მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ? _ ფული შთანთქავს ფეხბურთს. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად ცდილობს მსოფლიო ჩემპიონატების ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გამართვის იდეის განხორციელებას. ჯერ კიდევ მაისში ფედერაციის წევრებს შორის გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგების მიხედვით 211-დან 166-მა ფედერაციამ მხარი დაუჭირა ამ რეფორმის გატარებას. ამასთანავე, იდეას მხარი დაუჭირა ფიფას წარმომადგენლების მიერ 23 ქვეყანაში გამოკითხულმა 15 ათასმა გულშემატკივარმა.
ფიფას ბოსების მისწრაფება, უწინარესად, განპირობებულია გამდიდრების შესაძლებლობით. ამჟამად არსებული ფორმატით ჩემპიონატის ჩატარების შედეგად ეს ორგანიზაცია დიდძალ ფულს გამოიმუშავებს. მაგალითად, ბოლო მენდიალმა, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაიმართა, ფიფას 5 მლრდ დოლარი მოუტანა. ორგანიზაცია არ მალავს, რომ, თავისი ახალი პროექტის წყალობით, იმედი აქვს, შეინარჩუნებს და გაზრდის კიდეც შემოსავლების ტემპს.
ამასთანავე, ფედერაცია ფინანსური წყურვილის დამალვას ცდილობს შეჯიბრებების და, საერთოდ, ფეხბურთის ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვით.
“ჩვენ გვსურს, მნიშვნელოვნად შევამციროთ შესარჩევი მატჩების რაოდენობა და ნაკრებების თამაშებს შორის შესვენებები. ბევრს არ მოსწონს საკვალიფიკაციო რაუნდების ჩატარება წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ჩვენ გთავაზობთ მათ შემცირებას 4 ან 5 კვირამდე და შეჯიბრების ჩატარებას ერთ კალენდარულ ფანჯარაში”, _ ამბობს არსენ ვენგერი, ლონდონის არსენალის ლეგენდარული მწვრთნელი, ამჟამად ფეხბურთის გლობალური განვითარების ფიფას პროექტის ხელმძღვანელი.
იგულისხმება, რომ კლასიკური საკვალიფიკაციო რაუნდი გადაკეთდება ცალკე მინი-ტურნირად და ჩატარდება ერთ თვეში. რა სარგებელს მოუტანს ეს კლუბებს? მათ აღარ მოუწევთ, წელიწადში რამდენიმეჯერ გაუშვან თავიანთი ფეხბურთელები ნაკრებში. მოთამაშეები ეროვნული ნაკრების განკარგულებაში წელიწადში ერთხელ იქნებიან, შესაძლოა, სეზონის დასრულებისას და არა მისი მიმდინარეობისას.
ფიფას იდეას უეფა ეწინააღმდეგება და ბოიკოტით იმუქრება
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ევროპულმა ასოციაციამ მხარი დაუჭირა ფიფას იდეას, ბებერი კონტინენტის ქვეყნების საერთო ტონი ამ პროექტის მიმართ ნეგატიურია. “ლიგები არ დაუშვებენ, რომ ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ცალმხრივად მიიღონ ეროვნული ჩემპიონატებისთვის საზიანო გადაწყვეტილებები”, _ ნათქვამია ევროპის პროფესიული საფეხბურთო ლიგების ასოციაციის (EPFL) განცხადებაში.
ფიფას ამჟამინდელ ქმედებებს, საერთოდ, უკანონოდ მიიჩნევს კიდევ ერთი უწყება _ ევროპული კლუბების ასოციაცია. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულია 234 გუნდი (“რეალის”, “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” გარდა) რომელთა წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღნიშნული პროექტი “დაღუპავს ფეხბურთს და უარყოფითად იმოქმედებს სპორტსმენების ჯანმრთელობაზე”.
ხისტი პოზიცია დაიკავა უეფამ _ კონტინენტის მთავარმა მმართველმა საფეხბურთო ორგანომ. უეფაც შიშობს, რომ ფეხბურთელებს ჯანმრთელობა შეერყევათ და მსოფლიო ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარება მას მნიშვნელობას დაუკარგავს: “ჩემპიონატის ხიბლი არის ის, რომ 4 წელიწადში ერთხელ იმართება”. ამას გარდა, უეფაში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ფორმატი მძლავრად დაარტყამს დაბალი რეიტინგის ეროვნულ ნაკრებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქალთა ფეხბურთს. უეფამ უკვე მოითხოვა ფიფასგან, რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოცემული საკითხის განსახილველად, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოიკოტით იმუქრება.
ევროპის საფეხბურთო ასოციაციის ეს საქციელი მიუთითებს იმაზე, როგორ ზრუნავენ თავიანთ გავლენასა და ძალაუფლებაზე ამ ორგანიზაციაში. გასაკვირი არ არის, რომ ფიფას პროექტის მხარდამჭერთა შორის უპირატესად აზიისა და აფრიკის ქვეყნების ფედერაციები არიან. მსგავსი სურათი იყო მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როცა უეფამ დაიწყო ბრძოლა ე.წ. სუპერლიგის წინააღმდეგ. იმხანად უეფას საკმარისი რესურსი და ძალა აღმოაჩნდა გასამარჯვებლად.
აქვს თუ არა შანსი ფიფას?
მხოლოდ თეორიული დიდძალთანხიანი სპონსორული კონტრაქტების დადებით ფიფას შეუძლია უეფაზეც იქონიოს გავლენა. ანალოგიურად მოიქცა თვით უეფაც, როცა სუპერლიგაში შესვლის მსურველ ტოპ-კლუბებს პირობების გაუმჯობესება შესთავაზა. სწორედ ამან შეაცვლევინა მათ გადაწყვეტილება და უარი ათქმევინა სუპერლიგის პროექტში მონაწილეობაზე, მაგრამ ჯერჯერობით კოზირები უეფას ხელშია. სწორედ ამ კონტინენტის ქვეყნები არიან უმრავლესობით წარმოდგენილნი (7 ტოპ-10-დან) ფიფას რეიტინგში. ისიც აღსანიშნავია, რომ შეიძლება გამართლდეს შიში, რომ სპონსორებმა ისე გულუხვად აღარ ჩადონ ფული ფეხბურთში მუნდიალის უფრო ხშირად ჩატარების შემთხვევაში. ეს ეხება ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ტურნირის მასპინძლობა. მოვლენის უნიკალურობა ხომ იკარგება…
ექსპერტთა აზრით, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარება გააუფასურებს ამ ტურნირის სტატუსს და თვითონ ტიტულის ელიტარულობას. ამჟამად მოქმედ ფეხბურთელებს გაუჩნდებათ პლანეტის ჩემპიონობის 2-ჯერ მეტი შანსი, რაც, უწინარესად, არასამართლიანია წინა თაობების ფეხბურთელთა მიმართ; მეორე _ მსოფლიო ჩემპიონატი ჩვეულებრივ ტურნირად იქცევა, როგორც, მაგალითად, ჰოკეის მსოფლიო ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი არ იწვევს მაყურებლის დიდ ინტერესს, ოლიმპიური თამაშების ტურნირისგან განსხვავებით. სწორედ ასეთი ბედი ელის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატსაც.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა