სერაპიონ ზარზმელი (IX ს.) სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი გახლდათ, რომელიც საქართველოს ეკლესიის წმინდანია, მისი ხსენების დღედ დაწესებულია ძვ. სტილით 29 ოქტომბერი (ახ. სტილით 11 ნოემბერი).
წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელს ჩვენამდე არ მოუღწევია, ღვთისმოშიშებითა და პატიოსნად ცხოვრობდნენ, “ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ხელის აპყრობასა”.
სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.
სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონია. სერაპიონი თავის უმცროს ძმა იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა “მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა”, “სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა” დიდ მიქელ პარეხელს. ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და “თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა”. უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა _ “უცხოთა და გლახაკთა” მსახურებით ცხოვრობდა.
ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე, სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ “თანაეტვირთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაი”.
ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა და, მიუხედავად იმისა, რომ “სასწაულნი იგი ადგილსა ამას” ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი.
ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ.
მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: “ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი”.
იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა–წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.
ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: “ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ”. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი _ ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში _ იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა–სამხრამდე ბრწყინავდა.
ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა “განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი”.
ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, “კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა”.
რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, “მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა”.
წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, “რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა”.
წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და “გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა”.
მომზადდა წიგნიდან “ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”,
თბილისი, 2004 წ.
სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში აღწერილი სასწაულები
სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში აღწერილია სასწაულები, რომლებიც წმინდანმა აღასრულა როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ:
* სამცხისა დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი შეჰპირდა სერაპიონს, მონასტრისათვის ებოძებინა ის მიწა, რომლის შემოვლასაც სერაპიონი და მისი თანმხლებნი მოასწრებდნენ განთიადიდან მზის ჩასვლამდე. მეორე დღეს სერაპიონი, მისი ძმა იოანე და კიდევ ერთი ბერი გიორგი ჩორჩანელის მიერ მიჩენილი მეგზურის თანხლებით გაემართენ ტერიტორიის შემოსავლელად. გზაში ორი მდინარის შესაყართან აგებულ წისქვილთან გაიარეს, საიდანაც გამოვიდენ უკეთური და ველური ადამიანები. ისინი აკავებდნენ სერაპიონს და გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდენ. სერაპიონმა უწინასწარმეტყველა მათ, რომ მალე აღიგვებოდა პირისაგან მიწისა ეს ადგილი. სერაპიონი და მისი თანამგზავრნი ტბას მიადგნენ, რომელიც, მათი თანმხლები ადგილობრივი მკვიდრის სიტყვით, ნადირობის გამო ხშირად ყოფილა შფოთისა და დაპირისპირების ადგილი. ამ ტბასთან მისულებს შემოხვდათ მონადირეები, რომლებიც არ აძლევდენ სერაპიონს და მის თანმხლებთ გზის გაგრძელების უფლებას, რათა არ დაეფრთხოთ ნადირი. სერაპიონსა და მის თანმხლებთ მოუწიათ სხვა გზით წასვლა. მეორე დღეს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, და განიპო კლდე ტბის დასავლეთით, ტბა წყლისაგან დაიცალა და წალეკა წისქვილი, ხოლო ტბის ადგილას ლოდიანი ველი დარჩა. ყველა მიხვდა, რომ ასე მიეგოთ საზღაური უკეთურ ადამიანებს.
* პარეხში მისულ სერაპიონს მიქაელ პარეხელმა მისცა გამხმარი ბაიას ტოტი და უბრძანა ეკლესიის მახლობლად მისი დარგვა. თუ ეს გამხმარი ტოტი გაიხარებდა სერაპიონს უნდა გაეგრძელებინა მონასტრის მშენებლობა. მართლაც, დარგო სერაპიონმა ეს რტო ეკლესიის მახლობლად, მოხდა სასწაული _ ტოტი ამწვანდა და ფოთლებით შეიმოსა.
* ოპიზაში სერაპიონს ერთმა ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა. უეცრად ყველას თვალწინ ეს კაცი დაეცა, გაუსივდა და გადმოუვარდა ენა, გადმოსდიოდა დუჟი და გორავდა მიწაზე. კაცი მალე გონს მოეგო და თუმცა ენით ვერ მეტყველებდა, შეუვარდა ფეხებში იქ მდგომ ბერებს და აღიარა თავისი შეცდომა. სერაპიონმა უპასუხა, რომ ეს ღვთის განგება იყო, დაიჩოქა და შესთხოვა ღმერთს იმ კაცის განკურნება, რომელიც ეშმაკმა აცთუნა. მაშინათვე დაუცხრა სნეულს ენა და განიკურნა.
* სერაპიონი სასწაულებს აღასრულებდა გარდაცვალების შემდეგაც. მრავალი ადამიანი განიკურნა სენთაგან მისი დაკრძალვის ჟამს. როდესაც სერაპიონის ცხედარი დასვენებული იყო ეკლესიაში, მოვიდა ერთი სნეული კაცი, რომელსაც სისხლი სდიოდა სარცხვენელიდან და მძაფრი ტკივილით იკრუნჩხებოდა. მოეხვია ეს კაცი ტახტს, რომელზეც სერაპიონი იყო დასვენებული, და დაეცა, როგორც მკვდარი, ხოლო ცოტა ხანში ყველას დასანახად წარსცვივდა ორი დიდი ქვა სარცხვენელიდან და სრულიად განიკურნა.
* როდესაც ბასილი ზარზმელის მცდელობით სერაპიონის წმ. ნაწილები ახალ ქვის ლარნაკში გადაასვენეს, სოფლიდან, რომელსაც ეწოდებოდა ბობღა, მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წართმეული ჰქონდა მხედველობა მარჯვენა თვალში, ხოლო მარცხენა თვალი სტკიოდა. შეევედრა ეს კაცი წმინდა ლარნაკს და მაშინვე განიკურნა.