შემოდგომაზე, მოსავლის აღების გარდა, აუცილებელია, წინ გავიხედოთ და მიწის ის ნაკვეთები დავამუშაოთ, რომელზეც ხორბალი დაითესება, რათა გაზაფხულზე მოსავალი მივიღოთ. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის რეკორდულმა გაძვირებამ ყველა ქვეყანა დააფიქრა ადგილობრივ წარმოებაზე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ხორბალი ჰქონდეს საყიდელი. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ხორბლის გაიაფება, პრაქტიკულად, გამორიცხულია და ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარი რესურსი და წარმოება. შესადარებლად გეტყვით: შარშან ადგილობრივ წარმოებას პროდუქტის მოცულობაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან დაახლოებით 2% იყო და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ზაფხულში პირობა დადო, დაუმუშავებელ მიწებს თითქმის სრულად აითვისებდა და ადგილობრივი წარმოების წილი 15%-მდე გაიზრდებოდა, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, პურის ფქვილზე ფასი დაგვეჭირა. აგერ შემოდგომა და აგერ დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები _ მათთვის ხელი არავის უხლია.
შარშანდელი გვალვების გათვალისწინებით, ის ფერმერები, რომლებიც აქცენტს ხორბლის მოყვანაზე აკეთებდნენ, ახლა თავს იკავებენ, რადგან ჯერ შარშანდელი ზარალიდან ვერ ამოსულან, გარისკვა კი არ სურთ. როცა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შევახსენეთ პირობა და ვკითხეთ, რატომ არ ითესებოდა აუთვისებელ მიწებზე ხორბალი, გვიპასუხა: საჩქარო არაფერია, არსებობს ხორბლის ახალი ჯიშები, რომლებიც შეიძლება გაზაფხულზე დაითესოს და ზაფხულში არნახული მოსავალი იქნებაო. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხორბლის ის ჯიში, რომელზეც სამინისტროს მაღალჩინოსანმა ასე ამაყად გვითხრა, საფურაჟეა და პურის ფქვილის დასამზადებლად არ ვარგა. ცუდია, ძალიან ცუდი, როცა სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანმა ეს არ იცის და თავის წინამორბედებზე ქილიკობს, მამალ ძროხებს გაიძახდნენო.
საშემოდგომო სამუშაოები ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო არ ახსოვს _ ძალაუფლებაა შესანარჩუნებელი და შესანარჩუნებელია ნებისმიერ ფასად, ამიტომ ხელისუფლებას არც სოფლის მეურნეობა და დასათესი ნაკვეთები ახსოვს, არც ეკონომიკა და არც გაძვირებული პროდუქტები. ახლა მთავარია, სააკაშვილის ჩამოსვლით ატეხილი აჟიოტაჟი როგორმე ჩააცხრონ და ეს თემა მიაძინონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე ხდება, უფრო ზუსტად, ჩვენი კეთილდღეობის ხარჯზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი ან მეორე მხრიდან გამართული აქციები არ ფინანსდება და დიდძალი თანხა არ ჯდება, ძალიან შემცდარა. უხეში დათვლით, მხოლოდ საწვავი რომ ვიანგარიშოთ, 14 ოქტომბრის აქცია “ნაციონალურ მოძრაობას” მეოთხედი მილიონი მაინც დაუჯდებოდა და არავინ დაიწყოს იმის მტკიცება, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა ხალხი დედაქალაქში საკუთარი ხარჯით ჩამოიყვანეს. ეს არჩევნები არანორმალურად ძვირი დაუჯდა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ახლა დათმობა ამ თანხის დაკარგვასაც ნიშნავს, რაც არც ერთ მხარეს არ სურს. ექსპერტები იმასაც ამბობენ, წინასაარჩევნოდ ორივე მხარის მიერ დარიგებულმა ფულმა ამოასუნთქა ხალხი, თორემ შეუძლებელი იქნებოდა, ასე გაძვირებული პროდუქტების პირობებში მოსახლეობას თავი გაეტანაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარიგებული ფული მალე გამოილევა და ხალხი კვლავ შიმშილის საფრთხის წინაშე დადგება…
ისევ სოფლის მეურნეობას დავუბრუნდეთ.
