ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბევრისთვის მოულოდნელი, ბევრისთვის კი პირიქით, ლოგიკური შედეგით დასრულდა _ ხელისუფლებამ არათუ დამაჯერებლად ვერ გაიმარჯვა, როგორც ამას უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი გვპირდებოდა, 5-დან 2 თვითმმართველ ქალაქში სააკაშვილის 9-წლიანი ავტორიტარული რეჟიმის ოდიოზურ სახეებს გამარჯვების იმედი ჩაუსახა. ცხადია, ამან დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის პარტიული აქტივი კიდევ უფრო დარაზმა და მან ძალების კონცენტრაცია, ძირითადად, ორი ამოცანის გარშემო მოახდინა: პირველი _ მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვონ და ძალაუფლების სათავეში დასაბრუნებლად ერთგვარი ტრამპლინი შეიქმნან; და მეორე _ ხელისუფლებას, რაც შეიძლება, მეტი დისკომფორტი შეუქმნან თავიანთი ბელადის გამოსაშვებად. ერთიც და მეორეც, რა თქმა უნდა, სამზადისია 2024 წლისთვის, როცა, მათი გათვლებით, სააკაშვილი ძალაუფლებას სრულად ჩაიგდებს ხელში…
რა პოლიტიკური რეალობა შექმნა ქვეყანაში 2 ოქტომბერს გამართულმა თვითმმართველობის არჩევნებმა, რა შეიცვალა სინამდვილეში და რას უნდა ველოდოთ მომავალში, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
_ ქალბატონო ნანა, 2 ოქტომბრის არჩევნები ზოგისთვის, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგებით დასრულდა; ზოგისთვის კი ის, რაც მოხდა, ლოგიკურია. ფაქტია, რომ ბევრ საარჩევნო ოლქში მეორე ტური უნდა გაიმართოს…
_ უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა, მაგრამ ისეც არ არის, როგორც ნაციონალები ხატავენ. 64 საარჩევნო ოლქიდან 44-ში ხელისუფლების წარმომადგენელმა გაიმარჯვა და 20 მუნიციპალიტეტშია მეორე ტური. ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ის, რომ კახა კალაძეს გასამარჯვებლად მეორე ტური სჭირდება. ეს ყველაფერი “ოცნების” არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია. ამ პოლიტიკას ისინი 2012 წლიდან ატარებდნენ და აი შედეგიც…
_ რას გულისხმობთ?
_ გავიხსენოთ, რა იყო “ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო დაპირება 2012 წლის ოქტომბერში… ქართველი ხალხი დატოვეს მოტყუებული, მაგრამ გავიდა 9 წელიწადი და სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმი თვითონ ექცათ თავსატეხად. აი, ეს არის ის ბუმერანგის პრინციპი, რომელიც ახასიათებს პოლიტიკას და რომელზეც ჩვენ, უფლებადამცველები, მუდმივად ვსაუბრობდით. დანაშაულსა და კრიმინალს, მით უფრო სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილს, სჭირდება მკაცრი სამართლებრივი კონტროლი და, როდესაც ეს კონტროლი მოშლილია, კრიმინალი იწყებს პროგრესს. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნებს, ის, რომ ვიღაცას ჰქონდა პირველივე ტურში დამაჯერებლად გამარჯვების მოლოდინი, რომელიც ვერ გამართლდა, ვფიქრობ, მათთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს, დამაფიქრებელი თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მიხვდნენ, რამ მიიყვანათ აქამდე და რატომ აიძულეს ხალხი, აღარ წასულიყვნენ არჩევნებზე…
_ საზოგადოებაში გამეფებული ნიჰილიზმი გაქვთ მხედველობაში?
