Home რუბრიკები საზოგადოება რა როლი აკისრია დღევანდელ ქართულ სახელმწიფოში ეკლესიას?

რა როლი აკისრია დღევანდელ ქართულ სახელმწიფოში ეკლესიას?

რუისურბნისის კრების შემდეგ ქართული ეკლესია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ფაქტობრივად, ეკლესია იქცა სახელმწიფოს ერთერთ წამყვან რგოლად, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა ქვეყნის მართვაგამგეობის საკითხებში. სწორედ ამიტომ არის, რომ ძეგლისწერას ჰქონდა კანონის ძალა. რაც შეეხება დაპირისპირებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, მას არაერთხელ ჰქონია ადგილი ჩვენი ქვეყნის წარსულში. თამარის მეფობის ხანაშიც კი და შემდგომ პერიოდებშიც გვაქვს იმის მაგალითები, როცა სახელმწიფო ეკლესიის საქმიანობაში უხეშად ერეოდა და მის გაკონტროლებას ცდილობდა. ეკლესიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის მსხვერპლი გახდა მრავალი სასულიერო პირი. საყურადღებო კი ის არის, რომ ეს დაპირისპირებები ყოველთვის სახელმწიფოს საზიანოდ მთავრდებოდა.

რა როლი აკისრია დღევანდელ ქართულ სახელმწიფოში ეკლესიას და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ?

დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო რელიგია, თუმცა აღსანიშნავია მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სწორედ ამიტომ საქართველოს სახელმწიფოსა და ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი). კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიას, როგორც დამოუკიდებელ რელიგიურ ორგანიზაციას. მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას და ა.შ. გარდა ამისა, კონსტიტუციურ შეთანხმებაში არსებობს უამრავი პრივილეგია, რომლებც მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა რელიგიურ დაწესებულებებთან შედარებით ენიჭება. ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენი ქვეყნის უმძიმეს პერიოდებში ეკლესია იდგა იმ ძლიერ ბურჯად, რომელმაც ერს გააძლებინა.

როგორც ჩვენი მხცოვანი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღნიშნავს, ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება _ სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს”; “ჩვენ გვყავს ზეციური საქართველო, ძლიერი წინაპრები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეხმარებიან ქართველ ერს, დავძლიოთ ის სიმძიმეები, რომელიც გვარგუნა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ დაკარგოს ღვთისა და მომავლის იმედი, არ დაკარგოს თავის რწმენა”.

თუ ადრე ეკლესიას საკმაოდ დიდი როლი ენიჭებოდა სახელმწიფო მმართველობის საქმეში, დღეს ეკლესიისა და სახელმწიფოს ფუნქციები მკაცრად გამიჯნულია. საეკლესიო კანონები არ არეგულირებს სამოქალაქო თუ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს. საეკლესიო კანონები მხოლოდ ეკლესიის ფარგლებში მოქმედებს. მაგრამ მაინც, დღეს საქართველოში, ალბათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას მიაჩნია, რომ სწორედ პატრიარქი არის პირველი დამხმარე, პირველი ქომაგი, პირველი ჭირისუფალი გაჭირვებული ადამიანისა.

აი რას ამბობს მღვდელი თეოდორე გიგნაძე ეკლესიის როლზე დღევანდელ საქართველოში:

“ეკლესია მისტიური სხეულია ქრისტესი. ცოცხალი ღმერთის საუფლოა სამყაროში. სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ მისი როლი განსაკუთრებულია ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.

ეკლესიის დაარსება იყო ის უმთავრესი საქმე, რაც განკაცებულმა ღმერთმა ამქვეყნად აღასრულა. რამეთუ სწორედ ეკლესიის მიერ ხდება ადამიანის ზეცად აღყვანება, ანუ განღმრთობა; ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაგები ხდება, თუ რა როლი აქვს ეკლესიას საერთოდ და კერძოდ, საქართველოში. ეკლესია მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს განღმრთობისაკენ, ანუ ცხონებისაკენ.

