“ცვივა ტყეებზე ოქროს მანანა,
ციცნათელები არხევენ არაგვს…
და ორი ტურა, ქილილ–დამანა,
სოროში ჯერით ამბობენ არაკს”.
გიორგი ლეონიძე
ჰოდა, სანამ ის ტურა–მელიები, რომლებსაც “არავინ მიშვებს გარეგან მთათა და გინა მე ბართა”, ხალხის გასაბითურებელ ზღაპარ–არაკებს ჰყვებიან, ათუხთუხებულ საძროხე ქვაბებში მოხარშული ტვინების კარნახით ჩვენს გაბრუებას ცდილობენ, გონიერი საქართველო ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღების საქმეს გულმოდგინედ აკეთებს, თუნდაც მედიცინის განხრით, ხალხის გასაჯანმრთელებლად.
გულიკო ჩაფიძის სახელობის ცენტრიდან ამქვეყნად ხელმეორედ მოვლინებულმა პირველი ინტერვიუ ჩამოვართვი ახალგაზრდა კაცს, რომელიც მაინცდამაინც ამ საქმისთვის არის თავგადადებული და წარმატებულიც.
ველაპარაკები, უფრო ზუსტად, დროს ვაკარგვინებ ლეგენდარული ადამიანის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დაარსებული, საყოველთაოდ ცნობილი სამკურნალო და სამეცნიერო ცენტრის გენერალურ მენეჯერს, პატრონსა და ხელმძღვანელს _ გიორგი დიასამიძეს, რომელიც თბილისის უბანში, ფიქრის გორაზე ყოფილი “ევროპალასის” სასტუმროს შენობის ახალ სამედიცინო დაწესებულებად რეკონსტრუქციას ამთავრებს.
გიორგი ბატონი ფრიდონის შვილიშვილია. წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს და უფლება გვაქვს, ამ “ჟურნალისტური აქტივობის” დროს გავუშინაურდეთ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ არ ვარღვევთ ეთიკურ ნორმებს და ვსაუბრობთ ოფიციალურ ტონალობაში.
საზოგადოების მიმართ და ურთიერთ პატივისცემის გამო.
მაგრამ არა გულწრფელობის ხარჯზე.
ხომ ასე იყო, ბატონო გიორგი?
* * *
პირველი შეკითხვა:
_ ბატონმა ფრიდონმა ყველაფერი გააკეთა, რათა მის მიერ დაფუძნებულ კლინიკაში კვლავაც წარმატებით გაგრძელებულიყო სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის გზით ჩვენი საზოგადოების გასაჯანსაღებლად. აღჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით და ა.შ., მაგრამ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ სამუშაო სივრცის გაფართოება. რამ გაიძულათ?
_ ცენტრალურ უბანში საავადმყოფოების ნაკლებობის გამო პაციენტებს დიაგნოზის დასადგენად, პროცედურების ჩასატარებლად, თუნდაც ისეთი მარტივის, როგორიც ანალიზის ჩაბარება ან რენტგენით გაშუქებაა, ვაკის, ვერის, მთაწმინდის უბნებში მცხოვრებ თბილისელებს ყოველდღიურად უწევდათ დიდი მანძილის გავლა ქალაქის გარეუბნებში განლაგებულ სამედიცინო ცენტრებში მისასვლელად.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენმა საავადმყოფომ აქ დაიდო ბინა, მოსახლეობის თხოვნით მოხდა. მომსახურების ხელმისაწვდომობით იყო ნაკარნახევი.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისიც, რომ იქ, სადაც ჩვენი ცენტრია, განვითარება-გაფართოების არავითარი საშუალება არ არსებობს. ვგულისხმობ ისეთ ახალ მიმართულებებს, როგორიც არის პედიატრია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია, ესთეტიკური მედიცინა და პრევენციული მედიცინის ცენტრი, ე.წ. ჩექაფი, რომლებსაც ამ განახლებულ, მედიცინას მორგებულ და სათანადოდ აღჭურვილ ფილიალში ავამოქმედებთ.