_ რა თქმა უნდა. საზოგადოება 9 წლის განმავლობაში ელოდა, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი გასამართლდებოდა და ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში აწამებდნენ მოქალაქეებს, კლავდნენ, აპატიმრებდნენ უკანონოდ, აუპატიურებდნენ, არბევდნენ, ქონებას ართმევდნენ, ატერორებდნენ და ა.შ., კანონით აგებდნენ პასუხს. ამის ნაცვლად მოგვართვეს მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებული “ნაციონალური მოძრაობა”, ხელუხლებელი უგულავა, მელია, ადეიშვილი, რამიშვილი, ბოკერია და სხვები. ეს ყველაფერი კონვერტირდა იმ რეალობაში, რომ ადამიანებმა, უბრალოდ, ხელი ჩაიქნიეს. რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” შედეგებს, ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობას” ჰყავს თავისი მუდმივი, ასე ვიტყოდი, ზომბირებული ელექტორატი, რომელიც იმ ერთ დღეს, არჩევნებს ვგულისხმობ, სადაც არ უნდა იყოს, მიწაშიც რომ იწვეს, დგება და მიდის ხმის მისაცემად. ეს არის ხალხი, რომელსაც არ აინტერესებს, რა დანაშაულები ჩაიდინა სააკაშვილმა _ რამდენი მოკლა, აწამა, რამდენს წაართვა ქონება და ა.შ. მათ, უბრალოდ, “ჩახვეული” აქვთ ის აზრი, რომ მიშა მაგარია, სხვა ყველა კი _ რუსეთის აგენტი, მორჩა!
რაც შეეხება ისევ თვითმმართველობის არჩევნებს, ახლა რასაც ვუყურებ, ნაციონალები ხარობენ და გასაგებია, რისთვისაც ემზადებიან, მაგრამ რეალობა არის ასეთი: ყოველთვის, როცა ადამიანები ხედავენ საფრთხეს, რომ რეჟიმი შეიძლება მობრუნდეს და ქვეყანა ისევ იმ უბედურებაში ჩააგდოს, რომელიც გამოვიარეთ, ამომრჩეველი აკეთებს პრინციპულ არჩევანს. “ოცნებამ” ამომრჩეველს იმედი რომ გაუცრუა, ფაქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ხალხი დაირაზმება და არ დაუშვებს სააკაშვილის სისხლიანი მმართველობის განმეორებას.
_ სხვათა შორის, სააკაშვილი და “ნაცმოძრაობის” სხვა ლიდერებიც თავიანთ გამოსვლებში ყოველთვის უსვამენ ხაზს, რომ ბევრი რამ გადააფასეს და დაინახეს შეცდომები თავიანთ პოლიტიკურ წარსულში. ამით ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმ რეპრესიებსა და ძალადობრივ მიდგომებს აღარ გაიმეორებენ…
_ ვისთვისაც ეს ყველაფერი დამაჯერებელია და საერთოდ, ვისაც დაავიწყდა, რა საშინელებები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, შეუძლია, მაგ ილუზიებში იცხოვროს, მაგრამ ჩვენ, ვისაც არაფერი არ გვავიწყდება და გვინდა, სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, სასაცილოდაც არ გვყოფნის ნაციონალების ეს იაფფასიანი და ტყუილი დაპირებები. ცხადია, სააკაშვილი არ შეცვლილა და ვერც შეიცვლება, ამიტომ, ის თუ დაბრუნდება სათავეში, 100%-ით იყავით დარწმუნებული, იმავეს და იმაზე ბევრად უარესსაც გააკეთებს, რაც გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ნაციონალები ხშირად ამბობენ, რომ მათ გადაცდომები ჰქონდათ და ამისთვის პოლიტიკურად აგეს პასუხი 2012 წლის ოქტომბერში, მაგრამ ესეც ტყუილია, იმიტომ, რომ პოლიტიკურადაც არ უგიათ მათ პასუხი და მთავარ ოპოზიციურ ძალად დაგვასვეს თავზე… სხვათა შორის, როგორც ვატყობ, “ქართული ოცნება” უკვე ხვდება, რომ მას გადარჩენის ერთადერთი გზა დარჩა და ეს არის 9 წლის წინათ გაცემული მთავარი დაპირების შესრულება. ცხადია, ვგულისხმობ სამართლიანობის აღდგენას, ამიტომ ვფიქრობ, არჩევნების შემდგომ პერიოდში, როცა მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდება ვითარება, დაიწყებენ ამ პროცესს, თუმცა ეს ყველაფერი უკვე დაგვიანებულია და ამიტომ, დაიბრუნებენ თუ არა საზოგადოების ნდობას, არ ვიცი.
