ბათუმში ორდღიანი ყოფნის შემდეგ, 10 ნოემბერს, დილით აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის საშტაბო ხომალდმა Mount Whitney–მ და საესკადრო ნაღმოსანმა Porter–მა (Aegis–ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო იარაღის მართვის მქონე ხომალდი) აჭარის პორტი დატოვეს შავ ზღვაში ოპერაციის გასაგრძელებლად.
“გმადლობ, ბათუმო, თბილი მიღებისა და შესანიშნავი ვიზიტისთვის პორტში. ახლა დადგა დრო, Mount Whitney-მ და Porter -მა გეგმური ოპერაციები განაგრძონ შავ ზღვაზე ნატოელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად”, _ ნათქვამია ამერიკის მეექვსე ფლოტის განცხადებაში.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს ბათუმში პატივი მიაგო, გაიმართა კულტურულ-მასობრივი ღონისძიება ამერიკის ჰიმნის თანხლებითა და “ლეზგინკას” შესრულებით. საესკადრო ნაღმოსანი Porter-ის შავი ზღვის წყლებში 30 ოქტომბრიდან დაცურავს, ტანკერი John Lenthal-ი დარდანელისა და ბოსფორის გავლით 3 ნოემბერს შემოვიდა, მეორე დღეს კი _ Mount Whitney-ც.
სწორედ PORTER–ი, რომელსაც ასამდე ბირთვული თუ ჩვეულებრივი ქობინის ტარება შეუძლია, პოტენციურად უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, _ აღნიშნავენ ექსპერტები. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი (ასევე საესკადრო ნაღმოსან Donald Cook-ის) ბორტიდან 2017 წლის აპრილში “ტომაჰავკის” (2500 კმ-მდე მოქმედების რადიუსით) რაკეტებით დაიბომბა სირიის ავიაბაზა ეშ-შაირატი. თავის მხრივ, ფლაგმანი MOUNT WHITNEY, რომელიც აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო საფარით, პასუხისმგებელია ხმელთაშუა ზღვის მეექვსე ფლოტისა და ნატოს მოკავშირეების მოქმედებების კოორდინაციაზე. ტანკერი JOHN LENTHALL–ი შექმნილია ზღვაში გემების საწვავით ოპერატიულად შესავსებად. მთელი ეს არმადა არაგეგმიური მრავალეროვნული წვრთნების საბაბით დემონსტრაციულად მიიწევს რუსეთის შავი ზღვის სანაპიროებისკენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ქმედებები მიმართულია უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისებისა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ. დაინტერესებული მხარეები ემზადებიან დონბასში მორიგი ესკალაციისთვის და აქტიურად სწავლობენ სამხედრო ოპერაციების სავარაუდო თეატრს:
“იმის გათვალისწინებით, რომ აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების გარდა, სწავლებაში ჩართულია ტაქტიკური, საპატრულო და სტრატეგიული ავიაცია, ასევე ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტიგენტები, აშკარაა სამხედრო ოპერაციების სავარაუდო თეატრის შესწავლა იმ შემთხვევაში, თუ კიევი ძალისმიერ ქმედებებს მიმართავს სამხრეთ–აღმოსავლეთში”.
“9 ნოემბერს შავი ზღვის თავზე ამოაჩინეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ჯაშუში _ თვითმფრინავი E-8C”, _ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი მინიმალური მიახლოება რუსეთის საზღვართან 35 კილომეტრი იყო. მას ახლდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 (აფრინდა კრეტაზე მდებარე ბაზიდან), აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო თვითმფრინავი P-8A Poseidon-ი (აფრინდა სიცილიის ავიაბაზიდან) და საფრანგეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი C-160G Gabriel (აფრინდა რუმინეთიდან). აღმოჩენილი იქნა აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი U-2, რომელიც აფრინდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან. ყველა აღნიშნული აპარატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრებს რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა.
იმავე დღეს, 9 ნოემბერს, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ პირადად სთხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, განეხილა რეგიონში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდა. ამის საპასუხოდ აშშ-ის დიპლომატიის ხელმძღვანელმა შეაქო რუმინეთი, როგორც “ნატოს ერთგული მოკავშირე”, რომელიც იზიარებს ალიანსის “აღმოსავლეთ ფლანგზე” თანამშრომლობის მიზნებს (რომლის სამხრეთ ნაწილს, ბუქარესტის თქმით, არასაკმარისი ყურადღება ექცევა), მათ შორის, “უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისადმი” უკუქმედების ჩათვლით.
“ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო სივრცეში, როგორც მიზანშეწონილად მივიჩნევთ”, _ კატეგორიულად განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯ. კირბიმ. ნატოს ოპერაციებს შავ ზღვასა და ჰაერში (სადაზვერვო ფრენები) თვალყურს ადევნებენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო კრეისერი “მოსკვა” და ფრეგატი “ადმირალი ესენი”.
“ის, რაც ახლა შავ ზღვაში ხდება, არ ჰგავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგ წვრთნებს”, _ განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ მურახოვსკიმ.
“აქამდე ძალების ასეთი მასშტაბური ჩართვა ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა. ასევე ამ “მანევრებში” მონაწილეობენ სტრატეგიული ბომბდამშენები B-1B. ნატოს წვრთნების განრიგში, რომელიც ერთი წლით ადრე დგება, ეს ღონისძიება არ შედიოდა. ალიანსის ეს დაუგეგმავი მანევრები და თურქული უპილოტო თვითმფრინავების _ BAYRAKTAR–ის გამოყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონბასში რუსეთის სამხრეთ საზღვრების კომპლექსური კვლევის ერთი და იმავე ჯაჭვის რგოლებია”.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, ამერიკელების ქმედებები არის “თითქმის მუდმივი მცდელობა, შეგვამოწმონ, რამდენად მზად ვართ, რამდენად კარგად არის აწყობილი ჩვენი სისტემა შავი ზღვის სანაპიროზე, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით”.
“ვფიქრობ, ნატოს წვრთნები დაკავშირებულია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მისწრაფებასთან, გააძლიერონ რუსეთის ფედერაციის შეკავების პოლიტიკა”, _ ივარაუდა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. კიევის მიერ დონბასში ძალოვანი სცენარის განხორციელების შემთხვევისთვის დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ პრევენციულ ქმედებებს “რუსეთის სამხედრო ჩარევის” თავიდან ასაცილებლად.
სამხედრო ექსპერტ ვიქტორ ლიტოვკინის თქმით, Arleigh Burke-ს კლასის სარაკეტო საესკადრო ნაღმოსნების სამიზენში შეიძლება აღმოჩნდეს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო დივიზიები კალუგის, ტვერისა და სარატოვის ოლქებში; ამასთანავე, ყირიმისა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს თავდაცვის სისტემას (მათ შორის საზენიტო–სარაკეტო სისტემებს: C-300, C-400, ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებს: “ბალი” და “ბასტიონი” და სხვ.), რომ არაფერი ვთქვათ შეიარაღების ახალ სისტემებზე, როგორიცაა “კინჟალი” და “ცირკონი”, შეუძლია მოიგერიოს პოტენციური თავდასხმა.
“ჩვენ კვლავაც უნდა გავაუმჯობესოთ საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემა. ეს პირდაპირ კავშირშია წამყვან ქვეყნებში პერსპექტიული მოიერიშე საშუალებების შემუშავებასთან მაღალი სიჩქარის მახასიათებლებით. ამას, აგრეთვე, მოითხოვს ზოგადი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, მათ შორის ნატოს ავიაციის ფრენების მზარდი ინტენსივობა რუსეთის მახლობლად, ალიანსის მართული სარაკეტო შეიარაღების მქონე გემების გამოჩენა ბალტიისა და შავ ზღვებში. აი ახლაც, მოგეხსენებათ, ამერიკული ხომალდი შავ ზღვაში შევიდა _ შეგვიძლია დავაკვირდეთ მას ბინოკლით ან შესაბამისი თავდაცვის სისტემების სამიზნით. ყველასთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპაში მოქმედების საშუალო რადიუსის რაკეტების ევროპაში განლაგების შესახებ, რომელიც ასევე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაწესებულებათა ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.
ნინო ბერიძე
P.S. “რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეშფოთებულია შავ ზღვაში აშშ–ის ყოფნით და აკვირდება ვითარებას, _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა შესაბამის კითხვაზე პასუხისას”, _ წერს რია.რუ. პესკოვის თქმით, რუსეთის საზღვრებთან ამერიკული გემების ყოფნა ყურადღების გამახვილებას მოითხოვს, თუმცა პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის კონტაქტები აქამდე არ ყოფილა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ–ის მეექვსე ფლოტის ფლაგმანი გემის _ Mount Whitney–სა და საესკადრო ნაღმოსან Porter–ის შავი ზღვის აკვატორიაში ყოფნის კომენტირებისას განაცხადა, რომ აკონტროლებენ მათ ქმედებებს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ აშშ ცდილობს, შექმნას სამხედრო დაჯგუფება რუსეთის საზღვრებთან, ვაშინგტონის ერთ–ერთი მიზანი უკრაინის სამხედრო ათვისებაა. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ აშშ სწავლობს ვითარებას იმ შემთხვევისთვის, თუ დონბასში კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრას შეეცდებიან.
ნ.ბ.