საქართველოს ხელისუფლებას ერთი დიდი პრობლემა აქვს _ მუდმივად ცდილობს, პრობლემები კი არ გადაჭრას, არამედ მიაძინოს. ჰო, მიაძინოს, ვითომ არ არსებობს და ეგებ ხალხს დაავიწყდეს კიდეც. ეს ყველაფერი კარგადაც გამოსდით, ერთი შემთხვევის გარდა _ პრობლემა პირდაპირ არ უნდა ურტყამდეს ჯიბეს, თორემ ირიბად თუ დაარტყამს, ეგ არაფერი, ამას ხალხი აიტანს. გამორიცხულია, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს გაზეთს არ კითხულობდნენ და, სხვა წყაროდან თუ არა, სავარაუდოდ, ჩვენი გაზეთიდან მაინც გაიგებდნენ, რომ პური ძვირდებოდა. ლამის ერთი წელია, გავკივით, რომ ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე რიგი ფაქტორების გამო მოიმატებდა და პური ეტაპობრივად გაძვირდებოდა.
ხელისუფლების წარმომადგებლებმა ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ერთხელაც კი არ გამოსულან ტელევიზიით და მოსახლეობისთვის არ აუხსნიათ, რატომ ხდებოდა პანდემიის დროს პურის ფქვილის სუბსიდირება და რატომ გაძვირდებოდა ეს პროდუქტი ზაფხულში. ჰო, წესითა და რიგით, პური სწორედ ზაფხულში უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ პურის მწარმოებლები დაიბარა და ზოგს სთხოვა, ზოგს კი კატეგორიულად მოსთხოვა, პურის ფასი არჩევნებამდე არ გაეზარდათ. მთავრობაში დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებს, დიდ ქალაქებში მაინც, პირველივე ტურში მოიგებდნენ და პურის გაძვირებას უმტკივნეულოდ გადაიტანდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა _ ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურია დანიშნული, მწარმოებლებმა კი პური 3 ოქტომბრის დილასვე გააძვირეს.
სამწუხაროდ, ეს არ არის პურის გაძვირების ბოლო ეტაპი. ახალ წლამდე ის კიდევ გაძვირდება და, წინასწარი პროგნოზით, მისი ფასი მომავალი წლის გაზაფხულზეც, ანუ ახალ მოსავლამდეც მოიმატებს. პურის მწარმოებელი ქვეყნები ფართობებს ზრდიან, უფრო მეტი მოსავალი რომ მოიწიონ და ამ მხრივ მოწინავე კვლავ რუსეთია. ქვეყნის პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით, ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა აითვისონ ახალი მიწები, რათა ხორბლის უხვი მოსავალი მიიღონ. ის, რომ პურის ფქვილი მთლიანად რუსეთიდან შემოგვაქვს, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ხელისუფლება ამაზეც არ ლაპარაკობს ხშირად, დასავლელ პარტნიორებს ყურში რომ არ მოხვდეთ. არადა, დანაშაულია ის, რომ მთავრობის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ გაბედა, სატელევიზიო ეთერში დამჯდარიყო და მშვიდად აეხსნა მოქალაქეებისთვის, რა ხდება და რა მოხდება. თუ ინფორმაცია არ აქვთ, ჩვენი გაზეთი გადაიკითხონ, დეტალურად მივყვებით პროცესს, მსოფლიო ბაზრის ამბებს ვეცნობით და ვწერთ.