მინდა, აქვე კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელზეც ხელისუფლება, პრაქტიკულად, თვალს ხუჭავს: სააკაშვილის რეჟიმის დასრულებიდან თითქმის 10 წელი გავიდა, საკმაოდ დიდი დრო, ამ ხნის განმავლობაში წამოვიდა ახალი თაობა, რომელსაც, ფაქტობრივად, არ ახსოვს, რა ხდებოდა იმ ცხრა წლის განმავლობაში, ანუ ახალგაზრდას, რომელიც იყო, ვთქვათ, 10 წლის, როცა რეჟიმი ხალხს აწამებდა, კლავდა, ატერორებდა და ა.შ., ახლა უკვე სრულწლოვანია და ხმას აძლევს, წარმოდგენა არ აქვს, რა საშინელებებს სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, რომლის განაყოფებიც დღეს ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ პოლიტიკოსებად წარმოგვიდგებიან. ხელისუფლებას უნდა ემუშავა, რომ ის 9-წლიანი ჯოჯოხეთი თაობებს არ დავიწყებოდათ. უამრავი საშუალებებით შეიძლებოდა ამის გაკეთება…
_ მაგალითად?
_ მაგალითად, თუნდაც ის, რაც გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ ფაშიზმის დამარცხების შემდეგ. შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენი ფილმი, დოკუმენტურიც და მხატვრულიც, გადაიღო ჰოლივუდმა ამ თემაზე. “ოცნების” ხელისუფლებამ კი ყველაფერი გააკეთა, რომ მომავალ თაობებს რაც შეიძლება ნაკლები ცოდნოდათ სააკაშვილის 9-წლიანი ტერორისტული რეჟიმის შესახებ. აი, შედეგიც…
_ ბოლოს თვითონ სააკაშვილზეც შეგეკითხებით: მისი ჩამოსვლა და დაკავება ერთგვარი მისტიკური სცენარით მოხდა. თითქოს ის არჩევნების დღეს უნდა ჩამოფრენილიყო, მაგრამ ქვეყანაში მანამდე შემოვიდა, შემდეგ იყო ვიდეომიმართვები, რომელთა ავთენტურობაზეც მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ და ბოლოს _ კადრები რუსთავის მე-12 დაწესებულების შესასვლელიდან, სააკაშვილი საკანში ორმა ბადრაგმა რომ შეაცილა…
_ ახალა ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენ უშიშროება არ გვყავს, როგორ მოახერხა სააკაშვილმა ქვეყანაში ასე შეუმჩნევლად შემოსვლა და ა.შ. ჩვენზე გაცილებით დაცულ ქვეყნებში, რომლებშიც უსაფრთხოება უფრო მაღალ დონეზეა, ახერხებენ ადამიანები შეპარვას, მათ შორის ტერორისტებიც. რაც შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას, ვფიქრობ, მთავარი ის კი არ არის, მოახერხა თუ არა სააკაშვილმა შემოპარვა, მთავარია ის, რომ აქ რაღაც დიდი თამაში მიდის. ეს გაცილებით უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე ახლა შეიძლება ჩანდეს და, ადრე თუ გვიან, გამოიკვეთება. სხვათა შორის, მისი მეორე ცოლიც, სააკაშვილის ახალ ცოლს ვგულისხმობ, რაღაც პროექტის ნაწილი მგონია, ისევე, როგორც პირველი ცოლი იყო…
_ ანუ, ისევ ამერიკელების პროექტია ყველაფერი, რაც ხდება?
_ რა თქმა უნდა. თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი ამერიკელების გარეშე ხდება და სააკაშვილის ცხელ თავში მოხარშული იდეებით იმართება, ძალიან ცდება. მე შორს ვარ ამ აზრისგან…
_ მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება, არეულობის საფრთხეს თუ ხედავთ?
_ ძნელია ასე ერთბაშად პროგნოზის გაკეთება, ხვალ რა იქნება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: რაღაც ახალი იწყება, ახალი ეტაპი პოლიტიკურ რეალობაში. სხვათა შორის, არ მგონია, რომ სააკაშვილი დიდხანს ამყოფონ ციხეში. მას, ალბათ, მალევე გადასცემენ უკრაინას. აი, ამის შემდეგ ის, ალბათ, უკრაინიდან შეეცდება იმ ახალი პროექტის განხორციელებას. თუმცა ამთავითვე დარწმუნებული ვარ, რომ ის ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო გეგმის ნაწილი არ არის. დანარჩენი ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია