Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკურ შულერთა და მეძავთა დროება _ დროა ასეთი _ ფულის მეუფებაა, კაპიტალის...

პოლიტიკურ შულერთა და მეძავთა დროება _ დროა ასეთი _ ფულის მეუფებაა, კაპიტალის მძვინვარებაა…

სააკაშვილი უკვე დაპატიმრებულია და არც მისი ფიზიკური ლიკვიდაციაა გამორიცხული

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეთოთხმეტე გამოშვება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეშია. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარებულია. არჩევნებში გამარჯვებული კვლავ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიაქართული ოცნებაა”. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოში პოლიტიკური სურათი და სიტუაცია შეიცვალა? მივყვეთ მოვლენებს.

პოლიტიკური სურათი, რომელიც ქოცებისა და ნაცების მოჩვენებით დაპირისპირებასა და საქმით ერთიანობაში გამოიხატება, ჯერჯერობით უცვლელი რჩება, თუმცა, არჩევნების შედეგმა ნაცებს საზოგადოებისთვის რევოლუციისკენ მოწოდების საფუძველი გამოაცალა. საქმე ის არის, რომ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტითქართულ ოცნებას” 43 პროცენტზე დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაენიშნა. ამ იურიდიული და პოლიტიკური გაუგებრობიდანქართული ოცნებამოგვიანებით კი გავიდა, მაგრამნაციონალურ მოძრაობასეს სულელური დოკუმენტი ხელზე ჰქონდა დახვეული და საქვეყნოდ გაჰკიოდა, რომ ეს დათქმა აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. იმიტომაც უწოდებდნენ ისინი ამ არჩევნებს რეფერენდუმს, რომ ‘“ქართული ოცნებისმიერ საარჩევნო ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღება ვითომ ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტი იქნებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასანიშნავად. ეს დათქმა ვერ შესრულდა. “ქართულმა ოცნებამ” 47-პროცენტიანი შედეგი აჩვენა.

ნაცებს რევანშისტული სურვილი ამოძრავებთ, ბიძინა ივანიშვილმა კი, მეათე წელიწადია, ნაცები პოლიტიკურ საფრთხობელად აქცია და მათი მოხერხებული გამოყენებით ხელისუფლებას ინარჩუნებს, ისინი ყოველთვის მეორე ადგილზე ჰყავს. ნაცები ამ ვითარებაზე თავდაპირველად თუ ყაბულს იყვნენ, დღეს ეს უკვე აცოფებთ, რადგან რევანში და ხელისუფლებაში მოსვლა სწყურიათ, მაგრამ ყოველი არჩევნების შემდეგ ერთსა და იმავე სურათს ხედავენ _ ივანიშვილს ისინი კიდევ ერთხელ სასტიკად მოუტყუებია, თავის სასარგებლოდ გამოუყენებია და სათამაშო თოჯინებად უქცევია. ჯერჯერობით ივანიშვილი სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის შიგნითაც უგებს და ქვეყნის გარეთაც. სააკაშვილს რომ ჰგონია, ევროპასა და ამერიკაში მიცნობენო, ევროპარლამენტარებსა და კონგრესმენსენატორებს შენობით ველაპარაკებიო, ივანიშვილს ეგ ვიღაც ნაყარნუყარა პოლიტიკოსები სულ ფეხებზე ჰკიდია. ღმერთმა იცის, რამდენი მათნაირი უყიდია და გაუყიდია ორ შაურადდროა ასეთი, ეპოქაა ასეთი. ფულის მეუფებაა, კაპიტალის მძვინვარებაა, მსოფლიოს ოლიგარქია მართავს და არა _ პოლიტიკური წრეები!

ყოველი არჩევნების წინ ხალხს ჰპირდებიან, რომ არჩევნებით ცუდი სიზმარი დასრულდება, საშინელი ეტაპი გადაივლის და ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ ხალხი ხედავს, რომ არა, არა და კიდევ ერთხელ არა! ახლა სააკაშვილი, როგორც იქნა, ციხეში გამოვამწყვდიეთ და ამიერიდან მშვიდად ვიქნებითო, _ გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ სისტემაში, რომელშიც სიმშვიდესა და ნორმალურ ცხოვრებაზე თუნდაც ფიქრი იყოს შესაძლებელი. გარდა ამისა, ისიც საკითხავია, სააკაშვილის ამბავი დასრულდა თუ ახლა იწყება? სააკაშვილის პიროვნული მახასიათებლები, მისი გაუწონასწორებელი და არამდგრადი ფსიქიკა, დაბალი ინტელექტი და ყოვლისმკადრებლობა საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე კი ისაა, რომ, მოგვწონს ეს ამბავი თუ არ მოგვწონს, იგი მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკოსია. მას მთელი პლანეტა იცნობს, იგი ათი წლის მანძილზე, მართალია, სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული, მარამ მაინც კანონიერი პრეზიდენტი იყო. არჩევნებში დამარცხებისა და სამშობლოდან გადახვეწის შემდეგ უზარმაზარ და გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს უკრაინაში მას ჯერ ოდესის გუბერნატორის, შემდეგ კი უკრაინის რეფორმების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ჩააბარეს. ისეთი უცნაური ბიოგრაფია, როგორიც სააკაშვილს აქვს, ძნელი საპოვნელია. იგი თან პატიმრობამისჯილი იყო, თან ერთდროულად წამყვანი ოპოზიციური ფიგურა იყო ორ სხვადასხვა სახელმწიფოში. ისეთი აბსურდი, რომ ერთ სახელმწიფოში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული პიროვნება მეორე სახელმწიფოში ოფიციალურ თანამდებობაზე ჰყავდეთ, თანაც ეს სახელმწიფოები ერთმანეთისსტრატეგიულ პარტნიორებადრჩებოდნენ, სადმე მომხდარა?! სააკაშვილს პოლიტიკურ სარბიელზე იმიტომ ატივტივებდნენ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეში აპირებდნენ მის გამოყენებას. აქტიურ პოზიციებზე მისი ყოფნა (და არა, ვთქვათ, სადმე ლექციების კითხვა და ა.შ.) იმისთვის იყო საჭირო, რომ მისი პოლიტიკური ნაპერწკალი არ ჩამქრალიყო. ის ხომ წარმოუდგენელი (ავადმყოფური) ენერგიის პატრონია. კაცმა რომ თქვას, მას არც რამე იდეა ასულდგმულებს და არც რამე კონკრეტული მიზანი. იგი წარსულიდან არ მოდის და მომავლისკენ არ იყურება. მისი სიცოცხლე აწმყოში იწყება და აწმყოშივე მთავრდება. მას ძალაუფლების გარდა არაფერი არ სჭირდება. ძალაუფლების იქით იგი ვერაფერს ხედავს და არც სურვილი უჩნდება, რომ რამე დაინახოს. ძალაუფლების მოპოვება და ძალაუფლების შენარჩუნებაა მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი, რათა ძალაუფლებით ტკბობა მარადიულ ნირვანად ექცეს. ამიტომ ვიღაც, ვინც მეცნიერულად და საფუძვლიანად ერკვეოდა მისი ფსიქიკის თავისებურებაში, მას მუდმივად უტოვებდა იმდენ ძალაუფლებას, რომ ხელში უფრო მეტის კონცენტრირებისკენ სწრაფვა და წყურვილი არ განელებოდა, იმ არაბუნებრივი და საშიში ჟინისგან არ დაცლილიყო, რომლის მსგავსი აზარტულ თამაშებში გადავარდნილებს, სერიულ მკვლელებსა და პროფესიონალ გამაუპატიურებლებს აღენიშნებათ. ძნელი სათქმელია, რისთვის ინახავდნენ მის ამ უცნაურ ჟინსა და ენერგიას. ალბათ, სადმე მორიგი “ფერადი რევოლუციისა” და სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ან მასშტაბურ სისხლის ღვრაში გამოსაყენებლად… უკრაინაში მისთვის გაუთავებელი წოწიალის უფლების მიცემას, საზღვრების უკანონო გადალახვისა და სახლების სახურავებზე სირბილის გამაოგნებელი სცენების მსოფლიოში ტირაჟირებას სხვა ახსნა არ აქვს. თვითონ სააკაშვილი თუკი არ იქნებოდა საჭირო, მისი ეს შიზოფრენიული ფათერაკებიც არავის დასჭირდებოდა. მეტიც, იგი შემაწუხებელ ფაქტორად გადაიქცეოდა და ასეთ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, მათთვის, ვისაც იმის შესაძლებლობები გააჩნდა, რომ საქართველოში ნაპრეზიდენტალი სააკაშვილისთვის უკრაინული თანამდებობებისკენ გზა გაეხსნა, მისი თავიდან მოცილება ძნელი საქმე იქნებოდა? დამეთანხმებით, რომ არა! სააკაშვილისნაირი პრეზიდენტები და ყოფილი პრეზიდენტები მოუშორებიათ მათ თავიდან?

1975 წლით დათარიღებულ დოკუმენტში მოცემულია სენატორ ფრენკ ჩერჩის კომისიის დასკვნები, რომელიც იძიებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობასა და მის შესაძლო მონაწილეობას საზღვარგარეთის სახელმწიფოების ლიდერთა პოლიტიკურ მკვლელობებში. სენატორ ჩერჩის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კუბის ლიდერ ფიდელ კასტროზე თავდასხმა მომზადდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში და ამ საქმეში გამოყენებულ იქნენ კუბელი ანტიკომუნისტი აქტივისტები. ეს იყო უფრო მასშტაბური გეგმის (კუბაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის) შემადგენელი ნაწილი. კომისიამ, აგრეთვე, განიხილა კონგოს მემარცხენე პრემიერმინისტრის პატრის ლუმუმბას ლიკვიდაციის საქმეში აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაწილეობის საკითხი. ამ სამსახურის დირექტორის მოადგილემ რიჩარდ მერვინ ბისელმა აღიარა, რომ ეს საკითხიც განიხილებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ საქმეში დასავლეთის სპეცსამსახურები კოლექტიურად მუშაობდნენ. პატრის ლუმუმბას ლიკვიდაციის უშუალო ოპერაცია კი ბრიტანეთის სპეცსამსახურს (“მი-6”) შეუსრულებია. ამასთან დაკავშირებით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სენსაციური აღიარება გააკეთა ლორდთა პალატის წევრმა დაფნა პარკმა, რომელიც ადრე სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო. კომისიის დასკვნიდან ჩანს ისიც, რომ ანალოგიურ ხვედრს უმზადებდნენ ინდონეზიის პრეზიდენტ სუხარნოს, რომელიც აშშ-ის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. თუმცა, ვიდრე სპეცსამსახურები თავიანთ ბინძურ ჩანაფიქრს განახორციელებდნენ, სუხარნო ქვეყნის შიგნით შეთქმულებმა ჩამოაგდეს და შიდაპატიმრობაში მოაქციეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1949 წელს. ისტორიიდან უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება, მაგრამ რაღა შორს მივდივართ, აგერ, ჩვენს დროში, ყველას თვალწინ არ გააქრეს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი? ყველას თვალწინ არ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენები ერაყისა და ლიბიის პრეზიდენტებს _ სადამ ჰუსეინსა და მუამარ კადაფის?! ყველაფერ ამას მხოლოდ იმის სამტკიცებლად არ ვიხსენებ, რომ, თუკი დასჭირდებოდათ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თავიდან მოცილება მათთვის უადვილესი საქმე იქნებოდა. არა, ამით სრულიად სხვა რამის თქმა მსურს. პოლიტიკა იმდენად დიდი და მასშტაბური სფეროა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სფეროში შედის, მყისვე იმ ჭანჭიკად იქცევა, რომლის ფასი ერთბაშად ეცემა იმ უზარმაზარ ღირებულებებთან შედარებით, რომლებსაც პოლიტიკა ემსახურება _ სახელმწიფოები; პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემები; სამხედრო ბლოკები; ტრანსნაციონალური კორპორაციები და ა.შ. ამიტომ, თუკი სადმე, რომელიმე ეტაპზე, ესა თუ ის ადამიანი ხელისშემშლელ ფაქტორად გადაიქცევა, პოლიტიკა მას დაუნდობლად გასრისავს და თავიდან მოიცილებს, თუნდაც იგი თვით აშშის პრეზიდენტების დიდი კოჰორტის წარმომადგენელი იყოს, ვთქვათ, უილიამ მაკკინლი, ჯეიმს აბრამ გარფილდი, აბრაამ ლინკოლნი ან ჯონ ფიცჯერალდ კენედი, რომლებიც ისე მოიშორეს თავიდან (მოკლეს), რომ თვალიც არ დაუხამხამებიათ. თანაც ისინი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტები იყვნენ. კიდევ რამდენი მოქმედი პრეზიდენტისთვის დაუხლიათ ტყვია ამერიკელებს, რომლებიც რაღაც სასწაულით გადარჩენილან, ამას კიდევ ცალკე მოძიება და ანგარიში სჭირდება. განა ასე არ დაახალეს ტყვია საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას?! ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ეს საქმე სწორედ აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გაკეთებულია. რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოში რომელ კონკრეტულ თანამდებობის პირს გააცემინეს საამისო საიდუმლო ბრძანება, გადაწყვეტილება ხომ მათი მიღებულია. ასეთ ვითარებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სააკაშვილი, რა პრობლემას უნდა წარმოადგენდეს მათთვის?!

ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უცნაური ბიოგრაფიის ერთ-ერთი შესაძლო ფინალი, არ არის გამორიცხული, სწორედ ასეთი იყოს. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში მრავალი გახმაურებული და დღემდე საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება და მკვლელობაა დაფიქსირებული, მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილის, ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის. რა ვიცით, რომ სააკაშვილი ამ გარდაცვალებათა (თუ მკვლელობათა) შესახებ არ ფლობს იმგვარ ინფორმაციასა და საიდუმლოს, რომლის გამჟღავნება არ შედის აშშ-ის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურთა ინტერესებში? ვის აქვს იმის გარანტია, რომ ახლა საპყრობილეში გამომწყვდეული სააკაშვილი არ მოაღებს პირს და არ ალაპარაკდება? ამიტომ ხომ შეიძლება, რომელიმე სპეცსამსახურმა სააკაშვილის ლიკვიდაცია დაგეგმოს იქამდე, სანამ ის რამეს წამოაყრანტალებს? ამაში არც ახალი იქნება რამე და არც უცნაური. ამ პრაქტიკაზე არც სააკაშვილი ამბობდა უარს. ამერიკელთა მთავარი ბრალდება სააკაშვილისა და “ნაციონალურ მოძრაობის” მიმართ მაინც ის იქნება, რომ მათ ლომის წილი მიუძღვით საქართველოში აშშ-ისა და, საერთოდ, დასავლეთის პოლიტიკის დისკრედიტაციის საქმეში.