სამაგიეროდ, ის ამცნეს მოსახლეობას ამაყად, რომ იანვრიდან პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით გაიზრდება, თითქოს ამით პროდუქტების გაძვირების კომპენსაცია მოახდინეს. ბატონებო, რომელი პენსიონერებისთვის, ვერაგ ვირუსს ყოველდღიურად ათეულობით რომ მიჰყავს? სიკვდილს რომ მივეჩვიეთ და ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ? მიმოიხედეთ ირგვლივ, დღის განმავლობაში რამდენჯერ გესმით: ეს გარდაიცვალა, ის ვერ მოერია ვირუსს… და ამ პირობებში 2022 წლის ბიუჯეტი მილიარდი ლარით შემცირდა და მიზეზი სასაცილოა _ თურმე 2022 წელს პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო 850 მილიონი ლარი ხელისუფლებას აღარ დასჭირდება და ამიტომ ეს თანხა ბიუჯეტში აღარ გაითვალისწინა. ბოდიში, ბატონებო, მაგრამ მორჩა პანდემია? დავასრულეთ ვირუსთან ბრძოლა და ყოველდღიურად 2500-ზე მეტი შემთხვევა და 30-მდე გარდაცვლილი უბრალო სტატისტიკაა? იმის გამბედაობაც არ გაქვთ, რომ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ პანდემიის გამო რომ უაზროდ გააჩერეთ ყველაფერი, გასულ წელს შემოსავლებმა იკლო, უკეთესის მოლოდინი არც 2022-ში გვაქვს და ამიტომ ბიუჯეტი ლამის მილიარდ ლარამდე შემცირდა _ შემოსავლები არ არის. არ არის ეს სირცხვილი, ასეა მსოფლიოში და საქართველო არ და ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ… მაგრამ სხვა ქვეყნის ლიდერებს ეყოთ გამბედაობა და ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვეს, მოსახლეობამაც გაიგო, საქართველოში კი… 3 ოქტომბერს მაღაზიაში შესულ მომხმარებელს პური გაძვირებული დახვდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და რამდენიმე ქსელურმა მაღაზიამ იცოდა, რომ პური გაძვირდებოდა და მომხმარებელთა ნაწილი გააფრთხილა. შედეგად, 2-3 დღის მარაგი ბევრმა აიღო, მაგრამ პური ისეთი რამაა, ბევრს ვერ მოიმარაგებ.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, დღევანდელი გადმოსახედიდან ასეა _ პურ-პროდუქტები ისევ გაძვირდება და გაძვირების პარალელურად, ყველა აღიარებს, რომ ხორბლის ბაზარზე რუსეთი მთავარი მოთამაშეთა შორისაა. ასათვისებელი ტერიტორიების გათვალისწინებით, სულ რაღაც, 2-3 წელიწადში, რუსეთი, შესაძლოა, მსოფლიოში ხორბლის ნომერი პირველი მწარმოებელი ქვეყანა გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ფასებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი დაადგენს. ამიტომაც არის, ევროპის არაერთი ქვეყანა ამ მიმართულებით ურთიერთობის მოგვარებას სწორედ რუსეთთან რომ ცდილობს. ჯანსაღ კონკურენციაში კი, თავისუფალი ტერიტორიების გათვალისწინებით, რუსეთი ყველას აჯობებს.
მაშინ, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ, საქართველო კვლავ არ აპირებს ჩრდილოელ მეზობელთან საუბარს. უფრო ზუსტად, ამის შესახებ ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ხმამაღლა ვერ საუბრობს იმის შიშით, რომ რუსეთუმეობა არ დასწამონ, სახლთან აქციები არ მოუწყონ და პუტინის მონა არ უძახონ. არადა, მთელი ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება-აწყობას და ჩვენი პრობლემაც ეს ხომ არ არის _ ცივილიზებულობა ხომ არ გვაკლია?! ის კიდევ ცალკე თემაა, ყველა ვიგინდარას რომ ცალკეული პერსონების და მთლიანად ხალხის შეურაცხყოფა და ათასნაირი იარლიყის მიკერება საჯაროდ შეუძლია და პასუხის მომთხოვი არავინაა _ “ოცნება” ხომ დემოკრატიული ხელისუფლებაა? მერე, დასავლეთი რას იტყვის? ჰოდა, ბრძანდებოდეთ ეგრე შიშისაგან გასუსულები.
