა.

ხალხის მღელვარების თავიდან ასაცილებლად იოანე იმპერატორის განკარგულებას დაემორჩილა და ღამით ქალაქი დატოვა. იმავე ღამეს კონსტანტინოპოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რყევა განსაკუთრებით ძლიერი იმპერატორის სასახლესთან იყო. შუაღამისას დედოფალი ქმრის საძინებელში შეშინებული და ცრემლიანი შევარდა.

ჩვენ მართალი კაცი გავაძევეთ, _ იყვირა მან, _ ამიტომაც გვსჯის ღმერთი! სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ, თუ არადა დავიღუპებით”. დედოფალმა თავისი ხელით დაწერა წერილი, რომელშიც იოანეს სთხოვდა დაბრუნებას.

იოანეს დაბრუნება ნამდვილი ტრიუმფი იყო. განმანათლებელს ათიათასობით ადამიანი სიხარულის შეძახილებითა და სანთლებით ხელში ხვდებოდა. ის საკათედრო ტაძარში შევიდა და გულის ამაჩუყებელი ქადაგება შემდეგი შესანიშნავი სიტყვებით დაიწყო: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც განმაშორა! კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც დამაბრუნა! მადლობა ღმერთს ჭირისთვისაც და სიხარულისთვისაც!”

გულაჩვილებისა და სიხარულისგან ხალხი ტიროდა, ხარობდა, რომ კვლავ ხედავდა თავის საყვარელ მღვდელმთავარს.

იმ დღიდან წმინდა იოანე ეკლესიაში ყოველდღე ქადაგებდა, მორწმუნეებს ღვთის სიტყვის საიდუმლოს უმჟღავნებდა და, იმპერატორის კარისა და საზოგადოების უმაღლესი წრეებით დაწყებული, ყველას მანკიერებებს ამხელდა. დიდი დრო გავიდა. იოანეს მტრებმა დედოფალს ისევ მიუტანეს ამბავი, რომ ის მის სახელს თავს არ ანებებს. კიდევ უფრო გამძვინვარდა დედოფალი და უწინდელი ღვთისმიერი გაფრთხილება დაავიწყდა. ამჯერად მიაღწია იმას, რომ იოანე შორს, საბერძნეთის იმპერიის უკიდურეს აღმოსავლეთში გადაესახლებინათ.

გზა ხანგრძლივი, დამქანცველი და მტანჯველი იყო; ავადმყოფ განმანათლებელს უვარგის გზაზე, ავდარში და მცხუნვარე მზის ქვეშ უწევდა მოგზაურობა. ყველაფერი თითქოს საგანგებოდ იყო მოწყობილი, რომ დევნილისთვის მეტი ტანჯვა მიეყენებინათ. 70-დღიანი მგზავრობის შემდეგ იოანემ და მისმა მხლებლებმა სომხეთის მთებში სოფელ კუკუზას მიაღწიეს, სადაც მისი ყოფნა იყო ნაბრძანები. აქ, მიყრუებულ სოფელში, ველურ მთიან ქვეყანაში წმიდა იოანეს იმდენი გულითადობა და სიხარული დახვდა, რომ მისმა დაქანცულმა გულმა შვება იგრძნო. ადგილობრივმა ეპისკოპოსმა და მაცხოვრებლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დიდებული ტანჯულისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ.

მომდევნო სამი წლის მანძილზე, უკიდურესი აკრძალვებისა და შეუძლოდ ყოფნის პირობებში იოანე დაუღალავად იღვწოდა წმინდა ეკლესიის საკეთილდღეოდ. მას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბევრ ეპისკოპოსთან ჰქონდა მიმოწერა, მრავალ მომსვლელს ესაუბრებოდა. ისინი კონსტანტინოპოლიდანაც კი მოდიოდნენ. ამ ამბავმა დედოფლის ყურამდე მიაღწია და მან გამოსცა განკარგულება _ იგი უფრო შორს, შავი ზღვისაკენ გადაესახლებინათ.

წმინდა იოანე თანმხლებებთან ერთად კვლავ გზას დაადგა და, როცა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ქალაქ კომანს მიაღწიეს, გაჩერდნენ. ისედაც ავადმყოფი განმანათლებელი მგზავრობისაგან უკიდურესად დაუძლურდა. ყველასათვის ნათელი იყო, რომ მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები იწურებოდა. კომანში მისი ბოლო სურვილი აღასრულეს: იგი ნათლისღების თეთრი სამოსით შემოსეს. იოანე ეზიარა და გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “დიდება შენდა ღმერთო ყოველივესთვის!”

30 წლის შემდეგ პატრიარქმა პროკლემ დაარწმუნა იმპერატორი თეოდოსი უმცროსი, რომ იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა. ეს დიდი ზარ-ზეიმით შესრულდა: იმპერატორი პირადად გაემართა ქალაქგარეთ წმინდა ნაწილების შესახვედრად. იგი მიწაზე დაემხო და განმანათლებელს ტყუილუბრალოდ მიყენებული ტანჯვის გამო თავისი მშობლებისათვის პატიებას ევედრებოდა.

კონსტანტინოპოლის მთელი ყურე უთვალავი ნავით დაიფარა _ ხალხი ეკლესიის დიდ განმანათლებელს მოწიწებითა და სიყვარულით ეგებებოდა.

მისი ხსენების დღედ დაწესებულია 26 ნოემბერი (ახალი სტილით).

მომზადდა martlmadidebloba.ge მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here