ცოტა უცნაური სტატისტიკით უნდა დავიწყოთ: შარშან დაქირავებით დასაქმებული 845,3 ათასი შრომისუნარიანი პირი იყო, ხოლო ეკონომიკაში მთლიანი შემოსავლების ფორმირების 36,9% ხელფასებზე მოდიოდა. წელს ეკონომიკაში შემოსავლების ფორმირების ინდექსში ეს რიცხვი არ შეცვლილა, ანუ დაახლოებით ისევ 845,3 ათასი ადამიანია დასაქმებული და მათ კვლავ იგივე ანაზღაურება აქვთ. კიდევ ერთი მონაცემი და შემდეგ მთავარ სათქმელსაც ვიტყვი: საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 42%-ისთვის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა ინფლაციაა, რომლითაც აღნიშნული საკითხი მწვავე ეკონომიკურ პრობლემებს შორის მასშტაბით მეორე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე 59%-ით უმუშევრობაა.
გასულ წელთან შედარებით, პროდუქტების ფასმა საშუალოდ 44%-ით მოიმატა. ზემოთ რომ ვახსენეთ ეკონომიკაში მთლიანი შემოსავლების ფორმირებაზე ხელფასების წილი რამდენი იყო, იმის აღნიშვნა გვსურდა, რომ პროდუქტების ფასმა ლამის 50%-ით მოიმატა, შემოსავალი კი იგივე დარჩა, რაც მოსახლეობაზე კატასტროფულად აისახა. მსყიდველუნარიანობა ისეა შემცირებული, რომ…
მარტივ მაგალითს გეტყვით: თბილისში, ერთ-ერთი ცნობილი საქეიფო ადგილი (ბრენდს არ დავასახელებთ, რეკლამაში რომ არ ჩაგვეთვალოს), რომელიც სააკაძის მოედანთან მდებარეობს, იყიდება, მეპატრონემ პირდაპირ თქვა, დღეში 20 და 30-ათასიან მოგებაზეც კი ავსულვარ, მაგრამ ახლა, გინდათ, პანდემიას დააბრალეთ, გინდათ _ უფულობას, დღე ისე გავა, 200-300 ლარის ნავაჭრიც არ გვაქვსო. იყიდება ობიექტი, მაგრამ მყიდველი არ ჩანს… რესტორნის ფულზე აღარ არის საუბარი, ადამიანს წელს უკვე ორჯერ გაძვირებული და მესამედ გასაძვირებლად გამზადებული პურის ყიდვა უჭირს. საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა კვლავ მოიმატა და, რაღა თქმა უნდა, დაგვიანონსეს, პური საქართველოში კვლავ გაძვირდება. ჰო, გვანუგეშეს კიდეც: გაძვირება უმნიშვნელო იქნება, მაქსიმუმ 15-20 თეთრითო და ეს “უმნიშვნელო” რამდენად მნიშვნელოვანია რიგითი ადამიანებისთვის, ვერ თუ არ ხვდებიან. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც დღეში 5 პურს მოიხმარენ, გაძვირების შემდეგ თვეში 30 ლარით მეტს გადაიხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეს თანხა სხვა რამეს უნდა მოაკლონ და ისედაც მწირი შემოსავლის პირობებში, რას უნდა მოაკლდეს თანხა, ძნელი სათქმელია. საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია არ მალავს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან აქცენტის გაკეთება ადგილობრივ წარმოებაზეა. ანუ, ადგილობრივი წარმოება უნდა გაიზარდოს და თან იმის გათვალისწინებით, როგორი ჯიშები გვაქვს ჩვენ, ეს ძნელი არ უნდა იყოს. საქართველოში სასოფლო–სამეურნეო მიწების 70%-ზე მეტი დაუმუშავებელი და აუთვისებელია, ანუ, იქ რომ ხორბალი დავთესოთ, შიდა ბაზარს სოლიდურ შეღავათს მივცემთ, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამისთვის არ სცალია, ფერმერებს კი ფული არ აქვს. რუსეთის მაგალითზე გეტყვით _ როცა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, ხოლო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ხორბლის მოყვანა და მასშტაბების გაზრდა დადებით გავლენას არამხოლოდ ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე, არამედ მოსახლეობაზე იქონიებდა, სახელმწიფო მანქანა მთელი სიმძლავრით ჩაერთო, აითვისეს ისეთი მიწები, რომლებზეც ადამიანს ფეხი არ ჰქონდა დადგმული და, რაც მთავარია, ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ ყველაფერმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რუსეთმა ბოლო 7 წელიწადში, ხორბლის მოყვანის თვალსაზრისით, თავისი რეკორდი მოხსნა და გაჩერებას არ აპირებს. ისინი მიხვდნენ, რომ ეს არის სიკეთე და არის პროდუქტი, რომელზეც მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერც უარს იტყვის და ვერც ვერაფრით ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფო ამაზე არ ფიქრობს, რადგან ჯერ ძალაუფლებაა შესანარჩუნებელი და ისაა გასარკვევი, ერთ–ერთი პატიმარი ხბოს ღვიძლის ფაფას ჭამს თუ ხილფაფებს.
რაც შეეხება ხორბლის ბაზარს. რუსეთმაც გააძვირა ხორბალი, მაგრამ უცვლელი დატოვა ფასი ფქვილზე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ პურის ფქვილის ყიდვა იაფი ჯდება, მით უმეტეს, რომ მასზე საბაჟო გადასახადიც ნაკლებია, მაგრამ რეალურად, პურის ფქვილის ყიდვა ხორბალზე ძვირი ჯდება და ახლავე აგიხსნით რატომ: ფქვილს აუცილებლად ტომრებში დაფასოებულს ყიდულობ, რაც ფასს ავტომატურად ზრდის, როცა ხორბალი შეგიძლია ვაგონებით წამოიღო და არანაირი დაფასოება არ სჭირდება. ხორბლის დაფქვის შემდეგ წისქვილკომბინატებს რჩებათ ქატო, რომლის ფასი ბაზარზე დღევანდელი მდგომარეობით 85 თეთრია, ანუ ქატო ღირს ზუსტად იმდენი, რამდენიც საფურაჟე ხორბალი. ამიტომ მას შემდეგ, რაც ქართული წისქვილკომბინატები იძულებით გადავლენ პირდაპირ ფქვილის შემოტანაზე, იძულებული ვიქნებით, შემოვიტანოთ ქატოც, რომელიც მეცხოველეობაში უმთავრესი საკვები პროდუქტია. ეს ავტომატურად გამოიწვევს ქატოს გაძვირებას, რომელსაც, რძის პროდუქტების გარდა, ღორისა და საქონლის ხორცის გაძვირებაც მოჰყვება.
ამ მარტივი გათვლების გარდა, ისიც ვთქვათ, რომ 1 დეკემბრიდან ძვირდება ბუნებრივი აირის გადასახადი. მართალია, კომპანიებმა თქვეს, რომ ბუნებრივი აირი არ გაუძვირდებათ პურის საცხობებსა და მოსახლეობას, მაგრამ სხვებს რომ გაუძვირდებათ და შესაბამისად, პროდუქციას გააძვირებენ, არ მიებმება ეს ყველაფერი პურსაც? რა თქმა უნდა, მიებმება და ეჭვი გვაქვს, საახალწლოდ ისეთი გაძვირება გველოდება, გოჭისა და ინდაურის საყიდლად სესხის აღება მოგვიწევს… ხაზარაძის ბანკიდან. სწორედ ხაზარაძისა და მისი პარტნიორების დამსახურებაა ის, რომ საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არასტაბილურობის განცდაა, რაც, პროდუქტის ფასების გარდა, სავალუტო კურსს ცალკე ურტყამს და პოტენციურ ინვესტორებს _ ცალკე. თავად განსაჯეთ, ვის გაუჩნდება სურვილი, საქართველოში გააკეთოს რამე და ჩადოს ფული, როცა ხედავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და სამოქალაქო დაპირისპირებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
ამ ყველაფრის პარალელურად, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მეგობარი ქვეყნებისთვის პროდუქტებზე, მაგალითად, ხორბალზე სხვა ფასი აქვს და დანარჩენებისთვის _ სხვა. სხვაობა ერთ ტონაზე ლამის 50 დოლარს აღწევს, რაც დიდ მასშტაბებზე უზარმაზარი თანხაა და სწორედ ეს 50 დოლარი ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემდა, აქცენტი კვლავ ხორბალზე გაეკეთებინათ და ფასიც იგივე დაეტოვებინათ. საამისოდ საჭიროა რუსულ მხარესთან საუბარი, მაგრამ… ამის უფლებას არც დასავლეთი გვაძლევს და არც ხელისუფლება იწვის სურვილით, რომ ჩრდილოელ მეზობელს სასაუბროდ დაუჯდეს. ხომ არ ვამბობთ, რომ საუბარი სხვა პრობლემებსა და პოლიტიკურ კურსს უნდა დაეთმოს _ მათ უნდა ისაუბრონ ხორბალსა და პურის ფქვილზე და, რაც მთავარია, ნახონ სარგებელი. როგორ ვთქვათ, მაგრამ საქართველოს წინა თუ მოქმედ ხელისუფლებას ურჩევნია, ძალაუფლება შეინარჩუნოს; ურჩევნია, წელში გაწყვეტილ მოსახლეობას ქამარი უფრო მჭიდროდ შემოუჭიროს, ვიდრე სასაუბროდ დაჯდეს რუსეთთან და მერე დასავლეთმა დაამუნათოს: უჩემოდ ეს ნაბიჯი რატომ გადადგიო. არადა, მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან პირისპირ სასაუბროდ დავმსხდარიყავით, რამდენიმეჯერ იყო, მაგრამ ევროპამ და ამერიკამ ეს მცდელობები ჩანასახშივე მოკლეს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი ხელისუფლების შეცვლას აქტიურად ცდილობს. არ გამოვიდა 43%-იანი ბარიერით რიგგარეშე არჩევნები და ახლა აქციებით მიდის ხელისუფლების დამხობის მცდელობა. სხვათა შორის, წინასაარჩევნოდ მთელი ოპოზიცია ერთ ხმაში რომ გაჰკიოდა, რეფერენდუმია მოსაგებიო, ახლა, როცა წააგეს, ეს სიტყვა საერთოდ დაივიწყეს და არც “ქართული ოცნების” ლიდერები იხსენებენ, რომ ეს მართლაც რეფერენდუმი იყო და ეს იყო პირდაპირი უარი ევროპის მიერ თავსმოხვეულ დღის წესრიგზე.
ვერ გეტყვით, რას ფიქრობენ ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ შარლ მიშელი აუცილებლად დარწმუნდებოდა იმაში, რომ “ევროპული ღირებულებებისკენ” სწრაფვა აშკარად შემცირებულია და მის ნებას ქართველი ერი არ დაჰყვა. ეს საგანგაშო სიგნალი იქნებოდა როგორც ევროკავშირისთვის, ისე ამერიკისთვის და ახლა ისინი ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ვითარება ისევ თავიანთთვის სასურველ კალაპოტში მოაქციონ. საქართველო ხომ ერთადერთი ქვეყანაღაა რეგიონში, რომელსაც აკონტროლებენ და დანარჩენი ყველა გაექცათ.
ჰოდა, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გადის წლები, აქციიდან აქციამდე იზრდებიან თაობები, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. რიგითი ადამიანების ყოფა ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ გააუმჯობესა და საამისო პირი არც ახლა უჩანს. არადა, კიდევ ვიმეორებთ: რუსეთთან პირისპირ საუბრით არამხოლოდ პურის პრობლემა მოგვარდება, არამედ ენერგომატარებლების ფასზეც შეიძლება საუბარი და შემდეგ ეგებ ის პროტესტიც აღარ დაგვჭირდეს, კონკრეტულ ნავთობკომპანიას რომ გამოუცხადეს გასულ კვირას მძღოლებმა. უნდა შეიგნონ პოლიტიკოსებმა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელობა იმას აქვს, როგორ ვითარდება თავად, როგორ ვითარდება მომავალი თაობა და როგორ შეესაბამება მისი შრომა იმ ანაზღაურებას, რომელსაც იღებს. თორემ, თუ ადამიანები პურის ყიდვასაც ვეღარ შეძლებენ, ქუჩაში გამოვლენ და მერე ხელისუფლებასაც შეჭამენ და ოპოზიციასაც დასავლელ პარტნიორებთან ერთად.
ბესო ბარბაქაძე