ბოლო ხანს “ფეისბუკთან” მწყრალად ვარ _ ყელში ამომივიდა მის გვერდებზე უაზრო “ბლა–ბლა–ბლა”, ანუ ფუჭი “პოსტაობა”; ფუჭი, რადგან, როგორც ახლაღა, სიბერეში მივხვდი, “ფეისბუკიც” ერთგვარი, რომ იტყვიან, ორთქლის გამოსაშვები საშუალებაა და ამიტომაც იშვიათად ვაქვეყნებ ხოლმე პოსტებს, მით უმეტეს, ისედაც ბევრი “საპოსტაო” მაქვს “საქართველო და მსოფლიოში” ჩემი “ავი მუსაიფის” სახით.
ტელევიზიებიდანაც, ძირითადად, ე.წ. რუსულ პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებს ვუყურებ, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ რუსული არხები არიან სხვა ქვეყნებთან (პირველ რიგში, საქართველოსთან) მეტ-ნაკლებად ობიექტური მაუწყებლები. ყოველივე ზემოთქმულის გამო აღმოვჩნდი საინფორმაციო “ოფსაიდში” და რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გასამართი, “ფეისბუკით” დაანონსებული აქციის შესახებ არაფერი ვიცოდი, “თორემ”… ამჯერად ბრჭყალები იმის ხაზგასასმელად დამჭირდა, რომ ჩემი წინა “ავი მუსაიფი” სწორედ ამ სიტყვით დავამთავრე, რომელიც წინადადებაში ისე “ჩაჯდა”, რომ იმ სტატიის დასასრული, რუსთავის ციხესთან გამართული გრანდიოზული აქციის გათვალისწინებით, წინამდებარე “ავი მუსაიფის” სათაურად გამოდგებოდა. თავად განსაჯეთ _ “ღმერთი არ გაგიწყრეთ და, მიშიკო დროზე ადრე არ გამოუშვათ, თორემ”…
იმის გამო, რომ ვითარება შეიცვალა და ჩვენი “მეგობარი” უკრაინა სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს თავისი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ექსტრადიციას, ზემოხსენებული წერილის ფინალი, კიევის დამატებით, სტატიის ქვესათაურად გამოვიყენე. იქნებ უკვე თავი მოგაბეზრეთ “ბრჭყალების” მნიშვნელობაზე საუბრით, როგორც ადრე სიტყვა “მაგრამ”-ზე და რატომ იცით? ამ სასვენ ნიშანსა და სიტყვას აქვს ის მაგიური ძალა, რომელსაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია _ გააჩნია ადგილს, ვითარებას, პიროვნებას და, რაც მთავარია, კონტექსტს, რომელშიც გამოიყენება ეს მაგიური სიტყვა და სასვენი ნიშანი.
პირველი მუქარა, რომლითაც დავამთავრე ბოლო “ავი მუსაიფი”, 14 ოქტომბერს ნაცების მიერ მიშას გათავისუფლების მოთხოვნით ორგანიზებული გრანდიოზული აქციით გამოწვეული შიშის არა, მაგრამ, გარკვეულწილად არცთუ უსაფუძვლო შეშფოთების შედეგი იყო _ 9 წლის განმავლობაში ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მაღალჩინოსნების აშკარა წნეხის შემდეგ “ქართული ოცნება” ისე გაფარჩაკდა, რომ ყველა დიდ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა, ეს ერთი და მეორე _ ქართველი საზოგადოება დაღალა “ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, მიშა მოვა”-მ. ამ მოწოდებამ წელს ისე აღარ იმუშავა, როგორც ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა არჩევნებში. სოციალური პრობლემებით, უკიდერასად შეჭირვებული საშუალო სტატისტიკური ქართველი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ გაქსუებული ქოცების შემხედვარემ, ერთი ქოც–ნაცების დედაცო და მივიღეთ დღევანდელი ვითარება. ამას დავუმატოთ ის, რომ 9 წლის განმავლობაში ამაოდ ელოდნენ სამართლიანობის აღდგენასაც, რომელსაც ვერ ეღირსა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლი მოსახლეობა და ზემოთ ჩემ მიერ ხსენებული შეშფოთების საფუძველი ცხადი შეიქნება. რომ არა ნაციონალების პარტაქტივის აქციის მეორე დღეს რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებული აქცია, წინამდებარე წერილის უიმედო სათაურად ილიას მცირედ პერიფრაზირებული ნათქვამი მქონდა მზად: ჩვენისთანა ქინძისთავი, განა არის სადმე ერი?..
