Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება საქართველოს

რას მოუტანს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება საქართველოს

1 დეკემბრიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს ზრდის. რას ნიშნავს ეს? შესადარებლად გეტყვით: ნოემბერში ზეთის ექსპორტის გადასახადი 1 ტონაზე 194, 5 დოლარს შეადგენდა, დეკემბრიდან კი 276,7 დოლარი იქნება. მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო მცურავი ბაჟი რუსეთის ფედერაციამ 2021 წლის 1 სექტემბრიდან დააწესა და 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს. შემდეგ კი მეგობარი ქვეყნებისთვის სხვა ტარიფი იქნება, დანარჩენებისთვის _ სხვა, ანუ ზუსტად ისე, როგორც ხორბლის შემთხვევაში.

ბოლო 10 თვეში რუსეთმა 5,4 მლრდ დოლარის ღირებულების ზეთისა და ცხიმის ექსპორტი განახორციელა. ეს გასული წლის მონაცემებს 47%-ით აღემატება. და რაც ყველაზე საინტერესოა _ საქართველოსთვის რუსეთი მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი ქვეყანაა. მიმდინარე წლის 9 თვეში 25 257,6 ტონა ზეთის შესაძენად ქვეყნიდან 36,9 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 42,9%-ით მეტია. 2030 წლისთვის რუსეთის ფედერაცია აუთვისებელი მიწების, სულ ცოტა, 30%-ის ათვისებას აპირებს და ამ ტეროტორიაზე, ხორბლის გარდა, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების მოყვანასაც დაიწყებს. მსოფლიო აღიარებს, რომ ბოლო ათწლეულში ყველაზე მეტად საკვები გაძვირდა და ეს ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. შედეგად, რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ ნავთობპროდუქტებით იყოს მსოფლიო ბაზარზე მთავარი მოთამაშე, არამედ კვების პროდუქტებითაც. ხორბლის, ანუ მთავარი საკვები პროდუქტის მიმართ ეს კარგად გამოსდით და, ალბათ, სხვა მიმართულებითაც კარგად გამოუვათ. სახელმწიფო მთლიანად გადართულია წარმოებაზე და ამით არამხოლოდ ეკონომიკას განავითარებს, არამედ მოქალაქეთა ყოველდღიურ ყოფასაც.

“რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ არის მნიშვნელოვანი აქტორი, და რომ არ დათმობს თავის ადგილს. დღეს ბევრი დისკუსიაა ამ რეგიონში სხვადასხვა ფორმატის დიდი ინფრანსტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც ევროპას შავ ზღვასთან, კასპიის ზღვასთან და აზიასთან აკავშირებს. ეს რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური _ არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის. დღეს კარგად ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები აქტიურები არიან, აქვთ დამსახურება და ინტერესი, რომ იყვნენ ამ რეგიონში, არც ერთ ამ ქვეყანას არ აქვს ეკონომიური საშუალება, რომ განახორციელოს ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ყველა საუბრობს. ევროპა ერთადერთია, რომელსაც ეს ძალაუფლება გააჩნია. ეკონომიური ძალაუფლების გარდა, მას უნდა ჰქონდეს ხედვა, რისი განხორციელება სურს, რეგიონის დასტაბილურების ხედვა და იმის აღქმა, რაში მდგომარეობს მისი ძალა დღეს. ეს ძალა შეიძლება მდგომარეობდეს დიდი პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში”, _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

ამ განცხადებით ქალბატონმა ვაიპრეზიდენტმა აღიარა, რომ ევროპას არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შევიდეს. მას რომ არ ეთქვა, ისედაც ცხადი იყო, რომ ევროპაში არ არიან ისეთი სულელები, მომაკვდინებელ ბრძოლაში ჩაებან. ეგ კი არა და, სწორედ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად დაათბოს ურთიერთობა რუსეთთან, რადგან კარგად ხვდება, რომ სამომავლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საკვები პროდუქტების წარმოების მხრივ ყველაზე მძლავრი მოთამაშე იქნება და, თუ მანამდე რუსეთს უწესებდნენ სანქციებს, უახლოეს სწორედ რუსეთს ექნება შესაძლებლობა, სანქციები დაუწესოს ბებერ კონტინენტს.

რუსეთთან ურთიერთობის არაოფიციალური გადატვირთვა დაიწყო ევროპის ყველა დიდმა ქვეყანამ. გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის ლიდერების განცხადებებში მკაცრი ტონი, საერთოდ, გამქრალია. ისინი მზად არიან, ვლადიმერ პუტინის პირველივე დაძახებაზე მოსკოვში ეახლონ და გრძელვადიანი ხელშეკრულებები გააფორმონ ნებისმიერი მიმართულებით, რადგან კარგად იციან, უახლოეს მომავალში რუსეთთან მეგობრობა სანატრელი იქნება ყველასთვის. და ამ დროს რას აკეთებს საქართველო, რომელიც ეკონომიკის, პრაქტიკულად, ყველა სფეროთი ჩამოკიდებული სწორედ ჩრდილოელ მეზობელზეა? არაფერს და ეს არაფერი, წლებია, გრძელდება. საბედნიეროდ, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იმდენი მაინც მოახერხა, რომ დასავლეთის წნეხს გაუძლო და რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში არ შევიდა, მაგრამ ეს საკმარისი აშკარად არ არის, რადგან როგორც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ისე ახლაც, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაყინულია. მცდელობა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს დამოუკიდებლად ესაუბრონ ჩვენი მთავრობის წევრები, იყო, მაგრამ მხოლოდ განცხადებების დონეზე და ამ განცხადებებზეც დასავლეთს უმწვავესი რეაქცია ჰქონდა.