სხვა საკითხია, რომ ეს საკითხი გარკვეულ, რეალურ, ისტორიულ გარემოში ხორციელდება. ბუნებრივიცაა, ეკლესია ხომ ადამიანისთვის დააარსა ქრისტემ და ადამიანის გარეშე არ არსებობს; ეკლესია მოწოდებულია, თავის წიაღში შეიყვანოს და გადარჩენის გზაზე დააყენოს დღევანდელი საქართველოს ყოველი მცხოვრები, რომელთა უმრავლესობასაც ელემენტარული წარმოდგენაც არ გააჩნია ქრისტიანობის შესახებ. მიუხედავად ერის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული გამოცდილებისა, სამწუხაროდ, კვლავ დღის წესრიგშია ევანგელიზაცია, ანუ სახარების კვლავ ქადაგება დღევანდელ საქართველოში. ერის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რა გვწამს ქრისტიანებს, თუ რისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანობა, თუ რომელია ქრისტეს მცნებები; რომ ქრისტიანობა ცხოვრების გარკვეულ წესს გულისხმობს და არა მხოლოდ ნათლისღებას, ხოლო ეკლესიურობა არ დაიყვანება ტაძარში სანთლის დანთებამდე; ხალხმა ისიც არ იცის, თუ რას წარმოადგენს მღვდლობის ინსტიტუტი და ვერც იმას ხვდება, თუ რატომ არ არსებობს ქრისტიანობა ეკლესიის გარეშე…

ქრისტიანობა ძალადობით არავის ექადაგება. წმიდა ეკლესია მუდმივად მოწმობს ჭეშმარიტებას და თითოეული ჩვენგანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული _ ავირჩევთ თუ არა ჭეშმარიტების გზას. ღვთის მცნებებით ვიცხოვრებთ თუ განვეშორებით უფალს.

საქართველო ხომ ტრადიციულად იყო ჭეშმარიტების მატარებელი ერი. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ჭეშმარიტებას და სწორედ ეს იყო მისი, როგორც ერის უმთავრესი ფუნქცია და მისია, ამას ეწირებოდნენ ქართველი ერის საუკეთესო შვილები. ეს და ფუნქცია საქართველოს არ წართმევია. იგი დღესაც მოვალეა აღასრულოს ეს მისია და ამ ვალდებულების გამო, სანამ არ დაიწყებს ამ მისიის კვლავ აღსრულებას, ფეხზე ვერ წამოდგება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დიდი მეფის წმიდა ვახტანგ გორგასლის ანდერძი: “ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის”; ანუ უბრალოდ კი არ განვამტკიცებდეთ ქრისტეს სჯულს, არამედ მზად ვიყოთ თავგანწირვისთვის. ქრისტესთვის მოწამეობაშია საქართველოს არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური, გნებავთ, პოლიტიკური გადარჩენაც. და თუ ერს სურს ამ დუხჭირი ყოფიდან გამოსვლა, თუ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სურს გადარჩენა, მან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ეკლესიასთან ყველა სფეროში: აღზრდაგანათლებაში, კულტურაში, მედიცინაში, სამხედრო სფეროში და პოლიტიკაშიც.

როგორც ქრისტემ იწინასწარმეტყველა, არ არსებობს ძალა, რომელიც ეკლესიას დაამარცხებს. უფლის მიერ დაფუძნებული წმიდა ეკლესია მეორედ მოსვლამდე იარსებებს; ამიტომ თუ ერი ეკლესიური მადლმოსილებით აღიბეჭდება, მაშინ საქართველო არათუ გადარჩება, არამედ გაბრწყინდება კიდეც, როგორც ნაწინასწარმეტყველებია (ჟურნალი “საყდარი”,  1, 2002 წ.).

მოამზადა

დარეჯან სვანიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here