Home რუბრიკები საზოგადოება შემზარავი ტრაგედია ბათუმში

შემზარავი ტრაგედია ბათუმში

სიტყვის ოსტატი არ ვარ და სხვანაირად ვერ შევძელი ამ წერილის დასათაურება, ემოციურად რომ მეჩვენებია ის განცდა, ფიქრი თუ სულიერი ტკივილი, რომელიც ბათუმში 8 ოქტომბრის ნგრევის მსხვერპლთა ტრაგედიამ განმაცდევინა სრულიად საქართველოსთან ერთად.

ჭეშმარიტად შექების ღირსია საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისმა ჟურნალისტებმა უწყვეტ ნაკადად სადღეღამისო გადაცემა გვაჩვენეს მომხდარი ტრაგედიის გარშემო. ტელეეკრანზე ვიხილეთ მაშველთა ნამდვილად გმირული, თავდადებული და ხშირად საფრთხის შემცველი შრომა, ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანისათვის რომ გაწიეს; ისინი ღირსეულ პატივგებას იმსახურებენ ავტოკრანებისა თუ სატვირთო ავტომობილების მომსახურე პერსონალთან ერთად.

ბათუმში მომხდარი ტრაგედია ისეთი მასშტაბური, შინაარსით ძალზე მტკივნეული და ბევრის მთქმელია, რომ იგი დავიწყებასა და არქივში გადანაცვლებას ვერ დაექვემდებარება. ის მარად დაუვიწყარ მწარე გაკვეთილად უნდა დარჩეს. გამოვთქვამ სურვილს:

დიდად სასარგებლო იქნება, თუ ორ სერიად მოვამზადებთ დოკუმენტურ სატელევიზიო ფილმს სახელწოდებით “2021 წლის 8 ოქტომბრის ტრაგედია ბათუმში”. ფილმს საფუძვლად დაედება ის სიუჟეტი, რომელიც დაწვრილებით გვაჩვენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესანიშნავმა ჟურნალისტებმა. საჭირო იქნება მხოლოდ პროფესიონალი კინორეჟისორი, რომელიც ჟურნალისტების მიერ მიწოდებულ მდიდარ მასალას კინოფილმად აქცევს. ასეთ ფილმში ლაპარაკი უნდა იყოს მიზეზებზე, რომლებმაც გამოიწვია აღნიშნული ნგრევა-კატასტროფა, ვის მიუძღვის ბრალი და ა.შ.

შექმნილი დოკუმენტური ფილმი პერიოდულად უნდა ვუჩვენოთ საზოგადოებას, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

დაბეჯითებით დავასკვნი: ბათუმის 8 ოქტომბრის ტრაგედია დავიწყებასა და არქივში გადანაცვლებას არ ექვემდებარება!

გივი გურეშიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,  პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here