სხვა თემაა ისიც, რომ რუსეთის მეგობარ ქვეყნებად აღიარებული სახელმწიფოები ხორბალს სპეციალურ ფასში, ანუ იაფად იღებენ და მათზე შეღავათები მომავალშიც გავრცელდება. საუბარია იმაზე, რომ მათთვის ტონა ხორბალი დაახლოებით 100 დოლარი ეღირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ფქვილი 30 თეთრით იაფი იქნება, პური _ უფრო იაფი. როგორ გგონიათ, ბატონებო, პური 30 თეთრით რომ გაიაფდეს, მოსახლეობა იტყვის: რუსეთმა დაგვიპყრო და გააძვირეთ სასწრაფოდო? ამ ნაბიჯს არ მოიწონებს და წინააღმდეგი წავა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამის თქმას ერთი ადგილი სჭირდება, ის ადგილი, რომელიც იმდენი ათამაშა ხელისუფლებამ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ცოტა დააკლდა, იმ მოთამაშე ადგილში არ აღმოჩენილიყო.
ხელისუფლებას, ალბათ, ჰყოფნის გონიერება და ხვდება, რომ რუსეთთან პირისპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ახლა პოლიტიკური ვითარება ისეა დაძაბული, რუსეთთან საუბრის სურვილს ოპოზიციაც და დასავლეთიც სათავისოდ დაატრიალებენ, ისედაც არეულ მოსახლეობას უფრო არევენ და, შესაძლოა, თოფიც გავარდეს. დასავლეთი ხვდება, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით ვერ მოახერხა და, სულ ცოტა, 2024 წლამდე ამ რეჟიმში მოუწევთ ურთიერთობა, ამიტომ ახლა ქაოსი და არეულობა რიგგარეშე არჩევნების წინაპირობაა. დასავლეთს არც 43%-იან ბარიერში ჩაუვიდა ფეხი და, თუ დააკვირდებით, რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებსა და ამ ბარიერს უკვე აღარც ოპოზიცია არ ახსენებს და აღარც დასავლეთი. მიაჩუმეს ეს თემა, იმიტომ, რომ დამარცხდნენ და ახლა ახალი საჭიდაო და საჯილდაო ქვა აქვთ _ მიშა და მეორე ტურები.
რატომ და როგორ, ვრცლად სასაუბროა, მაგრამ გეტყვით, რომ მეორე ტურებში ოპოზიცია, ალბათ, ყველგან დამარცხდება. დამარცხდება არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაა ძლიერი. არა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ხელისუფლებას სილა საპრეზიდენტო არჩევნებზე გააწნა და შემდეგ ძალა აჩვენა, ახლაც ანალოგიურად მოიქცევა, მაგრამ გვეეჭვება, ამ გაწნული სილისგან “ოცნებამ” რამე ისწავლოს. ყოველ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვერ ისწავლა და ახლაც ამის დიდი იმედი არ გვაქვს.
მანამდე კი, სანამ მეორე ტური იქნება, სჯობს, ხელისუფლებამ იმაზე იფიქროს, ხალხის მთავარი საკვები პროდუქტი როგორ გააიაფოს. კიდევ ვიმეორებთ: საამისოდ ერთადერთი გზა არსებობს და ეს გზა გასავლელია, რაოდენ ეკლიანიც არ უნდა იყოს და, რაც მთავარია, ეს გზა მარტომ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე უნდა გავიაროთ და მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ ორი მხარე _ საქართველო და რუსეთი უნდა დაჯდეს. ხომ არ ვამტკიცებთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ “იბერია გაბრწყინდება” და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება, შემდეგ რა გზით ვიაროთ. მაგრამ დასავლეთის მხრიდან სწორედ ამ პროცესის გაჭიანურება და მაქსიმალური ხელის შეშლა გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი საჩვენოდ უნდა დალაგდეს.
ბესო ბარბაქაძე
P.S. მკითხველს შევახსენებთ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქარველოში მოხნული მიწის ფართობები შემცირდა ხუთჯერ, “ოცნებამ” ვითარების გასაუმჯობესებლად არაფერი არ გააკეთა და მხოლოდ ორ მლრდ ლარზე მეტი დახარჯა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის საბაბით.