სანქციებისგან შეწუხებულმა რუსეთმა გამოსავალი ხორბლის წარმოებაში მონახა და ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ზრდის იმ ფართობებს, რომლებზეც ხორბალს თესავს. გარდა იმისა, რომ ხორბლის ფასი ყოველდღიურად მატულობს და მისი წილი რუსულ ეკონომიკაში ძალიან დიდია, რუსეთი გახდა ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე ბაზარზე. რაც ყველაზე საინტერესოა, კონკურენტებს ხარისხით სჯობს (სიტყვამ მოიტანა და, ხორბლის ჯიშების ერთ-ერთი წამყვანი სელექციონერი რუსეთში ქართველი ბაგრატ სანდუხაძეა, აკადემიკოსი; “საქართველო და მსოფლიო” თავის დროზე წერდა ამის შესახებ). რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმდენი მიწა, რომ ჩვენი სამყოფი ხორბალი მოვიყვანოთ, მაგრამ, რაც გვაქვს, იმის დამუშავების შემთხვევაში, სერიოზული შეღავათი გვექნება. ამისთვის კი, სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, მონდომება და სურვილია საჭირო, მაგრამ… თუ საქართველოში ხორბლის წარმოება დაიწყება და საერთო ბაზრის 15%-ს მაინც ადგილობრივი პროდუქტით ავითვისებთ, ფქვილის შემომტანებს დააკლდებათ ის 15%, ამ შემთხვევაში საუბარი რამდენიმე მილიონზეა, ამიტომ მათ არ უღირთ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება.
სხვათა შორის, ანალოგიურს ვამბობდით კვერცხზე, როცა ადგილობრივი წარმოების მხოლოდ 17% იყო და დანარჩენი შემოგვქონდა. როგორც კი მონოპოლია აიკრძალა და მონოპოლისტი ჩაიხსნა, ქართულმა კვერცხმა ერთ თვეში 98%-ით აითვისა ბაზარი, თუმცა საყოველთაო გაძვირების პროცესში კვერცხიც გაძვირდა და, როცა მიზეზი ვიკითხეთ, გვიპასუხეს, რომ ქათმების სპეციალური საკვები, რომელიც შემოგვაქვს, გაძვირდა და, არაერთი თხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო ამ მიმართულებით საბაჟო გადასახადზე შეღავათის დაწესებას არ აპირებსო. ერთი მხრივ, სახელმწიფოსიც გვესმის, ბიუჯეტი ხომ უნდა შეივსოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხს საკვები ხომ უნდა ჰქონდეს?! როცა “ქართული ოცნება” ხელისუფლების სათავეში მოდიოდა, ერთ-ერთი დაპირება სწორედ სოფლის მეურნეობის აღორძინება იყო. ამ სფეროში ფული თითქოს ჩაიდო. ციფრებს რომ გადავხედოთ, ორ მილიარდს კარგად გავცდებით, მაგრამ ბოლომდე რომ ჩავყვეთ, ვნახავთ, რომ ეს 2 მილიარდზე მეტი დაიხარჯა ერთადერთ რამეში _ არაფერში! წინ მავანთა ცარიელი თავები უძღოდა ამ ფულს და გზაზე მათივე უძირო ჯიბეები დახვდა და იმიტომ. ცუდი ის არის, რომ ამაზე პასუხს არავის სთხოვენ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც მომავალში მოსთხოვენ. ამიტომ დაუსჯელობის სინდრომი კიდევ ერთი ბიძგია იმისა, რომ შემდგომშიც ფული, უბრალოდ, არაფერში დაიხარჯოს. მართლა ვერ ვიხსენებთ, რომელი დაპირება შეასრულა ხელისუფლებამ ასი პროცენტით! ახლა არ თქვათ, სააკაშვილი დაიჭირაო. არა, ვერ დაიჭირა, ის თავისი ნებით ჩამოვიდა და ციხეში ჩაჯდა ერთადერთი მიზნით _ იქაურობა რაც შეიძლება მალე დატოვოს და გმირის მანტია მოისხას. სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ებარათ მამალი ძროხების მცოდნეებს სოფლის მეურნეობა (ეხლა დედალი ხარების მცოდნეებს აბარიათ) და ყველაფერი ქართული უცხოურით ჩანაცვლდა. შედეგიც მივიღეთ _ აგრარული ქვეყანა თავზე ჩამოგვემხო და სოფლის მეურნეობა აღარ არსებობს. არსებობა არ ჰქვია იმას, ვიღაც თავისთვის რომ მოიყვანს პროდუქციას და ცოტაოდენ ნამატს გაყიდის.
