«საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ქვეყნა არც ერთ სამხედრო ბლოკში არ გაწევრიანდება. უარს ვაცხადებთ ნატოში გაწევრიანების აკვიატებულ სურვილზე, უარს ვაცხადებთ აშშ–ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ყველა ქვეყანასთან სათანამშრომლოდ მზად ვართ», _ მიაჩნია პოლიტიკური პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ხელმძღვანელს _ ვალერი კვარაცხელიას, რომელიც «საქართველო და მსოფლიოს» რთული ვითარებიდან ქვეყნის გამოსვლის გზებს უზიარებს.
_ მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას ანექსიის დასასრულებლად დახმარება სთხოვა, თუმცა რა შედეგს გამოიღებს ეს თხოვნა, მაშინ, როცა თავად საქართველოს პრემიერმაც ახლახან, ქართველ ექსპერტებთან შეხვედრისას, პირდაპირ განაცხადა, რომ არც ევროპა და არც ამერიკა საქართველოს გამო რუსეთს არ დაუპირისპირდებიან?
_ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე იყო ავანტიურისტული, არაადეკვატური, მაგრამ როგორ შეაფასეს პოლიტიკოსებმა? უმრავლესობა და უმცირესობა ერთხმად გაჰკიოდა, _ რა საოცარი, პატრიოტიზმით გაჟღენთილი გამოსვლა მოვისმინეთო. აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს საქართველოს მართავს, თქვა თუ არა, რომ შესანიშნავი გამოსვლა იყოო, ელჩის ხელის აქნევაზე ეს ჩიტებიც წამოფრინდნენ და ერთობლივი ჭიკჭიკით თქვეს ის, რაც ნორლანდმა უკარნახათ.
რაც სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, იყო შეურაცხმყოფელი არამარტო პუტინისთვის, არამედ მთელი რუსეთისთვის, რაც, რა თქმა უნდა, შედეგის მომცემი არ არის. ბიძინა ივანიშვილმა სრული ჭეშმარიტება ბრძანა, საერთაშორისო საზოგადოება რისი გამკეთებელიც არის, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში უკვე ვიწვნიეთ. საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაკეთებული საქმე მხოლოდ ორი სიტყვით _ შეშფოთებითა და აღშფოთებით გამოიხატებოდა. მეტს ისინი ვერაფერს ახერხებენ და ეს ბუნებრივია. რა უნდა მოახერხონ, როცა საქმე მსოფლიოს უდიდეს ქვეყანასთან გვაქვს, რომელიც ბირთვული იარაღითაა აღჭურვილი?!
_ მაშინ რა გზა რჩება ხელისუფლებას ვითარების დასარეგულირებლად? სიტუაცია კი, მოგეხსენებათ, კვლავ დაძაბულია…
_ გზა არსებობს და ამ წლების განმავლობაში ამის შესახებ ტომები დავწერეთ მე და ცხონებულმა ვატანგ გოგუაძემ. ბევრი ვწერეთ და ვილაპარაკეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ შეისმინა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვების ინტერესები ისე, რომ ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე არ დაემუქროს და მხოლოდ ამის შემდეგ გვაქვს მორალური უფლება, სხვებისგანაც რაღაც მოვითხოვოთ.
_ რა კონკრეტული ინტერესი შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს, რის შემდეგაც რუსებიც გარკვეულ დათმობებზე წამოვლენ?
_ დავიწყოთ უმთავრესით: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ქვეყანა არც ერთ სამხედრო ბლოკში არ გაწევრიანდება. უარს ვაცხადებთ ნატოში გაწევრიანების აკვიატებულ სურვილზე, უარს ვაცხადებთ აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ყველა ქვეყანასთან სათანამშრომლოდ მზად ვართ. ეს არც ერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია, ამიტომაც ვითარება დღემდე უცვლელი რჩება. ეს ვითარება კი დღეს როგორია? საქართველო მიილტვის ნატოსკენ, ანუ საქართველო რუსეთს ემუქრება, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს შეიარაღებული ძალები განლაგდებიან. რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება, ეს არ მოხდეს, რადგან ეს მის უსაფრთხოებას ემუქრება.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ შეუძლია მისი აღიარება უკან წაიღოს. გასაგებია, რომ პოლიტიკაში ასე არ ხდება, მაგრამ ამასთან, მან თქვა, რომ კარგად იცის, საქართველო ვერასდროს შეურიგდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. შეუძლებელია, საქართველოში ვინმე დაკარგულ აფხაზეთსა და ცხინვალს შეეგუოს და ეს რუსებმაც კარგად იციან. პუტინის მხრიდან ეს უზარმაზარი მესიჯია, რომლისთვისაც ხელი უნდა ჩაგვევლო. ერთი წლის განმავლობაში რატომ არ შეხვდა ივანიშვილი პუტინს, არ ვიცი. ალბათ, აშშ-ს, ევროპას, საკუთარ გარემოცვას ერიდება. პრაქტიკულად მარტოა ივანიშვილი. მან თქვა კიდეც, თქვენ არ იცით, რა რთული იყო ამერიკელებთან და ევროპელებთან ურთიერთობაო და ასეც არის. ხელისუფლებაში მოსვლა ადვილი ჰგონიათ, სინამდვილეში ეს თავგანწირვაა.
_ ამიტომაც ხომ არ გადაწყვიტა პრემიერმა პოლიტიკიდან წასვლა?
_ მე ამის მტკიცება არ შემიძლია, _ რა არის მისი მთავარი მოტივაცია, მაგრამ მისი პოლიტიკიდან წასვლა, ალბათ, ამანაც განაპირობა. ბიძინა ივანიშვილი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუსები უკან არ იხევენ, მან ვერ გადადგა აუცილებელი ნაბიჯები მათ შესაჩერებლად. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თითქოს ივანიშვილმა მიიღო უმრავლესობა, მაგრამ რეალურად სააკაშვილმა მიიღო მთელი პარლამენტი. ყველა მიშას ჭკუაზეა, განსაკუთრებით საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, ბიძინას ჭკუაზე არავინ არ არის.
ფაქტი კი ერთია: ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები და ვერც ვერასდროს გავხდებით, ამას აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ. როდესაც გადაცემაში ნინო შუბლაძემ ჰკითხა დიმიტრი მედვედევს, თუ შეგვიშლით ხელს ნატოსკენ სწრაფვაშიო, მან უპასუხა, ჩვენ ხელს არ შეგიშლით, ჩვენ ნატოს წევრები არ ვართ და იქ არავინ არაფერს გვეკითხება, მაგრამ თავად ნატო არ მიგიღებთო. თვითონ ნატო ხვდება, რომ არ უნდა დაუპირისპირდეს რუსეთის ინტერესებს. დღეს რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობა აბსოლუტური პოლიტიკური სიბეცეა. რუსეთთან დაპირისპირებას ვერავინ ბედავს, მათ შორის დიდი, ამასთან ნატოს წევრი სახელმწიფოებიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებენ, ამიტომაც არ გვიღებენ ნატოში.
იდეოლოგია და პოლიტიკური წარმოდგენები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც უცვლელი დარჩა. ჩვენ მიდგომებს თუ არ შევცვლით, რუსული სახელმწიფო-სამხედრო მანქანა სვლას განაგრძობს და ამის გამოხატულებაა, რაც დღეს დიცსა და დვანში ხდება. ამიტომ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს მიაღებინებს გადაწყვეტილებას, ამ ამუშავებული მანქანის შეჩერება ბრძანოს.
_ ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?
_ დიახ, ეს შესაძლებელია, თუმცა ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ. ბიძინა ივანიშვილმა, მართალია, განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებდა, მაგრამ რეალური და კონკრეტული ნაბიჯები მის განცხადებას არ მოჰყოლია. ქართული პროდუქცია შევიტანეთ რუსეთის ბაზარზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რაღაც გააკეთა, მაგრამ ეს ქართული მხარის მიერ რაიმე ნაბიჯის გადადგმას არ ნიშნავდა. ეს რუსეთმა გადმოდგა ნაბიჯი და დაგვრთო ნება, მის ბაზარზე შეგვეტანა საკუთარი პროდუქცია. ეს მის მიერ გამოხატული კეთილი ნება იყო და არა ჩვენი.
ივანიშვილმა გააგრძელა წინა ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური კურსი და გამოაცხადა, რომ ნატო არის ჩვენი ბედი. მე არ ვიცი, რატომ არის ნატო ჩვენი ბედი, როცა ისტორიულად ნატოს წევრი ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების პროპაგანდის შედეგია, მის ხელში იყო მთელი რიგი ბერკეტები, მედიასაშუალებები და დააჯერა ხალხი, რომ რუსეთი ჩვენი ისტორიული მტერია, თურქეთი კი _ ჩვენი მეგობრი.
_ მეტიც, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის 936 მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა…
_ დიახ, სააკაშვილმა თურქეთში ერთდროულად მიანიჭა ათასამდე კაცს მოქალაქეობა. არ ვარ წინააღმდეგი, მივანიჭოთ მოქალაქეობა, ვისაც ეს მართლა სჭირდება, მით უმეტეს, ვისაც ქართული ფესვები აქვთ, მაგრამ ასე ერთბაშად ამის გაკეთება არ შეიძლება. სააკაშვილმა მათთან შეხვედრისას განაცხადა, თქვენი თვალები და ღიმილი მეტს მეუბნება, ვიდრე რაღაც კვლევები და სამსახურები მეტყოდნენო, ასე არ შეიძლება. დასამალი არ არის, რომ საქართველოში თურქეთიზაცია მიმდინარეობს. აჭარაში ბევრი მეგობარი მყავს და ისინი მეუბნებიან, რომ ურთულესი მდგომარეობაა. აჭარაში კი არა, უკვე თბილისში, აღმაშენებლისა თუ რუსთაველის გამზირზეც იგრძნობა თურქეთიზაციის შედეგები… ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებები ცუდი შედეგებით დასრულდება.
არც ერთი ქვეყანა ასე არ იქცევა. მით უმეტეს, მოქალაქეობის ინსტიტუტს ჩვენს ქვეყნაში ყოველთვის პოლიტიკურ მექანიზმად იყენებდნენ. თავად ბიძინა ივანიშვილმაც იწვნია ეს საკუთრ თავზე, როცა მოქალაქეობა წაართვეს. რამდენი ქართველი, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას და არ აძლევენ, მაგალითად, რამდენიმე წელია, მოქალაქეობას ითხოვენ მინდია გულუა და ალექსანდრე ებრალიძე. გულუა აფხაზეთშია დაბადებული, ნაბრძოლი კაცია, რანაირად შეიძლება, საქართველოს საწინააღმდეგო რამე ჩაიდინოს? ან ალექსანდრე ებრალიძე, ბათუმელი კაცია, მაგრამ არ მისცეს მოქალაქეობა, ათასობით თურქს კი ყოველგვარი შესწავლის გარეშე ჩამოურიგეს, რაც დანაშაულია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამიზნულია, რათა თურქეთიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოში, ვინაიდან მღვრიე წყალში თევზის დაჭერა გაცილებით ადვილია.
_ ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე NDI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ბაქრაძეს მარგველაშვილი მხოლოდ 20%-ით უსწრებს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
_ როცა ამერიკელები რომელიმე ქვეყანაში გავლენის მოსაპოვებლად შედიან, მათ მოჰყავთ თავიანთი ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სპეცსამსახურები, შემოაქვთ თავიანთი ფული და შემოჰყავთ თავიანთი სოციოლოგიური კვლევის სამსახურები, რომელთა მიზანსაც არ შეადგენს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და გამოვლენა. მათი მიზანია, ვითომ შესწავლილი საზოგადოებრივი აზრის გამოყენება მათთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.
_ ანუ ფიქრობთ, რომ ამერიკის მიზანი რუსეთის სცენარის განმეორებაა საქართველოში?
_ ამერიკაში არის ორი პარტია, რომლებიც სინქრონულად მუშაობენ და ხან ერთი მოდის ხელისუფლებაში და ხან მეორე. სხვა პარტიებიც არიან იქ, მაგრამ მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. რეალურად ეს ორი პარტია კი არაა, არამედ ერთი დიდი კაპიტალისტური პარტიის ორი ფრაქცია. საქართველოშიც სურთ, ორი პარტია ჰყავდეთ: «ქართული ოცნება» და «ნაციონალური მოძრაობა». ხომ გახსოვთ ივანიშვილის გამონათქვამი: «შუა უნდა გაიკრიფოსო»? ორივე ამერიკული ძალაა. აქეთკენ მიჰყავთ სიტუაცია. რა განსხვავებაა ბაქრაძესა და მარგველაშვილს შორის? მათ ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ. სახელისა და გვარის გარდა, მათ შორის განსხვავებას ვერ ვხედავ.
_ პოლიტიკურ პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ხელმძღვანელობთ, თუმცა ბოლო დროს აღარ აქტიურობთ…
_ ჩვენი პარტია არ ჩანს, რადგან დღეს ყველაფერს ფინანსები წყვეტს და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ უზარმაზარი კაპიტალი შემოვიდა პოლიტიკაში, ამიტომ თავისთავად ცხადია, იმ პარტიების ადგილი აღარ რჩება, რომლებსაც დაფინანსება არ აქვთ. თუმცა უახლოეს მომავალში ჩვენი პარტია უფრო აქტიური პოზიციებითა და ნეიტრალიტეტის მოთხოვნით გამოვა. ნეიტრალიტეტი ძალიან კარგი ფორმაა, რათა საქართველომ ყველა მიმართლებით ურთიერთობები დააბალანსოს.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი