Home რუბრიკები პოლიტიკა თქვენ “სახელმწიფო მეწველი ძროხა ხომ არ გგონიათ”?!

თქვენ “სახელმწიფო მეწველი ძროხა ხომ არ გგონიათ”?!

თქვენ თუ იცით, რა არისსახე+”? _ ეს არის იმ პოლიტიკური პარტიის დასახელება, რომელმაც 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყარა კენჭი და საქართველოს მასშტაბით 224 ხმა მოაგროვა. ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ არიან ამ პარტიის დამფუძნებლები ან ის 224 მხარდამჭერი ვინ არის, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ პარტიაკანონი და სამართალისდამფუძნებელი და ლიდერი თაკო ჩარკვიანია. მის პარტიას აღნიშნულ არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით 322 ხმა, ანუ საერთო ხმების რაოდენობის 0,018% ერგო. 1,65% მოაგროვაევროპულმა საქართველომ”, რომლის დედმამა არიან ცოლქმარი გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.

დავიწყოთ იმით, რომ ბოლო დღეებია, ბოკერიაც და ჩარკვიანიც გაჰკივიან, _ მთელი საქართველო ფეხზე დგას, დედაქალაქისკენ მოემართება, სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთო. ვინ მისცა ამ ორ ადამიანს საქართველოს სახელით საუბრის უფლება? როგორ ბედავენ და აკეთებენ მოწოდებას, როცა მთელმა საქართველომ 2 ოქტომბერს სარკეში ჩაახედა და დაანახვა, რომ ერთი ჯიგრიანი ქორწილის გასამართავად საჭირო ოდენობის მხარდამჭერიც არ ჰყავთ საქართველოში? სირცხვილი გამქრალი რომ აქვთ, გასაგებია, ნამუსზე ხელი რომ აიღეს, ესეც გასაგებია, მაგრამ გვინდა, ხელისუფლებას მივმართოთ: ამ ხალხს ჩემს ფულს რატომ უხდით? ჰო, ჩემს ფულს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე, ჩარკვიანის პარტიის გარდა, კიდევ 20-მდე წვრილწვრილი პარტია ჰყავდა შეფარებულინაციონალურ მოძრაობას”, ბარიერი გადაალახვინა, პარლამენტშიც შეათრია და კვალიფიციურ სუბიექტებადაც აქცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ანუ 2024 წლამდე, ამ პარტიებს ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული უნდა ჩაერიცხოს. და ვინ ავსებს ბიუჯეტს? ჩვენ, რიგითი ადამიანები; და ვის აკლდება ეს ფული? ისევ ჩვენ, რიგით ადამიანებს. რატომ ვუხდი, მაგალითად, მე ფულს თაკო ჩარკვიანს, რომელსაც არც პათოსში ვეთანხმები და, ზოგადად, მაგაზე მეტი მხარდამჭერი თუ არ მყავდეს საქართველოში, როგორც ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღების” პერსონაჟი ლიმონა დევდარიანი იტყოდა, “ბოზისშვილი ვიყო”. დღევანდელი მდგომარეობით, თაკო ჩარკვიანის პარტიამ ყოველ მე-11 უბანზე თითო ხმა აიღო, ანუ იყო 3000-ზე მეტი უბანი, რომლებშიც მას ნული ხმა ჰქონდა. ამის მიუხედავად, 4 წლის განმავლობაში კვალიფიციური სუბიექტი ერქმევა და უნდა დავაფინანსოთ, როგორც ის, ისე სხვა პარტიები, რომლებიცნაციონალურმა მოძრაობამშეიფარა, შერეკა პარლამენტში (სწორედ რომ შერეკა, რადგან, სანამ თავად არ გადაწყვიტა შესვლა, მანამდე არავინ შევიდა) და ახლა მოსავალს იღებს. ეს პარტიები სააკაშვილის ციხიდან გამოსვლას ითხოვენ და ფურცელზე დასავლეთისთვის ათზე მეტი პარტია ჩანს, თანაც როგორი პარტია _ კვალიფიციური სუბიექტი.

