Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმა

რას მოუტანს საქართველოს “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმა

სანამ უკრაინაში პოროშენკო და ზელენსკი, საქართველოში კი ნაცები და ქოცები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო ყურმოჭრილი მონაა დასავლეთის, რუსეთმა ორივე ერთმორწმუნე მეზობელს სატრანზიტო ფუნქციის შესრულების ყველანაირი ბერკეტი ხელიდან გამოაცალა.

რუსეთმა უკრაინის გვერდის ავლით გაზსადენიჩრდილოეთის ნაკადი-2” გაიყვანა ევროპაში და უკრაინას ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიმწოდებლის ფუნქცია დააკარგვინა, არაადეკვატური პოლიტიკის მიმდევარ საქართველოს კი გვერდი აუარა ყველაზე საუკეთესოში, რაც გაგვაჩნდა _ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დამაკავშირებელი გზაჯვარედინში, რომელთა გავლის გარეშე თურქეთი აზერბაიჯანს ვერ უკავშირდებოდა, რუსეთი _ სომხეთს, სომხეთი _ ირანს.

სომხეთის პრემიერი ფაშინიანი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ იძულებული შეიქნა, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის დერეფანი გაეხსნა. სომხეთის პრემიერმინისტრმა ამ გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯი გადადგა _ საქართველო სატრანზიტო გზას დაკარგავს.

 ჩვენმა ქვეყანამ ასევე უარი განაცხადა “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე. “3+3” ფორმატის იდეა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა _ ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წლის 10 დეკემბერს წამოაყენეს. “3+3”-ის ფორმატი გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის _ აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს _ ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის საკითხები.

2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად განიხილა .. 3+3 ფორმატის შექმნა. როგორც ლავროვმა თქვა, ირანულმა მხარემ ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა, მსგავსი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანსა და თურქეთს.

ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ილაპარაკა: “ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესებისა და ოკუპანტთან რაღაცის დათმობის ხარჯზე”.

საგარეო უწყების პრესსამსახურმა მოგვიანებითდააზუსტა”, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად “3+3” ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგები რევაზ კილასონია და სოსო ცინცაძე გვესაუბრებიან.

საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია სულ უფრო მცირდება. გეოპოლიტიკურად ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით, თუ ტრანზიტული ქვეყნის სტატუსს მთლიანად დავკარგავთ

რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი:

_ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ამიერკავკასიაში მთავარი სატრანზიტო გზის ფუნქცია, ეს იყო ჩვენი უპირატესობა.

XX საუკუნის 20-იან წლებში თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ასი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. შემდეგ _ 90-იან წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიძაბა ურთიერთობა და გაწყდა დიპლომატიური კავშირები. გაწყვეტილი იყო, ყოველგვარი მიმოსვლა და ტრანზიტი. ამ ისტორიული მოვლენების შემდეგ საქართველო გახდა მთავარი სატრანსპორტო ენერგოგამტარი, მთავარი ტრანზიტული ქვეყანა. რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ იყო არანაირი ურთიერთობა და აზერბაიჯანს სჭირდებოდა თავისი ენერგორესურსების გატანა ევროპაში, ამიტომ მან შემოუარა სომხეთს და საქართველოს გავლით გაიტანა თავისი პროდუქცია ჯერ თურქეთში და შემდეგ _ ევროპაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის .. მეორე ომის შემდეგ სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა დადგა. მიუხედავად ყველაფრისა, პოლიტიკოსები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ცივი გონებით, ადეკვატურად მიუდგნენ საკითხს, უკან გადასწიეს მგრძნობიარე თემები და გადაწყვიტეს, რომ აზერბაიჯანი პირდაპირ სახმელეთო გზით დაუკავშირდება თურქეთს და შემდეგ ევროპას, თურქეთი სახმელეთო გზით დაუკავშირდება აზერბაიჯანს და შემდეგ რუსეთს, სომხეთი გზას გახსნის არა მხოლოდ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, არამედ აზერბაიჯანის გავლით რუსეთის მიმართულებით. ასე რომ, საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია სულ უფრო მცირდება. გეოპოლიტიკურად ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით, თუ ტრანზიტული ქვეყნის სტატუსს მთლიანად დავკარგავთ. საქართველო უდიდესი პრობლემის წინაშე დადგება.

