დიდ ბრიტანეთში ენერგეტიკული კრიზისია _ სათბობზე ფასები სწრაფად იზრდება, ხოლო შინამეურნეობები რეკორდულად მაღალი კომუნალური გადასახადებისთვის ემზადებიან. რამდენიმე პატარა ენერგეტიკული კომპანია სექტემბერში გაკოტრდა, ხოლო მოლოდინი იმისა, ვინ გაკოტრდება უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო ამძაფრებს შიშს, ვინაიდან ბევრი ენერგეტიკული კომპანია აცხადებს, რომ კრახის პირას არის.
მომხმარებელთა დამცველი მარტინ ლუისი გვაფრთხილებს, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება დადგეს გათბობასა და საკვებს შორის “კატასტროფული” არჩევანის წინაშე, რადგან სათბობის ფასი კვლავ მატულობს.
ამის გათვალისწინებით, ციფრული საბანკო მომსახურებების მომწოდებელმა კომპანია Thinkmoney-მ შეადგინა ენერგოდაზოგვის რჩევების ჩამონათვალი, რათა საოჯახო ბიუჯეტი დაზოგონ მათ, ვისაც სურს, შექმნილ რთულ ვითარებაში შეამცირონ ელექტროენერგიის გადასახადის თანხა:
1. შეამცირეთ ოთახის ტემპერატურა 1 გრადუსით _ ეს დაგიზოგავთ 80 გირვანქა სტერლინგს წელიწადში. გათბობის თერმოსტატზე დააყენეთ თქვენთვის ნორმალურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით ნაკლები, რაც დაგიზოგავთ 80 გირვანქა სტერლინგს წელიწადში. ჩართეთ რადიატორები მხოლოდ იმ ოთახებში, რომლებსაც იყენებთ, ხოლო ყველა ავეჯი, რომლებიც ფარავს თქვენს რადიატორებს, გადაიტანეთ სხვაგან, რათა უზრუნველყოთ სითბოს სათანადო ცირკულაცია. მათ, ვისაც მეტი თავისუფალი დრო აქვს, შეუძლიათ, ამოავსონ კარის ქვემოთ არსებული ღრიჭოები ძველი ტანსაცმლისა და ზეწრების გამოყენებით;
2. გამორთეთ ის ელექტროჩანგლები, რომლებიც არ გჭირდებათ. ყოველ ჯერზე, როდესაც გამოუყენებელი ელექტრომოწყობილობის ჩანგალს შტეფსელში ჩართულს ტოვებთ, თქვენ კარგავთ 0,27 გირვანქა სტერლინგს. ასე რომ, თუ მუდმივად გაქვთ მიერთებული ტელევიზორის, ტელეფონის ან სხვა ელექტროტექნიკის ჩანგლები, დანაკარგები სწრაფად დაგიგროვდებათ. უსარგებლოდ მიერთებული მხოლოდ ერთი ელექტროჩანგალი ელექტროენერგიის ხარჯს წელიწადში 99 გირვანქა სტერლინგით გაზრდის. თუ ყოველდღე უსარგებლოდ გექნებათ მიერთებული ხუთი ჩანგალი, ეს ელექტრონერგიის ხარჯს 491 გირვანქა სტერლინგით გაზრდის წლის განმავლობაში. ასე რომ, როდესაც დაასრულებთ საქმეს, მაშინვე გათიშეთ ელექტრომოწყობილობა ქსელიდან;
3. გამოიყენეთ ბუნებრივი განათება. ნათურებით თქვენი ბინის განათება ფული ჯდება, ამიტომ დარწმუნდით, რომ უკვე გამორთეთ ზედმეტი ნათურები. შეეცადეთ, გამოიყენოთ ბუნებრივი განათება. შეცვალეთ ჩვეულებრივი ნათურები ეკონომიური ნათურებით;
4. ნუ დატოვებთ ელექტრომოწყობილობას ლოდინის რეჟიმში. ელექტრომოწყობილობები ლოდინის რეჟიმში მოიხმარენ ელექტროენერგიას. თითქმის ყველა ელექტრომოწყობილობა შეიძლება გამორთოთ, როდესაც მათ არ იყენებთ. ზოგიერთი ელექტრომოწყობილობა (მაგ., მაცივარი) საჭიროა იყოს სულ ჩართული, მაგრამ სხვა დანარჩენი შეგიძლიათ ქსელიდან გათიშოთ;
5. აიდუღეთ წყალი ელექტროჩაიდნით მხოლოდ მაშინ, როდესაც გჭირდებათ. რამდენჯერ ყოფილა, რომ ჭიქა ჩაის დასალევად აგიდუღებიათ წყალი, მაგრამ დაგვიწყებიათ და ხელახლა დაგჭირვებიათ მისი ადუღება? ყოველ ჯერზე, როდესაც ასე აკეთებთ, ფლანგავთ თქვენს ფულს;