_ “ჩექაფი” როგორ იშიფრება?
_ “ჩექაფი” გულისხმობს დაავადების აღმოჩენას ადრეულ ეტაპზე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პროგრამით.
თავისთავად ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ჩვენ ინდივიდუალურად, პაციენტის სქესის, ასაკის, გენეტიკური ფაქტორების, ცხოვრების წესის და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს, ჩაიტაროს პროფილაქტიკური გასინჯვა, შევუდგენთ ჯანმთელობის შემოწმების პროგრამას ერთი დღეში გამოწვლილვითი შემოწმების საფუძველზე.
_ ე.ი., ოპერატიულად?
_ დიახ, რადგან დრო დღევანდელ პირობებში ყველაზე დიდი დეფიციტია… ინდივიდუალურ პროგრამას შევუდგენთ, რათა გამოირიცხოს ისეთი ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებები, როგორებიცაა, მაგალითად, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური პრობლემები და ა.შ., ასაკის მიხედვით განსხვავებული. გვინდა, რომ ამის კულტურა უფრო ფართოდ დავნერგოთ ჩვენს საზოგადოებაში.
_ ე.ი., მომავლის საქმეა?
_ არ იქნება ზუსტი, ასე რომ ვთქვათ, რადგან ეს პროგრამა უკვე დაწყებული გვაქვს: დღეში 60-მდე ადამიანი მოგვმართავს პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად.
_ შეიძლება ამ საქმის კონკრეტული პერსპექტივა წარვუდგინოთ ჩვენს მკითხველებს?
_ რატომაც არა! ჯანმრთელობის მენეჯერები შემოსვლისთანავე დახვდებიან პაციენტს. შემოიყვანენ, ვთქვათ, ამ ოთახში, რომელშიც ვართ (ვართ კი რეკონსტრუქტირებული ცენტრის მეხუთე სართულზე, რისი თქმაც დამავიწყდა. _ ა.ს.) და რომელიც ერთი დღით თქვენი საკუთრება ხდება თავისი ტელევიზორით, მაცივრითა და მაქსიმალური კომფორტით (გიორგი დიასამიძე ბოდიშს იხდის იმ საველე პირობების გამო, რომელშიც გვიხდება მუშაობა: მშენებლები, მხატვრისა არ იყოს, უკანასკნელ შტრიხებს უკეთებენ საერთო ნამუშევარს); შეგახვედრებენ ექიმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს სრულყოფილ გასინჯვას (ფრიდონ თოდუა ყვებოდა, რომ პაციენტისადმი დამოკიდებულება ევროპასა და თურქეთში საკმაოდ განსხვავებულია. საყოფაცხოვრებო დეტალების უზრუნველყოფით თურქები უსწრებენ დასავლეთევროპელ კოლეგებს: პაციენტისადმი ამ ხასიათისა და ხარისხის ყურადღების გამოჩენით ჯაბნიან მათ. პიროვნებად იგრძნობო თავს, კაცად, რომელსაც პატივს სცემენ და ღირსეულად ეპყრობიან. საკუთარ თავზე გამოვცადეო. ბაბუის ნაანდერძევს ხომ არ ასრულებს გიორგი? არ მიკითხავს. ისედაც ცხადი იყო).
_ დროისა და ენერგიის დახარჯვა არ გვენანება: სამედიცინო მომსახურების გარდა, კლინიკაში შემოსვლისთანავე რომ იღებს პაციენტი, უმნიშვნელოვანესია, როგორ მიესალმებიან, როგორ დახვდებიან, როგორი კეთილგანწყობილი იქნება მასთან ურთიერთობაში ყველა ჩვენი თანამშრომელი ექიმის კაბინეტში შესვლამდე.
ყველაზე მნიშვნელოვანი ექიმის ფიგურაა, რამდენად კვალიფიციურია, როგორ მოგვივლის და იზრუნებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მიღება, დახვედრა, მოპყრობა პაციენტის მიმართ. ამაზე ყურადღების გამახვილების ფუფუნება უკვე გვაქვს. პაციენტისთვის საავადმყოფოში ყოფნა და გადაადგილება არ უნდა იქნას გაიგივებული რაღაც ტანჯვა–წვალებასთან, ბიუროკრატიასთან. უნდა აღიქმებოდეს მაღალი ხარისხის მომსახურებად, ისეთად, როგორიც ახასიათებს უმაღლესი კლასის სასტუმროებს.
(თუ სადმე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები მშვიდად ურთიერთობდნენ, “ერთად ძოვდნენ” და პაციენტების ფუნქციას არსებული წესების მიხედვით ინარჩუნებდნენ, თოდუას ცენტრში იყო. რეალური კოაბიტაცია (და არა კოჰაბიტაცია, როგორც ზოგიერთმა უვიცმა დაიჩემა), აქ იყო რეალიზებული. ფრიდონ თოდუა მათ ერთმანეთისგან არ განასხვავებდა, ამიტომ იყო, რომ არავის არასოდეს, ვითარების მიუხედავად, მასზე ცუდი არ წამოსცდენია… ესეც ბაბუისგან მოსდევს შვილიშვილს, ასე მგონია. მეცნიერ მუშაკებად ექიმების ჩამოყალიბების ტრადიციის კლინიკაში გაგრძელებაც მისეულია).
_ მიმაჩნია, რომ ბაბუაჩემი, _ ამბობს გიორგი დიასამიძე, _ მე მაქვს ამის თქმის უფლება და, არა მგონია, აღმოჩნდეს ვინმე, ვინც არ დამეთანხმება, რომ ბატონმა ფრიდონმა ამ ქვეყანაში სამედიცინო ისტორიის მთელი თავი შექმნა თანამედროვე მედიცინის, თანამედროვე რადიოლოგიისა და ბევრი რამ დაგვიტოვა ისეთი, რის საფუძველზეც უნდა შევძლოთ ახალი დარგების განვითარების უზრუნველყოფა.
დღეს იმის გარეშე, რასაც ბაბუა ამბობდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია სამეცნიერო მუშაობა, ახალგაზრდების გაზრდა, ფართო ასპარეზზე გაყვანა და ასპარეზობის უფლების მიცემა, იმის გარეშე, რისკენაც ეს ადამიანი ორმოცდაათი წლის წინათ მოგვიწოდებდა, დღეს უკვე შეუძლებელია კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდა ექიმების სუპერპროფესიონალებად ჩამოყალიბება. დღეს წელიწადში რამდენიმეჯერ წარმოდგენილი თუ არ ხარ საერთაშორისო პრესტიჟულ გამოცემებში, სახელი “თოდუას კლინიკა” რჩება მხოლოდ სახელად, იმ შინაარსისგან დაცლილად, რომელიც მას წლების განმავლობაში გამოარჩევდა და უმაღლესი ხარისხის ნიშნად იყო და არის მიჩნეული.
ის, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო კლინიკურ პროექტში, ვაქვეყნებთ საინტერესო ნაშრომებს აქტუალურ პრობლემებზე და პრაქტიკულად ვართ ჩართული სამედიცინო საქმიანობაში, გვაძლევს უფლებას, განვაცხადოთ, რომ ვართ სრულყოფილი სამედიცინო დაწესებულება. ამის გარეშე მედიცინა არ არსებობს. მხოლოდ რუტინულად პაციენტის გასინჯვა, იმის თქმა, რა ლამაზი კედლებია და რა კარგი აპარატურა გვაქვს, მედიცინას არ ნიშნავს. ამას გვასწავლიდა და ასეთი ცხოვრებისეული იდეა ჰქონდა ბაბუაჩემს, რომელსაც არ შეიძლება არ დაეთანხმო. რაღაც საკითხებზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული თვალსაზრისი, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებში, რომლებზეც იგი წლების განმავლობაში მუშაობდა, ერთი აზრი გვქონა.
