დასრულდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. მიუხედავად არჩევნებში მონაწილე ორი პარტიის დიდი ძალისხმევისა, მეორე ტურში ამომრჩევლის, სულ რაღაც 49 პროცენტი მივიდა _ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ქოცებსაც უარი უთხრა და ნაცებსაც.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც საარჩევნო ყუთებთან არ მივიდა, თვლის, რომ არსებობს ორი საქართველო _ ნაც-ქოცური და სიახლის მოლოდინში მყოფი… არჩევნები დასრულდა. ყველა გახარებულია _ მერებიც, მაჟორიტარებიც, კოორდინატორებიც, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ენაგადმოგდებული დარბოდნენ, მაგრამ ღირს კი ეს ყველაფერი სიხარულად? არის ეს გამარჯვება, როდესაც ამომრჩევლის მხოლოდ 49 პროცენტი მონაწილეობს არჩევნებში?
რატომ გაწირა ამომრჩეველმა “დიდებით მოსული” “ქართული ოცნება”, რომელიც უამრავ სიკეთეს ჰპირდებოდა მოსახლეობას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი, პოლიტოლოგები _ სოსო ცინცაძე და რევაზ კილასონია.
“გააანალიზეთ წარსული შეცდომები და გამოასწორეთ ისინი, თორემ “ბუა მოდის” საფრთხობელა აღარ ჭრის. ხელი შეუწყვეთ პროცესს, რომ შემდეგ არჩევნებზე მთავრი ოპოზიციური ძალა, ნაცები კი არა, ახალი, გაუსვრელი ეროვნული, კონსერვატიული ძალები იყვნენ”
ხათუნა საგინაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი:
_ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, _ “ქართული ოცნება” თანდათან კარგავს ამომრჩეველს.
“ოცნების” ელექტორატის ნაწილი ხელისუფლებაზე განაწყენებისა და იმედგაცრუების გამო “ნაცმოძრაობის” ბანაკში გადავიდა, რაც ყოვლად წარმოუდგენელია: “ქართული ოცნება” თუ არ მოგწონს, ეს სულაც არ გამართლებს, თუკი ამ მიზეზით პირსისხლიანი ჯალათების, ნაციონალების, ამომრჩეველი ხდები და ხელისუფლებაში მათი დაბრუნება გინდა. მეორე ნაწილი კი ფრუსტრაციისა და ნიჰილიზმის მიზეზით ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს და ამ გზით გამოხატავს პროტესტს მთელი პოლიტიკური შაპიტოს მიმართ. იმედგაცრუება (იმედგაცრუება იმიტომ, რომ ხალხმა დაუჯერა და ენდო ივანიშვილს და მის “ოცნებას”) კი გამოიწვია 2012-სა და შემდგომ წლებში გაცემული გაბუქებული დაპირებების შეუსრულებლობამ, ეკონომიკურმა კოლაფსმა, სოციალური ფონის უკიდურესად დამძიმებამ, გეომეტრიული პროგრესიით მზარდმა ფასებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.
ყველას გვახსოვს “ქართული ოცნების” 2012 წლის დაპირებები _ კომუნალური გადასახადების შემცირება, ბენზინის გაიაფება, უფასო ფული და მრავალი სხვა, მაგრამ პროდუქტები კი არ გაიაფდა, პირიქით _ რამდენიმეჯერ გაძვირდა. მართალია, სოციალურ სიდუხჭირეს მაღალჩინოსნები ხშირად პანდემიას აბრალებენ, მაგრამ პანდემიამდე ლარი უკვე განიცდიდა დევალვაციას, ფასების დინამიკა უკვე მზარდი იყო, კომუნალური გადასახადებიც – გაძვირებული და არც საწვავს ვასხამდით მანქანებში 1 ლარად.
ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრება ძალიან გაგვიძვირდა და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები არ არის სწორად განსაზღვრული. ადრეც არაერთხელ მითქვამს ინტერვიუებში, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი პირველი დივერსია იყო ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად ისეთი არასტაბილური და მგრძნობიარე სფეროს გამოცხადება, როგორიც არის ტურიზმი. პანდემიისას ცხადად გამოჩნდა, რომ ტურიზმზე ქვეყნის ჩამოკიდება და პრიორიტეტად ისეთი დარგების იგნორირება, რომლებიც ქმნის დოვლათს, დამანგრეველია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
_ სააკაშვილის ხელისუფლებაც ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე, ასე გრძელდება ახლაც…
_ დიახ. საქმე ის არის, რომ ეს სააკაშვილის ტვინში არ მოხარშულა – ის, როგორც უცხო ძალების რენეგატი, პირნათლად ასრულებდა იმას, რა დაკვეთაც მისცეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როცა ესოდენ დიდია ქვეყნებს შორის კონკურენცია გასაღების ბაზრების მოპოვებისთვის, არავის არ აძლევს ხელს ამ ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა განვითარებული ინდუსტრიითა თუ სოფლის მეურნეობით, ამიტომ შესაბამისი დავალება მისცეს სააკაშვილსაც _ მხოლოდ შეეღება ფასადები, აეგო შადრევნები და ქვეყანაში განევითარებინა მარტოოდენ ტურიზმი, რაც, პრაქტიკულად, სხვა ქვეყნებს ხელს არაფერში არ უშლის.
სწორედ ამიტომ გვჭირდება ჭეშმარიტად ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება, რათა გადააფასოს წარსულში დაშვებული შეცდომები, კორექტივები შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებში და, ამასთანავე, გაუძლოს ნებისმიერი უცხოური ძალის საპირისპირო ზემოქმედებას. ასე რომ, თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ საფუძვლიანად არ გააანალიზა შექმნილი ვითარებაცა და წარსულში დაშვებული შეცდომებიც, “ბუა მოვა” საფრთხობელა არჩევნებზე დიდხანს აღარ იმუშავებს – მას სულ უფრო მეტად უჭირს არჩევნების “გადაგორება”.
_ გააანალიზებს კი “ქართული ოცნება” შეცდომებს, რომელთა გამოც კარგავს ხალხის მხარდაჭერას, თუ მოსახლეობას გადაუხდის სამაგიეროს? ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რომ “ქართულ ოცნებას” რაც უფრო გაუჭირდა ბოლო რამდენიმე არჩევნების მოგება, მით უფრო გაგვიძვირდა ცხოვრება არჩევნების შემდგომ, კატასტროფულად იზრდება ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რაოდენობაც.
_ რით უპასუხა ნაციონალების აქციას ხელისუფლებამ? _ კონტრაქციით. მიტინგებზე ოპოზიციის დამარცხების მცდელობა უსუსური მცდელობაა.
თუ ნაციონალების დამარცხება სურს ხელისუფლებას, ხელის გადაგრეხვის მეთოდები კი არა, ქვეყნის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური სამართლიანობაა საჭირო. და, თუ ამას მიაღწევს, გარწმუნებთ, ნაციონალების ელექტორატში მხოლოდ ერთი მუჭა ფანატიკოსი სექტანტები დარჩებიან, რომელთათვის სააკაშვილი ქარიზმატული მზეჭაბუკია და არა პირსისხლიანი ჯალათი. “ნაციონალების დასრულების უმთავრესი ფაქტორი ხალხზე ზრუნვა და სოციალური პრობლემების მოგვარება, ეკონომიკის რეალური განვითარებაა და არა ბუტაფორიული სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირება.
და მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ “ნაცმოძრაობა” არ ყოფილიყო მთავარი ოპოზიციური ძალა, ამ პროვოკატორების ნაცვლად ჩამოყალიბებულიყო ჯანსაღი, კონსტუქციული ოპოზიციური ძალა, რომელიც არ იქნებოდა დესტრუქციული და საბოტაჟზე ორიენტირებული. საზოგადოების დაკვეთაა, რომ კონსერვატიული, ეროვნული ძალები გამოჩნდნენ და მომძლავრდნენ პოლიტიკაში და ამ ძალებმა რეალურად ჩარეცხონ ნაციონალები, ამისთვის კი ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუდვია. ეროვნულ, კონსერვატიულ ძალებს მათ არხებზე, ელემენტარულად, ეთერს არ უთმობენ, არ აქვთ დაფინანსება და არავითარი ხელშეწყობა, რომელიც ესოდენ აუცილებელია პოლიტიკურ სარბიელზე შედეგის მისაღწევად _ ეს საკუთარ თავზე გამოვცადე…
ასე რომ, ფარისევლურად ძახილს, “ნაციონალები დავასრულოთო”, სჯობს, ხელისუფლებამ თავი გადადოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად; და მეორე _ იზრუნოს მართლაც ეროვნული, კონსერვატიული ძალების პოლიტიკაში მოსასვლელად, ძალებისა, რომლებიც დაეხმარებიან ხელისუფლებას, ნაციონალების რეალურ და არა ბუტაფორიულად დასამარებაში.
კიდევ ერთხელ მსურს, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართო ხელისუფლებას: გააანალიზეთ წარსული შეცდომები და გამოასწორეთ ისინი, თორემ “ბუა მოდის” საფრთხობელა აღარ მუშაობს. მაქსიმალურად იზრუნეთ ხალხზე და არა საკუთარ აუზიან სახლებზე, ხელი შეუწყვეთ პროცესს, რომ შემდეგ არჩევნებზე მთავრი ოპოზიცური ძალა ნაცები კი არა, ახალი, გაუსვრელი ეროვნული, კონსერვატიული ძალები იყვნენ, თორემ ნაცების ხელისუფლებაში რეინკარნაციით, რისგანაც სააკაშვილის პარტია ამ არჩევნებზე ძალიან ახლოს იყო – პირველ რიგში, “ოცნების” ლიდერები დაზარალდებიან. ნაცების მობრუნების შემთხვევაში, არ მგონია, მათ ქვეყანაში დაედგომებოდეთ.
“საქართველოს მმართველ ძალას სურს, ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ არა თავისი ძალისხმევის ხარჯზე, მას სურს, ეს ამომრჩევლის ხარჯზე გააკეთოს, როგორც აქამდე აკეთებდნენ, თვითონ თითის თითზე დაკარება არ უნდათ”
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:
_ “ქართული ოცნება” ხელისუფლების სათავეში არ მოსულა ეროვნული ლოზუნგებით, ის მოვიდა კაცობიობის ისტორიაში ყველაზე ბუნდოვანი ლოზუნგით _ სამართლიანობის აღდგენა. ამ ლოზუნგზე უფრო ბუნდოვანი ადამიანს არაფერი მოუგონია და, სამწუხაროდ, არა და არ გაცვდა ეს ლოზუნგი. რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაში, იმდენი სამართალი არსებობს, ამიტომაცაა ეს ლოზუნგი ზოგადი და ბუნდოვანი, თანაც არაფრისმთქმელი.
არჩევნებში არ ვმონაწილეობ, არ დავდივარ, არ მაინტერესებს, რადგან ეროვნული იდეა აღარ გვაქვს. საქართველოში არსებობს ანგაჟირებული პატარა ჯგუფები, რომლებსაც საზოგადეობას ვერ დავარქმევთ.
ძალიან ცუდი მომენტია ის, რომ ადამიანებს ქვეყანაში ცვლილებების ეშინიათ. მოგიყვებით პირადად ჩემს მაგალითზე ერთ ფაქტს;
ბავშვობიდან სამი მეგობარი მოვდივართ… ერთი მათგანი ე.წ. ძველი ბიჭი გახდა, მეორე რუსეთში ბიზნესმენობდა, მე მეცნიერების გზით წავედი… ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, ხოლო მეორე, რომელიც “ცეხავიკობდა”, ახლა პენსიონერია, ის პენსიაც წინასწარ სამი წლის აქვს აღებული და ახლა მშიერი ზის და მეუბნება _ “ხმას ვაძლევ მთავრობას, რადგან შეჩვეული ჭირი ჯობია”. “შეჩვეული ჭირი” ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ცვლილებების შიში აქვს. ასე თუ გასტანს, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს.
ყველანაირი გათვლით, “ოცნებას” ბოლო რამდენიმე არჩევნები უნდა წაეგო, რადგან ქვეყანაში შიმშილია, კრიმინალი მომატებულია, კორუფციაა, ვალუტა დევალვირებულია, მკვლელობები ხდება ყოფითი პობლემების ნიადაგზე… ასეთი საქართველოს შემხედვარე ადამიანს, სურვილი უნდა უჩნდებოდეს ცვლილებების, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩემს მეგობარს, ისე, საზოგადეობის დიდ ნაწილს, ცვლილებების სურვილი არ აქვს.
_ მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს აქვს ეს სურვილი…
_ გეთანხმებით და გითხარით უკვე, რომ არჩევნებზე მეც არ დავდივარ და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი საქართველო, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის, რადგან არც არავინ გვთვლის საზოგადოების ნაწილად. მათ, პოლიტიკოსებს, თავინთი მიზნები და გეგმები აქვთ და ჩვენ მათ გეგმებში არ შევდივართ, მაგრამ ამაზე პრეტენზიასაც არ გამოვთქვამთ.
პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის დღეებს, 2012 წლის შემოდგომას, რომ ვიხსენებ, ახლაც მზარავს. ტელეეთერებში გამოდიოდნენ სერიოზული ადამიანები და ამბობდნენ, ახლა მილიარდერი მოდის და ის შეგვინახავსო… ეს დღემდე გრძელდება. სხვის კმაყოფაზე ცხოვრება და სხვის იმედად ყოფნა საშინელებაა. ადამიანებს ურჩევნიათ, ჰქონდეთ მათხოვრული პენსია და მშვიდად ისხდნენ, სურვილი არ აქვთ პროტესტის გამოხატვის…
_ მართალია, ძალიან ნეგატიური და თითქმის უიმედო განწყობა გაქვთ, მაგრამ უნდა გკითხოთ: ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ 2024 წელს ისევ იქნება არჩევნები და საბოლოოდ დაასრულებენ “ნაცმოძრაობას”, მაგრამ თვითონ ეს ხელისუფლება თუ მივა 2024 წლამდე?
_ მართალს ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, 2024 წლამდე არანაირი არჩევნები არ იქნება, სოციალური მდგომარეობაც გაუარესდება…
საქართველოს მმართველ ძალას სურს, ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ არა თავისი ძალისხმევის ხარჯზე, მას სურს, ეს ამომრჩევლის ხარჯზე გააკეთოს, როგორც აქამდე აკეთებდნენ, თვითონ თითის თითზე დაკარება არ უნდათ, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ხალხი მათ უჭერს მხარს…
ჩვენი ქვეყნის მთავრობის წევრებმა კარგად იციან, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა შესაძლებელია. 50 ლარი არავის ამდიდრებს, მაგრამ ერთ დღეს მაინც ხომ შეჭამს?! აი, ასეთი ამორჩევლის იმედად არის ხელისუფლება.
_ მაპატიეთ, მაგრამ არ მიყვარს, როდესაც ხალხზე ცუდს ამბობენ… მაინტერესებს თქვენი აზრი, 2024 წლისთვის ხელისუფლება შეძლებს საზოგადოების იმ დიდი ნაწილის თავისკენ მიბრუნებას, რომელმაც ახლა უარი უთხრა?
_ ხელისუფლებას არც აინტერესებს ხალხის “მობრუნება”. რისთვის სჭირდებათ, როდესაც ისედაც იგებენ არჩევნებს? როდესაც ქვეყანაში მძიმე, უფრო ზუსტად, უმძიმესი ვითარებაა სოციალური-ეკონომიკური თვალსაზრისით და ხელისუფლებას პასუხიც კი არ აქვს, საშინელებაა. საშინელებაა, რომ ამ თემაზე პროგრამაც კი არ აქვთ წარმოდგენილი, სისულელეებს გვასმენინებენ.