მიშარასტების მიერ მოწყობილი აქცია (რომლის გასამართავად ნაცების მთელი პარტაქტივი და ფინანსები იყო მობილიზებული, მაგრამ 20 ათასზე მეტი ადამიანის გამოყვანა მაინც ვერ შეძლეს), რუსთავის ციხესთან გამართულ აქციასთან შედარებით, გრანდიოზული იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის ციხესთან სოციალურ ქსელში ერთ დაძახებაზე სააკაშვილის უვადო პატიმრობის მოთხოვნით 3-4 ათასი კაცი გამოვიდა, მაშინ რუსთავის აქცია უფრო გრანდიოზული იყო.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილმა სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთმა მსხვერპლმა (ვინც ცოცხალი გადაურჩა ჯალათ რეჟიმს) და ზოგიერთი მსხვერპლის (ვინც ნაცჯალათებმა სიცოცხლეს გამოასალმეს) ოჯახის წევრებმა, ისე, რომ გვარ-სახელები არ დაუსახელებიათ, ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით მიმართეს, რაც უპერსპექტივო საქმეა, რადგან ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა და რაც კი რამ ცუდი (კარგსაც ნუ დავუკარგავთ) ხდება საქართველოში, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ბიძინაა ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ…
მართლაც და, რა გახდა ასეთი სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეოლოგისა და არქიტექტორის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვლის პოვნა “მეგობარ” უკრაინაში და ყურით ჩამოთრევა? რეჟიმის მთავარი ჯალათი დათა ახალაიაც იქვე ახლოს არის საძებნი, მაგრამ ამ 9 წლის განმავლობაში ბიძომ ისეთი გოგლიმოგლი ათქვიფა, კაცი ვეღარ გაარკვევს, ვინ ნაცი იყო და ვინ _ “გნაცი”…
ამ ყველაფერს პირში რომ მივახლიდი ბატონ ბიძინას, რომელსაც ჩემი ინდივიდუალური “პერფორმანსები” თუ არ უნახავს, მათ შესახებ სმენია მაინც, რეიგანის ძეგლის შეღებვით დაწყებული, ფილარმონიაში, რუსთაველის თეატრში და ა.შ დამთავრებული, არათუ ტრაბახში ჩამომართმევს, არამედ აღიარებს, რომ დავით (ჯვებე) მხეიძე (ხეცია) არ იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს ჩემთვის მატერიალურ ასპექტში არაფერი მოუტანია.
დღიდან დაარსებისა, “საქართველო და მსოფლოს” და ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობის ერთგული გახლავართ და არ ვხტუნაობ აქეთ-იქეთ, როგორც ნათელაშვლის ფანჩატურში სავლედ ქცეული პავლეები, რომელთა სახელი ლეგიონია…
რუსთავის ციხესთან აქციის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში პარლამენტარ გია ვოლსკის უთხრეს, მომხდარში ქართველი საზოგადოება ხელისუფლებასაც ადანაშაულებსო, ისე შეიცხადა, ვითომ უსაფუძვლო იყო ეს საყვედური და ბიძინას ციტირებით უპასუხა ოპონენტს: “ჩვენ ნაცებს ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ქართველ ხალხს, მის კულტურას ეკადრება”-ო. ვერაფერს იტყვი, სასკოლო სახელმძღვანელოში შესატანი ციტატაა. ოღონდ, სანამ ამ “საშვილიშვილო საქმეს” გააკეთებდეთ, მანამდე იმ 300 ათას პრობაციონერებს, სააკაშვილის ჯოჯოხეთური გულაგგამოვლილ ცოცხლად დარჩენილებს ან სიკვდილს ვერგადარჩენილთა ჭირისუფლებს ჰკითხეთ და ისინი გეტყვიან, რა ეკადრება მაღალკულტურულ ქართველ ერს. ამ ფილოსოფიით “მოღვაწე” ხელისუფლების ხელში ბოლომდე ვერასოდეს აღდგება სამართლიანობა, იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გოგლიმოგლივით არიან ნაცები და ქოცები ერთმანეთში ათქვეფილები.
ამიტომ არც ქოცი და არც ნაცი! მაშ, ვინ?
ვინ და საჭროა მესამე ძალა, რომლის ჩამოყალიბება რუსთავის ციხესთან მისული ხალხის ინტელექტუალური რესურსის ბაზაზე სავსებით რეალურად მიმაჩნია!
დავით მხეიძე
P.S. შემდეგ ნომერში ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციისა და იმ მეუფე ყანდურებისთვის მოვიცლი, რომლებიც მიშას გათავისუფლებას მოითხოვენ.