_ მაპატიეთ, ჩაგეჭრებით, _ საუბარში ერთვება ნინო ჯღამაძე, აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ჩვენს შეხვედრას თავიდანვე ესწრებოდა, _ მოვა ახალგაზრდა, გვეუბნებოდა ბატონი ფრიდონი, და ნახავთ, საქმეს სულ სხვანაირად წაიყვანსო.
_ ასეთ დამოკიდებულებას ასწავლიან ჩვენს სამედიცინო სასწავლებლებში?
_ ეს არის ბაბუაჩემის სკოლა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ ისწავლით ისეთ ურთიერთობებს, საქმის ისეთ სიყვარულს, ისეთ თავდადებასა და ერთგულებას, რომლის ჩანერგვაც შეეძლო ბაბუაჩემს. გონიერი ადამიანი ახერხებდა და ამ ყველაფერს ითვისებდა მისგან. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უნარი, ღრმად ჩაეხედა და გაეანალიზებინა, მისი თუნდაც ზოგჯერ ერთი შეხედვით მკაცრი ან ლმობიერი გადაწყვეტილების მიღმა რა იდეა იდგა, რა იგულისხმებოდა, ყოველთვის მოგებული რჩებოდა. ეს სულ სხვა გამოცდილებაა, რომელსაც ვერსად ისწავლით.
ასეთია ის ცოდნა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრების განმავლობაში შევითვისე. ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც მისი სკოლა დავამთავრე. ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს დაწესებულებაში და მის გარეთ, რომლებიც აბსოლუტურად იზიარებენ იმ ღირებულებებსა და მიდგომებს, რომლებიც ბაბუას ჰქონდა. ეს საშუალებას გვაძლევს, განვაგრძოთ წინსვლა და არ დავაბრკოლოთ ის დიდი საქმე, რომელიც მან ოცდაათი წლის წინათ დაიწყო.
წლეულს ოცდაათი წელიწადი შეუსრულდა ჩვენს კლინიკას. ღირსშესანიშნავი თარიღია _ არც ძალიან ბევრი, არც უმნიშვნელოდ ცოტა. ცოტა და უმნიშვნელო არ არის თუნდაც იმიტომ, რომ იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წელიწადში მოხდა _ ომი, რევოლუცია, გაჭირვება, ეკონომიკური კრიზისებიც და კარგი პერიოდიც, ბევრ სხვას საუკუნეც არ ეყოფოდა. არსებობს 500 ან 200-წლიანი ისტორიის მქონე დაწესებულებები, რომლებსაც ამდენი რამ თავს არ გადახდენიათ…
ძალიან რთული იყო ბაბუაჩემის გარდაცვალებასთან შეგუება, გადატანა ამ ტკივილის, მაგრამ არ გავტყდით და, როგორც ხედავთ, ახალ ადგილზეც ვართ წარმოდგენილები.
_ ახალგაზრდების გამოსვლა, წინა პლანზე ხომ არ დააკნინებს, დაამცრობს და დავიწყებას მისცემს ძველებს _ დამაარსებლებსა და საფუძვლის ჩამყრელთ? საამისო მაგალითები ჩვენს უახლეს ისტორიას ახსოვს. ავად მოსაგონარია ხანდაზმულებისთვის.
_ თუკი ეს მოხდება, დაინგრევა ის საძირკველი, რომელზეც ვდგავართ, და ჩვენი ხსენებაც აღარ იქნება. ჩვენთან სამუშაოდ ყოველწლიურად ბევრი ადამიანი მოდის. მათი ნაწილი წლების განმავლობაში ავტომატურად გვტოვებს. თუ ახალგაზრდა ექიმი ფეხს ვერ აგვიწყობს, ის საკუთარი ნებით თავს გვანებებს. თუ ვერ ძლებენ, არ შეუძლიათ, არ არიან იმ სტანდარტების, როგორებიც დანარჩენები ვართ, თვითონ მიდიან ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, უკონფლიქტოდ.