6. შეამოწმეთ თქვენი ინტერნეტტარიფი, იქნებ შეიძლება, შეცვალოთ უფრო იაფით, ან იქნებ აჯობებდა, შეგეცვალათ ინტერნეტპროვაიდერი? იაფი ქსელის არჩევით შეძლებდით თანხის დაზოგვას;
7. ელექტროქსელიდან გამორთეთ ლეპტოპი. თუ შინ ლეპტოპს ყოველდღე იყენებთ, შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ ის დატოვოთ ლოდინის რეჟიმში. და თუ მას დატოვებთ ლოდინის რეჟიმში 10 საათის განმავლობაში, თქვენ ფუჭად დახარჯავთ ფულს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მოგეჩვენოთ წვრილმანად, თუ ლეპტოპს ღამე გამორთავთ, შეძლებთ, მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში დაზოგოთ ახალი ლეპტოპის საყიდელი თანხა. ასე რომ, გირჩევთ, თუ შესაძლებელია, გამორთეთ თქვენი ლეპტოპი;
8. გაიშრეთ თმა ბუნებრივად. დაბალი სიმძლავრის ფენი მოიხმარს 73 კვტ/სთ ენერგიას, სულ რაღაც, 10 წუთის განმავლობაში. თუ იყენებთ მას ყოველდღიურად, ეს შეადგენს 13 გირვანქა სტერლინგს წელიწადში;
9. ელექტროქსელიდან გამორთეთ ბავშვების სათამაშო კონსოლები. ხშირად ბავშვები თამაშობენ კონსოლებზე, შემდეგ კი ავიწყდებათ მათი გამორთვა. მაგრამ სათამაშო კონსოლი ლოდინის რეჟიმში მოიხმარს ენერგიას, ასე რომ, გათიშეთ ისინი;
10. შეამცირეთ რეცხვის რაოდენობა. თუ სარეცხ მანქანაში დაამატებთ ჭიქა თეთრ ძმარს, ის იმოქმედებს, როგორც ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გარეცხოთ დაბალ ტემპერატურაზე. ასევე, გარეცხეთ კვირაში ერთხელ და არა ყოველდღე;
11. გააშრეთ ტანსაცმელი გარეთ. თუ საშრობს ამუშავებთ ხუთი საათის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ, ეს დაგიჯდებათ, საშუალოდ, 142 გირვანქა სტერლინგი წელიწადში, მაგრამ ტანსაცმლის გარეთ გაშრობამ შეიძლება დაგიზოგოთ ეს თანხა.
ლონდონელმა ანალიტიკოსმა ბილ ბლეინმა საკმაოდ მკვეთრად შეაფასა ენერგეტიკული ვითარება გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში. “ამ ზამთარში ადამიანები სიცივით დაიხოცებიან. იმის მიხედვით, როგორ მოიმატებს ფასები ენერგორესურსებზე, ხარჯები შეუსაბამოდ მძიმე ტვირთად დააწვება მხრებზე საზოგადოების ყველაზე ღარიბ წევრს. შემოსავლებში უთანასწორობა სრულად გამოვლინდება, რადგან ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები აღმოჩნდებიან მძიმე არჩევანის წინაშე _ სითბო ან საკვები. ამ ზამთარში დიდი ბრიტანეთი მუხლებზე დადგება და ყველას, ვისაც შეიძლება, ენერგორესურსებს შეევედრება. ევროპაშიც არ იქნება უკეთესი ვითარება. ახლო აღმოსავლეთი სათბობზე ფასებს იქამდე მოუმატებს, სადამდეც შეუძლია, მიწოდების შესაძლებლობები კი შეზღუდულია. ვლადიმერ პუტინი თითოეულ ევროპელ ლიდერს ინდივიდუალური რიგის მიხედვით მიიღებს, რათა შეძლოს თავისი არგუმენტების გადმოცემა. პუტინი თითოეულ მათგანს შეეკითხება, რატომ უნდა მიაწოდოს ბუნებრივი აირი მის ქვეყანას. ეჭვი არ შეგეპაროთ, მომავალი ზამთარი საშინელი იქნება. გაფრთხილდით!”
ამ ისტორიის მორალი ასეთია: როდესაც ზაფხულში უკრაინაში “ბოინგს” ჩამოაგდებ, შემდეგ სკრიპალებს მოწამლავ და მერე ამ ყველაფერს სხვას აბრალებ, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ზაფხულის შემდეგ ზამთარი მოდის…