იცით, რომ საქართველოდან ექსპორტზე გატანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შორის ატამი ლიდერობს? მეორე ადგილზეა ვაშლი, მესამეზე _ მანდარინი. ისიც ვთქვათ, რომ სამივე შემთხვევაში საქმე ახალდაკრეფილ პროდუქტთან გვაქვს, ანუ ვყიდით სეზონზე და ვყიდით ჩალის ფასად. ის თუ იცით, რომ ჩვენ მიერ გაყიდული ვაშლი სომხეთიდან ისევ ჩვენ შემოგვაქვს ოღონდ ზამთარში? 40-50 თეთრად წაღებულ ვაშლს სამაცივრე მეურნეობებში ინახავენ ჩვენი მეზობლები და ზამთარში 3-4 ლარად ისევ ჩვენზე ყიდიან. ჭკუითაც გვჯობნიან, მონდომებითაც და მოხერხებულობითაც. იგივე ითქმის ყურძენზე, გარგარზე… ჰო, საქართველოს _ ყურძნისა და ღვინის ქვეყანას _ ზამთარში მოხმარებული ყურძნის 95%-ზე მეტი სომხეთიდან შემოაქვს.
ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება წინ. მომაკვდინებელ ვირუსს ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსებიც დაერთვება და მდგომარეობა გაუსაძლისი იქნება. კიდევ გავიმეორებთ, რომ სახელმწიფო ვერ გარისკავს ლოკდაუნის გამოცხადებას და იძულებული იქნება, რეალობას შეეგუოს, ათეულობით მიცვალებული აიტანოს ყოველდღიურად და ვერც ვერაფერი მოიმოქმედოს. 2015 წელს ნაძალადევის გამგეობამ 28-ათასიანი ტენდერი გამოაცხადა 100 კუბოს შეძენაზე და მაშინ ეს იმით ახსნეს, რომ შეჭირვებულ ოჯახებს საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გადასცემდნენ. ათეულობით კუბო გადის ყოველდღიურად საქართველოს მოსახლეობის ოჯახებიდან და ამას ყურადღებას არავინ აქცევს…
თუ გახსოვთ, პანდემიის პირველი ტალღის დროს მოსახლეობა სოფლებში გაიხიზნა და მაშინ ითქვა: ამდენი მიწა, კარგა ხანია, საქართველოში არ დამუშავებულაო. ქალაქელები სოციალურ ქსელში სიამაყით აზიარებდნენ მამა-პაპისეულ მიწაზე მოწეულ მოსავალს და უხაროდათ, მაგრამ ბიზნესად ეს 1%-საც კი არ უქცევია, ვითარების დასტაბილურების შემდეგ ყველა ქალაქს დაუბრუნდა და კვლავ ბაზარში ყიდულობს მწვანილსაც და ბაღჩეულსაც. ამაზე თუ გიფიქრიათ, რატომ არ დაინტერესდა არავინ მიწით? იმიტომ, რომ სოფელში ძნელია, იმიტომ, რომ ყოველდღიური თანხა თუ არ გაქვს, ქალაქელისთვის ჯოჯოხეთი იწყება და ამიტომ აქ, ქალაქებში, სადაც მეტ–ნაკლებად არის ხელის გასანძრევი, ყოფნა ურჩევნიათ, ვიდრე სოფელში იყვნენ და თვიდან თვემდე ელოდონ ხან წვიმას, ხან მზეს და ხანაც შესაფერის კლიენტს. დაუფასებელია გლეხის შრომა და, წესით, მას ფასი სახელმწიფომ უნდა დაადოს, მაგრამ სახელმწიფოს ახლა არ სცალია, მეორე ტურით არის დაკავებული, ძალაუფლება უნდა შეინარჩუნოს და მერე… მერე ან ისე იქნება, ან ასე, ან როგორც ყოფილა თუ არ ყოფილა, მაგაზე ადარდე ახლა ხელისუფალი…
ასე თუ გაგრძელდება, გვერწმუნეთ, ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას დანარჩენი საქართველოც შეუერთდება და “მიშა, მიშას” ნაცვლად, ამ სიტყვაში ასოებს გადაანაცვლებს და “მშია, მშიას” დაიძახებს. მშიერი ხალხი კი ყველაზე და ყველაფერზე საშიშია.
ბესო ბარბაქაძე