სულ რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ მიხვდე, რა მოგეთხოვება, როგორ სტანდარტზე ვმუშაობთ. არაკომფორტულად რომ იგრძნობ თავს, შენით წახვალ, დაუძალებლად.
რა თქმა უნდა, გავდივართ რამდენიმე ეტაპს, სანამ ვინმეს სამსახურში მივიღებთ. ექიმები ქუჩიდან არ მოგვყავს. ისინი, ვინც ვერ უძლებს და მიდის, ცუდი ადამიანები არ არიან, შეიძლება კარგ სპეციალისტებადაც ჩავთვალოთ, მაგრამ არის კიდევ რაღაც, რასაც სიტყვებით ვერ აგიხსნით, რის გამოც ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგება, ვერ გამოვნახავთ საერთო ენას.
ბაბუაჩემს ახალგაზრდების არასოდეს ეშინოდა, უფრო პირიქით იყო. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ჭკვიან ახალგაზრდებს აქვთ ფენომენალური შესაძლებლობა, გაეცნონ სპეციალურ ლიტერატურას, კონსულტაციები მიიღონ უფროსი კოლეგებისგან. ძველი და ახალი თაობის ადამიანების ერთად მუშაობის სამაგალითო და ბუნებრივი სიმბიოზი გვაქვს, რომელიც, როგორც წესი, შესანიშნავი შედეგების მომცემია.
_ პროფესიული საქმიანობის ამ სტილის ახალ კლინიკაში დანერგვისთვის თუ მუშაობდით წინასწარ?
_ ეს ყველაფერი ჩვენს ტრადიციულ კლინიკაში უკვე დანერგილი და გამოცდილი გვაქვს და ყოველდღიურად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ. ამას თანამედროვეობაში ოპერატიული მენეჯმენტი ჰქვია და გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნაში, რომელსაც იგი, როგორც უკვე გითხარით, კლინიკაში ფეხის შემოდგმისთანავე იგრძნობს. ისეთი ცოცხალი პროცესია, რომელიც არასოდეს მთავრდება.
ჩვენ დეტალებსაც ვაქცევთ ყურადღებას. წინასწარ გვაქვს დაგეგმილი, რომელი ექიმი რომელ სართულზე, რომელ კაბინეტში იმუშავებს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ რადიოლოგი, რომელსაც სიბნელე სჭირდება, აღმოჩნდეს მეათე სართულზე, სადაც მზის შუქი ჭარბად შემოდის. ან, მაგალითად, დერმატოლოგს, რომელსაც კანის დაავადებების ნიუანსებში კარგად გასარკვევად მაინცდამაინც მზის სხივების სიუხვე ხელს უწყობს, სარდაფის დონეზე არ მოვუწყოთ სამუშაო ადგილი.
_ ერთი, არცთუ ჩვეულებრივი შეკითხვით უნდა მოგმართოთ: გაქვთ თუ არა იმ დაავადების დამარცხების ჟინი, რომელმაც ფრიდონ თოდუას სიცოცხლე შეიწირა?
_ გარდაცვალება ჩემთვის არის ფაქტი, ბუნებრივი მოვლენა. არ მიმაჩნია, რომ ბაბუაჩემი ამ დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა. აგიხსნით, რატომ: როცა ადამიანი ებრძვის დაავადებას, რომელიც დაუმარცხებელია, ბაბუაჩემმა კი სხვაზე უკეთ იცოდა, როგორი იყო იმ სენის ბუნება, ბოლო წუთამდე არ ყრიდა ფარ–ხმალს, მენტალურად, იდეურად და ადამიანურად იყო გამარჯვებული. ბაბუაჩემის გარდაცვალებას ამ ფორმულით რომ ვაფასებ, არ მივიჩნევ, რომ იგი ვინმესთან ან რამესთან დამარცხდა. დამარცხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ შეებრძოლებოდა, არ იომებდა გასამარჯვებლად. არასოდეს არ უნდა დავკარგოთ ღირსება, თვითშეგნება. მიმაჩნია, რომ ბაბუაჩემი ფრიდონი “ვეფხისტყაოსნის” გმირების დონეზე ებრძოდა დაუნდობელ უბედურებას ბოლო დღემდე. და ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც სამაგალითოდ შეიძლებოდა დაეტოვებინა ჩემთვის.
რაც შეეხება ბრძოლის ჟინს.
რა თქმა უნდა, როცა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნობ ამ რთული ბრძოლის სიმძიმეს (მე ორჯერ მაქვს ეს გამოცდილი, რადგან ბებიაც და ბაბუაც ონკოლოგიით გარდაიცვალნენ) უკვე სულ სხვა თვალით უყურებ ყველა პაციენტს, სულ სხვანაირად გესმის მათი. რასაკვირველია, მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ იმ მოურჩენელი დაავადების წამალი არსებობდეს და ყველას შეგვეძლება ვიცხოვროთ ისე ხალისიანად, როგორც დაგვიმსახურებია, რისი ღირსნიც ვართ.
ონკოლოგიურ დაავადებასთან მებრძოლი ყველა ადამიანი ჩემთვის არის გმირი _ ისინიც და მათი ოჯახების წევრებიც. იმიტომ, რომ რთულია, ასეთ ვითარებაში შეინარჩუნო ღირსება და სულიერი სიმხნევე.
_ გისმენთ და ვგრძნობ, როგორ გიმძიმთ ამ თემაზე საუბარი…
_ არ მიჭირს, დამიჯერეთ. მე იმდენად დიდი სიყვარული მქონდა ბაბუაჩემის, იმდენად უპირობო, რომ მჯერა, სადაც გინდა იყოს, იქნება აუცილებლად კარგად. ძალიან მენატრება, ძალიანაც მიჭირს უმისობა, არ მაქვს შესაძლებლობა, რჩევა ვკითხო გაუგებარ საკითხებზე, შთაგონება მივიღო მისგან, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი მყავდა. როცა ვაანალიზებ, როგორი ცხოვრება გაიარა მან, რა შეძლო და თავად რა ბედნიერი ადამიანი იყო, არ მეცოდება. სხვა გრძნობები მიჩნდება _ ამაღლებული, ღვთიურ განზომილებაში გადასული, ამიტომ არ მიჭირს ბაბუაჩემზე ლაპარაკი. მჯერა მისი.
_ ბოლოსკენ მივდივართ. ახალ გარემოებაში მოღვაწეობისას ექიმებს ახალი მოთხოვნები წარედგინება. გავლენა ხომ არ ექნება ამ დამატებით დატვირთვას ექიმების ხელფასზე?
_ ექიმის ხელფასი ჩვენთან და ყველგანაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენსაც იმსახურებს. რაც უფრო მდიდრდება ექიმის ცოდნა, გამოცდილება, მით უფრო იზრდება მის მიმართ ნდობა, მატულობს მომართვიანობა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურებაც იზრდება.
_ პაციენტს უფრო ძვირი უჯდება მკურნალობა?
_ არა. პაციენტების რაოდენობა იზრდება. ე.ი., ძალაში შედის გამომუშავების პრინციპი.
_ დასასრულ, თქვენი მომავალი მეზობლები, ამ უბნის მცხოვრებნი, გაკვირვებას არ მალავენ: კლინიკის ამუშავებისთანავე ავტოტრანსპორტის პარკირების საჭიროება ათჯერ და მეტად გაიზრდება. ეს პრობლემა არ გაწუხებთ?
_ ჩვენი კლინიკა, ძირითადად, მოემსახურება უახლოეს უბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს. სისხლის ანალიზისთვის აქ გლდანიდან არავინ მოვა. მაშასადამე, უმეტესობა ქვეითად მობრძანდება, ფეხით. გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ახლომახლო არსებული საპარკინგო სივრცეების მფლობელებთან. რეალურად სამი ასეთი სივრცე არსებობს. ამგვარი მომსახურების დეტალებს პაციენტებს გავაცნობთ წინასწარი ჩაწერისას. ასე რომ, პრობლემა არ შეგვექმნება. გათვლა მიმდებარე უბნებზე გვაქვს გაკეთებული.