ხომ ვხედვათ, რომ ეს არჩევნები ძლივს მოიგეს, თუ მოგება ჰქვია ამას. კალაძე ისევ შევა კაბინეტში, საიდანაც არც გამოსულა. ალბათ, ახლა გაინტერესებთ, შერცხვება თუ არა კალაძეს კაბინეტში ჯდომის?! _ გეტყვით, რომ პოლიტიკოსს სირცხვილის განცდა არ აქვს. თუ პოლიტიკოსს სირცხვილის განცდა გაუჩნდება, ის პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს.
_ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება თუ სხვაგანაც?
_ არც ევროპელი პოლიტიკოსები იწვიან სირცხვილით. არჩვენების შემდეგ ვუსმენდი ვინმე ჯონსონს, რომელიც ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რომ სათქმელი ეთქვა და ბოლოს განაცხადა: ეს თქვენი ნებაა, როგორ არჩევნებს ჩაატარებთ, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ეს სამართლიანი არჩევნები იყო თუ არა, ჩვენ მარტო წესების დადგენა გვევალებაო… აბა, ეს პატიოსანია და ნამუსი აქვს?!
არჩევნების გაყალბება “მოსულა” ჩვენს ქვეყანაში, შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ასეა… ნამუსზე პოლიტიკოსს ვერ შევაგდებთ. ნათქვამია: “როგორიც არის ხალხი, ისეთია ხელისუფლებაც”…
“საქართველოში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები და ეს აქ არ დაიწყება, ცვლილებებს საგარეო ვითარება გამოიწვევს”
რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი:
_ კოაბიტაციამ, დაპირებების შეუსრულებლობამ, ტყუილმა, მუქარამ და ხალხის ფეხებზე დაკიდების პოლიტიკამ მიიყვანა ხელისუფლება იმ მდგომარეობამდე, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნებზე სახვეწარ-სამუდარებელი აქვთ ხმის მიცემა. “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველი აღარ ჰყავს. მათი რესურსია ნაცები, პორტირებული ნაცები, და საჯარო სამსახურები. სამწუხაროდ, მათი ამომრჩევლების რიგებში მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი “ქართული ოცნების” იმ ამომრჩევლებისა, რომლებიც 2012 წლამდე იყვნენ.
არჩევნებზე არ დავდივარ, რადგან “ქართულმა ოცნებამ” შანსი ხელიდან გაუშვა, რომ გამოესწორებინა ეკონომიკური მდგომარეობა, ვერც დაპირებების შესრულება მოახერხა, არც უცდია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმედი გაუცრუვდა ხალხს მათ მიმართ და, სამწუხაროდ, ცუდ ტრადიციად იქცა ის, რომ არჩევნები ხალხს, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდია.
_ გაქვთ განცდა, რომ ორი საქართველოა _ ნაც-ქოცებისა და იმედგაცრუებულების?
_ პოლიტიკაში არსებობს ტერმინი აპათია… ადამიანებს გაუჩნდათ შიში, ნიჰილიზმი, უნდობლობა… ეს ყველაფერი ქმნის იმ შედეგს, რომელსაც ვუყურებთ დღეს, და ეს არის პოლარიზაცია, გამუდმებული მიტინგები, არეულობა… პოლიტიკური ელიტა, რომელსაც, 30 წელიწადია, ვუყურებთ, ცდილობს, ნეიტრალური ამომრჩეველი საერთოდ გაიყვანოს პოლიტიკური ასპარეზიდან. თავს გარიყულად ვთვლი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან, რადგან არც ერთი პოლიტიკოსი არ მომწონს, მაგრამ ეს არავის ადარდებს. ხელისუფლებას აწყობს, როდესაც ერთჯერადი სარგებლის მიღების მიზნით უჭერენ მხარს და ეს მათთვის საკმარისია.
საქართველოში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები და ეს აქ არ დაიწყება, ცვლილებებს საგარეო ვითარება გამოიწვევს…
მოამზადა ეკანასყიდაშვილმა