სააკაშვილის ეპოპეა, შესაძლებელია, სხვა გზითაც განვითარდეს. ცნობილია, რომ უკრაინაში უკვე გაკეთდა განცხადებები სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ იგი ვალდებულია იზრუნოს უკრაინის მოქალაქეებზე, რაც სააკაშვილს, ალბათ, უკრაინაში ექსტრადიციის იმედს უჩენს. ეს ასე თუ მოხდება, ამას შეიძლება სააკაშვილისთვის სასურველი გაგრძელებაც მოჰყვეს, თუმცა… ზელენსკიმ სააკაშვილისთვის იმედის მომცემ ძველ განცხადებას ახალი არცთუ დამაიმედებელი განცხადებაც მოაყოლა. მან განაცხადა, რომ ის არ იყო საქმის კურსში სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით, რის გამოც მას გადაწყვეტილება დაუწუნა. ასე რომ, სულაც არ იქნება გასაკვირი, უამრავ პრობლემაში ჩაძირული უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის ექსტრადიციას მეორეხარისხოვან საკითხად თუ ჩათვლის და განზე გადადებს. ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილს ამერიკისა და ევროპის მხრიდან საქართველოზე განსაკუთრებული ზეწოლის იმედად დარჩენა ან იმის მოლოდინში ყოფნა მოუწევს, რომ ქართველი ხალხი მასობრივად ქუჩაში გამოვა და, როგორც საკუთარ თავს თვითონ უწოდებს, “საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი მამისა და უსაყვარლესი პრეზიდენტისდასაცავად ერთიანად აღდგება. სააკაშვილისთვის დიდად სამწუხაროდ და, ალბათ, გასაკვირადაც, ჯერჯერობით არც ამერიკაევროპის თავგამოდება ჩანს და არც ქართველი ხალხის დარაზმულობა მისიგმირი წინამძღოლისდასაცავად. სექსუალურად აშლილი რამდენიმე პოლიტიკოსი ქალბატონის გარდა, ჯერ არავის დაუხოკავს ლოყები მისი იმ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში ყოფნის გამო, რა მდგომარეობაშიც თვითონ ჩაიყენა თავი _ არა იმით, რომ საქართველოში დაბრუნდა, არამედ მთელი მისი შლეგური აღტყინებითა და დანაშაულებრივი საქმიანობით. ცხადია, არაფერს ვამბობ დედამისზე, არც მისი შვილების დედასა და არც იმ ქალბატონზე, რომელთანაც ერთად ახალი ოჯახი შეუქმნია. მათი განცდები მესმის, მაგრამ მეორე მხრივ, დასანანია, რომ დღევანდელ საქართველოში სააკაშვილი ვერ იხილავს იმ პენიტენციურ სისტემასა და იმ ციხეს, რომელიც თავად შექმნა. მას საკანში არავინ არ შეუგზავნის იმ პირუტყვებს, რომელებიც თან გააუპატიურებენ და თან მთელ ამ შემზარავ პროცესს გადაიღებენ იმისთვის, რომ, ექსპრეზიდენტი მუდმივი შანტაჟის ქვეშ იყოლიონ. თვითონ კი, სამწუხაროდ, სწორედ ამგვარი საშინელი სისტემა და სიბინძურე შექმნა, რათა, არა ცალკეული პიროვნებები, არამედ მთელი საქართველო, როგორც უნდოდა, ისე ეშანტაჟებინა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილს თბილისში მის მიერვე გამოცხადებულ საპროტესტო აქციაზე მოულოდნელი გამოჩენით პოლიტიკური ფურორის მოხდენა სურდა, თუმცა ეს გეგმა ამით არ მთავრდებოდა. სააკაშვილის დაკავების ოპერაციაზე, რომელიც, მათი გათვლით, მომენტალურად დაიწყებოდა, მის ხალხს ორისამი ნაციონალის ფიზიკური ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა, რომლის შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყებდნენ ყვირილს საქართველოში გაბატონებული საშინელი