ბოლოთქმის ნაცვლად:
უკვე ვთქვი, რომ ამ ინტერვიუს ესწრებოდა ქალბატონი ნინო ჯღამაძე, თოდუას კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი. ვეკითხები: როგორ მიიღო თქვენმა ექიმთა საზოგადოებამ ის სიახლეები, რომლებზეც ბატონი გიორგი საუბრობდა?
_ ძალიან დადებითად და დიდი ენთუზიაზმით. ყველა მოუთმენლად და იმედიანად ელოდება ჩვენი ამ ახალი ფილიალის გახსნას. ერთი სიტყვაც მინდა დავუმატო იმის შესახებ, რომ აბსოლუტურად გაკვირვებული და გაოცებული ვართ ამ ახალგაზრდა ადამიანით. თქვენც რომ იზიარებდით ჩვენს სიხარულს, აშკარად გეტყობოდათ ინტერვიუს ჩამორთმევისას.
_ დასტურ, ასეა.
_ ბედნიერები ვართ, რომ ბატონმა ფრიდონმა ასეთი შვილიშვილი გაზარდა და ხალხისთვის სამადლო საქმიანობის კეთილშობილურ გზაზე დააყენა. გიორგი, უწინარეს ყოვლისა, არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი უფროსი და ხელმძღვანელი, რომლის იმედიც გვაქვს ყველას, ყველა თაობის ექიმებს. ჩვენ არანაირად კონკურენციას არ გავუწევთ ერთმანეთს, პირიქით _ შევავსებთ და გავაძლიერებთ კოლეგებს. ეჭვი არ გვეპარება, დარწმუნებულები ვართ, რომ თოდუას კლინიკა გიორგის ხელში კიდევ უფრო სახელმოხვეჭილი სამედიცინო ცენტრი გახდება.
ბატონმა ფრიდონმა ძალიან ბევრი ჩადო გიორგიში და მანაც სრულად გაუმართლა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამ ფილიალში იქნება ამჟამად ჩვენი თანამშრომელი, ქალბატონი მედეა ანთელავა, რომელიც ჩვენს ინსტიტუტში ბატონ ფრიდონის პრინციპებზეა გაზრდილი, რომელმაც ყველაფერი იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს ამ დაწესებულების ფეხზე დასაყენებლად.
_ ყველანი, ვინც აქ გამწესდება, ამჟამად ჩვენთან მუშაობს, _ ბატონ გიორგის რეპლიკაა.
_ გიორგიმ ისიც მოიფიქრა, რომ მხოლოდ ექიმები კი არა, უმცროსი და საშუალო მედპერსონალი, რომელმაც აქ უნდა იმუშაოს, ჩვენთან დაუფლებოდა პროფესიას და მიეღო შესაფერი გამოცდილება. ჩვენი ფილიალი როცა ამოქმედდება, უკეთ გამოჩნდება, როგორი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე გაკეთდა მისი დაარსებით.
* * *
ჰოდა (ისევ “ჰოდა” მოსაბეზრებელი, როგორც სიტყვადაწრეტილობის საფირმო ნიშანი “დიახ!”) ამ ინტერვიუს გიორგი ლეონიძის ციტირებული ლექსის მეორე სტროფით დავამთავრებ:
“მე მშობლიური ღამე ვიცანი,
ვისმენ ბინდების მკვნესარე ზუზუნს,
ცაა ფირუზის თლილი ფიცარი,
დნება ვარსკვლავი _ თამარის ძუძუ”.
სულ ესაა. და “ავენობის პირს მაინც ნურავინ გახსნით”. ეს შეგონება “ქილილა და დამანადან” არის.
არმაზ სანებლიძე