ძალიან დიდი პოლიტიკური დანაკლისია, როდესაც ფუნქციას კარგავს ქვეყანა. აქ არ არის საუბარი ეკონომიკურ დანაკლისზე, რომელიც მართლაც უდიდესი იქნება. ყოველგვარი ეკონომიკური აქტივობა პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. საქართველოსთვის, ენერგორესურსების გამტარი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანზიტი, ის ერთგვარი პოლიტიკური იარაღია, რომლითაც სულ უმნიშვნელო გავლენის მოხდენა მაინც შეგვიძლია ამა თუ იმ ქვეყანაზე, მაგრამ, თუ ამასაც დავკარგავთ, დავკარგავთ სუვერენულობის იმ მცირე ხარისხსაც, რომელიც დღეს ვითომ გაგვაჩნია.

ყველაზე ცუდიც და თან საინტერესოც მთელს ამ პროცესებში არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებში საერთოდ არ მონაწილეობს. უფრო მეტიც, მისი შემხედვარე ფიქრობ, რომ თითქოს არაფერი ხდება. არ ვიცი, წაყრუების პოლიტიკაა თუ მართლა ვერ ხვდებიან, რა ხდება სამეზობლოში?!

საზოგადოების ყურადღება გადატანილი აქვთ შიდა პრობლემებზე, რომლებიც, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის და უამრავი ჩემნაირი ადამიანისთვის, არაფერს ნიშნავს. ის, რაც მართლა გვაინტერესებს, ის, რაც მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, სუვერენიტეტისთვის, საქართველოს მიღმა ხდება და იგეგმება.

სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთთან ასწლეულების განმავლობაში არ ურთიერთობდნენ, მაგრამ გადააბიჯეს უთანხმოებას, იფიქრეს სახელმწიფოებრივად, ქვეყნის საკეთილდღეოდ, წმინდა ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიზნით. საქართველოს კი, აშკარაა, რომ ე.წ. დასავლელი პარტნიორები არ აძლევენ გასაქანს, ნებას თუ, რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს რეგიონში პროცესები ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, აკრძალული გვაქვს რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობა და აშკარაა, რომ ჩვენი პასიურობაც რეგიონში ამის მიზეზია. თუკი მტრად ქცეულმა ქვეყნებმა შეძლეს ერთმანეთთან ურთიერთობის რაღაც ფორმით მაინც მოგვარება, ჩვენ რატომ ვერ ვაგვარებთ ურთიერთობას რუსეთთან? ამის პასუხი ერთია: დასავლეთი გვიკრძალავს.

_ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე, რომელშიც თურქეთი, ირანი, რუსეთი და ამიერკავკასიის ქვეყნები ერთმანეთთან სათანამშრომლოდ უნდა დამსხდარიყვნენ და ბევრ, ალბათ, მნიშვნელოვან საკითხზეც იქნებოდა მოლაპარაკება

_ სამი დიდი და სამი პატარა ქვეყანა რაღაც ფორმატით უნდა შეკრებილიყო და სწორედ იმ ტრანზიტზე იქნებოდა საუბარი, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ამ საკითხზე…

“3+3” ფორმატი რომ დაიგეგმა, ჩვენთვის, საქართველოსთვის, არავის არაფერი უკითხავს, მაგრამ მიგვანიშნეს, მოდით და დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, გადავწყვიტოთ პრობლემები და კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეთო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ კატეგორიული უარი განაცხადა და თანაც ისე, რომ ფორმატის შინაარსშიც არ გარკვეულა. ვფიქრობ, საქართველოს საგარეო უწყებას “3+3” ფორმატში შეხვედრაზე უარი დასავლეთმა ათქმევინა, ჩვენ და ჩვენნაირი ქვეყნები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერასდროს იღებენ.

_ ჩვენნაირი ქვეყანა ახსენეთ და მინდა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც შევეხო. უკრაინაც დარჩა ტრანზიტისა და ბუნებრივი აირის გარეშე, ეს სატრანზიტო ფუნქცია მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო

_ რუსეთის ფაქტორი და გავლენა ძალიან დიდია და დღითიდღე იზრდება ევროპაშიც. მათ შეძლეს ყველა მიმართულებით გზის გაჭრა და უკრაინაც დაემშვიდობა ენერგორესურსების ტრანზიტს. რუსეთის გავლენები იზრდება და, თუ ჩვენი ქვეყანა ამაზე თვალს დახუჭავს, ძალიან არასერიოზული იქნება. რუსეთი რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდ ენერგომომპოვებელ ქვეყნად და, ბუნებრივია, ეს გავლენას იქონიებს ევროპაზე და არა მხოლოდ ევროპაზე. ჩვენი ქვეყნის ე.წ. პარტნიორები რას დაარქმევენ რუსეთს, როგორ მოატყუებენ ქართველ პოლიტიკოსებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევრაზიის კონტინენტზე ამ ზესახელწიფოს გავლენა ყოველდღიურად იზრდება.

სოსო ცინცაძე

თუკი ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებს ჩვენი მთავრობა უყურადღებოდ დატოვებს, თუკი უკვე ჩავლილმატარებელსდაედევნება, მაშინ ყველაფერი ძალიან გვიან იქნება და საქართველო ყველანაირ სტატუსს დაკარგავს

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ყოველი ახალი ტრანზიტი ჩვენი ჯიბიდან ამოღებული სერიოზული სატრანზიტო გადასახადია. რატომ ხდება ასე და რატომ ვრჩებით მუდამ თამაშგარე მდგომარეობაში, ამაზე, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, ხელისუფლებისგან მოგვესმინა პასუხი.

თუკი ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებს ჩვენი მთავრობა უყურადღებოდ დატოვებს, თუკი უკვე ჩავლილმატარებელსდაედევნება, მაშინ ყველაფერი ძალიან გვიან იქნება და საქართველო ყველანაირ სტატუსს დაკარგავს.

ამიერკავკასიის როლის გაზრდის ახალი კონტურები იხაზება, მაგრამ ამ კონტექსტში საქართველო მოიგებს თუ წააგებს, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ბუნდოვანია “3+3” ფორმატის ამბავიც. მართალია, ჩვენმა ქვეყანამ თავიდანვე უარი განაცხადა ამ ფორმატში მონაწილეობაზე და ისიც მართალია, რომ არ ვიცით, რას მოიცავს ეს “3+3” ფორმატის იდეა, მაგრამ წინასწარვე უარის თქმა იმაზე, რაც არც კი იცი, რა არის, უცოდინარობად და სისულელედ მიმაჩნია.

ჯერ თურქეთი და შემდეგ უკვე რუსეთი გამოვიდა “3+3” ფორმატის ინიციატივით, რაც გამოიწვია ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვამ. თეირანმა რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა, მესამე სახელმწიფოს სამხედრო ძალა ამიერკავკასიაში არ უნდა ჩაერიოსო და მესამე სახელმწიფოში რუსეთს არ გულისხმობდა. ის გულისხმობდა ისრაელს, ქვეყანას, რომელსაც, ყველასთვის გასაკვირად, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, რომელიც სამხედრო ტექნიკის უდიდეს ნაწილს ისრაელისგან ყიდულობს. ეს ფაქტი ძალიან ანერვიულებს ირანს. ისინი ამბობენ, რომ ეს ღალატია, რადგან ამიერკავკასიაში აზერბაიჯანს კიდევ ერთი მოთამაშე შემოჰყავს. ირანისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ ინიციატივა რუსეთმა გამოიჩინა და გადაწყვიტა “3+3” ფორმატში მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ.

ლავროვის ეს ინიციატივა მთავარი სტიმული იყო ამიერკავკასიისა და დანარჩენი სამი ქვეყნისთვისაც. სომხეთი და აზერბაიჯანი დათანხმდნენ ლავროვის შეთავაზებაზე და ვიცით, რომ სომხეთმა გზა გაუხსნა აზერბაიჯანს ნახიჭევანისკენ, იქვე ითქვა, რომ საქართველოც მზად იყო, მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო, მაგრამ ჩვენებმა უმალვე უარი განაცხადეს.

“3+3” ფორმატს აქვს წინააღმდეგობა და მისი მომავალიც ბუნდოვანია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ამიერკავკასიაში დაიწყო ახალი, ასე ვთქვათ, დიპლომატიური პასიანსის გათამაშება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს სერიოზულ, გეოსტრატეგიულ ცვლილებებს. რუსეთის წინადადებები ყველასთვის მიმზიდველია, საქართველოს გარდა.

ის ფორმატი, რომელიც ლავროვმა შესთავა ამ ექვს სახელმწიფოს შედგება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებს საქართველო ამ ყველაფერში მონაწილეობას თუ არა, არც ამას აქვს მნიშვნელობა დანარჩენი ხუთი სახელმწიფოსთვის, რადგან რაღაც შეთანხმებაზე ყველანი წავლენ და ჩვენი ქვეყანა დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში.

თუკი საქართველო უარს აცხადებს რეგიონში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობაზე, მაშინ ჩვენ უნდა გვქონდეს ალტერნატიული წინადადება, უნდა ვიცოდეთ, რომ უდავოდ, უეჭველად მიგვიღებენ ევროკავშირში, მაგრამ ეს ხომ გამორიცხულია?!