თუმცა, მთავარი სატკივარი ესეც არ არის. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი ხმა მიიღო. ჰო, მარცხის მიუხედავად, ეს ხმა ძალიან ბევრია და ახლავე აგიხსნით, რატომ: თავი რომ დავანებოთ ქუჩაში დახვრეტილ ადამიანებს, 25 ათასამდე პატიმარი და 350 ათასზე მეტი პრობაციონერი ჰყავდა იმხანად საქართველოს. ადამიანებს დაავიწყდათ (ან კიდევ, უფრო უარესი, ამართლებენ), რა ხდებოდა 2012 წლამდე, დაავიწყდათ ის, რომ ქათმის თუ ჯართის ქურდობისთვის, ციხეში ადამიანებს, სულ ცოტა, 7-8 წლით უშვებდნენ, ატერორებდნენ ყველას და ყველაფერს, ნებისმიერ ბიზნესმენს ართმევდნენ ფულს და, თუ არ გადაიხდიდა _ მთლიანად ბიზნესს. ცოლქმარი მშვიდად ვერ საუბრობდა ტელეფონზე, უღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს და შემდეგ აშანტაჟებდნენ. ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს უსასტიკესად არბევდნენ, კლავდნენ, სახურავზე აგდებდნენ, ერთი ფრაზის გამო შეეძლოთ, ტერორისტად მოენათლეთ, რუსეთის აგენტის იარლიყის მიწებება ყველაზე მარტივი იყო და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს სამშობლოს ღალატის საფარქვეშ ფუთავდნენ და “აპრავებდნენ”. და ამ ძალას, როგორც გაირკვა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს და მზად არის, ისევ ხელისუფლებაში დააბრუნოს.

ვუსმენ მათ და მეშინია. ოფისში, არც ისე დიდი ხანია, გამოჩდნენ ოდიოზური ფიგურები, ისეთები, როგორებიც ნაცებს გადამალული ჰყავდათ _ გივი თარგამაძე, რომელიც ვითომ ევროპული საქართველოს წევრია, აკო მინაშვილი, გოკა გაბაშვილიძველი შემადგენლობა იკრიბება და რამდენიმეჯერ გაისმა ფრაზა: ყელს გამოვღადრავთ ამათ, რომ დავბრუნდებით! უკვე მეშინია, ძალიან მეშინია”, _ გვითხრა პიროვნებამ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მუშაობს.

ჰო, ყელის გამოღადვრა რომ არ ეშლებათ ნაციონალებს, გასაგებია, მაგრამ რისთვის სურს მოსახლეობას მათი დაბრუნება, ეს არის საინტერესო. მიზეზი ერთადერთი შეიძლება იყოს _ ხალხი იმაზე მეტად დაიმშა, ვიდრე ოდესმე დამოუკიდებლობის ისტორიაში. არ იყო წყალი, შუქი და ბუნებრივი აირი, მაგრამ იმხანად მოსახლეობას არ შიოდა. პურიც პრობლემა იყო, მაგრამ არ იყო შიმშილი იმ გაგებით, რომ იმხანად ყველა რაღაცას “ჩალიჩობდა”, ეს გზები კი ახლა გადაკეტილია. ახლა აღარავის აქვს “ლევი” ხაზი, ყველა იხდის კომუნალურებს და საკვებისთვის ფული არ ჰყოფნის. სწორედ ეს არის ერთადერთი (და არა ერთ-ერთი) მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა მზად არის, კვლავ ეწამოს, იმედი ჰქონდეს, რომ ამჯერად აღარ მიაკითხავენ, რომ სხვებზე გადაივლის ქარტეხილი და თვითონ გადარჩება, სამაგიეროდ, საკვები ექნება.

უკვე აღარავის ახსოვს 7 ნოემბერი, დღე, რომელიც უნიკალურია დარბევის მასშტაბითა და სისასტიკით. რიყეზე შეკრებილი ადამიანები არც მოძრაობას აფერხებდნენ, არც რომელიმე შენობას ემუქრებოდნენ, უბრალოდ, პროტესტს გამოთქვამდნენ და სწორედ ამ პროტესტის გამო დაისაჯნენ. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელშიც მოჰყვა ყველა, უბრალო გამვლელიც კი, რომელიც უბედობის გამო ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა. სასტიკად დაარბიეს ყველა, ვისაც კი წაასწრეს და ვისაც ვერა, სადარბაზოებში, მაღაზიებში, აფთიაქებში სდიეს. ესეც არ გვახსოვს ან, უბრალოდ, არ გვინდა, გავიხსენოთ. არ გვინდა, გავიხსენოთ ჯინსებსა და ნიღბებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ხელჯოხებით სასტიკად უსწორდებოდნენ დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს. როგორ გგონიათ, აღნიშნული სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდებოდა ქვეყნის პირველი პირის გარეშე? _ რა თქმა უნდა, არა. ამ ყველაფრის უპირველესი შემოქმედი, ბრძანების გამცემი სწორედ სააკაშვილი იყო, კაცი, რომლის გათავისუფლებასაც ახლა რამდენიმე ათასი ადამიანი ჯიუტად მოითხოვს.

ისიც შევიტყვეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ლიდერს გული დასწყდა, მიშამ რატომ არ გვითხრა, თუ ჩამოდიოდაო. ეს განცხადებაც სასაცილოა. კაცმა ცოლს არ უთხრა, გშორდები, სხვა ქალი მყავსო, ცოლმა ეს სოციალური ქსელით გაიგო და დიდი ამბავი, მისი ჩამოსვლაც სოცქსელში გაეგო პარტიას. ამ ნაბიჯით სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია და ვარაუდი, რომ თავნებობას აღარ დაანებებენ, რომ პარტიის ახალი თუ ძველი ლიდერები აიძულებენ, დემოკრატი მმართველი იყოს, აბსურდია.

ისევ ერთკაციან პარტიებს დავუბრუნდეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პარტიების რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობის წესში შესწორებები შევიდეს. პირველ რიგში, ყველა პარტიამ უნდა წარადგინოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, სულ ცოტა, 1%-ის მხარდამჭერთა სია, რაც, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 3700 ადამიანია, ანუ პარტიამ უნდა დაამტკიცოს, რომ 3700 კაცი თუ ქალი უჭერს მხარს. უნდა გაუქმდეს წესი, რომელიც ითვალისწინებს პარტიის კვალიფიციურ სუბიექტად აღიარებას საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე საპარლამენტო არჩევნებამდე. ყოველ არჩევნებზე უნდა დაამტკიცოს პარტიამ, რომ ხალხის ნდობა აქვს, მაგრამ, თუ ამ ნდობას კარგავს, უნდა დაკარგოს დაფინანსებაც. და, საზოგადოდ, ძალიან ცუდი ფორმაა, პარტიები ბიუჯეტიდან რომ ფინანსდებიან. კეთილი ინებეთ, ბატონებო, მოიზიდეთ წევრები, გულანთებული ადამიანები, რომლებიც პარტიის მანდატსაც მიიღებენ და ყოველთვიურ საწევროსაც გადაიხდიან, თვეში, მაგალითად, 5 ლარის ოდენობით. ახლა ვიღაც იტყვის, ბევრიაო. ნამდვილად არ არის ბევრი _ პოლიტიკური პარტია უნდა შეეცადოს, რომ მისი წევრისთვის ის 5 ლარი ბევრი არ იყოს; ცხოვრების დონემ უნდა აიწიოს, თორემ სხვაგვარად აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ _ 322-კაციანი პარტია ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარს იღებს. ზევით ლიმონა დევდარიანი ვახსენე და… თქვენ, ბატონებო, “სახელმწიფო მეწველი ძროხა ხომ არ გგონიათ?!”

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here