მეორე მხრივ, დღევანდელი ხელისუფლება აშკარად ხვდება, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს. ორივე მხარისთვის ცხადია, რომ კარასინიაბაშიძის ფორმატის შეხვედრები შედეგის მომტანი არ არის და ეს შეხვედრები მხოლოდ იმისთვის იმართება, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ვალდებულება აქვთ აღებული დიალოგზე და ამ ვალდებულებას ზედაპირულად ასრულებენ. ვერ გეტყვით, რამდენჯერ შეხვდნენ კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს, მაგრამ რეალური შედეგი ამ შეხვედრებს არ მოუტანია და გარედან ისე ჩანს, რომ ორი ხანში შესული ადამიანი ერთმანეთს მეგობრულად ხვდება, რაღაც თემებს განიხილავენ, ის “რაღაც” კი დაკავშირებული არ არის რეალობასთან.

ზემოთ ზეთის გაძვირება ტყუილად არ გვიხსენებია. ოფიციალური მონაცემებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ზეთის ფასმა მოიმატა, გაყიდვები 14%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ ზეთის, არამედ, საზოგადოდ, ნებისმიერი პროდუქტის შეძენა უჭირს მოსახლეობას. ქართული ეკონომიკა სულს ღაფავს და მაშველ რგოლად ის 4 მილიარდ ლარზე მეტი უნდა მოევლინოს, ხელისუფლება ვალად აღებას 2022 წლისთვის რომ აპირებს. ჰო, ცოტა ხნის წინათ ევროკავშირის 75 მილიონი ევროს სესხზე ვთქვით უარი და გაგვიხარდა, რომ ბოლომდე დაქცეულები არ ვყოფილვართ, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, რომ დიდი ვალის აღება მოუწევდა და ევროკავშირთან აღარ დახურდავდა. ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ფონი არასტაბილურობის განცდას იწვევს და ექსპერტებიცა და ეროვნული ბანკიც არასტაბილურობას ხშირად ასახელებენ ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად, რომელიც ფასებსაც ურტყამს. არადა, რატომღაც გვგონია, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება იქნება მთავარი მიზეზი იმისა, რომ ხალხს სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს. თუნდაც ერთი მიმართულებით (არ აქვს მნიშვნელობა, ხორბალი იქნება თუ ზეთი) ქმედითი ნაბიჯის გადადგმა სამომავლოდ ქვეყანას ძალიან წაადგება. მით უმეტეს ახლა, როცა მთელი მსოფლიო ცდილობს, სწორედ რუსეთთან მოაგვაროს ურთიერთობა, რადგან ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ჩართო თავისი ყველაზე მძლავრი ბერკეტი _ უზარმაზარი ტერიტორია და სწორედ თავისი ტერიტორიის ათვისებით აპირებს, შექმნას ჭარბი პროდუქცია. თუ რუსეთის ფედერაცია ქვეყანაში ყველა აუთვისებელ მიწის ნაკვეთს დაამუშავებს, იმდენი პროდუქციის წარმოება შეუძლია, რომ ევროპას მარტო მოამარაგებს საკვები პროდუქტებით. ამას მიხვდა დასავლეთიც და ამის განხორციელება დაწყებული აქვს რუსეთს.

რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებამ საქართველოს? რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, პირველ რიგში, სტაბილურობის განცდას მოიტანს და ეს ეროვნულ ვალუტაზეც დადებითად აისახება. დაწესდება შეღავათიანი ფასები როგორც ენერგომატარებლებზე, ისე ხორბალზე, ზეთსა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე. პარალელურად, ქართული პროდუქცია შეუფერხებლად გავა რუსულ ბაზარზე. ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ახლაც სწორედ იქ იყიდება, მაგრამ პროდუქტების გატანა დამშვიდებული, დალაგებული და დიალოგის რეჟიმში მყოფი ურთიერთობების პირობებში უფრო ადვილი და მომგებიანი იქნება.

ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რომელშიც, 30 წელია, ვართ, ნეიტრალური საგარეო კურსი და ნებისმიერ პარტნიორთან ტოლ-სწორად საუბრის დაწყებაა. საქართველო არ უნდა დაემონოს არც ერთი ქვეყნის პირველ პირებსა და ელჩებს, ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, საშინაო საქმეებში არ უნდა ჩარიოს არავინ და ნებისმიერ პრობლემაზე ნებისმიერ ქვეყანასთან უნდა ისაუბროს პირისპირ, შუამავლების გარეშე. სხვაგვარად უცხო ქვეყნები მაქსიმალურად შეეცდებიან, საკუთარ თავზე მოირგონ ჩვენი პრობლემის მოგვარება და სარგებელი ნახონ. ეს კი საქართველოს არასდროს წასდგომია, არც მომავალში წაადგება. ამას რაც მალე მივხვდებით, მით უკეთესი.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here