“3+3” ფორმატში ჩართვაზე რომ განაცხადოს თანხმობა ჩვენმა ქვეყანამ, სადაც არიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანია მორალურად დაშორდებიან ევროპას, რომელიც ამის გარეშეც არაფერს გიკეთებს. ასე რომ, ქართული დიპლომატიის წინაშე ძალიან სერიოზული ამოცანა დგას

_ ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებს ვინც თვალყურს ადევნებს, ხედავს, რომ რუსეთის ფედერაცია აშკარად დომინანტია. დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევს, რომ მთელი ევროპაპრორუსულიგახდა

_ ევროპა სუსტდება, ამას ვხედავთ. შესაბამისად, ძლიერდება ევრაზია და ბუნებრივიცაა. ევროპას ნავთობისა და ბუნებრივი აირის სერიოზული კრიზისი აქვს და მათი მხსნელი, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ევროპას საქართველოსთვის არ სცალია და კიდევ დიდხანს ვერ მოიცლის. რუსეთი ძლიერდება ევროპაშიც და საქართველოს შანსი, რომ ევროკავშირში მიგვიღონ, ეფემერული ხდება.

რუსული დიპლომატია, გარდა შესაძლებლობებისა და ბერკეტებისა, არის უაღრესად პროფესიონალური. საქართველოს წინაშე უამრავი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ კონტურებია გამოსახული იმ გეგმებისა და ფორმატების, რომლებსაც რუსეთი გეგმავს ამიერკავკასიაში, საქართველოს განზე გადგომა არ არის სწორი. საქართველო კარგად უნდა გაერკვეს, რას ნიშნავს “3+3” ფორმატი. სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელია დიპლომატიისთვის, რომ ჯერ უცნობ პროექტზე უარი განაცხადო.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასა და დიპლომატებს შეეძლოთ ეთქვათ, _ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას და ევროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთო. ეს სიტყვები დიპლომატიაში სტანდარტია და ძველი რომიდან მოდის. ეს ნეიტრალური განცხადებაა და ვერც ვერავინ შემოგედავება.

წინასწარვე უარის განცხადებას უმალვე უნდა მოჰყოლოდა, ოღონდ ქართველი ხალხის და მერე დანარჩენი ქვეყნების გასაგონად, განმარტება _ რის იმედზე ვართ, რა გვაქვს გეგმაში, თუკი არ მივიღებთ მონაწილეობას რეგიონში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი შენ საწინააღმდეგო ბანაკში აღმოჩნდნენ.

რატომ ვამბობთ უარს იმაზე, რაც ჯერ უცნობია, რაც არ ვიცით?! პროექტის წინააღმდეგ რამე ბერკეტი არ გაგვაჩნია, პირიქით, ჩვენ გვჭირდება რუსეთი! ახლა შემოდგომაა და ჩვენი ქვეყნის მთელი მოსავალი რუსეთშია გასატანი. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტში რუსეთი მონაწილეობს და ამისთვის განაცხადო უარი ისეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობაზე, როგორიც “3+3” ფორმატია, სიმდაბლე და სისულელეა.

ბავშვი არ დაბადებულა და აბრამს არქმევდნენო, ქართველი დიპლომატების საქმე ეგრეა. ჯერ ისიც არ გაურკვევიათ, რა ხდება, რას აპირებს სერგეი ლავროვი, როდესაც ექვს ქვეყანას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს, და ჩვენი ქვეყანა თავშივე უარს აცხადებს…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. საგაზეთო მასალა დასაბეჭდად უკვე მზად იყო, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ეწვია. მის ჩამოსვლისას საყურადღებო სიახლე გამოვლინდა ორი მიმართულებით:

პირველი: ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა საქართველო, ნატოს წევრი გახდეს, აშშის თავდაცვის მინისტრმა პასუხს თავი აარიდა დათავდაცვისა და დემოკრატიის განვითარებაში მხარდაჭერისზოგადი ფრაზით შემოიფარგლა. ამით, ფაქტობრივად, ნატოს თემა დახურულად გამოგვიცხადა.

მეორე: “3+3” ფორმატთან დაკავშირებით მან გვითხრა: “სჯობს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ითანამშრომლონ და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. “3+3” ფორმატზე აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, სანამ რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს”. წინამორბედებისგან განსხვავებით, ამერიკელ ჩინოსანს რუსეთთან დიალოგში (თუნდაც მრავალმხრივში) მათი მონაწილეობაშუამავლობა აღარ დაუჩემებია და, თუ გინდათ, ითანამშრომლეთ, ჩვენ ეგ აღარ გვაინტერესებსო, დიპლომატიურიდან უბრალო ენაზე რომ ვთარგმნოთ, ასე ისმის მისი ნათქვამი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here