დიქტატურის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლების დარღვევის თვალსაზრისით სასწაულებს სჩადის. პრემიერმინისტრის საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ საშინელი გეგმის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს, რომელიც, ალბათ, გასაჯაროვდება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ბრიყვები, რომლებისთვისაც სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი, დღეს ნაცების რომელიღაც ტელესაბრიყვეთიდან ყბედობენ და სააკაშვილს იცავენ, ნაცვლად იმისა, რომ ეკლესიაში სანთლებს ანთებდნენ და გადამრჩენებზე (სააკაშვილის დაკავების ოპერაციის სწორად ჩამტარებლებზე) ლოცულობდნენ

ასეთია თითქმის ოცი წლის წინათ საქართველოში ჩამოყალიბებული ტერორისტული ორგანიზაციის _ “ნაციონალური მოძრაობის” ისტორიის ეს უცნაური ეპიზოდი, ორგანიზაციისა, რომელიც უკვე თავბრუდამხვევი სისწრაფით მიექანება აღსასრულისკენ. ამიერიდან ისინი ვერც ხელისუფლებაში მოვლენ და ვერც “მთავარ ოპოზიციურ ძალად” ვეღარ იბოგინებენ ქვეყანაში. ბევრი, ალბათ, გაიქცევა და საზღვარგარეთს შეაფარებს თავს. ბევრს, ვისაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ალბათ, სასამართლოს წინაშე მოუწევს წარსდგომა, ზოგიერთები კი, ალბათ, კვლავ მოინდომებენ პოლიტიკაში დარჩენას, შეძვრებიან პროსახელისუფლო რომელიმე პარტიაში ან სულაც “ქართულ ოცნებაში” და იქიდან დაუწყებენ წყევლა-კრულვას მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს. რას ვიზამთ, ასეთია იმ ადამიანთა დაწყევლილი ბუნება და ამორალური სახე, რომლებიც ყველა დროსა და ეპოქაში სახელის მოხვეჭასა და ბინძური ვნებების დაკმაყოფილებისკენ ილტვიან, სხვათა ბედი კი არად მიაჩნიათ…

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სტატიის დასაწყისში დავსვი და, რომელიც უაღრესად მტკივნეულია: შეიცვლება თუ არა ამით პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში? ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აღსასრულით ქვეყანას არ ეშველება. მმართველობის ფორმა და წესი, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა, ყოვლად უვარგისი და მიუღებელია. ეს ფორმა და წესი ქართველ ხალხს სასოწარკვეთისა და იმედგაცრუების ფასად უჯდებოდა, საზღვარგარეთ გადახვეწისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, სუიციდამდე მისვლის ფასად უჯდებოდა. სწორედ ივანიშვილმა დაქართულმა ოცნებამმიიყვანა ხალხი იმ მდგომარეობამდე, რომ ბევრმა სააკაშვილისკენ შემობრუნება ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნია, ვინაიდან საქართველოში ვერ აღმოაჩინა პოლიტიკური ძალა, რომელიც თვისებრივად განსხვავებულ პოლიტიკურ მიმართულებასა და ახლებურ სოციალურეკონომიკურ ხედვას შესთავაზებდა ხალხს და, ამავე დროს, ხელისუფლებაში მოსვლის რეალური რესურსი ექნებოდა. ეს იმ დროს, როდესაც არსებული პოლიტიკური რეალობისგან დიამეტრალურად განსხვავებული განწყობები საზოგადოებაში მომწიფებულია. მაშ, რა უშლის ხელს ამ განწყობების ცხოვრებაში რეალიზებას? მთელი უბედურება ისაა, რომ პოლიტიკური ინიციატივებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის გზა ფულზე გადის. პოლიტიკა შულერთა და მეძავთა ხელშია. ხალხს პოლიტიკის ფული კი არა, პურის ფული არ აქვს, ექიმისა და წამლის ფული არ აქვს, ოჯახის გამოკვებისა და უღმერთოდ გაძვირებული კომუნალური მომსახურების ფული არ აქვს. ასეთი ხალხი პოლიტიკურ პარტიას როგორ შეინახავს?! პოლიტიკურ პარტიებსა და პარტიულ ტელევიზიებს ან მსხვილი ბიზნესი და ოლიგარქია, ან უცხო სახელმწიფოები ინახავენ. მათ კი ხალხი რაში ენაღვლებათ, თავიანთი ინტერესები აქვთ. ამიტომაცაა, რომ არც ერთი პარტია და არც ერთი ტელეარხი ხალხსა და ქვეყანას არ ემსახურება. ქვეყანა და ხალხი მათთვის მხოლოდ თემაა, რომლის ირგვლივ უნდა იტრიალონ, მაგრამ სინამდვილეში დამფინანსებლისა და დამკვეთის საქმე უნდა აკეთონ. ეს ის ჩაკეტილი წრეა, რომელსაც ვერსაიდან ვერ მიუდგები და ვერანაირად ვერ გაარღვევ. პოლიტიკური მოღვაწეობის ტელევიზიით გაშუქება აბსოლუტურად უფასო და აბსოლუტურად თანაბარი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ერთადერთი წყარო პარტიული საწევროები უნდა იყოს და არანაირი სხვა სახის ფინანსები პარტიას არ უნდა გააჩნდეს. ყოველგვარი შემოწირვები და სხვა სახის მაიმუნობები უნდა აიკრძალოს. არავითარი გადარიცხვები და გადმორიცხვები არ უნდა იქნას დაშვებული. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქცევა პოლიტიკა იმად, რაც უნდა იყოს _ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმად, რომელიც უცხო სახელმწიფოთა, ოლიგარქთა და ბიზნესმენთა მიერ დიდი ხნით უზურპაციის შემდეგ მათი ხელიდან ხალხს დაუბრუნდება და ხალხის სამსახურში ჩადგება.

მოხდება ასეთი რამ? დაუშვებს “ქართული ოცნება” ამგვარ რევოლუციურ ცვლილებას კანონმდებლობაში? რა თქმა უნდა, არა! და რაკი ჩვენ ისტორიიდანაც და პრაქტიკიდანაც ვიცით, რომ ხელისუფლების უზურპატორი (ვინც არ უნდა იყოს იგი) ხელისუფლებას საკუთარი ნებით არასოდეს არ დათმობს, ახლა მაინც მთელი არსებით უნდა ვგრძნობდეთ და ვაცნობიერებდეთ იმას, თუ რა წაგვართვეს, რა გამოგვგლიჯეს ხელიდან იმ დროს, როდესაც თავისუფლების ძახილსა და დამოუკიდებლობის დროშის ფრიალში იმ უბედურებისკენ გვიბიძგეს, რომელშიც, ოცდაათი წელიწადია, ისე ვიხარშებით, როგორც, რელიგიური წარმოდგენების მიხედვით, ცოდვილნი იხარშებიან ჯოჯოხეთის კუპრში. რეალობას, რომელშიც ვიხარშებითუკაცრავად, ვცხოვრობთ, ასე გლობალურ კონტექსტში თუ განვიხილავთ, უნდა მივხვდეთ, რომ არც სააკაშვილის მიცემა პასუხისგებაში და არცნაციონალური მოძრაობისგანდევნა პოლიტიკური სივრციდან არაფრის მომტანი არ იქნება. სხვათა შორის, არცქართული ოცნებისდამარცხება (თეორიულად რომ დავუშვათ) მოგვცემს რამეს, ვინაიდან მათ ადგილებს სხვა, გაცილებით რაფინირებული არამზადები დაიკავებენ. სანამ სისტემა არ შეიცვლება, სრული ფიქციაა ჩანაწერი კონსტიტუციაში იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია. ხალხმა ხელისუფლება ოცდაათი წლის წინათ დაკარგა და ახლო მომავალში მისი დაბრუნების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, ხოლო იმას, თუ რა მოხდება შორეულ მომავალში, მხოლოდ მომდევნო თაობები ნახავენ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here